მთავარი,სიახლეები

რა იწვევს სპონტანურ აბორტს ანუ „მუცლის მოშლას”

17.12.2019 • 34209
რა იწვევს სპონტანურ აბორტს ანუ „მუცლის მოშლას”

სპონტანური აბორტი, იგივე „მუცლის მოშლა“, ნიშნავს 22 კვირამდე ორსულობის შეწყვეტას ქალის ორგანიზმში, 22 კვირის შემდეგ კი, უკვე არის ნაადრევი მშობიარობა. სპონტანური აბორტის ძირითადი მიზეზი ნაყოფის არანორმალური განვითარებაა.

სპონტანური აბორტის ასოციაციის ინფორმაციით, სპონტანური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც საშუალოდ ოთხიდან ერთ ორსულობას შეეხება. რეგისტრირებული ორსულობის დაახლოებით 10-20% ორსულობის სპონტანური შეწყვეტით მთავრდება, თუმცა ორსულობის ასეთი ფორმით შეწყვეტის რეალური რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტია, რადგან  ორსულობის სპონტანური მოშლა ხშირად ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, როცა ქალი ვერც აცნობიერებს, რომ ორსულადაა.

mayoclinic: ორსულობის სპონტანური შეწყვეტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვაგინალური სისხლდენა; ტკივილი მუცლის ან წელის ქვედა ნაწილში
  • სითხის ან ქსოვილის გამოსვლა საშოდან

რა შეიძლება გახდეს „მუცლის მოშლის“ მიზეზი, რა  რისკები არსებობს და რა სახის მკურნალობა სჭირდება ამ დროს ქალს? – ამ თემაზე მეან-გინეკოლოგი კობა ქამაშიძე გვესაუბრა.

რამდენად მართალია, რომ ზოგჯერ სპონტანური აბორტი ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, როცა ქალმა არც კი იცის, რომ ორსულადაა, როგორია ამ პროცესის სიმპტომები? 

ყველაზე ხშირად სპონტანური აბორტი ორსულობის მე-12 კვირამდე ხდება.

პირველ რიგში, ქალს უნდა ჰქონდეს მენსტრუაციის გადაცდენა, რის შემდეგაც წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი საშოდან და მუცლის ტკივილი არის სპონტანური აბორტის მანიშნებელი. ეს ყველას სხვადასხვაგვარად აქვს გამოხატული – ზოგს ძლიერი ტკივილი აქვს, ზოგთან მენსტრუაციის მსგავსად მიმდინარეობს პროცესი.

თუ ქალს ტკივილი არ აქვს და აქვს მხოლოდ სისხლიანი გამონადენი, ჯობია სისხლდენა შეჩერდეს, დაისვენოს ქალმა და შემდეგ მიმართოს ექიმს.

  • რა სამედიცინო პროცედურები უტარდება ამ დროს ქალს?

ორსულობა შეიძლება ისე მოიშალოს, რომ ნაყოფი შიგნით დარჩეს, მაგალითად, გაჩერდეს ნაყოფის გულისცემა და ეს მხოლოდ ექიმთან მეორე ვიზიტისას დაფიქსირდეს. ასეთ დროს დარჩენილი ქსოვილების საშვილოსნოდან გამოსატანად საჭიროა ჩარევა: მედიკამენტოზური (უფრო ორსულობის ადრეულ ვადებზე) ან ვაკუუმასპირაციით. 

სპონტანური აბორტის ნიშნების დროს ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ დადგინდეს, სად არის ნაყოფი – ორსულობა არის შეწყვეტილი საშვილოსნოში, თუ საშვილოსნოს გარეთ.  საშვილოსნოდან ნაყოფი თავისით ჩამოვა ან ჩვენ დავეხმარებით. თუ საკვერცხეზეა, მუცლის ღრუში ან სანაყოფე მილში – საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

  • ვინ არიან რისკჯგუფში და რა შეიძლება იყოს სპონტანური აბორტის მიზეზი?

რისკჯგუფში არიან 35-38 წელს გადაცილებული ორსული ქალები, რომელთაც აღენიშნებათ ისეთი სომატური დაავადებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. რისკჯგუფში არიან პაციენტები ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის ანთებით, ვირუსის მატარებლები და ასევე ქალები, რომელთაც აქვთ ჰორმონალური დარღვევები, რის გამოც ყველაზე ხშირად წყდება ორსულობა.

საშიშია სისხლის დაავადებები, ე.წ. თრომბოფილიები. ამ დროს სისხლი დედდება, წარმოიშვება თრომბები, რაც აზიანებს ნაყოფს და წყვეტს ორსულობას.

სამწუხაროდ ისე ხდება, რომ სპონტანური აბორტი უმეტესად ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბრალდება, რაც არასწორია. ორსულობის სპონტანურ შეწყვეტაში დიდი როლი აქვს მამაკაცის ფაქტორს. ცნობილია, რომ კაცის სპერმა ყველა ათწლეულის შემდეგ იკლებს ხარისხში, იმიტომ, რომ კაცებში მიდის ქრონიკული ანთებითი პროცესები, ისინი არ უვლიან თავს – შედეგად ვიღებთ ცუდი სპერმით განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ასეთი ორსულობა ვერ მიდის ბოლომდე და იშლება. ამიტომ, როცა კლინიკაში მიდის წყვილი, სპერმაც უნდა იყოს გამოკვლეული, მისი ხარისხი პირდაპირ კავშირშია იმასთან, მივა ეს ორსულობა ბოლომდე, თუ ვერა.

გენეტიკური ანომალიების შემთხვევაში 6-8 კვირაზე ხდება ორსულობის ჩამოშლა. ქალისა და კაცის დნმ ერთმანეთს უნდა აეგოს, როცა ამ შერწყმისას ხდება ხარვეზი, ორგანიზმი წყვეტს ორსულობას. ამიტომ არსებობს სავალდებულო ექოსკოპიები პირველიდან მე-18 კვირამდე, შემდეგ 18-დან მე-20 კვირამდე, რომ გამოირიცხოს ანომალიები და თუ აუცილებელია – ჩვენ შევწყვიტოთ ორსულობა.

საერთოდ, სპონტანური აბორტისას ქალის ბრალეულობაზე საუბარი არასწორია, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა გარემო ასეთი დაბინძურებულია, არ ვიცით, რას ვსუნთქავთ, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რა გვაცვია ან როგორ მოქმედებს ჩვენზე ის გაჯეტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წლის ბავშვის თავშესაქცევადაც კი გამოიყენება.

  • რა ხდება ქალის ორგანიზმში სპონტანური აბორტის შემდეგ?

 ორსულობა მოიშალა, მაგრამ ფონი ორსულობის კვლავ რჩება, დრო უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმში დარეგულირდეს ყველაფერი. მენსტრუალური ციკლი ჩვეულებრივ უნდა აღდგეს ერთ თვეში.

ხშირად ქალებს აქვთ დეპრესია, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ფორმითაც. პაციენტს  უკვე აქვს შიში, რომ რაღაც კიდევ მოუვა. მანამ, სანამ შემდეგი ორსულობა დადგება, საჭიროა სერიოზული მომზადება, საამისოდ უნდა გავიდეს ორი ან სამი მენსტრუალური ციკლი. ამ დროს უნდა დავიწყოთ კვლევები, რაც მოიცავს ვირუსების გამოკვლევას სისხლში, ჰორმონალურ კვლევებს, სისხლის გამოკვლევას შედედებაზე. თუ ქალს სპონტანური აბორტი ჰქონდა ორზე მეტ შემთხვევაში, წყვილმა უნდა მიმართოს შესაბამის სერტიფიცირებულ ცენტრებს, სადაც ჩატარდება უკვე გენეტიკური და სხვა სახის კვლევები.

  • სპონტანური აბორტის შემდეგ როდის შეიძლება ორსულობა?

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სპონტანური აბორტის შემდეგ ორი-სამი თვის განმავლობაში პარტნიორებმა სქესობრივი აქტის დროს დაიცვან თავი. მენსტრუაციის დაწყებიდან ორ-სამ თვეში პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან და დაიწყოს კვლევები.  თუ მიზეზს ვერ ვიპოვით, 15-20%-ში ასეც ხდება, ვიწყებთ მომზადებას ფოლიუმის მჟავით. აქედან ერთი თვის შემდეგ ვრთავთ ნებას ორსულობაზე და ვაკვირდებით. 

შეიძლება პაციენტს ჰქონდეს საშვილოსნოში პოლიპი, კვანძი…  რის შესახებაც მან აქამდე არაფერი იცოდა, რადგან არ გადაუღია ექო და არ იცის, რომ საშვილოსნოში არ არის ადგილი ნაყოფისთვის, ამ ორ-სამ თვეში მაგასაც ვაგვარებთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ანატომიური მიზეზები იშვიათად გვხვდება, უმეტესად ეს არის ვირუსების, ჰორმონალური დარღვევებისა და სტრესის  ბრალი.

  • რა მხარდაჭერა სჭირდება ქალს სპონტანური აბორტის შემდეგ?

რეაბილიტაცია დიდწილად დამოკიდებულია პარტნიორსა და ოჯახის წევრებზე. ქალმა არ უნდა დაიდანაშაულოს ამაში თავი. ოჯახის წევრები, ხშირად მამაკაცის მხრივ, ქალს ადანაშაულებენ. ქალმა არასოდეს უნდა დაიკავოს დამნაშავის პოზიცია. უნდა ვუთხრათ მას, რომ ეს მისი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მთელ მსოფლიოში ხდება, თან ძალიან ხშირად. რადიაციაც მოქმედებს. ეს პრობლემა მოგვარებადია, ამიტომ პაციენტი არ უნდა შეიბოჭოს. პრობლემა არის არა მხოლოდ ქალის, არამედ წყვილის – 50/50-ზე, უფრო მეტად მამაკაცის ბრალი.

სპონტანური აბორტის შემდეგ ქალმა პირველი რამდენიმე დღე არ უნდა აიღოს მძიმე ნივთები, მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას, სირბილსა და სპორტს. ერთ კვირაში კი, როცა სისხლიანი გამონადენი შეუწყდება, უნდა დაუბრუნდეს  ჩვეულებრივ ცხოვრებას, გავიდეს სამსახურში, ისეირნოს და ა.შ. ძირითადად ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ ქალის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ზოგჯერ, სპონტანური აბორტის შემდეგ, პაციენტს ფსიქოლოგთან ვიზიტსაც ვთხოვთ, რომ არ შევიდეს ღრმა დეპრესიაში, არ დაეწყოს შიში. 

  • რა უნდა გააკეთოს წყვილმა სპონტანური აბორტის თავიდან ასაცილებლად?

ორსულობისთვის ორივე უნდა მოემზადოს – ქალიც და მამაკაციც.  ქალის შემთხვევაში ეს არის ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღებასაც ჩასახვამდე ერთი თვით ადრე იწყებს ქალი. ეს გვიცავს არასწორი ინფორმაციის ათვისებისგან, ასევე მანკებისგან – გულის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის. ჩასახვიდან სამი თვის განმავლობაში ქალი იღებს ფოლიუმის მჟავას.

არის შემთხვევები, როცა პაციენტს აქვს ტკივილი და ითხოვს დახმარებას ნაყოფის შესანარჩუნებლად. ამ დროს ინიშნება ერთი ან ორი პრეპარატი, რაც დაშვებულია ორსულებისთვის, ძალიან მცირე ვადით.  ორსულობის მე-6, მე-9 კვირამდე, როცა ორსულობის საკვანძო პერიოდია და ყალიბდება ნაყოფის ყველა ორგანო, ორსული უბრალოდ უნდა გაუფრთხილდეს თავს, იწვეს, არ დაიღალოს, არ დაისტრესოს, უნდა გადადოს საქმეები. დღეს ყველა მუშაობს, ზოგს ძალიან მძიმე შრომა აქვს, სახლშიც და სამსახურშიც. ზოგი მარკეტში მუშაობს ღამის ცვლაში, ძილსაც ვერ ახერხებს. მიწევს ხოლმე, რომ ორსულებს მიმართვა დავუწერო სამსახურისთვის, რათა უფრო მსუბუქ ფიზიკურ შრომაზე გადაიყვანონ.

გადაბეჭდვის წესი