განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესი – EMC-ის განცხადება

01.11.2019 • 1981
სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესი – EMC-ის განცხადება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება. ცენტრი განათლების სამინისტროს აჭარაში სახელმწიფო განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

საუბარია 30 ოქტომბერს სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ასახულია სხალთის ეპარქიის სასულიერო პირების, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეხვედრა.

„როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, შეხვედრა შედგა ქედის რესურსცენტრის შენობაში და ის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ვრცელი ისტორიული ექსკურსი წარმოადგინეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელიც მეტწილად კონფესიური და არამეცნიერული პერსპექტივით იყო გაზიარებული. მომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ აჭარის რეგიონის განსაკუთრებულ როლს საქართველოს გაქრისტიანების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში სასულიერო პირებმა სკოლის დირექტორები დაავალდებულეს, აჭარის ქრისტიანული წარსულის შესახებ ისაუბრონ სკოლებში, რასაც მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ზოგიერთი სკოლის დირექტორი დაეთანხმა კიდეც. მაგალითად, სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათი [სკოლის დირექტორების] ვალდებულებაცაა, რომ განხილული საკითხი მიიტანონ აღსაზრდელებთან, რათა „მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას.“ დირექტორმა დამატებით მიუთითა, რომ სამღვდელოებისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამ მიზნით მღვდლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასევე შეხვდებიან. სოფელ დანდალოს სკოლის დირექტორი ასევე უთითებს, რომ ეკლესიის თავდადებამ გადაარჩინა საქართველო და სწორედ „ამ სასწაულის“ დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო ფეხზე დგას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშკარაა, რომ ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით, მხარდაჭერითა და მისი რესურსების გამოყენებით, საჯარო სკოლის დირექტორების მონაწილეობა არსებითად კონფესიური შინაარსის ღონისძიებაში, სადაც დირექტორები ღიად საუბრობენ მართლმადიდებლურ რწმენაზე მოსწავლეების მოქცევისა და ქრისტიანობაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებითად არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარიზმის პრინციპს და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრ მოთხოვნებს რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლების დამოუკიდებლობისა და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” ასევე უთითებებს სკოლის დირექტორისთვის რელიგიურ პროპაგანდის აკრძალვას და თანაბარი ყურადღების გამოჩენას ვალდებულებას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 30 ოქტომბრის შეხვედრის შინაარსი და სკოლის დირექტორების რიტორიკა იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მაღალმთიან აჭარში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას ახდენს და ქრისტიანობაზე დაბრუნების აგრესიულ და გამრიყავ პოლიტიკას ატარებს.

„სამწუხაროდ, ქართველი მუსლიმების ინდოქტრინაციის ეს აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც დამოუკიდებლობის შემდეგ აჭარაში საპატრიარქო ეწევა, მხარდაჭერილია პოლტიკური ხელისუფლებების მიერ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც მუსლიმებით დასახლებულ მაღალმთიან აჭარაში სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს და რეგულარულ დაფინანსებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს. 30 ოქტომბრის შეხვედრა ინდოქტრინაციის ამ პროცესში სკოლის დირექტორების ჩართვისა და მათი „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესს აჩვენებს, რაც პრობლემურია არა მხოლოდ ამ სკოლების მუსლიმი მოსწავლეების უფლებების დარღვევისა და გარიყვის რისკების გამო, არამედ მთლიანად ამ რეგიონებში მცხოვრები მუსლიმი თემისთვის სამართლიანი და ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება.

არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა გაიაზრონ (განსაკუთრებით რელიგიური/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში) რელიგიურად ნეიტრალური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა, რომელიც დემოკრატიული, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის მშენებლობის მნიშვნელოვანი ღერძია და მისმა დარღვევამ უმცირესობების ჯგუფებში ექსკლუზიის და უფლებააყრილობის განცდა შეიძლება გააჩინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს და აჭარის განათლების სამინისტროებს,  შეისწავლონ ქედის რესურსცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელის და სხვა თანამშრომლების, ასევე სკოლის დირექტორების მონაწილეობის საკითხი და მიიღონ ადეკვატური, მათ შორის, დისციპლინური ზომები მათ მიმართ;

აღკვეთოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ეგიდით საჯარო სკოლის მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რომელიც არა ერთ რეგიონში გვხდება;

გაითვალისწინოს აჭარის რეგიონის რელიგიური და კულტურული კონტექსტი და პროაქტიული ზედამხედველობა, გაუწიოს აჭარაში მოქმედ საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის პროცესს;

საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

________

მთავარ ფოტოზე: კადრი ქედაში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან.

 

გადაბეჭდვის წესი