მთავარი,სიახლეები

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

18.12.2019 • 2441
დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

17 დეკემბერს თბილისში, იაშვილის კლინიკაში დაიღუპა 15 წლის ლუკა სირაძე.

მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს სსსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა თოლორაია არ აკონკრეტებს, ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებამდე დააკავეს, თუ მას შემდეგ.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერა დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკეთ: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ხაზი: 116 111; 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

ერთ-ერთი წარწერა,რომელიც ლუკამ დატოვა „მწვანე სკოლის“ კედელზე

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

“შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა „მწვანე სკოლამაც“.

“უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებთ მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას”, – ნათქვამია “მწვანე სკოლის” განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: