მთავარი,სიახლეები

ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად მეორედ ცნეს

17.12.2019 • 1245
ჰომოსექსუალებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად მეორედ ცნეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის თანახმადაც პირებს დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. საქმე ეხება კაცის სქესობრივ კავშირს კაცთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, „დღეს, 17 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ნორმას, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით.

მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით – 10 წლის ვადით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.

განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი“.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა.

____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/207102/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: