მთავარი,რეკლამა,სიახლეები

კრიტიკული მედიცინა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად

18.12.2019 • 2711
კრიტიკული მედიცინა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად

როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება და ყველა წუთი გადამწყვეტია, ექიმების სწრაფ რეაგირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ჰოსპიტალში გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის განყოფილებები ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, სადაც ყოველდღე იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ გადაუდებელი (ემერჯენსის) და რეანიმაციული განყოფილებები ერთ, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ერთიანდებიან. აქ ყოველდღე 50-მდე ადამიანი – ექიმები, ექთნები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ათობით პაციენტს იღებენ და მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი კლინიკის კარიბჭეა. ეს არის ყოველდღიურად ახალი შემთხვევა, ახალი პაციენტი და მუდმივად გამოწვევების რეჟიმში ყოფნა.

ეს ძალიან აქტიური და პაციენტებით დატვირთული განყოფილებაა. ბოლო ორი წელია ჩვენს დეპარტამენტში პაციენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. აქ ყველა მუხლჩაუხრელად შრომობს, გვაქვს უიმედო პაციენტების გადარჩენის ბევრი შემთხვევა და ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე მადლიერი პაციენტის შეხვედრა ქუჩაში, რომელიც სიკვდილს გამოსტაცე და დაუბრუნე ახლობლებს, “ – ამბობს „მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი.

„მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი „მედცენტრში“ მოიცავს როგორც კრიტიკული მედიცინის, ასევე პოსტოპერაციულ განყოფილებას. საერთო საწოლების რაოდენობა აქ ჯამში 18-ს შეადგენს, თუმცა ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში განყოფილების გაფართოება იგეგმება, რათა კლინიკამ კიდევ უფრო მეტი პაციენტის მიღება შეძლოს.

„მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის პრიორიტეტი ზოგადი რეანიმაციაა, რაც გულისხმობს არამხოლოდ სპეციფიკური ონკოლოგიური პაციენტების ინტენსიურ მკურნალობას, არამედ ზოგად მედიცინას და საჭიროების შემთხვევაში, ორგანოს ან სისტემის ჩანაცვლება-პროთეზირებას.

„მედცენტრში“ ემერჯენსიდან პაციენტები შესაბამის განყოფილებაში გადაჰყავთ და პაციენტს არ უწევს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის სხვა კლინიკებს მიმართოს.

„მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი დათო ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბათუმში იმატა გულის პრობლემების გართულებებმა. მისი თქმით, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში „მედცენტრში“ დაახლოებით 7-8 შემთხვევა იყო გულის გაჩერებისა, თუმცა მდგომარეობა დასტაბილურდა, გულისცემა აღდგა და დღეს ამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კარდიოქირურგი,  მედიცინის დოქტორი ზვიად ბახტაძე, „მედცენტრის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, გვიყვება, რომ  მის განყოფილებაში გადაჰყავთ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე, ქრონიკული უკმარისობის გამწვავებით მეორადად სხვა ორგანოების და სისტემების, პათოლოგიური პროცესების ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მეორადი უკმარისობები. შეცვლილი ცნობიერებით მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

რეანიმაციული განყოფილება „მედცენტრში“ ევროპული დონის აპარატურითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს:

  • სრული კარდიომონიტორინგი, მათ შორის, სვან-განცის კათეტერით ჰემოდინამიკის მონიტორინგი;
  • ბი-სპექტრალური მონიტორინგი;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია მრავალი სხვადასხვა მეთოდით;
  • სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესებთან რეჟიმების ოპტიმიზირება,  რაც გამოიყენება მართვითი სუნთქვიდან პაციენტის რაც შეიძლება სწრაფად მოსახსნელად – დამოკიდებულების განვითარების გარეშე, ან მწ. არაინვაზიური ვენტილაციის სხ/სხ მეთოდები. წამლის შეყვანისათვის განკუთვნილი სხ/სხ მოწყობილობები და ბევრი სხვა.

თერაპია სულფაქტანტით – მედიცინის უახლესი მიღწევა „მედცენტრში“

„მედცენტრის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, მრავალ კლინიკურ შემთხვევათა შორის ერთ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა სურფაქტანტით (ფოსფოლიპიდი, რომელიც ალვეოლების ელასტიურობას უწყობს ხელს) თერაპიის საშუალებით შეძლეს პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

ეს მაგალითი  იმითაა აქტუალური, რომ საქართველოში მსგავსი მიდგომა ზრდასრულ კონტინგენტში ქრონიკული ფილტვის პათოლოგიის მკურნალობაში განხორციელდა პირველად. ჩვენთვის სხვა შემთხვევა ჯერჯერობით უცნობია.

სურფაქტანტს იყენებენ დღენაკლულ ბავშვებში, ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობისა და შესაბამისად, მისი ფუნქციის გასაუმჯობესებლად, სანამ თავისი ფილტვი არ დაიწყებს სურფაქტანტის პროდუცირებას

„გვყავდა პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით ფილტვების  ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ფონზე. ჰქონდა უკიდურესი ხარისხის ჭარბი წონა, აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების ინფექცია ქვედა კიდურზე, წითელი ქარი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში მას უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული სუნთქვის მწვავე უკმარისობასა და  ინფექციის მართვაზე. გამოვიყენეთ სურფაქტანტის 120 მილიგრამი ინსუფლიაცია განცალკევებით ორივე ბრონქებში (60-60მგ), ბრონქოსკოპის საშუალებით, საერთო ჯამში, 10 კურსი 10 დღის განმავლობაში. პაციენტი დღესდღეობით თავს კარგად გრძნობს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ემზადება ბარიატრიული (წონაში დასაკლები) ოპერაციული ჩარევისათვის. ეს  ძვირადღირებული თერაპიაა, თუმცა სამკურნალო ჩვენების მიხედვით მისი გამოყენების შემთხვევაში ძალიან ეფექტური. თერაპია სულფაქტანტით ჩვენი კლინიკის პირობებში გამოვიყენეთ კიდევ 5 პაციენტის მკურნალობისას, ასეთივე წარმატებით,” – იხსენებს ზვიად ბახტაძე.

ექიმი ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი, კარდიოქირურგი,  მედიცინის დოქტორი ზვიად ბახტაძე

,,მედცენტრის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კრიტიკული მედიცინის საჭიროების  მიზეზი ხშირად საზოგადოების არაინფორმირებულობაცაა: საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის მეტად წახალისება, თუნდაც რეკლამით, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისათვის.

როგორც ზვიად ბახტაძე ამბობს, ხშირად ინსულტი ასაკოვან ადამიანებს ემართებათ და კლინიკაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან არ იკონტროლებენ მუდმივად არტერიულ წნევას, არ იღებენ წნევის დამწევებს, სისხლის „გამათხელებლებს“, არ აქცევენ დროულად ყურადღებას არითმიას, შედეგად კი ვითარდება იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ დროს ყველამ იცის, რომ სისხლს ათხიერებს ერთი აბი ასპირინიც კი, რომელიც 10 თეთრი ღირს. ეს  მედიკამენტი დაახლოებით 50%-ით ამცირებს იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ცხადია, მედიკამენტი მათ უნდა მიიღონ, ვისაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა  პრობლემების დასაწყისი გართულებების გარეშე: ჰიპერტენზია, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობის ნიშნები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

„თუმცა ნებისმიერი მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია და საპრევენციო მკურნალობის დასაგეგმად უნდა მივმართოთ ამბულატორიებსა და ოჯახის ექიმს,” – ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი და დასძენს, რომ 65 წელს გადაცილებულმა ადამიანმა პრევენციისათვის წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაიაროს კარდიოლოგის კონსულტაცია და მიიღოს ელემენტარული მკურნალობა, თავის დაზღვევის მიზნით.

ზვიად ბახტაძე პაციენტებისთვის კრიტიკული მედიცინის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„კრიტიკული მდგომარეობების მედიცინა – კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი და საინტერესო დარგია. ადამიანის სიცოცხლე – ყველაზე უმაღლესი ფასეულობაა და ყოველი სიცოცხლისათვის პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, ექიმები, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო. იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი მოსახლეობის სიკვდილიანობა და ინვალიდიზაცია, ასევე, გავზარდოთ სამედიცინო მოსახურების ხარისხი არსებულ ვითარებაში  – ყველაზე დიდი სტიმულია სამედიცინო სამსახურის შემდგომი განვითარებისათვის. მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას,”- ამბობს ის.

 

ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ოპერაცია ,,მედცენტრის” ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში

„მედცენტრის” ანესთეზიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ექიმი ლევან ტოშკუაა.

ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი დეპარტამენტია კლინიკაში, სადაც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება. აქ ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო და კათეტერიზაციის ლაბორატორია, რვა საწოლზე გათვლილი პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილება. საოპერაციო და პოსტოპი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობისაა – ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორინგის სისტემებით, რაც იძლევა ნებისმიერი პროფილისა და სირთულის ოპერაციის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას. გამოიყენება ანესთეზიის ყველა სახეობა, სულ უფრო მატულობს და მეტად პოპულარულია სხვადსხვა სახის ნეიროაქსიალური ანესთეზია – სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარება, აგრეთვე, პერიფერიული ნერვული ბლოკადები.

„საერთო საქმეს ჩვენს დეპარტამენტში ხუთი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგისგან შემდგარი გუნდი ემსახურება, თითოეულს 20-35-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამას ემატება გადამზადებული, გამოცდილი და ყურადღებიანი ექთნებისა და დამხმარეების ბრწყინვალე გუნდი, რაც, ჯამში, პაციენტისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა. კლინიკის ადმინისტრაციის ყოველდღიური ყურადღება და მზრუნველობა, საქმიანი და კოლეგიალური დამოკიდებულება, ჩვენი საერთო წარმატების საწინდარია,” – ამბობს ლევან ტოშკუა.

ექიმების თქმით, თუ კი თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს დახმარება სჭირდება, პირველ რიგში, 112-ზე უნდა დარეკოთ, ექიმების მოსვლამდე კი პირველადი დახმარება თქვენც შეგიძლიათ გაუწიოთ.

მაგალითად:

  • გულის წასვლისას – დააწვინეთ ადამიანი ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზევით, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება
  • მაღალი არტერიული წნევისას – პაციენტს შეიძლება ენის ქვეშ მივაღებინოთ სწრაფი მოქმედების მედიკამენტები, თუმცა ამის გაკეთება არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე
  • დაბალი არტერიული წნევისას – სანამ სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოვა, წამოაწვინეთ ადამიანი  სწორ ადგილზე და წამოუწიეთ ქვედა კიდურები ზევით
  • ჭრილობისა და სისხლდენისას – თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ, უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება
  • ინსულტის დროს – შეუხსენით მჭიდროდ მომჯდარი სამოსი  და წამოუწიეთ თავი, მხრები, რომ თავის ტვინისკენ სისხლის ნაკადი შემცირდეს, არ სცადოთ ადამიანის წამოყენება

და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ მიუხედავად სწორად გაწეული პირველადი დახმარებისა, ჯანმრთელობის დამძიმებული  მდგომარეობისას, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს კრიტიკული მედიცინის გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამიტომაც დროულად მიმართეთ ექიმს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: