მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლას შორის – მოსწავლის ხედვა

17.12.2019 • 2400
რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლას შორის – მოსწავლის ხედვა

თათული ხახუტაიშვილი სკოლა „პროგრესში“ და ამ სკოლასთან არსებულ ამერიკულ საერთაშორისო აკადემიაში სწავლობს. მისი სკოლა იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან ბათუმში, რომ ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი თანაკლასელები. შესაბამისად, გოგონას ვკითხეთ, რამდენად ეხმარება მრავალფეროვნება ბავშვებს ტოლერანტობის გააზრებაში. თათულის საკუთარი თეორია აქვს მოზარდებში სიზარმაცის დაძლევაზეც – რაც ყველა ბავშვს აწუხებს პერიოდულად. თათული სწავლობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, ამიტომ მას პირველი კითხვა სწორედ ამ ორ სექტორს შორის განსხვავებაზე დავუსვით.

  • თათული, შენ „პროგრესში“ მოსვლამდე სწავლობდი საჯარო სკოლაში. რა განსხვავება დაინახე კერძო და საჯარო სკოლას შორის

სკოლა „პროგრესში“ მე-11 კლასში გადმოვედი ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან. ბევრი მსმენოდა სკოლა „პროგრესის“ შესახებ და მსურდა პირადად შემეფასებინა და გამომეცადა აქ არსებული მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ განსხვავება ძალიან დიდია, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს შორის (თუმცა არ ვგულისხმობ მასწავლებლების აკადემიურ მოსწრებას). კერძო სკოლაში პედაგოგი ორიენტირებულია მოსწავლეზე, სკოლა მორგებულია მოსწავლის მოთხოვნებსა და სურვილებზე, სუფევს წესრიგი, შექმნილია მეგობრული გარემო, რაც კარგ განწყობას უქმნის ბავშვებს. განსხვავდება მასწავლებლების სწავლის მეთოდი და მიდგომაც. კერძო სკოლებში ცდილობენ გამოიყენონ სწავლების ყველა თანამედროვე მეთოდი.

  • რას ურჩევ ბავშვებს, რომლებსაც ეზარებათ ხოლმე სწავლა? თუ გქონია მსგავსი განცდა და როგორ გადაგილახავს?

სათანადო განათლების მიღებას სჭირდება ძალიან ბევრის სწავლა და შრომა. მიუხედავად ამისა, არის ეტაპები ჩვენს ცხოვრებაში, როცა რაღაც სირთულეების წინაშე ვდგებით და გვიწევს ამ ყველაფრის გადალახვა. მოზარდებში ეს სირთულე, ძირითადად, სიზარმაცე გახლავთ და ამასთან ერთად აგდებული დამოკიდებულება სწავლის და სკოლის მიმართ. თუ ამ პრობლემას არ მივხედეთ, შესაძლებელია ამ ყველაფერმა ჩვენი მომავალი ცხოვრება საერთოდ შეცვალოს.

პირადად მქონია მსგავსი „შემოტევა“ მე-9, მე-10 კლასებში, როცა სიზარმაცემ დამძლია და არ გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობების ნახევარიც კი. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ არ ავყვეთ დღევანდელ ქაოსს, ვცადოთ ყველაფრის ბალანსი და შეთავსება ერთმანეთთან. რაც უნდა არარეალურად ჟღერდეს ეს ჩემგან ახლა, დამიჯერეთ, მომავალში მწარე მოგონებად გექცევათ და ინანებთ უდარდელად გატარებულ წლებს ისე, როგორც მე ვნანობ ახლა.

  • ხშირად საუბრობენ, რომ სკოლა “პროგრესში” სწავლა რთულია, შენ რას ფიქრობ? რას შეცვლიდი?

რთული ცხოვრებაში არაფერია, შესაბამისად, არც „პროგრესშია“ სწავლა რთული. მთავარია, მონდომება და დაუღალავი შრომა. რა თქმა უნდა, პროგრამა და მეთოდები რადიკალურად განსხვავებულია სხვა სკოლისგან, მაგრამ თუ მოინდომებ, აუცილებლად აუღებ ალღოს და შეიყვარებ აქაურობას.

  • ქვენ სკოლაში ბევრი უცხოელი სწავლობს, რამდენად კარგია კულტურულად მრავალფეროვან კლასში სწავლა?

მე მოხარული ვარ, რომ უცხოენოვან ბავშვებთან ერთად მიწევს სწავლა, მათი კულტურის გაცნობა, მათთან დამეგობრება და წეს-ჩვეულებათა შერწყმა. ეს ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს ყველა ჩვენგანს და საზღვრებს გვიფართოებს მომავლისთვის. თავდაპირველად, ცოტა უცნაური და რთული მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მათთან დამეგობრების შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ სკოლამ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ კარგი მეგობრებიც შემძინა საერთაშორისო მასშტაბით.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ რა პროფესიას ირჩევ

ჩემი გეგმები ალბათ ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, უფრო ქაოსური და გაურკვეველია. ვგეგმავ სკოლაში ორენოვანი ატესტატის აღებას და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ქართული ატესტატიც მექნება და ამერიკული აკადემიის დიპლომი. ჩვენი სკოლა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ მხრივ. პროფესიას რაც შეეხება, სულ მიზიდავდა დიპლომატია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვგეგმავ გავხდე ეკონომისტი, რადგან ბავშვობიდან ტექნიკური საგნები მიზიდავს, განსაკუთრებით მათემატიკა.

  • სხვა რა აქტივობებში ხარ ჩართული სკოლის შემდეგ

სკოლის გარეთ არც თუ ისე ბევრ პროექტში ვარ ჩართული. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე აქტივობა, მაგალითად, შემეცნებითი ბანაკები, კონფერენციები, გაეროს ასამბლეა, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და სხვა. ჩვენი სკოლა მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს თავისი ყველა მოსწავლე მსგავს პროექტებში.

  • რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის და შენ რა უნარჩვევები გეხმარება?

ძალიან ბევრი უნარია საჭირო, წარმატებული რომ გახდე. პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული, შრომისუნარიანობა, აზროვნება, მსჯელობა, მეგობრულობა, მტკიცე ხასიათი, ჯანსაღი კონკურენცია და თავდაჯერებულობა. პირადად მე, საკუთარ თავში გამოვყოფდი პირველობისკენ სწრაფვას, როცა ჩემ თანატოლს ვხედავ წარმატებულს, მაშინ იღვიძებს ჩემში რაღაც ძალა, რომელიც მკარნახობს და მაძლევს ბიძგს, რომ გავაკეთო მეტი. ასევე აზროვნების და მსჯელობის უნარი და, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, საკუთარი შეხედულების დაცვის უნარი.

  • მასწავლებლები რამდენად გიწყობენ ამაში ხელს?

ჩემი აზრით, მასწავლებლის ხელშეწყობა არის ის, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოს ინფორმაცია. აგიხსნას ყველაფერი შენთვის გასაგებ და მისახვედრ “ენაზე”. ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი ამას მოახერხებს, ის ავტომატურად ხდება შენი წარმატების და მიღწევების ხელშემწყობი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: