მთავარი,სიახლეები

თეოლოგი: პატრიარქის მიმართ ჰომოსექსუალობის ბრალდება ახალი არ არის

31.10.2019 • 5139
თეოლოგი: პატრიარქის მიმართ ჰომოსექსუალობის ბრალდება ახალი არ არის

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე მღვდელთმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ, კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მას სასულიერო თანამდებობა, განაცხადა, რომ მან ამხილა „სინოდის თავმჯდომარე მამათმავლობაში“.

რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს დღევანდელ განცხადებებს საპატრიარქოში და გაჩუმდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუკი მას შეიწყალებენ? – საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე „ბათუმელებთან“ თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საუბრობს.

  • ბატონო მირიან, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მას სინოდი უსამართლოდ მოექცა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

როგორც ეპისკოპოსების საუბრებიდან ირკვევა, როგორც ჩანს, სინოდმა თავიდანვე გადაწყვიტა პეტრეს დასჯა და გაჩუმება. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან არასამართლიანი ქცევა, როგორც პატრიარქის, ასევე მთელი სინოდის მხრიდან. თუ ასე არ მოხდა, მაშინ იძულებული ვართ დავადგინოთ, კონკრეტულად რა მოხდა და როგორ წარიმართა პროცესი.  შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ  სხდომაზე მეუფე პეტრემ პატრიარქს  უპირობოდ მოსთხოვა შეეწყალებინა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რაზეც პატრიარქმა მოითხოვა ალბათ დამატებითი კომენტარები, რაზეც შესაძლოა პეტრემ უხეშად უპასუხა.

  • ეპისკოპოსმა საბამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდმა პეტრეს სთხოვა მონანიება, რაც მან არ გააკეთა.

ჩვენ არ ვიცით, რის მონანიებას ითხოვდნენ პეტრესგან. რა უნდა მოენანიებინა პეტრეს? როგორც ჩანს, სინოდის სხდომის დაწყებისთანავე პეტრეს გაჩუმება და განყენება გადაწყვეტილი იყო, რამაც პეტრეს გაღიზიანება გამოიწვია და წავიდა ვა-ბანკზე. მე ადრეც ვთქვი „ბათუმელებთან“ ამაზე, რა მოხდება თუ დეკანოზი მამალაძე წავა ვა-ბანკზე, მაგრამ ეს სვლა გააკეთა არა დეკანოზმა, არამედ მეუფე პეტრემ, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ  მან გაიგო, მისი დასჯა გადაწყვეტილი რომ იყო.

  • მეუფე პეტრემ  მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზად დაასახელა ის, რომ მან სინოდის თავმჯდომარე ანუ პატრიარქი, მამათმავლობაში ამხილა. როგორ ფიქრობთ, რატომ “ამხილა” ახლა?

როგორც წესი, მხილება ხდება გარკვეული ფაქტის დადებით. ამის შემდეგ ლოგიკური იქნება გაირკვეს, რამდენად ემყარება მეუფე პეტრეს მხილება ფაქტოლოგიურ მასალებს, კონკრეტულად როგორ მოხდება ეს მხილება და რა სიტუაციაში წარიმართა. ამ საკითხს პასუხი უნდა გაეცეს.

  • ვინ უნდა გასცეს პასუხი, იმ სინოდმა, რომელმაც დღეს მეუფე პეტრე  გადააყენა ეპისკოპოსობიდან?

მე ადრეც დავწერე და ხშირად ვამბობდი, რომ სინოდი საქართველოში არის ფორმალობა, საქართველოში სინოდი არ არსებობს, რადგან სინოდში არის ხალხი, რომლის სახელი და გვარიც გაგონილი არ გვექნება. იქ არის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც შეარჩია პატრიარქმა და აკურთხა ეპისკოპოსებად.

სინოდში  4-5 პიროვნება თუ არის, რომელიც ცდილობს საყოველთაო ტოტალიტარიზმში რაღაც თავისი სიტყვა თქვას. მთავარია ის, რომ თემა დაიძრა. სხვათა შორის, პატრიარქის მიმართ მამათმავლობის ბრალდება ახალი არ არის და 80-იან წლებში იყო ასეთი ეპისკოპოსი, მეუფე შიო ავალიშვილი, რომელმაც საჯარო წერილში ბრალი დასდო პატრიარქს, ასე ვთქვათ, არანორმატიულ სექსუალურ ურთიერთობებში.

  • რატომ ჟღერდა ეს თემა პერიოდულად, ეს იყო პატრიარქის დაშანტაჟების ბერკეტი, თუ სისტემური გაჯანსაღების მცდელობებთან გვქონდა საქმე?

საერთოდ, მსგავსი პრობლემა ყველა დიდ ინსტიტუციას გააჩნია, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიასაც. ასეთი მომენტია ჯარში, ციხეში, იმ ინსტიტუციებში, სადაც ბევრი კაცია ერთად შეყრილი, რაღაც ჩაკეტილ სივრცეში.

აქ ასევე პრობლემაა ის, რომ პატრიარქმა თავის დროზე მოახდინა საქართველოს ეკლესიის არა როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, არამედ ის მიაბა საკუთარ პიროვნულ კულტს, შესაბამისად, პატრიარქის კრიზისი გადაბმულია ეკლესიის კრიზისთან და არა პირიქით. როცა საპატრიარქო რაღაც დიდ სკანდალში ეხვევა, აქ პატრიარქის იმიჯი არასდროს არ ზიანდება, საოცარი ურთიერთმიმართებაა.

  • საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა მეუფე პეტრემ გააპროტესტოს სინოდის ეს გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქთან. რამდენად მოსალოდნელია ეს და რას შეცვლის მათი ჩარევა ამ საქმეში?

მეუფე პეტრეს დარჩა ეს გამოსავალი, მაგრამ რა სახით უნდა მოხდეს და კონკრეტულად რა პროცედურებს შეიძლება მიმართოს, ნათელი არ არის. არც ისაა ამ ეტაპზე ნათელი, სინოდმა პეტრე გადააყენა მხოლოდ თანამდებობიდან, თუ განკვეთა, როგორც სასულიერო პირი. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ განკვეთა, მაშინ პეტრემ ბოლომდე უნდა იბრძოლოს საკუთარი ღირსების დაბრუნებისთვის. თუ მხოლოდ ეპარქიის თანამდებობიდან გადააყენა, მაშინ შეიძლება ადგილობრივ დონეზე ამის მოგვარება.

  • ხშირია საუბარი იმაზე, რომ ამ პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია. არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების წინ შესაძლოა გავრცელდეს ფარული კადრებიც სასულიერო პირებზე, თქვენ რა დოზით ხედავთ პოლიტიკურ ინტერესებს ამ პროცესებში?

არსებობს როგორც შიდა დაძაბულობა საპატრიარქოში, ასევე გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიც არის მიბმული ამაზე, მაგრამ ეს კონკრეტული კრიზისი შიგნით დაიწყო და პოლიტიკური ბატალიების სცენას სცილდება. ერთადერთი პოლიტიკური განზომილებაა ასევე ის, რომ ამ საკითხებზე თეოლოგები და სპეციალისტები კი არ მსჯელობენ, არამედ  პოლიტიკოსები.

  • ითქვა ისიც, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ სინოდი მთლიანად გადადგება, მათ შორის პატრიარქიც.

ეს მოსაზრება პირველად გაახმოვანა დედა სიდონიამ და შემდეგ ისაუბრა ამაზე თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმაც, მაგრამ როგორ გადადგეს სინოდი, როცა ის არ არსებობს. საპატრიარქოში სინოდის მუდმივმოქმედი კომისია არ არსებობს, არ არსებობს არცერთი სამსახური, რომელიც დაკავშირებულია სინოდთან. რასაც ჩვენ სინოდს ვეძახით, ეს არის მხოლოდ მღვდელმთავრების კრება, სადაც უმრავლესობის პრინციპით ხდება კენჭისყრა. საქართველოში სინოდი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა. მათი გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ ახალი პიროვნებების ჩანაცვლებით.

  • დღეს პირველად გააჟღერა სინოდმა, რომ ისინი უშუამდგომლებენ პრეზიდენტთან გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხზე. რას შეცვლის მამალაძის შეწყალება ამ პროცესებში?

მამალაძის გათავისუფლება არ იყო სინოდის სრული თავისუფალი ნებიდან ამოზრდილი აქტი, ეს იყო დიდი ვაჭრობის და შანტაჟის შედეგი. თუ მამალაძე გათავისუფლდება, გათავისუფლდება ერთადერთი პირობით, რომ დადუმდეს და აღარასდროს ისაუბროს.

  • როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრეს დღევანდელი განცხადებები რა გავლენას იქონიებს მრევლზე, მაშინ როცა ჰომოფობიურ განწყობებს ყველაზე ხშირად სწორედ საპატრიარქო აღვივებდა საზოგადოებაში?

მრევლიდან რა ცვლილებას შეიძლება ველოდეთ? კარგად ვიცით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი გადართულია ყოველდღიური პურის შოვნაზე. ერთადერთი, ვისაც ძალიან გულწრფელად სჯეროდა პატრიარქის და საპატრიარქოსი, ისინი აღმოჩნდებიან სულიერ კრიზისში და არ გამოვრიცხავ, რომ გზა გაეხსნას ათეიზმის ახალ ტალღას. საქართველოში, ზოგადად, რწმენა ნაკლებად არის წარმოდგენილი, უფრო არის რელიგიურობა, მაგრამ ესეც გაქრება.

  • უნდა ველოდოთ პროცესების გამწვავებას, თუ განეიტრალებას?

მე ველოდები, მაგალითად, ღვთის ხელს, რადგან საქართველოში საპატრიარქოს და იმ ხუხულას, რაც ზედ არის მიშენებული, ქრისტიანობასთან შეხება არ აქვს. შესაბამისად, ღმერთმა დაუშვა და ეს ხუხულა უნდა დაიშალოს, გასუფთავდეს გზა, რომ შესაძლებელი იყოს ნამდვილი ქრისტიანობის ქადაგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: