მთავარი,სიახლეები

„არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი“ – სოლიდარობა და პროტესტი ბათუმში

18.12.2019 • 1855
„არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი“ – სოლიდარობა და პროტესტი ბათუმში

„ეს არის სოლიდარობაც და პროტესტიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო ბერიძემ, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა, დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე. აქციის წევრები უნივერსიტეტთან პლაკატებით მივიდნენ, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც და მოსწავლეებიც.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა ქვეყანაში და არ მინდა ასეთი დღეები გვითენდებოდეს. მთავარი სათქმელი აქ მაქვს“ – გვითხრა სოფიომ და პლაკატი გვაჩვენა წარწერით – „ჩემი და შენი შვილებისთვის“.

აქცია ბათუმში

აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, „ალტერნატივას“ წევრები, სტუდენტები და მოსწავლეები.

„დამნაშავედ ვგრძნობთ თავს ახალგაზრდობა იმიტომ, რომ ვერ დავიცავით  ლუკა. უნდა დაინგრეს მკვლელი სისტემა და აუცილებლად შევცვლით ახალგაზრდები ამ სისხლიან სისტემას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიგა ნაგერვაძემ, საზღვაო აკადემიის სტუდენტმა. იგი ამბობს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ლუკა არ არის სისტემის პირველი მსხვერპლი. „რაფალიანცის საქმე, დათო სალარიძე, მაჩალიკაშვილი… ესენი არიან ამ სისტემის მსხვეპლები,“  – ამბობს გიგა.

ქეთი ბოლქვაძე გონიოს 30-ე სკოლის მოსწავლეა. აქციაზე გამოვიდა, რადგან, მისივე თქმით, მიუღებელია ის, რაც მოხდა:

„არ შეიძლება სახელწიფო და კონკრეტულად პოლიცია ძალადობდეს 15 წლის მოზარდზე, რომელსაც ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებულიყო. ვგმობთ ამას და აქ ვართ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაპროტესტოთ, მომავალი ვართ ჩვენ და ჩვენ შევცვლით ამ სისტემას, ამის მჯერა,“ – ამბობს ქეთი. იგი ამბობს, რომ დღეს სკოლაში, მეგობრებთან, მთავარი განხილვის თემა სწორედ ლუკას გარდაცვალება იყო.

„ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი, არავინ იცის“ – გვითხრა კიდევ ერთმა მოსწავლემ, ილია თაყაიშვილმა.

აქციას ესწრებოდა მეთორმეტეკლასელი თამთა ფერსელიძეც. მან გვითხრა, რომ იურიდიულზე აპირებს სწავლას და მისთვის ეს საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აქ ვართ იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს უსამართლობა. პოლიცია არ უნდა ზემოქმედებდეს 15 წლის ბავშვზე იმ დონეზე, რომ მიიყვანოს სიკვდილამდე. ოჯახებში გაჩნდა შიში. მართლა არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი და ერთმანეთი უნდა დავიცვათ,“ – ამბობს თამთა.

დღეს, საღამოს რვა საათზე, ევროპის მოედანზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

წარწერა უნივერსიტეტთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: