განათლება,სიახლეები

როცა ღარიბი მშობლები გყავს და სწავლა გინდა [ვიდეო]

17.12.2019 • 2000
როცა ღარიბი მშობლები გყავს და სწავლა გინდა [ვიდეო]

18 წლის ინგა ზედგენიძე მე-5 კლასიდან მინდობით აღზრდაშია. ის ამბობს, რომ სწავლის მნიშვნელობაზე მას აღმზრდელი ქალი ხშირად ესაუბრებოდა და სწორედ ამ ოჯახში ცხოვრების შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ მიეღო უმაღლესი განათლება.

ინგა ამბობს, რომ საკუთარ თავში მათემატიკის ნიჭი აღმოაჩინა და სურვილი აქვს ამ საგნის მასწავლებელი გახდეს. „სკოლა მხოლოდ იმას გასწავლის, რაც სკოლაში გამოგადგება და ეს არის სწორედ სკოლის ყველაზე დიდი  მინუსი – ვერ გაძლევს იმ განათლებას, რაც გჭირდება თუნდაც უმაღლესში. მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად უნდა მოემზადო რეპეტიტორთან, რისი შესაძლებლობაც ყველა მოსწავლეს არ აქვს.

როცა აბიტურიენტი გავხდი, ჩემი აღმზრდელი ქალი დამეხმარა – მათემატიკაში მომზადების საფასური გადამიხადა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებელი გავხდე და ბავშვებს ვასწავლო იმაზე მეტი, რასაც მე მასწავლიდნენ“, – ამბობს ინგა.

მისი თქმით, განათლების მნიშვნელობა ბავშვს ჯერ ოჯახში უნდა ასწავლონ, შემდეგ კი – სკოლაში. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. „თუ მშობელი ბავშვს ეტყვის, რომ „არ გინდა სწავლა, მე-9 კლასიდან გამოგიგყვან, იმუშავებ და ოჯახს არჩენ“, ის ბავშვი არ ისწავლის, რა თქმა უნდა.“

ინგას აზრით, სკოლის ვალდებულებაა ბავშვს, მოზარდს მისცეს ისეთი განათლება, რაც მას სჭირდება მომავალი განათლებისა და განვითარებისთვის. „სწორედ ეს არის სკოლის ვალდებულება“, – გვეუბნება ის. სხვა შემთხვევაში, როგორც ინგა ამბობს, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება უთანასწორობა ღარიბ და მდიდარ მოსწავლეებს შორის. „მდიდარი მოსწავლე შეძლებს მასწავლებლების დაქირავებას, ღარიბი კი – ვერა. აი, აქ კი, მთავრობა უნდა დაეხმაროს სკოლას განვითარებაში“, – მიაჩნია ინგას.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, „რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის“.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა შეიმუშაოს ისეთი სისტემები შეფასებასა და ატესტაციაში, რითაც შეიძლება დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირება და ამ გამოწვევის გადაჭრა „მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს“.

ნახეთ ვიდეო, სადაც ინგა საუბრობს თავის ცხოვრებაზე, სკოლასა და სასკოლო განათლების ხარვეზებზე.

 

როცა ღარიბი ხარ და სწავლა გინდა

18 წლის ინგა ზედგენიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება შეძლოს. ინგა გვიყვება დღეს არსებული სასკოლო განათლების ნაკლოვანებაზე, სისტემაზე, რომელიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ღარიბი და მდიდარი ოჯახების მოსწავლეებს. რა უნდა მისცეს სკოლამ მოსწავლეს და როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? – ნახეთ, როგორია ინგას პირადი გამოცდილება.ავტორი: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2019

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: