მთავარი,სიახლეები

ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში

17.12.2019 • 3273
ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ევროპის მოედანზე ბათუმელმა ექიმებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს – „ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს“.

„ეს არის გაეროს დაცული მუხლების დარღვევა და დანაშაული, როცა ექიმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ ადამიანის დასახმარებლად წავიდა. საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო დააპატიმრეს.

ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ყოველდღე ვაჩვენოთ ჩვენი თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ პირს, ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს. უნდა რცხვენოდეთ“, – ამბობს ქირურგი, ექიმი კახა ქაშიბაძე.

ექიმების სოლიდარობის აქცია, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მოვედით სოლიდარობის გამოსახატად და ამ პატარა პერფორმანსით გვინდა დავანახოთ მათ, ვისაც ხელეწიფება მისი დროულად დახსნა ტყვეობიდან, რომ ჩვენ აქ ვართ და მის გვერდით ვართ“, – ამბობს თამარ ლომთაძე.

რადიოლოგი ელზა ვარშანიძე ამბობს, რომ ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს, ამიტომ ის, როგორც სხვა მედიკოსები, მხარდაჭერას უცხადებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. „გვსურს გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ქვეყანას და გააგრძელოს თავისი პროფესიული საქმიანობა“.

ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში.

აქციაზე იმყოფებოდა ექიმი, ენმ-ს წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში ლევან ანთაძეც: „ჩვენ ვაპროტესტებთ ჩვენი კოლეგის დაკავებას, რომელიც ადამიანის დასახმარებლად იყო წასული. მინდა მივმართო ჩვენს კოლეგებს, იქნებიან ისინი რუსეთში თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომ გვერდში დაუდგნენ ქართველ ექიმს, რადგან ექიმებს არ აქვთ ნაციონალობა, არ აქვთ ეროვნება.

საქართველოს საზღვარი არ გადის არც ახალგორის და არც გორი-ცხინვალის გზაზე, არამედ გადის ფსოუზე და როკის გვირაბზე, ვაჟა გაფრინდაშვილი სწორედ ამ სიტყვებისთვის იხდის სასჯელს, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – ამბობს ანთაძე.

ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

ლევან ანთაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა  ჯერ კიდევ 2008 წელს აჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი, როდესაც ომის დროს ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტები გადაარჩინა.

ექიმ თემურ გაბაიძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აჩვენა სამოქალაქო გმირობა. „ჩვენ ექიმები ყველაფერს გავაკეთებთ ყველა პაციენტისთვის და ჩვენს ღირსეულ კოლეგას ვუცხადებთ სოლიდარობას“.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 დეკემბერს დააკავეს, როცა ის პაციენტის დასახმარებლად წავიდა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/414416/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: