აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთსა და შენობას ყიდის

მთავრობა  ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში [კურორტი გოდერძის ტერიტორია] მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს [344 კვ.მ ] და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას [52,37 კვ.მ], პირობებიანი ელექტრონული აუქციონით ყიდის.

ქონების საწყისი ფასი 20 000 ლარია, ბიჯი – 500 ლარი.

აუქციონის ერთ-ერთი პირობაა გადაცემულ ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ამოქმედება.

ობიექტს პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს. გარდა ამისა, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე სამინისტრო ითხოვს არანაკლებ 10 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემას, სამინისტროს მოთხოვნიდან არანაკლებ 20 წლის ვადით.

აუქციონი 12 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

 

„ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა

შპს „ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზეა ასახული.

როგორც ვიცით, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა ასევე აქვს ვალდებულება, პროექტი მუნიციპალიტეტსაც შეათანხმოს.

პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, რადგან ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ე.წ. ჭაჭის თაუერის  მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი თაუერის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას.

მშენებლობას ბათუმში არც თუ ისე ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა ქალაქს ბევრი თვალსაზრისით დააზარალებს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“, გენგეგმის მიხედვით,  9 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. აქედან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ [ჭაჭის თაუერი და მიმდებარე ტერიტორია] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ამავე თემაზე:

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

შავი ჯიპით ბათუმის ცენტრალურ პარკში

მექორწინეები შავი ჯიპით ბათუმის პარკში შევიდნენ, ფაქტის ამსახველი ფოტო ფეისბუქგვერდმა „უპატრონო ბათუმი“ გაავრცელა წარწერით „რა ხდება, რა უბედურებაა“. ფოტოზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა მონიშნული.

ფაქტი ახლახან დაფიქსირდა. „ბათუმელებს“ ადგილზე მხოლოდ ხელმოწერის ცერემონიალის დიზაინერი და პოლიცია დაგვხვდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა გვითხრა, რომ დაზუსტებით არაფერი იცის: „ჩვენც  შემოგვივიდა ინფორმაცია და ვარკვევთ“, – გვითხრა მან.

თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილს პარკში ხელმოწერის ცერემონიალი ჰქონდა.

ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ პარკს კეთილმოწყობის სამსახური კურირებს, ამ დროისთვის სამსახურში ტელეფონს არ პასუხობენ.

ფოტოზე ჩანს, რომ წყვილის ავტომანქანის გარდა პარკში კიდევ ერთი მანქანა იყო შესული.

 

მსოფლიო ჩემპიონი: ქალებს ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერები ვართ

მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, 18 წლის მარიამ ნოდიას, დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვდნენ. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამ ნოდიას უთხრა, რომ ის ბაკალავრის საფეხურის სწავლის გადასახადისგან მთლიანად გაათავისუფლა.

მწვრთნელის თქმით, მარიამმა „წლების მანძილზე დაუმარცხებელი“ კონკურენტი დაამარცხა, „კონკურენტი იყო თურქეთის მოქალაქე, რომელსაც არც ერთი წაგება არ ჰქონდა. მარიამი სამი წელიც არ არის, რაც მკლავჭიდში ვარჯიშობს, ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – თქვა გოჩა შავაძემ.

მარიამი ამბობს, რომ სპორტით ყოველთვის იყო დაინტერესებული და შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სახეობაში.

მარიამ ნოდია, მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მკლავჭიდში მონაწილეობა მკლავჭიდელმა დარინა ცეცხლაძემ შემოგვთავაზა სტუდენტებს. სურვილი მხოლოდ მე გამოვთქი. ვაპირებ, ამ სპორტს გავყვე და მაქსიმალური შედეგი მივიღო ორივე ხელში,“ – ამბობს მარიამი.

რას ნიშნავს, დაამარცხო წლების მანძილზე დაუმარცხებელი კონკურენტი? – ვეკითხებით მარიამს. მისი თქმით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რაც მისგან კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს.

მარიამი ამბობს, რომ მისი წარმატება სპორტის იმ სახეობაში, სადაც ძირითადად კაცები ასპარეზობენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქალიც ისეთივე ძლიერია, როგორც კაცი და ორივეს თანაბრად შეუძლია წარმატების მოპოვება. „ქალი და კაცი თანაბრად შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძლიერი. რა თქმა უნდა, გარკვეული სტერეოტიპების გამო ქალს უფრო ხშირად უწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერია“.

უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამი სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლა და შეხვედრის დროს უძველესი ქართული სამკაულების შესახებ წიგნი აჩუქა.

წლების შემდეგ წარმატებული ქალები, საზოგადოებრივი წნეხის თუ სტერეოტიპების გავლენით, თმობენ თავიანთ კარიერას, თუმცა მარიამი ამბობს, რომ ის არ აპირებს დათმობას.

„მე ვთქვი უარი იმ ადამიანზე, რომელიც მიყვარდა, იმის გამო, რომ წინააღმდეგი იყო ჩემი სპორტული კარიერის. არც მომავალში ვაპირებ უარი ვთქვა იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ცხოვრებაში,“ – ამბობს მარიამი „ბათუმელებთან“.

მარიამი ბათუმის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ეკოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს: „ვფიქრობ, ეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო, ბუნება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვარჯიში და მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის პრიორიტეტი იყოს“, – ამბობს მარიამი.

მარიამ ნოდია მწვრთნელებთან ერთად უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის რექტორი მარიამს მხარდაჭერას დაჰპირდა. მერაბ ხალვაშმა მარიამს ძველი ქართული სამკაულების შესახებ წიგნი აჩუქა.

მარიამმა ქალთა შორის 19 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი 1-ელ ნოემბერს რუმინეთში გაიმართა.

ქობულეთში ავარიაში მოყოლილი ორი მეთორმეტეკლასელი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან უკვე გაწერეს ავარიაში მოყოლილი ორი მეთორმეტეკლასელი, ორი არასრულწლოვანი კი ისევ რჩება ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ისინი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მართვით სუნთქვაზე.

არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკა „ევექსის“ პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ ბიჭს უკვე ჩაუტარდა ყბა-სახის ოპერაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო ავარიის შედეგად დაშავებული გოგო ისევ „კრიტიკულად მძიმედაა“.

 

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მშრალი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ნოემბრის 21 საათიდან 6 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ; ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +17 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება მომდევნო დღეებშიც: 7 და 8 ნოემბერს.

ქუჩები ბათუმში, სადაც ღამით წყლის მიწოდება შეწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 ნოემბრის ღამის 12 საათიდან ხვალ, 6 ნოემბრის დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმში შემდეგ ქუჩებს:

ინასარიძის ქუჩა,
ფიროსმანის ქუჩა,
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა,
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა.

კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“ .

2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელს მოსაწყობად

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ბაზრის კვლევა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალასა და დაბა ჩაქვში აჭარის ქუჩის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 653 581 ლარია. სამუშაოები სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს შეწყდება. სამუშაოები ორივე ადგილზე ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიას სამუშაოების შემსრულებელმა უნდა წარუდგინოს ასევე „შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს]“.

– – – –

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაევალა ქვეყნის მასშტაბით სოფლების გაზიფიცირება [კვლევა, პროექტირება, მშენებლობა] 2019-2021 წლებში.

აჭარის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები სადაც გაზიფიცირების სამუშაოები უნდა ჩატარდეს და 2019-2020 წლებში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

მთავარი ფოტო: სოფელი ხალა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

თიბისი ლიზინგმა 9 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, Proparco-მ ქვეყნის უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, თიბისი ლიზინგს, 9 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნულ რესურსს თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც საქართველოს განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. ამის გარდა, აღნიშნული რესურსი დაეხმარება პირდაპირ ან არაპირდაპირ დაახლოებით 3500-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ან შენარჩუნებას. 

„Proparco-ს მიზანს განვითარებად ქვეყნებში და მზარდ ეკონომიკებში კერძო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. თიბისი ლიზინგის გამოცდილება კი მცირე და საშუალო სექტორის ფინანსური საჭიროებების ცოდნის კუთხით, მას იდეალურ პარტნიორად აქცევს, რითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავზარდოთ ჩვენი დადებითი გავლენა ქვეყანის ეკონომიკაზე.“ – განაცხადა ჟან-გაბრიელ დაიერმა, Proparco-ს რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  

”ამ გარიგებით თიბისი ლიზინგი ფინანსური განვითარების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. Proparco ჩვენთვის არის გამორჩეული პარტნიორი, რომელთან ერთადაც მიზნად ვისახავთ დაფინანსების მოქნილი პირობების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.” – განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თიბისი ლიზინგის შესახებ

თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.

Proparco – ს შესახებ

Proparco საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (Agence Française de Dévelpement ) შვილობილი კომპანიაა. Proparco კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს და მისი მიზანი მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ხელშეწყობაა. Proparco მონაწილეობს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწე მეწარმეების და ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაში და მისი საქმიანობა ფოკუსირებულია ისე სექტორებზე როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, განათლება. Proparco-ს საქმიანობა მიზნად ისახავს გაზარდოს კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი მდგრადი განვითარების ამოცანების (SDG) მიღწევაში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2015 წლიდან. Proparco აფინანსებს ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ღირსეული შემოსავლის მიღებას, აუცილებელი და ძირითადი მომსახურებების მიწოდებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

საბას თარგმანის ნომინაციის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა. 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. 

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. 

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2019 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები, საიდანაც გამარჯვებული ერთი ავტორი გახდება:

  1. ლევან ბერძენიშვილიესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ლელა დუმბაძევირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. მაია ფანჯიკიძემაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. გურამ ღონღაძეიენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ზაზა ჭილაძეუილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (არტანუჯი)
  6. დავით ახალაძეჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (დიოგენე)
  7. მაია ბადრიძეფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი, დავალება“, (დიოგენე)
  8. თამარ ჯაფარიძეკაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (პალიტრა L)
  9. ნანა ტონიაევრიპიდეს „ჰეკაბე“ (ლოგოსი)

დავა სომხების გენოციდის ირგვლივ

თარგმანი : მარიამ მუთიძე

პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი ხოცვა ოსმალელი თურქების მხრიდან დღემდე რჩება სენსიტიურ საკითხად.

თურქეთი წინააღმდეგია 1915-1916 წლების მოვლენები შეფასდეს გენოციდად, ისტორიკოსები კი კვლავ აგრძელებენ კამათს. ამ დროისთვის გახმაურებულია მრავალი ცნობა თურქეთის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე. 

ტრაგედია მედიის ობიექტივში ხელახლა მოექცა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ აღიარა სომხების გენოციდი. თურქეთმა დაგმო კენჭისყრა და შეაფასა ეს, როგორც უაზრო პოლიტიკური ნაბიჯი.

რა მოხდა?

არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია, რომ ასობით ათასი სომეხი დაიღუპა მაშინ, როცა ოსმალეთის თურქებმა მასობრივად განდევნეს ისინი აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიისა და მიმდებარე ტერიტორიებისკენ 1915-1916 წლებში. ისინი დაიხოცნენ შიმშილისა და დაავადებებისგან.

დაღუპულთა რაოდენობა საკამათოა. სომხური მხარე ამბობს, რომ დაიღუპა 1.5 მილიონი, თურქეთი კი – 300 000 ადამიანი. 

გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის  (IAGS) მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

2005 წლის წერილში, რომელიც IAGS-მა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს გაუგზავნა, წერია: 

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ სომხები კი არ ითხოვენ გენოციდის აღიარებას, არამედ ის მეცნიერებიც, რომლებიც სწავლობენ და იკვლევენ გენოციდს.”

რა არის გენოციდი?

გაეროს 1948 წლის გენოციდის შესახებ მიღებული კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, გენოციდი განსაზღვრულია როგორც აქტი, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი.

იყო სისტემატური მკვლელობები?

დავა არის იმ საკითხთან მიმართებაში, რამდენად იყო ეს მკვლელობების სერია წინასწარ დაგეგმილი.

ბევრ ისტორიკოსს, პოლიტიკოსსა და სომეხ ხალხს სჯერა, რომ ასე იყო, მაგრამ რიგი მკვლევარებისთვის ეს საკითხი დღემდე საკამათოა.

რაფაელ ლემკინი იყო ებრაელი იურისტი, რომელმაც პირველად გამოიყენა სიტყვა “გენოციდი” 1943 წელს. სიტყვის განმარტებისას ის  ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების ხოცვასთან ერთად მოიხსენიებდა სომხების მიმართ განხორციელებულ სისასტიკესაც.

თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ სისასტიკე ჩაიდინეს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ეს არ ყოფილა ქრისტიანი სომხების მიზანმიმართული სისტემატური ხოცვა. თურქეთი ამბობს, რომ ამ არეულობას მრავალი უდანაშაულო მუსლიმიც შეეწირა.

თავის ქალები განადგურებული სომხური სოფლიდან. წყარო: სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი

როგორი იყო პოლიტიკური კონტექსტი?

1908 წელს ოსმალეთის იმპერიაში ძალაუფლება მოიპოვა “ერთიანობისა და პროგრესის პარტიამ”, იგივე “ახალგაზრდა თურქებმა”. ისინი კონსტიტუციონალისტები იყვნენ და სურდათ სულთან აბდულჰამიდ II-ს რეჟიმის დამხობა. შემდგომში “ახალგაზრდა თურქებმა” გაატარეს რიგი ღონისძიებები სომხების წინააღმდეგ. იმ ფონზე, რომ ოსმალეთის იმპერია გამუდმებული კონფლიქტების გამო ნელ-ნელა იშლებოდა, „ახალგაზრდა თურქები“ ომში 1914 წელს გერმანიის მხარეს ჩაებნენ.

იმ დროს თურქული პროპაგანდა სომხებს დივერსანტებად და პრორუსულ “მეხუთე კოლონად” (ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ) რაცხდა.

1915 წლის 24 აპრილს სომხები მოიხსენიებენ მათ მიმართ გენოციდის დაწყების დღედ. ამ დღეს ოსმალეთის მაშინდელმა მთავრობამ დააპატიმრა 50 სომეხი ინტელექტუალი და საჯარო პირი. შემდგომში ისინი სიკვდილით დასაჯეს.

ოსმალეთის ჯარში მომსახურე სომხები განაიარაღეს და დახოცეს. სომხების საკუთრებას კონფისკაცია გაუკეთეს.

აგო თუ არა ვინმემ პასუხი?

1919-1920 წლებში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაასამართლეს განსაკუთრებული სისასტიკისთვის. ადგილობრივი მმართველი მეჰმედ ქემალი დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს სომეხთა მასობრივი მკვლელობისთვის ცენტრალური ანატოლიის იოზგათის რაიონში.

1918 წლის ნოემბერში „ახალგაზრდა თურქთა“ მმართველი ტრიუმვირატი იგივე “სამი ფაშა” უცხოეთში გაიქცა, მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი.

ისტორიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სასამართლო პროცესები და წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი. ასევე ის, თუ რამდენად მოისურვა თურქულმა მხარემ გამარჯვებულების დასჯა.

ვინ ცნობს გენოციდს და ვინ არა?

არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუსეთი და ურუგვაი იმ 20-ზე მეტ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს გენოციდი სომეხთა წინააღმდეგ.

გენოციდი აღიარეს ასევე ევროპარლამენტმა და გაეროს დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიამ.

დიდი ბრიტანეთი, აშშ და ისრაელი ტერმინოლოგიას იყენებენ მოვლენების აღწერისთვის.

თურქეთმა აღშფოთება გამოხატა მაშინ, როცა 100 წლის თავზე პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ ეს იყო “ მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი”.

თურქეთმა თავისი ელჩი გამოიწვია ვატიკანიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ პაპმა დისკრიმინაციულად გამოკვეთა პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ ქრისტიანების, კერძოდ, სომხების დაღუპვა და არად ჩააგდო მუსლიმების როლი.

2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის მიერ გენოციდად აღიარება თურქეთმა “ბათილად და ძალის არმქონედ” გამოაცხადა – თქვა, რომ ეს ნაბიჯი არის შურისძიება მათ მიერ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ წამოწყებული საკამათო სამხედრო ოპერაციისთვის. მათ ანკარაში დაიბარეს აშშ-ს ელჩი უკმაყოფილების გამოსახატად.

ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატა ერთხმად მივიდა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილებამდე. აქამდე ხელშემშლელი იყო თურქეთთან შესაძლო კონფლიქტის გამოწვევა, ასევე, ნატოს მოკავშირეობა და თურქეთის აქტიურობა გენოციდის არაღიარების საკითხში. 

2006 წელს თურქეთმა გააკრიტიკა საფრანგეთის პარლამენტი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ დანაშაულად ეცნოთ სომხების გენოციდის არაღიარება. ეს კანონპროექტი ჩავარდა, თუმცა ამის მიუხედავად თურქეთმა გაწყვიტა სამხედრო კავშირები საფრანგეთთან. 

2011 წლის დეკემბერში თურქების აღშფოთების მიუხედავად, ზოგიერთმა დეპუტატმა მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე ფლანგიდან განაახლა სომეხთა გენოციდის კანონპროექტი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ზედა პალატამ – სენატმა. თუმცა 2012 წლის იანვარში საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, საკონსტიტუციო საბჭომ კანონპროექტი უარყო.

რა გავლენას ახდენს ეს პროცესები პოლიტიკაზე?

მკვლელობების სერია სომხების თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ასევე კრავს დიასპორებს. სომხები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაქსაქსული ხალხია.

თურქეთში საჯარო დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით აკრძალულია. სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლი, “თურქეთის შეურაცხყოფის შესახებ” გამოყენებულია ცნობილი მწერლების დევნისთვის, რომლებიც ხაზს უსვამენ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს.

მათ შორის არიან ორჰან ფამუქი და ჰრანტ დინკი. ეს უკანასკნელი 2007 წელს 17 წლის ულტრამემარჯვენე ახალგაზრდამ ოგიუნ სამასტმა მოკლა. ის 2011 წელს, 23 წლის ასაკში დააკავეს ორენოვანი გამოცემის სომხური წარმოშობის რედაქტორის, დინკის მკვლელობის გამო.

ჟურნალისტ ჰრანტ დინკის მემორიალი. წყარო www.almasdarnews.com

ევროკავშირმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან გენოციდის არაღიარება ბლოკში შესვლის ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნებოდა. 

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა კვლავ გაყინულია?

მტრობის მრავალი ათწლეულის შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა მცირედით დათბა, როცა 2009 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრის გახსნაზე.

თუმცა შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არც ერთი მხარის პარლამენტში არ მომხდარა. ოფიციალური ანკარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხეთს გარიგების პირობების შეცვლაში ადანაშაულებს.

ურთიერთობის აღდგენაში დამამძიმებელი ფაქტორია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ოფიციალური თურქეთი ამ დავაში აზერბაიჯანის მხარესაა. ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მიწა სომხებითაა დასახლებული. ერებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1990-იან წლებში დაიწყო.

წყარო:  BBC

გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“

„ეს პასუხი შეურაცხყოფაა. გამოდის, ტერორისტი ვარ?“ – კითხვა სახელმწიფოსთან გერმანიის მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება შრომით ბინადრობას არ აძლევს. ჯავჰარ აჰმედ შარიფი უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამშენებლო კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მთავარ ინჟინრად მუშაობს.

„იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში ბინადრობაზე უარის თქმა.

„ეს სტანდარტული და შაბლონური პასუხია, თუმცა არ მეგონა, თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესაც ამას ჩაუწერდნენ“. – ამბობს კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ იურისტი, ამირან სიხარულიძე.

ამ კომპანიის დამფუძნებლები, ასევე, რამდენიმე მენეჯერი, ერაყიდან არიან. კომპანიამ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ბათუმში 2015 წლიდან დაიწყო. როგორც კომპანიის იურისტი ამბობს, აქამდე ერაყის მოქალაქეებს არაერთხელ შექმნიათ ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში კონკრეტულ დასაბუთებას ვერ იღებენ. სახელმწიფო მათ პასუხობს, რომ „უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მონაცემები საიდუმლოა.“

„მეც ერაყში ვარ დაბადებული, მაგრამ ახლა გერმანიის მოქალაქე ვარ… ერაყელებისგან განსხვავებით, მე საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ მჭირდება და არც ბინადრობა. უბრალოდ, წელიწადში ერთხელ უკან უნდა დავბრუნდე, მაგრამ ჩემს შრომას სჭირდება ლეგალიზება. ამიტომ მოვითხოვე შრომითი ბინადრობა, რაზეც უარი მივიღე. ეს პასუხი გაუგებარია. ჩვენ მოვითხოვეთ უფრო მეტი დასაბუთება, მაგრამ უარი გვითხრეს. თუ საფრთხეს ვუქმნი უსაფრთხოებას, წესით, უნდა დამაკავონ,“ – გვიყვება ჯავჰარ აჰმედ შარიფი. იგი აპირებს გერმანიის საელჩოს მიმართოს, თუმცა გადაწყვიტა მანამდე პრობლემის შესახებ მედიაში გაჟღერდეს. ჯავჰარი ბათუმში 2017 წლიდან ცხოვრობს.

ჯავჰარ აჰმედ შარიფი

რა უნდა გააკეთოს უცხო ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და გაუგებარი მიზეზით მას ბინადრობაზე უარს ეუბნებიან? – ამ კითხვით ჩვენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ.

აქ გვიპასუხეს, რომ კითხვას პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ უპასუხებდნენ და კიდევ: „ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს უწყებაზე, ბევრი უწყებაა ამაში ჩართული“, – გვითხრეს პრესცენტრში.

კითხვაზე პასუხის გაცემა ერაყის მოქალაქე ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანმა სცადა. ისიც სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. ბახტიიარი 2014 წლიდან ცხოვრობს ბათუმში, ქართველი ცოლი მოიყვანა და უკვე ქართულად საუბრობს. ბახტიიარმა სასამართლოს მიმართა – ასე გააპროტესტა იუსტიციის სამინისტროს უარი.

„დროებითი ბინადრობები მქონდა, მაგრამ შემდეგ უარი მითხრეს… მე აქ ყოფნა მინდა, მაგრამ არ მაჩერებენ. ორი შვილი მყავს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ქართული 6 თვეში ვისწავლე და ახლა კომპანიაში თარჯიმანიც მე ვარ.

სასამართლომ მითხრა, რომ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ შემდეგ ისევ უარი თქვეს იუსტიციაში. პოლიციელები იყვნენ მოსული ჩემს ბინაში, ყველაფერი გაჩხრიკეს. ახლა მხოლოდ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა მაქვს, რომელსაც ორ თვეში ვადა ეწურება,“- უთხრა „ბათუმელებს“ ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს განიხილა ბახტიიარის საქმე. მოსამართლე ნანა აფციაურმა ბათილად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილება და ამ უწყებას დაავალა: „საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური, ადმინისტრაციული აქტი ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით“.

სასამართლოს გადაწყევტილების შემდეგ ბახტიიარს იუსტიციის სამინისტრომ ისევ იმავე დასაბუთებით უთხრა უარი ბინადრობაზე.

ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანი

ბახტიიარმა მუდმივი ცხოვრების ნებართვა ითხოვა, რადგან კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-15 მუხლის მიხედვით, „მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე“.

იურისტი ამირან სიხარულიძე ამბობს, რომ დახმარებისთვის ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა შედეგი არ ჩანს. „აცხადებენ, რომ ინვესტიციები სურთ, მაგრამ რეალობა ესაა,“ – დასძენს იურისტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ბინადრობას ვერ იღებს და უცნობია, რა არის უარის კონკრეტული მიზეზი. 2019 წლის დასაწყისში „ბათუმელები“ წერდა შაჰინ შაჰ ამრანის შესახებ, ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი აქვს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შაჰინს დროებითი ბინადრობა მისცეს.

ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა ბათუმში დასაშვებ ნორმას აღემატება

დღეს, 5 ნოემბერს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

მყარი ნაწილაკების [PM10 მკგ/მ3 და PM2.5 მკგ/მ3 ] შემცველობა ჰაერში 2019 წლის 5 ნოემბრის 11:00 საათის მონაცემების შესაბამისად არის: 83.23 და 44.01, რაც დაშვებულ ნორმას აღემატება.

PM10 მკგ/მ3 -ის მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; დღეს არსებული მაჩვნებელი კი, [83.23] არის „ცუდი“; ჰაერში 100-ზე ზევით ეს მაჩვენებელი კი – „ძალიან ცუდია“.

ანალოგიურად, „ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 -ის შემცველობის დღევანდელი მაჩვენებელიც.

ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით, მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5 / წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამლვა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, „საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს ასევე წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან“.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ბათუმში

დიდი ოდენობით ყალბი ლირის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა  და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

რატომ შეჩერდა ახალი ყინულის არენის მშენებლობა ბათუმში

ბათუმში ახალი ყინულის არენის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავს, 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი დროში გაიწელა. ყინულის სასახლეში დღეს ინფორმაცია არ აქვთ, თუ როდის დაიშლება არსებული მოედანი, ხოლო ახლის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ სამინისტროში ფაქტობრივად იგივე განუცხადეს, რაც წლის დასაწყისში, თებერვალში.

„მშენებელ კომპანიას წარმოსადგენი აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. კომპანიასთან კომუნიკაციით ვიცით, რომ ელოდებიან საექსპერტო დასკვნას და ხარჯთაღრიცხვას უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენენ. შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ როდის მოხდება ძველი სასახლის დემონტაჟი და როდის დაიწყება ახლის მშენებლობა“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

რატომ დაგვიანდა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა? – ამ კითხვაზე პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ „კომპანია ელოდება ექსპერტიზის დასკვნას“.

არსებული ყინულის სასახლის დემონტაჟის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც და აშენდეს ახალი. ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე გააფორმა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის 8 136 ლარია გადახდილი.

ამ კომპანიაში მიმდინარე წლის თებერვალში გვითხრეს, რომ „სტადიონს“ მზა დოკუმენტები 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინეს. „ინლაით-გ“-ს დირექტორმა, რუსუდან გოგიაშვილმა კი „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობას, მათ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით 243 845 ლარი დასჭირდება. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

„ხარჯთაღრიცხვა შესყიდულია, თუმცა, სატრანსფორმატორო ქვესადგური მიბმულია ამ პროექტზე. აქედან გამომდინარე, როცა გვექნება ახალი არენის საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გადაწყდება ქვესადგურის საკითხიც“, – გვითხრეს ამჯერად სამინისტროში.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა.

რა თანხა დაიხარჯება საბოლოოდ ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ეს მას შემდეგ დაზუსტდება, როცა კომპანია საბოლოო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებს წარმოადგენს.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

ამ თემაზე:

 

როდის დაშლიან ყინულის სასახლეს და როდის ააშენებენ საცურაო აუზს

ხულოში 3 პირი გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული სამი პირი – მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა,“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

როგორ წავიდეთ სამუშაოდ პოლონეთში

თუ პოლონეთში გსურთ მუშაობა და არ იცით საიდან დაიწყოთ, გეტყვით, რომ ბათუმში, გორგილაძის 2 ნომერში უნდა მიაკითხოთ კომპანია Poland Work Group-ს.

[gray_box]რას გთავაზობთ Poland Work Group?[/gray_box]

Poland Work Group არის სააგენტო, რომელიც შუამავლობას უწევს სამსახურის მაძიებელ ადამიანს უშუალოდ დამსაქმებლამდე. კომპანია პოლონელმა ბიზნესმენებმა დაარსეს, რომლებიც წლებია ბათუმში მუშაობენ, იცნობენ ადგილობრივ ბაზარს და აქვთ კონტაქტები პოლონეთში არსებულ საწარმოებთან.

Poland Work Group-ის მიერ დასაქმებულები პოლონეთში

[gray_box]რა ტიპის სამუშაო შეიძლება იპოვოთ პოლონეთში?[/gray_box]

ამჟამად ვაკანსიები სამი სახისაა. სააგენტო მსურველებს სთავაზობს დასაქმებას ქათმის პროდუქტების ქარხანაში, სამშენებლო და, ასევე, ტაქსის კომპანიებში.

[gray_box]რა დაგჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტულ სფეროში დასაქმდეთ:[/gray_box]

დასაქმება მშენებლობაზე:

დასაქმების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: პასპორტის ქსეროასლი,  დაზღვევა და ფრენის ბილეთი, რომელიც ოფისში უნდა მიიტანონ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ.

სააგენტო მსურველს აძლევს იმ თანხას, რომელიც, კანონის მიხედვით, საჭიროა ევროპაში წასასვლელად (დაახლოებით 50 ევრო დღიურად, ქვეყნაში ყოფნის პირველი დღეებისთვის). თუ ორივე მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს, შემდეგ დასაქმებული უკვე სამუშაოდ მიდის პოლონეთში. პოლონეთში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს შემდგომში დასაქმებულები დაფარავენ.

ხელფასი საათობრივად დაახლოებით 4 დოლარია. სამუშაო დრო – ყოველ დღე კვირის გარდა (შაბათს ნახევარი დღით).

ქათმის ქარხანა:

ამ შემთხვევაში წასვლის პირობები იგივეა, რაც მშენებლობაზე დასაქმებისას. თუმცა ქათმის ქარხანას აქვს საერთო საცხოვრებელი, სადაც დასაქმებულებს დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.

ბილეთი ყიდვისა და პასპორტის ქსეროასლის წარმოდგენის შემდეგ, დასაქმების მსურველს მოსდის მოწვევა და მიემგზავრება პოლონეთში, სადაც პირველი 4 დღის განმავლობაში უტარდება სამედიცინო გამოკვლევა. თუ ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, დასაქმების მსურველი იწყებს მუშაობას.

სამუშაო განაკვეთი ყოველ დღეს მოიცავს, ღამის საათებს (8-9 საათი), ერთჯერადი კვებით. ანაზღაურება საათში 3 დოლარია.

საერთო საცხოვრებლის სამზარეულო

ტაქსის კომპანია:

ტაქსის კომპანიაში დასაქმების მსურველმა კომპანიის შუამავლობით თვითონ უნდა შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთები, გააკეთოს დაზღვევა და წარმოადგინოს პასპორტის ქსეროასლი.

ანაზღაურება ამ შემთხვევაში 900 დოლარია და დასაქმებული შემდგომში თავად უზრუნველყოფს განთავსებისა და კვების ხარჯებს.

ამ შემთხვევაში სერვისის ღირებულება 200$-ია, რომელიც დასაქმებულს ხელფასიდან ეტაპობრივად ჩამოეჭრება.

როგორც Poland Work Group-ის ოფისმენეჯერი მარი ტეფნაძე ამბობს, იმის ფონზე, რომ კომპანია სულ 1 თვეა რაც არსებობს, უკვე აქვს პოლონეთში დასაქმების მრავალი წარმატებული მაგალითი.

„დაახლოებით 30 ადამიანი გვყავს უკვე დასაქმებული პოლონეთში. ყველა კმაყოფილია, არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, რადგან ჩვენი წარმომადგენლები იჩენენ დიდ ყურადღებას მათდამი. არ ყოფილა ხელფასის დაკლების და დაგვიანების შემთხვევებიც კი. ზეგანაკვეთური სამსახურიც ნაზღაურდება შესაბამისად.”

ამ დროისთვის კომპანიაში დაახლოებით 10 ადამიანი ელოდება სამუშაო მოწვევას, როგორც წესი, ეს პროცესი მაქსიმუმ ერთ კვირას გრძელდება.

Poland Work Group-ის მიერ დასაქმებულები პოლონეთში

„ჩვენი კომპანიის უპირატესობა ისაა, რომ დასაქმების მსურველს ეხმარება ძალიან სწრაფად მიიღოს სამსახური. გვაქვს მაღალი ნდობა და წინასწარ, ფინანსურად ვეხმარებით ადამიანებს, რომ შეძლონ პოლონეთში სამუშაოდ წასვლა. ანაზღაურების მიმართულებით საკმაოდ კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.

სამი თვის შემდეგ დასაქმებულს KARTA POBYTUზე შეაქვს განაცხადი, რომ სურს გააგრძელოს მუშაობა და ცხოვრება ლეგალურად. საბუთების მოგვარებაში მას კომპანია ეხმარება. საბუთის მოლოდინის პერიოდში პირი ცხოვრობს და მუშაობს პოლონეთში, რა თქმა უნდა, ლეგალურად. საბუთის აღების შემდგომ კი მას შესაძლებლობა აქვს, უკვე დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება დამსაქმებლებთან და იმუშაოს ნებისმიერ ადგილას პოლონეთში. საშუალება ეძლევა იმოძრაოს, როგორც ევროპელმა.

ორი სამი წლის გასვლის შემდეგ, თუკი არანაირი დარღვევა არ ექნება, მას შანსი აქვს მოქალაქეობაც მიიღოს. მოქალაქეობის გაცემის შემთხვევაში ეძლევა შანსი კომპანიამ გააგზავნოს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ“, – ამბობს მარი ტეფნაძე.

Poland Working Group-ს გვერდი აქვს გახსნილი ფეისბუქზე, სადაც აქტიურად ათავსებენ ხოლმე წარმატებულად დასაქმებული ადამიანების ფოტოებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ #2-ში, დარეკოთ ტელეფონის ნომერზე : +995 595 43 88 66 ან დაუკავშირდეთ კომპანიას ფეისბუქზე. 

ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გავრცელებული ინფორმაცია მეკობრეების მიერ ერთი ქართველი მეზღვაურის გატაცების შესახებ დადასტურდა. საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია,” –  ნათქვამია სააგენტოს  განცხადებაში.

ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ „როიტერსმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, 4 ნოემბერს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან,  ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ტყვეებს შორის ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია.

ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად მძევლად აიყვანეს – „როიტერსი“ 

 

იუსტიციის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი 4,4 მილიონით იზრდება – 2020 წლის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით იზრდება. პროექტის მიხედვით, ძირითადი ნამატი „სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებას“ უნდა მოხმარდეს.

ამ მიმართულებით 2020 წელს მთავრობა 23 მილიონ 170 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. გასულ წელს კი, ბიუჯეტის ამ გრაფაში 8 მილიონ 490 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, პროექტით მცირდება სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა.

2019 წელს სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებში 5 098 პირი მუშაობდა, მომავალ წელს კი 5 072 პირი იმუშავებს. მიუხედავად ამისა, 4 მილიონ 462 ათასი ლარით იზრდება ხელფასებისთვის საჭირო თანხა – 78 მილიონ 147 ათასი ლარიდან 82 მილიონ 609 ათას ლარამდე.

თანხები დაემატა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების, ასევე  პენიტენციური სისტემის მართვასა და ბრალდებულთა, [ასევე მსჯავრდებულთა] ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროგრამებს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯავს თანხას არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისთვის. წინა წლებში ეს თანხა  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯებოდა.

ამ მიმართულებით, 2020 წლისთვის, ბიუჯეტის პროექტით, 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში.

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თერაპიას გადიან, ამბობს, რომ ხშირად ბავშვები არა თინეიჯერობის დროს, არამედ უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან პედოფილიის მსხვერპლი. გენერალური პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო. პედოფილიის მაჩვენებელი მზარდია.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „რელევანტური ინსტიტუტების გაძლიერება“ – ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგშია გაწერილი, თუმცა იგი ამ დრომდე არ სრულდება. „ბათუმელები“ 8 ნოემბერს წერდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ბავშვის შესახებ, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო მას ფსიქოლოგსაც ვერ სთავაზობს.

ფსიქოლოგმა ქეთი დევაძემ ჩვენ რამდენიმე მსხვერპლი ბავშვის მიერ შესრულებული ნახატი გვაჩვენა. სტატიაში სახელები, ასაკი, ასევე ისტორიის ზოგიერთი დეტალი შეცვლილია.

„მოძალადე“. სალომე, 9 წლის.

7 წლის ანამ საძინებელი ოთახი დახატა, სადაც ის შეწუხებული სახით ლოგინში წევს, ხოლო კაცი საბანში ხელს უყოფს. კაცი აქაც იცინის. ნახატში კარის სიდიდეც იქცევს ყურადღებას.

„თერაპიის დროს ბავშვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის ყოველ საღამოს შიშით ელოდა, როდის გაიგებდა კარის ჭრიალის ხმას, როდის შემოვიდოდა ოთახში მოძალადე, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო… კარის ხმა მისთვის უსიამოვნების დაწყებას ნიშნავდა,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი. აქაც მოძალადე იცინის.

7 წლის ანას „საძინებელი“

„ეს გოგო 10 წლისაა, სკოლიდან შინ ბრუნდებოდა და ავტობუსით მგზავრობის დროს მასზე რამდენჯერმე იძალადა ზრდასრულმა კაცმა,“ – გვიყვება ფსიქოლოგი ქეთი დევაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს მგზავრების სახეებზე – მარის თითოეული მგზავრის სახე გამოკვეთილად დიდი თვალებით დაუხატავს.

„ის ამბობდა, რომ მგზავრები ხედავდნენ, როცა კაცი მას ეფერებოდა, მაგრამ არ იმჩნევდნენ. თქვა, რომ ის არავინ დაიცვა,“ – დასძენს ფსიქოლოგი.

10 წლის მარი „ავტობუსი“
10 წლის მარი – „ავტობუსი“

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 9 წლის ლიკას კი, საკუთარი სახლი დაუხატავს და ეზო, რომელსაც წრის ფორმა აქვს. ლიკა ფსიქოლოგს მოუყვა, რომ მას სახლიდან გამოსვლის ეშინოდა, რადგან ეზოში შესაძლოა „ის“ ყოფილიყო. კაცი 9 წლის გოგოზე სისტემატურად ძალადობდა. ლიკას ნახატში მოძალადე შარვალჩახდილია. აქაც მოძალადე იღიმის.

„ეზო“, ლიკა, 9 წლის

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი პედოფილიის მსხვერპლია? 

„მისი ქცევა იცვლება, თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. ამიტომ აუცილებელია, მშობელი ხშირად ესაუბროს ბავშვს. ბავშვი ამ დროს, ძირითადად, საკუთარ თავში იკეტება, დარღვეული აქვს კვების და ძილის რეჟიმი, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ბავშვი ხშირად იბანს, მისი თვითშეფასება დაბალია, ან პირიქით: ფიქრობს, რომ ულამაზესია და საკუთარი სექსუალობა აღმოაჩინა – იცვამს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს… მოძალადეები ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, რომ ისინი ერთადერთები არიან და სხვასთან იგივეს არ აკეთებენ. „შენ ხარ ჩემი ქალი“ – ეუბნებოდა ერთ-ერთი მოძალადე ბავშვს,“ – ასე ახასიათებს ფსიქოლოგი ძირითად ნიშნებს, რასაც შეიძლება მშობელმა ყურადღება მიაქციოს.

ნუ შეხვალთ ბავშვის ოთახში დაუკაკუნებლად, ნურც ლოგინში ჩაიწვენთ

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვებს პირადი და ინტიმური სივრცე დავუტოვოთ. მისი შეფასებით, ცუდი ჩვევაა, როცა მშობლები ბავშვებთან ერთად იძინებენ, ან სიყვარულის ნიშნად მცირეწლოვან ბავშვს შუაში იწვენენ.

„ბავშვს არცერთ ასაკში არ უნდა ეძინოს მშობელთან ერთად… ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი სხეულებრივი საზღვრები ააშენოს. ამაში ვგულისხმობ ჰიგიენასაც, მაგალითად, 9 წლის ბავშვს ჩვენ არ უნდა ვბანდეთ ტანს და არ უნდა ვუცვლიდეთ ტანსაცმელს. არც მისი თანდასწრებით ჩვენ არ უნდა გამოვიცვალოთ ტანსაცმელი. აუცილებელია, ვასწავლოთ დაკაკუნება, როცა ჩვენს ოთახში შემოდის. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ბავშვი დაინტერესებულია, როგორც საკუთარი, ასევე მშობლების სასქესო ორგანოებით,“ – გვითხრა ფსიქოლოგმა.

პედოფილია – ოჯახური დანაშაული?

ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ პედოფილია ხშირად ოჯახური დანაშაულია და მოძალადეები არიან ოჯახის წევრები, ან დაახლოვებული პირები – ნათესავები, ახლობლები. ქეთი გვიყვება, რომ ბევრია შემთხვევა, როცა მცირეწლოვან გოგონებზე მამინაცვალი ძალადობს, ან დედის მეგობარი კაცი.

„ბავშვებს უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე და დაახლობით 2 წლის ასაკიდან ბავშვების სექსუალური აღზრდა უნდა დავიწყოთ. ჩვენთან, ოჯახებში სექსუალური განათლება ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. ხშირად საყვედურობენ ბავშვებს და ეუბნებიან: რატომ მალავდი? რატომ არ გვითხარი აქამდე? – ეს არაადეკვატური საყვედურია, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ესაუბრები 9, ან 10 წლის ბავშვს და მან არც კი იცის, რა ჰქვია სასქესო ორგანოს. იმდენად ტაბუდადებულია ეს თემა ოჯახში, რომ ბავშვმა სახელიც კი არ იცის, რაზე ისაუბროს. ეს ძალიან დიდი ბარიერია.

მეორე  და მთავარი მიზეზი, რის გამოც სექსუალური ძალადობა იმალება ხანდახან წლების განმავლობაში, მშობლების რეაქციაა. ბავშვებს აქვთ განცდა, რომ მშობლები მას ვერ გაუგებენ და ისევ ბავშვი გამოვა დამნაშავე. ჩვენ მართლაც ხშირად ყველაფერს ბავშვებს ვაბრალებთ, არ გვჯერა მათი, არ გვესმის მათი სიმართლის…“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ ასოცირების შეთანხმებით? 

ევროკავშორთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ ყოველწლიურად იწერება სამოქმედო დღის წერიგი. გასული წელს და ახლაც საქართველოს უწერია ის, რომ „რელევანტური ინსტიუტუტები უნდა გაძლიერდეს“, მათ შორის, დღის ცენტრები. ეს საშაულოვადიანი ამოცანებია,  რომლებიც 2020 წლამდე უნდა შესრულდეს. ფონდი „ ღი საზოგადოება საქართველო“ ყოველწლიურად აფასებს „დღის წესრიგის“ შესრულებას. 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2018 წლის „დღის წესრიგის“ შესრულებას ასახავს, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით აღნიშნულია:

პრობლემად რჩება ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სისტემის განხორციელება პრაქტიკაში. სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და პრევენციული პროგრამები, არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისათვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. არ ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელი საერთო პრობლემაა ცვლილებების მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რაც პრაქტიკაში ვერ სრულდება და შესაბამისად ნაკლებად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე“.

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

2 მასწავლებელი გამოცდიდან „შპარგალკის“ და მობილურის შეტანის მცდელობისთვის მოხსნეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდიდან ორი პედაგოგი  ე.წ. „შპარგალკის“, ანუ დამხმარე მასალისა და მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო მოხსნეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რომელ საგამოცდო ცენტრში მოხდა შემთხვევა.

პედაგოგების პროფესიული უნარების გამოცდები უკვე დასრულდა, სადაც რეგისტრირებული პედაგოგების 20 პროცენტი არ გამოცხადდა. დღეს, 4 ნოემბერს კი, მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები დაიწყო, სადაც ასევე გამოცდაზე გამსვლელი პირების 25 პროცენტი არ გამოცხადდა.

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები 26 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოცდები საჯარო სკოლებში ტარდება, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით 12 საჯარო სკოლაში არდადეგები გამოცხადდა.

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საშემოდგომო გამოცდებზე 26 ათასამდე მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.

 

მთავარი ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი/მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა

ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად მძევლად აიყვანეს – „როიტერსი“ 

„როიტერსის“ ცნობით, 4 ნოემბერს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან,  ბერძნულ ტანკერ  Elka Aristotle-ს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. გამოცემის ცნობით, ტყვეებს შორის ერთი ქართველი, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია.

ტანკერს მეკობრეები ორშაბათს, დილის 3 საათზე, დაესხნენ თავს. თავდასხმას ტანკერზე სროლა მოჰყვა. საბერძნეთის საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაჭრილია გემის ერთი მცველი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება.

სკოლის დირექტორები ქედაში „რელიგიურ აგენტობას“ უარყოფენ

„ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, რომ აღნიშნული სიტყვა მივიტანოთ ჩვენს აღსაზრდელებთან. ისინი დავაბრუნოთ სწორ გზაზე, რომ მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას“, – ეს კომენტარი სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა გორგაძემ აჭარის მაუწყებელთან გააკეთა, ქედის რესურსცენტრში, სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ. აქ სკოლის დირექტორებს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებით ლექცია წაუკითხეს.

პედაგოგის მხრიდან აღსაზრდელების „ძირძველ  სარწმუნოებაზე“ მოქცევაზე საუბარი შეიცავს ინდოქტრინაციის [სწავლების მიზანდასახული გავრცელება ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად] აშკარა ნიშნებს და არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომლის მიხედვით, სკოლა თავისუფალია რელიგიური გავლენებისგან. შესაბამისად, სკოლაში რომელიმე რელიგიის სასარგებლოდ ქადაგებაც დაუშვებელია.

„ბათუმელები“ აქედან გამომდინარე დაუკავშირდა სკოლების დირექტორებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა „ძირძველ სარწმუნოებაზე“ მოქცევა. ნონა გორგაძე ამჯერად თავის პოზიციას ცვლის და ამბობს, როცა ის „ძირძველ სარწმუნოებაზე დაბრუნებაზე“ საუბრისას გულისხმობდა არა მოსწავლეებს, არამედ ზოგადად მოსახლეობას.

„მგონი, კარგად მახსოვს, მოსახლეობასთან დაკავშირებით ვახსენე, რადგან, როგორც მოქალაქეს, ისე ჩამომართვეს კომენტარი და არა როგორც დირექტორს. სკოლის სახელით ნამდვილად ვერ ვილაპარაკებდი“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

თუმცა დირექტორი დასძენს, რომ მოსწავლეებთან ისტორია უნდა მიიტანოს მასწავლებელმა, „ჩვენ უნდა ვუთხრათ ბავშვებს რაღაც-რაღაცები და ზრდასრულ ასაკში თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან სარწმუნოებრივ საკითხებს პატარა ბავშვი ვერ გადაწყვეტს.“

დირექტორის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ლექცია ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემას დაეთმობოდა, რადგან რესურსცენტრში სამუშაო შეხვედრის შემდეგ წიგნის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.

„ფოლკლორის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად გადმოგვცეს და ასევე, ისაუბრეს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მოხსენებები გააკეთეს როგორც სამღვდელოების წარმომადგენლებმა, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმაც. ამ დღის შესახებ მე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ისედაც ვიცოდი“, – გვითხრა მან.

კიდევ ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მურმან კონცელიძეა. ის დანდალოს საჯარო სკოლაში მუშაობს და შეხვედრასაც ესწრებოდა.

მურმან კონცელიძის აზრით, რაც მან ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, სეკულარიზმის პრინციპს არ სცდება. „მე ვთქვი, რომ ქრისტიანულ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში. ჩვენ თუ გადავხედავთ თუნდაც საქართველოს კონსტიტუციას და კონკორდატს, იქაც აღიარებულია ეს. სხვა არაფერი არ მითქვამს მეც“, – ამბობს კონცელიძე.

მისი თქმით, კარგად ესმის, რომ სკოლა რელიგიისგან დამოუკიდებელი, ნეიტრალურია, „სადაც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა, თანაბარი პოზიციები უნდა ჰქონდეს“.

დირექტორებს არ დაუმალავთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ  სასულიერო პირებს სთხოვეს სკოლებშიც ჩაატარონ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები. ასეთ შემთხვევაში, როგორ აპირებს სკოლა დაიცვას მოსწავლეები ინდოქტრინაციისგან? – ვკითხეთ მურმან კონცელიძეს. მან გვითხრა: „სასულიერო პირებს ლექციების ჩატარების უფლებას ვერ მივცემთ“.

ვიდეოში, რომელიც ტბელ აბუსერიძის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს აქვს ფეისბუქგვერდზე განთავსებული, საუბრობენ ღვთისმშობლის როლზე საქართველოს, როგორც ქვეყნის გადარჩენასთან დაკავშირებით, ასევე მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლზე. ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელიც ამბობს, რომ ლიტერატურის პედაგოგია (თუმცა არ ხერხდება ზუსტი იდენტიფიცირება სკოლაში ასწავლის თუ უნივერსიტეტში), ამბობს – „ჩვენ აქ ვართ სულიერების მოციქულნი ჩვენი სასწავლებლებიდან“.

ამავე შეხვედრაზე ერთ-ერთი სასულიერო პირი მართლმადიდებლობის პოლიტიკურ კონტექსტსაც ეხება და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად, ასევე „გამორჩეულია რუსეთი“ და ათონის მთა.

„ბათუმელები“ ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დურმიშხან შავიშვილსაც ესაუბრა და ჰკითხა, იყო თუ არა მოწოდებები ამ შეხვედრაზე დირექტორების მისამართით, რომ მოსწავლეებს „ძირძველ სარწმუნოებაზე“ დაბრუნებაზე ესაუბრონ. დურმიშხან შავიშვილმა ეს უარყო.

ის ამბობს, რომ მას არც იმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ამ თემაზე აპირებდნენ ლექციის გამართვას. „უნივერსიტეტთან შეთანხმებული ვიყავით წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც უნივერსიტეტმა გამოსცა და ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებული ლექცია არ იყო ჩვენთან შეთანხმებული“, – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, შეხვედრაზე არ თქმულა ისეთი ტერმინები და ფრაზები, რაც პროზელიტიზმის [სარწმუნეობაზე მოქცევის მისწრაფება] ნიშნებს შეიცავს. „ისტორიულ კონტექსტში შეიძლება ამ თემაზე საუბარი და არამარტო ქრისტიანობაზე, მაგრამ სხვა კუთხით არა. სკოლა თავისუფალია რელიგიისგან,“ – ამბობს დურმიშხან შავიშვილი.

არის თუ არა განათლების სამინისტრო ინფორმირებული ლექციების ფორმატის შესახებ და შეიცავს თუ არა ინდოქტრინაციის რისკებს მათ მიერვე დაფინანსებული პროექტი.

ამის თაობაზე „ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს კომენტარს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი. ორგანიზაციის შეფასებით, სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენება სახიფათოა. EMC-მ განათლების სამინისტროს განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის  აღნიშვნის დღე საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში ოფიციალურად დააწესა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 893 340 ლარი გამოყო. ამ თანხის მიზნობრიობისა და ხარჯვის შესახებ, „ბათუმელები“ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა.

მთავარი ფოტო: სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი მურმან კონცელიძე და სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი, ნონა გორგაძე

_____

ამავე თემაზე:

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა

რა არის ნეიტრალიტეტი? – ეს იყო შეხვედრისა და დისკუსიის თემა 28 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონში“. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.

„ნეიტრალიტეტის“ ან „სამხედრო მიუმხრომლობის“ თემა ხშირად აქტიურდება, როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. რას მოიაზრებს რეალურად ნეიტრალიტეტი? როგორია სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიცია და ნეიტრალიტეტის სახეები? – სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს შეხვედრის მონაწილეებმა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი,  პროფესორი, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:  

რამდენიმე  თვის  წინ  გახლდით  მინსკში, სადაც  შვეიცარიის,  გერმანიისა და ავსტრიის  მთავრობებმა დააფინანსეს  კონფერენცია,  რომლის  სათაური იყო დაახლოებით ასეთი – „შესაძლებელია  თუ არა რუსეთის მეზობელი ქვეყნები იყვნენ  ნეიტრალური“. წარმოდგენილი იყვნენ  როგორც ოფიციალური პირები და ექსპერტული საზოგადოება, ასევე,  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები. კონფერენციის  შემდეგ  აღმოჩნდა, რომ  აღმოსავლეთ  პარტნიორობის 6  სახელმწიფოდან (აზერბაიჯანი, სომხეთი,  ბელარუსი,  მოლდოვა, საქართველო და უკრაინა) 4  წინააღმდეგი არ არის, რომ  ნაწილობრივ  ნეიტრალური იყოს. რაც  შეეხება ორს  – უკრაინასა და  საქართველოს, ამ  ორ  სახელმწიფოს  სხვადასხვა  მიზეზის  გამო, ეს ვარიანტი არ მოსწონს.

ჩვენთან პოლიტიკურ საზოგადოებასა და  წრეებში დებატები ამ თემასთან დაკავშირებით 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუ როგორი  სახელმწიფო  და პოლიტიკა  გვინდა  ჩვენ. ამასთან დაკავშირებით  სხვადასხვა  ორგანიზაციის მიერ  ჩატარებულ  კვლევებს თუ  გადავხედავთ, გვაქვს  ცალსახა მოცემულობა,  რომ  მოსახლეობის უმეტესობა მხარს  უჭერს  ნატოსა და  ევროკავშირში  გაწევრიანებას. ევროკავშირში გაწევრიანებას  ცოტა  უფრო  მეტი  უჭერს  მხარს და ეს  ციფრები  ვარირებს  სადღაც 5-10%-ით. არსებობს  პოლიტიკური  კონსესუსი  თვითონ, პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. რამდენიმე  წლის  წინ  „ქართული ოცნება“ და  მაშინდელი ოპოციზიაც  შეთანხმდა და  კონსტიტუციაშიც  ჩაიწერა, რომ  მხარს  უჭერენ  ქვეყნის ამ საგარეო-პოლიტიკურ  კურსს.

არსებობს  მუდმივი  ნეიტრალიტეტი, რომელიც  გულისხმობს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს მუდმივ  ნეიტრალურობას  როგორც  მშვიდობის, ისე  ომის  პერიოდში. ამას  ამყარებს  კონსტიტუციის  ჩანაწერიც. ასეთი ქვეყნები  ბევრია როგორც  ევროპაში, ისე მსოფლიოში.

ე.წ. „მიუმხრობლობა“ (ომში მონაწილეობაზე უარის თქმა) ასევე არის ნეიტრალიტეტთან ასოცირებული კატეგორია, მაგრამ ის მოითხოვს უფრო ფრთხილ განმარტებას. მაშინ, როცა ნეიტრალიტეტი გამორიცხავს მონაწილეობას და გულისხმობს მიუკერძოებლობის ვალდებულებას, მიუმხრობლობა გულისხმობს, რომ სახელმწიფო არ არის ჩართული კონფლიქტში, თუმცა მაინც ანიჭებს ერთ მეომარ მხარეს უპირატესობას.

კორნელი კაკაჩია, დისკუსია ბათუმში

ყველაზე  ცნობილი მაგალითი არის  შვეიცარია. ამ ქვეყანას მე-16 საუკუნის შემდეგ, მას  შემდეგ, რაც  დამარცხდა  საფრანგეთთან, აღიარებული აქვს  ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ,  პრინციპში, შვეიცარიის  მთავრობას  არც  ჰქონია  ომი. მან  დადო ხელშეკრულება საფრანგეთის  მთავრობასთან და ეს  ყველა  მისმა  მეზობელმა  ცნო. დღემდე  მიიჩნევა, რომ ის  არის  ნეიტრალური  სახელმწიფო.  ჩვენ  ისე არ  უნდა  გავიგოთ, რომ თუ სახელმწიფო გამოაცხადებს  ნეიტრალიტეტს, ამის  შემდეგ  ის  დაცული ხდება.  ეს  ასე არ არის.  ჩვენ  შემდეგ  ვნახავთ, რამდენს ხარჯავს შვეიცარია და რამდენი უჯდება მას ეს ნეიტრალიტეტი. როგორც  ამერიკელები ამბობენ,  უფასო  ლანჩი არ არსებობს და ასევე არ არსებობს  უფასო  ნეიტრალიტეტი. ამ  ნეიტრალიტეტს  უნდა  მუდმივი  გამტკიცება, იმიტომ, რომ  ჩვენ  ვცხოვრობთ  ისეთ  საერთაშორისო სისტემაში, რომელიც  ანარქიულია.

არიან  საერთაშორისო  ორგანიზაციები, რომლებიც  ცდილობენ  შეინარჩუნონ  მშვიდობა და ასეთია  გაერო [გაერთიანებული ერების  ორგანიზაცია], თუმცა ჩვენ  ვიცით  ბევრი მაგალითი, სხვადასხვა რეგიონში, როდესაც  გაერომ სხვადასხვა მიზეზის  გამო ვერ  მოახერხა და  ვერ აღკვეთა  გენოციდი ან  ეთნიკური  წმენდა და  ამის  გამო  მას  ხშირად  აკრიტიკებენ. არ  უნდა  დაგვავიწყდეს, რომ ის არის  სამთავრობოშორისი  ორგანიზაცია, მთავრობების  მიერ  არის დაარსებული  და  მოქმედებს  ხშირად  ისე,  როგორც  სახელმწიფოები და  მთავრობები  უკვეთავენ. სწორედ  ამაშია პრობლემა,  გაეროში 200-მდე  სახელმწიფოა და ხშირად ამ სახელმწიფოების  ინტერესები, როგორც  დიდების, ისე  პატარების, არ ემთხვევა  ერთმანეთს.

ჰააგის  კონვენციის  მიხედვით,  ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია არის ხელშეუხებელი: მეომარ მხარეებს არ შეუძლიათ ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება სამხედრო ძალის ან შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის. ასევე, დაუშვებელია სამხედრო ბაზების განთავსება ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე.  თავად  ნეიტრალურ  სახელმწიფოსაც  აქვს  ვალდებულებები და  უნდა  იყოს მიუკერძოებელი და არ უნდა  იყოს  ჩართული რომელიმე  მხარის  სასარგებლოდ. თუმცა  ეს  არ  ვრცელდება ინდივიდებზე,  მოქალაქეებს  შეუძლიათ ერთი  მხარე მოწონდეთ ან – მეორე. საერთაშორისო  სამართალი  ძირითადად  იცავს  სუსტ  სახელმწიფოებს.  მაგალითად, დღეს რომ არ  ყოფილიყო საერთაშორისო სამართალი,  ვერ  იარსებებდა  საქართველო,  კოსოვო და კიდევ ბევრი სხვა პატარა  სახელმწიფო.

ჩვენ  ვიცით, რომ  არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც  დიდი სახელმწიფოები დიდად არ  დაგიდევენ  საერთაშორისო  სამართლის  პრინციპებს. ჩემი  სტუდენტები ზოგჯერ  დებატობენ ამ საკითხზე და  ორი არგუმენტი  მოჰყავთ – საერთაშორისო სამართალი მითია  თუ რეალობა. ისინი  ხანდახან  ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ამა თუ იმ კონფლიქტის  დროს  არ იყო დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები. განსაკუთრებით, საინტერესოა  სირიაში მიმდინარე  პროცესები. ის, რაც  სირიაში ხდება. ძალიან  მნიშვნელოვანია  ჩვენთვისაც, ჩვენც  ვართ  მონაწილე  სხვადასხვა სამშვიდობო  მისიებისა. საქართველოს  ჯარი ავღანეთშიც იყო და ასევე  ერაყში.  მართალია, ჩვენ ახლა  ევროპისკენ  ვიხედებით, მაგრამ ისტორიულად  თუ  გადავხედავთ,  საქართველო  იყო ახლო აღმოსავლეთის  ნაწილი.

დისკუსია ბათუმში

ყველა  ნეიტრალური სახელმწიფოს უკან დგას პოლიტიკა, როგორ  გახდნენ ისინი ნეიტრალური. მაგალითად  ფინეთი, რომელიც ოქტომბრის  რევოლუციამდე  იყო რუსეთის იმპერიის  ნაწილი, როგორც  საქართველო, შემდეგ  გახდა დამოუკიდებელი,  თუმცა ის არსებობდა შეზღუდული სუვერენიტეტის ფარგლებში. არსებობს  ასეთი ტერმინი  – „ფინლანდიზაცია“,  რომელიც  ცოტა  დამამცირებელი ტერმინია, ასეთ დროს  სახელმწიფოებს გააჩნიათ ფორმალური დამოუკიდებლობა, მაგრამ  რეალურად  ისინი არსებობენ შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში და ზუსტად ამას ასახავს ეს ტერმინიც.

იმისათვის, რომ ნეიტრალური სახელმწიფო  გახდე, საჭიროა, რომ  სხვებმაც  გაღიარონ ასეთად. წინააღმდეგ  შემთხვევაში დაახლოებით ისეთ  მაგალითს  მივიღებთ, როგორც  ქვიშაში თავჩარგული სირაქლემაა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი  მაგალითია  საინტერესო, ერთი არის თურქმენეთი, რომელმაც  გამოაცხადა  ნეიტრალიტეტი,  მაგრამ მეზობლების მიერ არ არის აღიარებული. ასევე, მოლდოვამ 1994 წელს, როგორც კი დამოუკიდებელი გახდა,  კონსტიტუციაში ჩაწერა ნეიტრალიტეტი და დღემდე ინარჩუნებს, მაგრამ მას ეს  ვერ  დაეხმარა  პრობლემების  მოგვარებაში.  მეორე  მაგალითი არის  უკრაინა, რომელმაც  იანუკოვიჩის  დროს  გამოაცხადა  უბლოკო სტატუსი, ანუ დაახლოებით ის, რასაც  ზოგიერთი ჩვენი  პოლიტიკოსი  მოითხოვს საქართველოში. გვახსოვს, რომ ეს  მას  დიდად არ  დახმარებია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნეიტრალურ სახელმწიფოდ ცნობა?

რეალობიდან და იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ჩვენს  რეგიონში, ეს  ფაქტობრივად  შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს  მხოლოდ  ჩვენზე  არ არის  დამოკიდებული. იმისათვის, რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადო,  პირველ რიგში, ქვეყანას  არ  უნდა  ჰქონდეს ტერიტორიული კონფლიქტები, რასაც  ფაქტობრივად  საქართველოს შემთხვევაში  ვერ  გავექცევით.  ასევე, უახლოეს  სამეზობლოში არ უნდა არსებობდეს  დიდი სახელმწიფო,  რომელიც შენ  მიმართ  მტრულად  იქნება  განწყობილი. სამწუხაროდ, საქართველოს  შემთხვევაში  ეს  სიტუაციაც  გვაქვს.

6 მიზეზი, რატომაც საქართველო ვერ იქნება ნეიტრალური სახელმწიფო:

  1. სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“. ისტორიულად ჩვენი ყველაზე  დიდი პრობლემა  სწორედ  ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა იყო
  2. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავდაცვა
  3. სახელმწიფო უნდა იყოს თავისუფალი ექსპანსიონიზმისგან
  4. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის შიდა რეგულირების მექანიზმი. თუ ქვეყნის შიგნით არსებობს გარკვეული დაპირისპირებები, ადრე თუ გვიან სხვა სახელმწიფო ჩაერევა მის საშინაო საქმეებში
  5. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ყველა სახის იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე
  6. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული კონფლიქტები

რატომაა მიუღებელი ნეიტრალიტეტი

ქვეყნის 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც არათუ არ ამჟღავნებს სურვილს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ უარს ამბობს ამ რეგიონების სტატუსის განხილვაზეც კი. კრემლის გადმოსახედიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 სახელმწიფო არსებობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ქართველი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

რუსეთი არ ცნობს მისი მეზობლების უფლებას სუვერენიტეტზე და თითოეულ მათგანს მოიაზრებს საკუთარი გავლენის სფეროში, რაც გულისხმობს ამ სახელმწიფოების გაწევრებას რუსეთის მიერ დომინირებულ ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ა. შ.

გასათვალისწინებელია, როგორ ექცევა კრემლი არათუ ნეიტრალურ სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მოკავშირეებსაც კი [ბელორუსი, სომხეთი], რომლებსაც ვასალებად განიხილავს და არა სუვერენულ სახელმწიფოებად. ძნელად წარმოსადგენი არ არის, თუ რას მოუტანს საქართველოს ამ საკითხზე დაფიქრებაც კი. ამას ემატება პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება. საქართველო, როგორც მცირე სახელმწიფო, ვერასდროს  დააბალანსებს რუსეთს და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება და ალიანსებში შესვლა.

კორნელი კაკაჩია

თუ გადავხედავთ  დღევანდელი რუსული პოლიტიკური წრეების  რიტორიკას, როდესაც  საუბრობენ საქართველოს პოტენციურ ნეიტრალიტეტზე, პირველ რიგში, ისინი გეუბნებიან: უარი თქვი  ევროატლანტიკურ კურსზე,  ჩამოშორდი ამას. მეორე  ეტაპზე  დაიწყება ევრაზიულ  კავშირში გაწევრიანებაზე  საუბარი. ჩვენ ეს  ეტაპი გავლილი გვაქვს  შევარდნაძის პერიოდში. შევარდნაძემ  ყველაფერი  გააკეთა,  დსთ-შიც  შევიდა იმის  იმედით,  რომ  რუსეთი  დაეხმარებოდა  აფხაზეთსა და  ცხვინვალის  რეგიონში, მაგრამ  გვახსოვს  ეს  ყველაფერი როგორ  დამთავრდა.

რაც  მთავარია, მათ ეს სჭირდებათ  იმისათვის, რომ  ქვეყანამ უარი თქვას  ევროპულ განვითარებაზე და გახდეს  ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა  ქვეყანა,  მაგალითად, უზბეკეთის მსგავსი, სადაც  კორუფციაა.   მისთვის  ასე უფრო  ადვილი იქნება.  მიუხედავად  იმისა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა,  ის მასაც  ეჭვის  თვალით  უყურებს, იმიტომ, რომ იქ დაიწყო  დემოკრატიული პროცესები.

კიდევ  ერთი მაგალითი, რაც  მინდა  მოვიყვანო, არის  შვეიცარია,  რომელმაც  აირჩია შეიარაღებული ნეიტრალიტეტის მოდელი. ყოველწლიურად  ის  ხარჯავს 4 მილიარდ  713 მლნ დოლარს საკუთარი უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად. თუ გადავხედავთ ამ ქვეყნის შემთხვევას, მას დასჭირდა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით საკუთარი სტატუსის უზრუნველყოფა, რასაც წინ უძღოდა დიდი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, საფრანგეთი) მხრიდან შეთანხმება, რაც ჩვენს შემთხვევაში ვერ ხერხდება რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე.

არ  უნდა  დაგვავიწყდეს  სხვა, ნეგატიური შემთხვევებიც:

პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინ ბელგიის ნეიტრალიტეტის ბედი, რომელზეც ჯერ კიდევ 1831 წელს შეთანმდნენ დიდი სახელმწიფოები, მაგრამ შემდეგ ის ფარატინა ქაღალდად აქციეს. გავიხსენოთ ბუდაპეშტის მომორანდუმის შემთხვევა, რომლის ხელმოწერისას რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა თავისთავზე აიღეს უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და შედეგად მივიღეთ ის, რომ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ხელმომწერის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. თუმცა ვინაიდან იგი არ იყო ნატოს წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია სხვა ხელმომწერებმა ვერ შეძლეს მისი უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ თქვა საბოლოოდ უარი უკრაინამ ნეიტრალიტეტზე.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს მოლდოვის მაგალითი, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მას ამ ნაბიჯმა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დივიდენდები ვერ მოუტანა.

მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი, „საქართველოს პატრიოთა ალიანსი“: ჩვენი მოთხოვნა მიუმხრობლობასთან დაკავშირებით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატოს  მტრები ვართ. ის, რაც  განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსმა“, რომ მიუმხრომლობას  ითხოვს  საქართველოსთვის, ეს  გამოიწვია  იმ  მდგომარეობამ, რომ ჩვენ ვიცით,  რომ  ე.წ. სამხრეთ ოსეთმა  შეიტანა მოთხოვნა  დუმაში [რუსეთის  სათათბირო ორგანო], რომ ის  მიიღონ რუსეთის  ფედერაციის  შემადგენლობაში. ზუსტად  ამით იყო  განპირობებული, რომ საზოგადოებას  შევთავაზეთ  ეს  ვარიანტი.

მერაბ ბლადაძე

თქვენ გახსოვთ 2008 წელი, როდესაც აღიარეს  კოსოვოს  დამოუკიდებლობა. გამოდიოდა  რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი და სთხოვდა საქართველოს, რომ ის არ შეერთებოდა ამ აღიარებას. ამის საპირწონედ  ამერიკის  შემდეგ  მესამე  ვიყავით,  ვინც ეს აღიარა და  შედეგად მივიღეთ,  ის, რომ რუსეთმა აღიარა  აფხაზეთისა და  სამხრეთ  ოსეთის დამოუკიდებლობა.  დღეს არა მგონია, რომ ნორმალურ  ადამიანს  პუტინი უყვარდეს და მისი მთავრობა.  მიზეზი ჩვენი სამხედრო  მიუმხრომლობის შეთავაზებისა იყო  სწორედ  ის, რომ რუსეთმა საქართველოს ჯინაზე არ  შეიერთოს სამხრეთ  ოსეთი. მერე  რას  ვაკეთებთ?  ჩვენ არა  ვართ  ნატოს  წინააღმდეგი,  უბრალოდ ამდენი წელია არ  გვიღებენ.  ხომ არ  ვთქვათ  საერთოდ  უარი და  ხომ არ  დავიკავოთ  მიუმხრობლობის  პოციზია?!

კორნელი კაკაჩია: თქვენ რასაც  ამბობთ, რომ ანტიანექსიური პოლიტიკის სანაცვლოდ  დაყვავება სჯობდა – ეს  პოლიტიკა  ჩვენ  ბევრჯერ გვიცდია  სხვადასხვა  პერიოდში, შევარდნაძის  დროსაც და მერეც, სააკაშვილი როცა  პრეზიდენტი  გახდა,  პირველი მოსკოვში ჩავიდა, მას  იმედი  ჰქონდა, რომ  დაალაგებდა სიტუაციას. მთავარი პრობლემა, რომელიც აქ  ყურადსაღებია, არის ის, რომ საქართველოს და რუსეთის  ეროვნული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ისინი ერთმანეთთან მოდიან წინააღმდეგობაში. ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორი სახელმწიფოს  ხედვაში – როგორ  ხედავს  რუსეთი და  როგორ წარმოუდგენია თავი საქართველოს რეგიონში.

რუსეთის საგარეო პოლიტიკას  ბუნდოვანება  ყოველთვის  ახასიათებს, განსხვავებით ამერიკის  ან  გერმანიისგან, რომლებსაც გაცხადებული აქვთ და მიხვდებით  რა უნდათ, მათი ინტერესი რა არის.  რუსეთში ამას   ჩურჩულით ამბობენ და შენ უნდა  მიხვდე, რა  უნდათ. რეალურად  ისინი დღეს აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის  დაბრუნებას კი არ  გვთავაზობენ,  საუკეთესო შემთხვევაში გვთავაზობენ, რომ ჩვენ თვითონ შევუერთდეთ მათ. რა თქმა უნდა,  ყველა  ქართველი დაინტერესებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის  პრინციპი უნდა  იყოს  დაცული, მაგრამ ეს არ უნდა  მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტის,  საგარეო პოლიტიკისა და  ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

გიორგი მასალკინი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი:  მე ნეიტრალიტეტის  თემის  წამოწევას  ლეგიტიმურად  მივიჩნევ.  მე  არ ვიცი,  რა  იქნება  ხვალ. რომ  გამოჩნდეს  სერიოზული საშუალო  ძალა,  არა  რადიკალური, აი,  რომ  გამოჩნდეს  2-3  სერიოზული ექსპერტი და  ეს  თემა  წამოწიოს, ამან  შეიძლება  საერთოდ  შეცვალოს  საზოგადოებრივი  აზრი. ვთქვათ, რუსეთიდან წამოვიდა მესიჯი, რომ „მზად  ვარ  გადავხედო თუნდაც  ოსეთის ან აფხაზეთის  საკითხს,  თუ თქვენ გამოაცხადებთ  ნეიტრალიტეტს ან დაიწყებთ  ნაბიჯების  გადადგმას  ნეიტრალიტეტისკენ“. აი,  ამ სიტუაციაში ეს  ცალსახა  ხაფანგია, თუ შეიძლება  მოძებნო რაღაც საღი აზრი.

კორნელი კაკაჩია: საგარეო პოლიტიკა ცვალებადია. მაგალითად, 5 წლის  წინ ვერავინ  იფიქრებდა,  რომ დღეს  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და  ევროპას  შორის  იქნებოდა დაძაბული ურთიერთობა, ან რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში იქნებოდა  პრობლემები. მე  ვსაუბრობ დღევანდელი  მოცემულობიდან და რეალობიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, ჩვენ არ  დაგვავიწყდეს, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ყოველთვის ცუდი არ არის. საქართველო ატარებს ნეიტრალურ პოლიტიკას, მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით რაც პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი გვიკარნახებს, რომ რუსეთი მზადაა გადადგას ნაბიჯები და როგორც ავსტრიაში მოხდა, გაიყვანოს ჯარები, უარის თქვას აღიარებაზე, ხელი შეუწყოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და არ შეათრიოს ის ევრაზიულ კავშირში – ამაზე შესაძლოა საზოგადოების რაღაც ნაწილმა იფიქროს თუმცა შესაძლოა მაინც ვერ მოხდეს ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევა. ერთ- ერთი სერიზული საკითხია ღირებულებით ნაწილი. ახალგაზრდების უმრავლესობა მიდის ერასმუსის გაცვლითი პროგრამებით, რამდენიმე ხანში სწორედ ეს თაობა მოვა საქართველოში მმართველობის სათაავებთან და მათთვის დემოკრატის არ არის ლიტონი სიტყვა. ისინი თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს პოსტ საბჭოთა ტიპის ნეიტრალიტეტში არ გაცვლიან. აქ ფაქტიურად არჩევანიც არ არის.. ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და იმას შორის, რასაც რუსეთი სთავაზობს საკუთარ მეზობლებს. არა მგონია ახალგაზრდების უმრავლესობა თანახმა იყოს, იცხოვროს ისეთ ავტორიტარულ და კორუმპირებულ გარემოში, როგორიც რუსეთშია. ასე რომ მხოლოდ ტერიტორიების პრობლემა არა გვაქვს, ღირებულებითი პრობლემებიც შემოდის ჩვენს ურთიერთობებში.

_______________

იხილეთ დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ აქტიურად გრძელდება გაწმენდის სამუშაოები.

ხელვაჩაურში ჯამში 40-მდე მეწყრული კერა დაფიქსირდა. მიწის მასები ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან და საავტომობილო გზებზე, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა 10 ოჯახს.

შესაბამის სამსახურებთნ ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერის მოადგილეები – კახაბერ ფუტკარაძე და არჩილ ბარამიძე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი), რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია და გეოლოგიური სამსახური. გაწმენდის სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება, დღესვე მიეწოდება  გაზი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ ოჯახებს.

რას იყიდი 10 ლარად: ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა, ყველი გაძვირდა – ნახეთ რამდენით

2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა 1  წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მაგალითად, გაძვირდა ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფაფა.

ასევე, ფასები შეცვალა სხვადასხვა მიმწოდებელმა. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონემ უთხრა, რომ კომპანია „ნატახტარმა“ თავის ყველა პროდუქციაზე ფასი 30-50 თეთრით გაზარდა. ეს ზრდა ეხება როგორც ლუდს, ისე ლიმონათს და სხვა უალკოჰოლო სასმელებს.

20 თეთრით გაძვირდა ზეთი „სლობოდა“. თუ აქამდე მაღაზიები 3,50 თეთრად იღებდნენ, ახლა ასაღები ფასი 3,70 ლარია, მომხმარებელს კი მასში 4 ლარის გადახდა მოუწევს.

50 თეთრით გაძვირდა 1 კილოგრამი წიწიბურა და ბრინჯი. თუ ადრე 2,50 ლარი ღირდა, ახლა მყიდველს მის შესაძენად მაღაზიებში 3 ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ბრენდირებულ შეკვრებს, ის სამ ლარზე მეტი – 3,50 ლარი ღირს. გაძვირდა ყველიც. 1 კილოგრამი ყველი მაღაზიაში 10- 10,50 ლარი ღირს.

ეს ფოტო ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტშია გადაღებული. მარკეტის მეპატრონეს თქმით, 10 დღის წინ ამ პროდუქტის შეძენა 8,50 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს, 4 ნოემბერს კი ამისთვის 10,50 ლარია საჭირო.

საქსტატის მიხედვით, სექტემბრის თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7 %), ზეთი და ცხიმი (1.6 %), თევზეული (1.4 %), ასევე, ხილი და ყურძენი (1.0 %).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის თანახმად, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფზე, კერძოდ:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პროდუქტებზე –  ხილი და ყურძენი (26.9 %), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 %), თევზეული (15.8 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 %), ასევე, პური და პურპროდუქტები (11.0 %).

1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 %).

გაძვირდა სხვადასხვა ფირმის ტკბილეულიც

31 622 ავარია და 337 დაღუპული 9 თვეში – ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, აქედან 23 აჭარაში [ოქტომბრის თვეში აჭარაში ავარიის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა]. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად კი იანვარ-სექტემბერში დაშავდა 5 884 ადამიანი [მათ შორის 580 აჭარის ტერიტორიაზე].

2019 წლის პირველ 9 თვეში, სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა 31 622 ავტოსაგზაო შემთხვევას. აქედან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით იყო – 4 273, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით – 27 349.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

ამ თემაზე:

საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში

ირანში სამი გოგო ცეკვისთვის დააპატიმრეს

სამი ქალი ირანში ცეკვის გამო დააპატიმრეს, მათ თავიანთი ცეკვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს. თითოეულ მათგანს ქსელში ათასობით მიმდევარი ჰყავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანში ცეკვა ქალების დაპატიმრების მიზეზი გახდა. ინსტაგრამზე მოცეკვავეების მხოლოდ ინიციალები იყო მითითებული, თუმცა ირანის ხელისუფლებამ მათი ვინაობა გაარკვია, სამივე ქალი: სარა აფშარინი, სარა შარიათმადარი და ნილუფარ მოტიე “shuffle dance” – ის მასწავლებელია, ეს ავსტრალიაში წარმოქმნილი ცეკვის მიმდინარეობაა ელექტრონული მუსიკის თანხლებით.

მოცეკვავე ქალები ოფიციალურად ,,უხამსი მასალის შექმნაში“ დაადანაშაულეს და თეირანიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ქარჩაკის ქალთა ციხეში გადაიყვანეს, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე პირობებითაა ცნობილი.

ირანის ხელისუფლება აკვირდება და ებრძვის სოცქსელებში გავლენიან ადამიანებს, ვის პოსტებსაც ბევრი ადევნებს თვალს.

2018 წლის ივლისში დააკავეს ასევე ირანელი მოცეკვავე ქალი მაედე ჟოჟაბრი, რომელსაც 600 000 მიმდევარი ჰყავდა სოციალურ ქსელში.

ამავე პერიოდში ირანის ხელისუფლებამ დაბლოკა ცნობილი ტურისტული საიტი, რომელზეც დაიდო მატარებელში ტურისტების ერთობლივი ცეკვის ამსახველი ვიდეოკადრები.

წყარო: FRANCE 24

ხელფასებში აჭარის ბიუჯეტიდან 39,2 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის 39 269 700 ლარი დაიხარჯება, რაც 2 213 300 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. თუმცა აქედან 1 498 800 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს მოხმარდება.

2020 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია, რომლის ჩატარებისთვის მთლიანობაში აჭარის ბიუჯეტის პროექტში 2,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თუ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს გამოვაკლებთ, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში 2020 წელს 714 ათას 500 ლარით მეტი დაიხარჯება ხელფასებში, ვიდრე 2019 წელს. წელს ხელფასებისთვის ბიუჯეტში 37 056 400 ლარია გაწერილი.

აღნიშნული თანხები ბიუჯეტში გაწერილია მუხლით – „შრომის ანაზღაურება“, თუმცა ხელფასებისთვის გაცილებით მეტი იხარჯება, შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების გამო.

მაგალითად, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები გასულ, 2018 წელს, იყო 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ხარჯები – 7 117 329 ლარი.

„მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის შედეგია… ამასთან, რიგ შემთხვევებში ანაზღაურება გაცემული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციის დაუცველად, ასე გაცემული თანხა კი, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე ვრცლად:

44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობის მიერ განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი. 2019 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 342 203 400 ლარითაა განსაზღვრული, 2020 წლის ბიუჯეტი კი, პროექტით – 343 039 000 ლარი.

 

ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

“გაათავისუფლონ ან საქართველოს გადმოსცენ,” – ამ მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა.

“იგი უკვე ერთი წელია თურქეთის ციხეშია, სტამბულში… მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის უნდა გაათავისუფლონ,” – ამბობს მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ლექსო კობაიძე.

“მირჩევნია ჩემი ძმა საქართველოს ციხეში იყოს… ეს არაა არც აქცია და არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, გვინდა შეხვედრა კონსულთან,” – გვითხრა მინდია ლავასოღლის დამ, ირინა გორაძემ. მას ასევე ვკითხეთ, რა მდგომარეობაშია ლავასოღლი ციხეში, რადგან ცოტა ხნის წინ ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.

ლავასოღლის ახლობლების აქცია ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან

“არ ვადასტურებ ამას, ძალიან კარგად არის… მე ოთხი დღის წინ ვიყავი ჩასული და პირადად ვნახე. პრობლემა არსებობს მხოლოდ ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ქრისტიანები ვართ,” – უთხრა ირინა გორაძემ “ბათუმელებს”. მან არ დაგვიკონკრეტა, რა სახის პრობლემები ექმნება მინდია ლავასოღლის აღმსარებლობის კუთხით.

“ჩვენთან ციხეებში ეკლესიებია, იქ ლოცვა უნდა… ლოცულობს კიდეც…” – აღნიშნა ირინა გორაძემ.

“ლავასოღლის ჯვრის ტარების უფლებას არ აძლევენ, ეს შეზღუდვა აქვს…” – გვითხრა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.

ირინა გორაძე, ლავასოღლის და

მინდია ლავასოღლი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს. უცნობია, რატომ არ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული ლავასოღლი საქართველოს.

შეკრებილები კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან რჩებიან.

ამავე თემაზე:

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

 

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 594 ფაქტი ერთ თვეში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში – 62, იმერეთში – 56, ქვემო ქართლში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, შიდა ქართლში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 9, გურიაში კი – 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ხოლო დედაქალაქში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, მთლიანობაში, უკანონოდ მოპოვებული 3 000 კუბ/მ-მდე ხე-ტყეა ამოღებული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი. „ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი“.

 

მთავარი ფოტო:  უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ვინ გადაიხდის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის 35 მილიონ ლარს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვა 2020 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა აღჭურვისთვის საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში არ არის გათვალისწინებული.

ამ საკითხის დაზუსტებისთვის დასმულმა კითხვამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გააღიზიანა. მან გვითხრა, რომ ამის შესახებ უკვე ბევრჯერ განმარტეს და მეტი კითხვა ამ ფორმულირებით აღარ უნდა დავსვათ.

მინისტრის განმარტებით, როცა თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე განაცხადა, იგულისხმა, რომ არსებობს შეთანხმება  ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე.

მთავრობის იმ სხდომის შემდეგ, სადაც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა 2020 წელს არათუ უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს კიდეც, ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ არ იცის, რა თანხაა ამისთვის საჭირო. „ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, ისინი ითვლიან და მათ ჰკითხეთ“, – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის დაახლოებით 35 მილიონი ლარია საჭირო. თუმცა ეს თანხა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშიც არ არის გათვალისწინებული.

2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტიდან  აჭარის რეგიონისთვის ელექტროძაბვის გაძლიერების, ბათუმი -ახალციხის გზის მშენებლობის, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის, ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის და კიდევ რამდენიმე პროექტის დაფინანსებისთვის იგეგმება თანხის გამოყოფა. მათ შორის, ჯერჯერობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო 35 მილიონი არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ ბიუჯეტის პროექტი განხილვის ეტაპზეა და შესაძლოა ის შეიცვალოს.

მეხანძრე-მაშველებსა და პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებისთვის, პოლიციელებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ მიზნით ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი იქნება გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები, საშუალოდ, 125 ლარით გაეზრდებათ.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად.

ბიუჯეტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

კერძო სკოლა ომის ვეტერანების შვილებს და სოციალურად დაუცველებს უფასოდ ასწავლის

ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანთა ოჯახების შვილებს, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფ მოზარდებს უფასოდ ასწავლიან.

“პროგრესი” ბავშვებს მიიღებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც შერჩეული მოსწავლეები 100%-იან გრანტს მოიპოვებენ.

„გრანტი გაიცემა VII, VIII, IX დაა X კლასის მოსწავლეებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია ბათუმში, ვისაც არ აქვს საშუალება გაძლიერებულად შეისწავლოს ესა თუ ის საგანი და მიიღოს ხარისხიანი განათლება. ამიტომაც გადავწყვიტეთ დავაფინანსოთ მათი სწავლა ჩვენ სკოლაში. ჩვენთან სწავლება ეფუძნება ამერიკულ მოდელს და მოამზადებს მათ თანამედროვე გამოწვევებისთვის”, – ამბობს სკოლა “პროგრესის” დირექტორი ნანა ჩარექიშვილი.

სკოლას საბუთების მიღება უკვე დაწყებული აქვს. საბუთების მიღების ბოლო ვადა კი 2019 წლის 10 ნოემბერია.

სკოლა მდებარეობს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 11ა-ში.

 

2020 წლიდან სასწრაფოსა და სოფლის ექიმებს ხელფასი გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ხელფასები ემატებათ გარკვეულ ჯგუფებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათ რიცხვში არიან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმები.

2020 წლის 1-ელი ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში, 8 ათასამდე პირს, ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ.

ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

„ბათუმელების“ მასალას – „გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი“ ავტოკაფეს მეპატრონე   გამოეხმაურა. ბათუმში, ვალენბერგის #4-ში ე.წ. ავტოკაფე ნაწილობრივ სკვერშია განთავსებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს.

კაფეს წარმომადგენელმა ლიკა  ნაკაიძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ  ავტოკაფე პარკინგის ტერიტორიაზე დგას და კაფეში გადაადგილებას ხელს არ უშლის. მან გვთხოვა ამაში დასარწმუნებლად ვითარებას ადგილზე გავცნობოდით.

„წლებია რაც ეს კაფე გავაკეთეთ, მისი ფუნქციური დატვირთვაც იმის მიხედვით გავთვალეთ, რომ აქ მეზობლებს, გამვლელებს  და ბავშვებს ხელი არ შეშლოდათ, ამიტომაც არ ვყიდით ალკოჰოლიან სასმელებს. გვაქვს მხოლოდ ყავა, ჩაი, წვენი და ნამცხვრები, ასევე ნაყინი. ადგილი, სადაც ავტოკაფე დგას, არ ეკუთვნის სკვერის ტერიტორიას, ეს ადგილი ჩვენი სახლის მანქანების სადგომია. მეზობლები აქ ვსვამთ დილის „მხნეობის ყავას“ – ასე ვეძახით,“ – გვითხრა ლიკა ნაკაიძემ.

ადგილზე დათვალიერებით მართლაც ირკვევა და რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ტერიტორია, სადაც ავტოკაფეა განთავსებული,  პარგინგს ეკუთვნის, ხოლო კაფესთვის განკუთვნილი მაგიდები სკვერშია განლაგებული, რისი ნებართვაც კაფეს მეპატრონეს  მერიიდან  მიღებული ჰქონდა, თუმცა ვადა გაუვიდა.

ლიკას თქმით, ტომრები და ბეტონის დეკორატიული ფილები რაც გარკვეულწილად მოუწესრიგებელი გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის, დროებითია: „წვიმის დროს ძალიან ატალახდა და გვინდა მოვაწესრიგოთ“,- ამბობს ლიკა
ვალენბერგის #4

როგორც მერიაში გვითხრეს, მეპატრონემ ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მერიას უკვე მიმართა და  დადებითი გადაწყვეტილების მიღებასაც გეგმავდნენ, თუმცა მერია ახლა აპირებს საჩივრებიც შეისწავლოს.  როგორც წინა მასალაში ვწერდით, ეზოში კაფეს მოწინააღმდეგებიც ჰყავს.

მწვანედ მონიშნულია ბინა და ეზო, პარკინგის ადგილი, სადაც ავტოკაფეა განთავსებული. რეესტრის მონაცემებით კარგად ჩანს, რომ პარკინგის ტერიტორია გარკვეულწილად შეჭრილია პარკში, მას პარკისგან დაბალი ბორდიური ჰყოფს: „ამობეტონებული არ არის როგორც სხვა ეზოებში, მაგრამ ნამდვილად პარკინგის ადგილია,“ – ამბობს ლიკა.

ლიკას თქმით, ის ასევე არ ეთანხმება ბრალდებას, რომ ამ კაფეს გამო განადგურდა ნარგავები და ხელი შეეშალა ბავშვების გადაადგილებას. მცენარეებს ვუვლით, რომ მაქსიმალურად ლამაზი გარემო გვქონდეს, რაც შეეხება ბავშვებს, რამდენჯერმე აქ გამოთქვეს დაბადების დღის გადახდის სურვილი და თავისი სურვილისამებრ ბუშტებით მორთეს აქაურობა“.

გავესაუბრეთ რამდენიმე მეზობელსაც: „ აქ ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ. ვერთობით, ვსაუბრობთ, არანაირად არ გვიშლის ეს კაფე ხელს,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ლევან გოგრაჭაძემ. იმავეს ამბობს სხვა მეზობელი, ტატიანაც.

ლიკა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ კანონს არ არღვევს და ცდილობს ბათუმში განავითაროს ეზოს კაფე, რომელიც ე.წ. ჩაბეტონებას არ ითვალისწინებს. ლიკა იმედოვნებს, რომ მერია ხელს შეუწყობს განავითაროს ეს, როგორც ტურისტული და ადგილობრივების დასვენების ადგილი.

Exit mobile version