მთავარი,სიახლეები

ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

18.12.2019 • 2039
ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

„პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები?… გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს პროტესტი“ – ამ და სხვა დარღვევებს „ლუკა სირაძის საქმეში“ ეკა ბესელია ხედავს. როცა იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მიიღო იმ გზავნილით, რომ კოდექსი არასრულწლოვნების დაცვის გარანტი იქნებოდა, მათ შორის, მაშინ, როცა ბავშვი მოწმეა და მას საგამოძიებო ორგანოში იბარებენ.

რა პირობებში უნდა გამოიკითხოს ან დაიკითხოს არასრულწლოვანი და რა ჩანს არასრულწლოვანთა კოდექსთან მიმართებით „ლუკა სირაძის“ საქმეში? – „ბათუმელებმა“ ეკა ბესელიას ინტერვიუ  ჩაწერა.

  • ქალბატონო ეკა, დღეს, როცა გამოძიებაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ლუკა სირაძე გარდაცვლილია და ამ საქმეზე გამომძიებელია დაკავებული, რა შეგიძლიათ თქვათ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც მიიღეთ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად? 

ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა. როგორც კი ობიექტური და არა მიკერძოებული გამოძიება გაარკვევს, თუ რა მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა ამ ყველაფერში, უნდა მოხდეს ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობა იმ პირების, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ბავშვის სიცოცხლის ასე ტრაგიკულად დასრულებაში. მე შემიძლია გითხრათ, რა წერია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რა არის სტანდარტი, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და შემდეგ პროცესის მონაწილეებმა უნდა შეაფასონ, იყო თუ არა დაცული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ძალადობრივ ქმედებასთან არასრულწლოვნის მიმართ, რადგან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ როცა მივიღეთ, მთავარი, რისთვისაც მივიღეთ, იყო ის, რომ არასრულწლოვნის მიმართ უნდა იყოს დადგენილი გამონაკლისი, განსაკუთრებული წესები, მაგალითად, მისი მოწმის სახით გამოკითხვის, ან დაკითხვის დრო უნდა იყოს დღის საათები და არ შეიძლება არასრულწლოვანი დაიკითხოს 22 საათიდან დილის რვა საათამდე პერიოდში, ასევე არ შეიძლება დაიკითხოს მარტო, მას უნდა ესწრებოდეს კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგი. არასრულწლოვნისთვის იურიდიული დახმარებაც უნდა იყოს უფასო, როცა ბავშვს ეს სჭირდება და არ შეუძლია ჰყავდეს დაქირავებული ადვოკატი. ეს ყველაფერი ჩავწერეთ თავის დროზე იმისთვის, რომ არსებობდეს მაქსიმალური გარანტიები.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

გამოძიებამ ასევე უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობა, მისი ასაკი, გარემო, წარსული, პირობები, რაშიც იზრდება და ასე უნდა მიმდინარეობდეს მისი გამოკითხვა ან დაკითხვა.

  • ამ კოდექსის მიღების შემდეგ, როგორც ვიცით, გადამზადდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობენ ახლა. თქვენი ინფორმაციით, რა შეცვალა ამ გადამზადებამ? 

მე არ მგონია, რომ ყველა ის გამომძიებელი ან პროკურორი, ვინც ფორმალურად გაიარა რაიმე ტრენინგი, მისაშვები იყოს ბავშვებთან, ამას სხვა ტიპის მუშაობა და ანალიზი სჭირდება, გამოცდილება. ამ გამომძიებელსაც, რომელიც ლუკა სირაძესთან მუშაობდა,  აქვს ალბათ სერტიფიკატი, მაგრამ მის წარსულს რომ გადავხედოთ, სერტიფიკატი უშველის? ნიკა გოგუაძე რასაც ყვება დღეს ამ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით, ესაა მნიშვნელოვანი – ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იყო არაადამიანური მოპყრობა და წამება ნიკა გოგუაძის მიმართ და ეს გამომძიებელი ისევ სისტემაში მუშაობს.

  • თქვენ საუბრობთ 2011 წელს მომხდარ ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციაზე“, რომლის დროსაც ნიკა გოგუაძე დააკავეს. ევროსასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დააფიქსირა კანონდარღვევები ამ საქმეში. „ლუკა სირაძის საქმეშიც“ და 2011 წლის შემთხვევაშიც გამომძიებელი იყო მარიანა ჩოლოიანი. თქვენ ფიქრობთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ გამომძიებელს საგამოძიებო ორგანოში აღარ უნდა ემუშავა? 

რა თქმა უნდა, აქამდე უნდა მომხდარიყო რეაგირება ამაზე. ჩვენ ნიკა გოგუაძე თავის დროზე პოლიტპატიმართა სიაში შევიყვანეთ ზუსტად იმიტომ, რომ არ იყო არანაირი გარანტიები მიუკერძოებელი მართლმსაჯულების. წარმოიდგინეთ, რომ ამ საქმეში მონაწილე გამომძიებელი არის ლუკას საქმეშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არ მუშაობს არც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით შესაბამისი სტრუქტურები.

იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები რას აკეთებდნენ, როცა ეს გადაწყვეტილებები მიიღო ევროსასამართლომ, წაიკითხეს მაინც? რა დაადგინა სასამართლომ, ვინ იყვნენ გამომძიებლები, დარჩნენ თუ არა ისინი ისევ სისტემაში? დღეს ლაპარაკობენ დაზეპირებული ფრაზებით. საერთოდ ვერ ერკვეოდა ვერც ოხანაშვილი და ვერც კილაძე, რა იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. მათ უნდოდათ, რომ კომიტეტი ყოფილიყო წამყვანი ამ პროცესში და ამაზე იყვნენ გადართულები.

  • რის გაკეთება შეეძლო პარლამენტს სამართლებრივად? თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, როცა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვინმე სისტემიდან გაეშვათ? 

2013 წლიდან ყოველ წელს სპეციალური დადგენილება გამოგვქონდა და მე, პირადად, ვმუშაობდი ამ დადგენილებებზე. მაშინ რეკომენდაციებს ვაძლევდით ძალოვან უწყებებს, რომ ყველა საქმე, რომელიც იყო ძალადობრივი, გამოეძიებინათ და კოჰაბიტაციის ნაცვლად, უნდა მომხდარიყო სისტემური ცვლილება. ჩემს დროს არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული [ნიკა გოგუაძის დაკავება]. ყველაზე გახმაურებული საქმე იყო „სანდრო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და მაშინ ჩვენ ბევრი ცვლილება შევიტანეთ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, შევცვალეთ ეს სიმახინჯე. ერთ-ერთი ბოლო საქმე კი იყო „ნიკა გოგუაძის საქმე“, რომლის ანალიზი არც ერთ უწყებას არ მოუხდენია.

ძალოვან უწყებებს რომ გაეწმინდათ საკუთარი სისტემა მოძალადეებისგან, დღეს ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის სისტემური პრობლემის გამოძახილი, როცა ხელისუფლებამ გადმოიბარა ძველი სისტემა და ვერ მოახერხა ამ უწყების შიგნით დაეწყო სისტემური ცვლილებები.

  • რატომ ვერ მოახერხა – აწყობს ხელისუფლებას ეს სისტემა, რესურსი არ ჰყოფნის, თუ მგრძნობელობა? 

მგრძნობელობა არ აქვთ საკმარისი. რესურსი არსებობს, მაგრამ თავის დროზე არ იყო საკმარისი პრინციპულობა უწყებების ხელმძღვანელი პირების მხრიდან, რომ მათ ბოლომდე მოეხდინათ შიგნით ეს სისტემური ცვლილებები. ეს საქართველოა, არ დაილია ამ ქვეყანაში ახლობელი, ნათესავი და პატრონი. ეს ფაქტორები, როგორც ჩანს, არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სამართლიანობა. ამ ყველაფრის შედეგია ის ტრაგედია, რაც ახლა გვაქვს.

  • რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ცნობილია ლუკა სირაძის საგამოძიებო ორგანოში დაკითხვასთან დაკავშირებით. რა პრობლემები ჩანს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გათვალისწინებით? 

საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ რაც ჩანს, არის რამდენიმე გამომძიებლის პრობლემა. საინტერესოა, რატომ დაიბარეს ბავშვი საერთოდ დაკითხვაზე? რა აუცილებლობა იყო საგამოძიებო ორგანოში ამ ბავშვების გადაყვანის, როცა კედელზე რაღაც ნახატებს ეხებოდა საქმე? ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომლის გამოც არასრულწლოვანი შეიძლება წაიყვანო გამომძიებლებთან. ჯერ ეს არის გამოსარკვევი, რამდენად რელევანტური იყო გამომძიებელთან ბავშვის მიყვანა.

  • თქვენი აზრით, რა უნდა ექნა გამოძიებას? 

პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები? იქნებ ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა მხოლოდ და მშობელს შეეძლო ფინანსური ჯარიმით ამის გამოსწორება, თუ რამე ზიანი მიადგა სკოლას. მე ვფიქრობ, რომ გამომძიებელთან ბავშვის მიყვანა ამ საქმეზე არ იყო სწორი, გამოძიების ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავ ამ დროს. გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ამ ბავშვს ეს პროტესტი.

  • პრემიერი გახარია ამბობს, რომ ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯებაო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

სამწუხაროდ, ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო და სიკვდილს ებრძოდა, ვისმენდით კომენტარებს, არაფერიც არ მოხდაო. როცა გარდაიცვალა და საზოგადოება ფეხზე დადგა, მერე დააკავეს გამომძიებელი. სახელმწიფო ინსპექტორისთვის [ინსპექტორი იძიებს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს] უმძიმესი გამოცდაა ეს საქმე. თავის დროზე ჩვენ ვაპროტესტებდით იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეული არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ეს უნდა ყოფილიყო გარე პირი, რომ ამ სამსახურს ჰქონოდა მიუკერძოებლობის გრძნობა. ახლა არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ინსპექტორი ლონდა თოლორაია შსს-დან გადმოვიდა ამ  თანამდებობაზე. მე არ მინდა, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დიდი გამოწვევები აქვს ამ სამსახურს.

ეს საქმე უდიდეს გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე, რადგან იგი წარსულის დაუმთავრებლობის გამოძახილია. მგონია, რომ ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში.

____

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკე: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: