„ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, რომ აღნიშნული სიტყვა მივიტანოთ ჩვენს აღსაზრდელებთან. ისინი დავაბრუნოთ სწორ გზაზე, რომ მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას“, – ეს კომენტარი სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა გორგაძემ აჭარის მაუწყებელთან გააკეთა, ქედის რესურსცენტრში, სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ. აქ სკოლის დირექტორებს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებით ლექცია წაუკითხეს.
პედაგოგის მხრიდან აღსაზრდელების „ძირძველ სარწმუნოებაზე“ მოქცევაზე საუბარი შეიცავს ინდოქტრინაციის [სწავლების მიზანდასახული გავრცელება ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად] აშკარა ნიშნებს და არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომლის მიხედვით, სკოლა თავისუფალია რელიგიური გავლენებისგან. შესაბამისად, სკოლაში რომელიმე რელიგიის სასარგებლოდ ქადაგებაც დაუშვებელია.
„ბათუმელები“ აქედან გამომდინარე დაუკავშირდა სკოლების დირექტორებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა „ძირძველ სარწმუნოებაზე“ მოქცევა. ნონა გორგაძე ამჯერად თავის პოზიციას ცვლის და ამბობს, როცა ის „ძირძველ სარწმუნოებაზე დაბრუნებაზე“ საუბრისას გულისხმობდა არა მოსწავლეებს, არამედ ზოგადად მოსახლეობას.
„მგონი, კარგად მახსოვს, მოსახლეობასთან დაკავშირებით ვახსენე, რადგან, როგორც მოქალაქეს, ისე ჩამომართვეს კომენტარი და არა როგორც დირექტორს. სკოლის სახელით ნამდვილად ვერ ვილაპარაკებდი“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.
თუმცა დირექტორი დასძენს, რომ მოსწავლეებთან ისტორია უნდა მიიტანოს მასწავლებელმა, „ჩვენ უნდა ვუთხრათ ბავშვებს რაღაც-რაღაცები და ზრდასრულ ასაკში თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან სარწმუნოებრივ საკითხებს პატარა ბავშვი ვერ გადაწყვეტს.“
დირექტორის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ლექცია ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემას დაეთმობოდა, რადგან რესურსცენტრში სამუშაო შეხვედრის შემდეგ წიგნის პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.
„ფოლკლორის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად გადმოგვცეს და ასევე, ისაუბრეს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მოხსენებები გააკეთეს როგორც სამღვდელოების წარმომადგენლებმა, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმაც. ამ დღის შესახებ მე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ისედაც ვიცოდი“, – გვითხრა მან.
კიდევ ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მურმან კონცელიძეა. ის დანდალოს საჯარო სკოლაში მუშაობს და შეხვედრასაც ესწრებოდა.
მურმან კონცელიძის აზრით, რაც მან ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, სეკულარიზმის პრინციპს არ სცდება. „მე ვთქვი, რომ ქრისტიანულ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში. ჩვენ თუ გადავხედავთ თუნდაც საქართველოს კონსტიტუციას და კონკორდატს, იქაც აღიარებულია ეს. სხვა არაფერი არ მითქვამს მეც“, – ამბობს კონცელიძე.
მისი თქმით, კარგად ესმის, რომ სკოლა რელიგიისგან დამოუკიდებელი, ნეიტრალურია, „სადაც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა, თანაბარი პოზიციები უნდა ჰქონდეს“.
დირექტორებს არ დაუმალავთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებს სთხოვეს სკოლებშიც ჩაატარონ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები. ასეთ შემთხვევაში, როგორ აპირებს სკოლა დაიცვას მოსწავლეები ინდოქტრინაციისგან? – ვკითხეთ მურმან კონცელიძეს. მან გვითხრა: „სასულიერო პირებს ლექციების ჩატარების უფლებას ვერ მივცემთ“.
ვიდეოში, რომელიც ტბელ აბუსერიძის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტს აქვს ფეისბუქგვერდზე განთავსებული, საუბრობენ ღვთისმშობლის როლზე საქართველოს, როგორც ქვეყნის გადარჩენასთან დაკავშირებით, ასევე მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლზე. ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელიც ამბობს, რომ ლიტერატურის პედაგოგია (თუმცა არ ხერხდება ზუსტი იდენტიფიცირება სკოლაში ასწავლის თუ უნივერსიტეტში), ამბობს – „ჩვენ აქ ვართ სულიერების მოციქულნი ჩვენი სასწავლებლებიდან“.
ამავე შეხვედრაზე ერთ-ერთი სასულიერო პირი მართლმადიდებლობის პოლიტიკურ კონტექსტსაც ეხება და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად, ასევე „გამორჩეულია რუსეთი“ და ათონის მთა.
„ბათუმელები“ ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დურმიშხან შავიშვილსაც ესაუბრა და ჰკითხა, იყო თუ არა მოწოდებები ამ შეხვედრაზე დირექტორების მისამართით, რომ მოსწავლეებს „ძირძველ სარწმუნოებაზე“ დაბრუნებაზე ესაუბრონ. დურმიშხან შავიშვილმა ეს უარყო.
ის ამბობს, რომ მას არც იმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ამ თემაზე აპირებდნენ ლექციის გამართვას. „უნივერსიტეტთან შეთანხმებული ვიყავით წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც უნივერსიტეტმა გამოსცა და ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებული ლექცია არ იყო ჩვენთან შეთანხმებული“, – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, შეხვედრაზე არ თქმულა ისეთი ტერმინები და ფრაზები, რაც პროზელიტიზმის [სარწმუნეობაზე მოქცევის მისწრაფება] ნიშნებს შეიცავს. „ისტორიულ კონტექსტში შეიძლება ამ თემაზე საუბარი და არამარტო ქრისტიანობაზე, მაგრამ სხვა კუთხით არა. სკოლა თავისუფალია რელიგიისგან,“ – ამბობს დურმიშხან შავიშვილი.
ამის თაობაზე „ბათუმელები“ საქართველოს განათლების სამინისტროს კომენტარს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი. ორგანიზაციის შეფასებით, სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენება სახიფათოა. EMC-მ განათლების სამინისტროს განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის აღნიშვნის დღე საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში ოფიციალურად დააწესა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 893 340 ლარი გამოყო. ამ თანხის მიზნობრიობისა და ხარჯვის შესახებ, „ბათუმელები“ 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა.
მთავარი ფოტო: სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი მურმან კონცელიძე და სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი, ნონა გორგაძე
_____
ამავე თემაზე:
პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად