იუსტიციის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი 4,4 მილიონით იზრდება – 2020 წლის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით იზრდება. პროექტის მიხედვით, ძირითადი ნამატი „სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებას“ უნდა მოხმარდეს.

ამ მიმართულებით 2020 წელს მთავრობა 23 მილიონ 170 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. გასულ წელს კი, ბიუჯეტის ამ გრაფაში 8 მილიონ 490 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად, პროექტით მცირდება სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობა.

2019 წელს სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებში 5 098 პირი მუშაობდა, მომავალ წელს კი 5 072 პირი იმუშავებს. მიუხედავად ამისა, 4 მილიონ 462 ათასი ლარით იზრდება ხელფასებისთვის საჭირო თანხა – 78 მილიონ 147 ათასი ლარიდან 82 მილიონ 609 ათას ლარამდე.

თანხები დაემატა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების, ასევე  პენიტენციური სისტემის მართვასა და ბრალდებულთა, [ასევე მსჯავრდებულთა] ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროგრამებს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯავს თანხას არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისთვის. წინა წლებში ეს თანხა  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯებოდა.

ამ მიმართულებით, 2020 წლისთვის, ბიუჯეტის პროექტით, 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი