მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა

04.11.2019 • 6035
რატომ ვერ იქნება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა

რა არის ნეიტრალიტეტი? – ეს იყო შეხვედრისა და დისკუსიის თემა 28 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონში“. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.

„ნეიტრალიტეტის“ ან „სამხედრო მიუმხრომლობის“ თემა ხშირად აქტიურდება, როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. რას მოიაზრებს რეალურად ნეიტრალიტეტი? როგორია სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიცია და ნეიტრალიტეტის სახეები? – სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს შეხვედრის მონაწილეებმა.

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი,  პროფესორი, პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:  

რამდენიმე  თვის  წინ  გახლდით  მინსკში, სადაც  შვეიცარიის,  გერმანიისა და ავსტრიის  მთავრობებმა დააფინანსეს  კონფერენცია,  რომლის  სათაური იყო დაახლოებით ასეთი – „შესაძლებელია  თუ არა რუსეთის მეზობელი ქვეყნები იყვნენ  ნეიტრალური“. წარმოდგენილი იყვნენ  როგორც ოფიციალური პირები და ექსპერტული საზოგადოება, ასევე,  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები. კონფერენციის  შემდეგ  აღმოჩნდა, რომ  აღმოსავლეთ  პარტნიორობის 6  სახელმწიფოდან (აზერბაიჯანი, სომხეთი,  ბელარუსი,  მოლდოვა, საქართველო და უკრაინა) 4  წინააღმდეგი არ არის, რომ  ნაწილობრივ  ნეიტრალური იყოს. რაც  შეეხება ორს  – უკრაინასა და  საქართველოს, ამ  ორ  სახელმწიფოს  სხვადასხვა  მიზეზის  გამო, ეს ვარიანტი არ მოსწონს.

ჩვენთან პოლიტიკურ საზოგადოებასა და  წრეებში დებატები ამ თემასთან დაკავშირებით 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუ როგორი  სახელმწიფო  და პოლიტიკა  გვინდა  ჩვენ. ამასთან დაკავშირებით  სხვადასხვა  ორგანიზაციის მიერ  ჩატარებულ  კვლევებს თუ  გადავხედავთ, გვაქვს  ცალსახა მოცემულობა,  რომ  მოსახლეობის უმეტესობა მხარს  უჭერს  ნატოსა და  ევროკავშირში  გაწევრიანებას. ევროკავშირში გაწევრიანებას  ცოტა  უფრო  მეტი  უჭერს  მხარს და ეს  ციფრები  ვარირებს  სადღაც 5-10%-ით. არსებობს  პოლიტიკური  კონსესუსი  თვითონ, პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. რამდენიმე  წლის  წინ  „ქართული ოცნება“ და  მაშინდელი ოპოციზიაც  შეთანხმდა და  კონსტიტუციაშიც  ჩაიწერა, რომ  მხარს  უჭერენ  ქვეყნის ამ საგარეო-პოლიტიკურ  კურსს.

არსებობს  მუდმივი  ნეიტრალიტეტი, რომელიც  გულისხმობს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს მუდმივ  ნეიტრალურობას  როგორც  მშვიდობის, ისე  ომის  პერიოდში. ამას  ამყარებს  კონსტიტუციის  ჩანაწერიც. ასეთი ქვეყნები  ბევრია როგორც  ევროპაში, ისე მსოფლიოში.

ე.წ. „მიუმხრობლობა“ (ომში მონაწილეობაზე უარის თქმა) ასევე არის ნეიტრალიტეტთან ასოცირებული კატეგორია, მაგრამ ის მოითხოვს უფრო ფრთხილ განმარტებას. მაშინ, როცა ნეიტრალიტეტი გამორიცხავს მონაწილეობას და გულისხმობს მიუკერძოებლობის ვალდებულებას, მიუმხრობლობა გულისხმობს, რომ სახელმწიფო არ არის ჩართული კონფლიქტში, თუმცა მაინც ანიჭებს ერთ მეომარ მხარეს უპირატესობას.

კორნელი კაკაჩია, დისკუსია ბათუმში

ყველაზე  ცნობილი მაგალითი არის  შვეიცარია. ამ ქვეყანას მე-16 საუკუნის შემდეგ, მას  შემდეგ, რაც  დამარცხდა  საფრანგეთთან, აღიარებული აქვს  ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ,  პრინციპში, შვეიცარიის  მთავრობას  არც  ჰქონია  ომი. მან  დადო ხელშეკრულება საფრანგეთის  მთავრობასთან და ეს  ყველა  მისმა  მეზობელმა  ცნო. დღემდე  მიიჩნევა, რომ ის  არის  ნეიტრალური  სახელმწიფო.  ჩვენ  ისე არ  უნდა  გავიგოთ, რომ თუ სახელმწიფო გამოაცხადებს  ნეიტრალიტეტს, ამის  შემდეგ  ის  დაცული ხდება.  ეს  ასე არ არის.  ჩვენ  შემდეგ  ვნახავთ, რამდენს ხარჯავს შვეიცარია და რამდენი უჯდება მას ეს ნეიტრალიტეტი. როგორც  ამერიკელები ამბობენ,  უფასო  ლანჩი არ არსებობს და ასევე არ არსებობს  უფასო  ნეიტრალიტეტი. ამ  ნეიტრალიტეტს  უნდა  მუდმივი  გამტკიცება, იმიტომ, რომ  ჩვენ  ვცხოვრობთ  ისეთ  საერთაშორისო სისტემაში, რომელიც  ანარქიულია.

არიან  საერთაშორისო  ორგანიზაციები, რომლებიც  ცდილობენ  შეინარჩუნონ  მშვიდობა და ასეთია  გაერო [გაერთიანებული ერების  ორგანიზაცია], თუმცა ჩვენ  ვიცით  ბევრი მაგალითი, სხვადასხვა რეგიონში, როდესაც  გაერომ სხვადასხვა მიზეზის  გამო ვერ  მოახერხა და  ვერ აღკვეთა  გენოციდი ან  ეთნიკური  წმენდა და  ამის  გამო  მას  ხშირად  აკრიტიკებენ. არ  უნდა  დაგვავიწყდეს, რომ ის არის  სამთავრობოშორისი  ორგანიზაცია, მთავრობების  მიერ  არის დაარსებული  და  მოქმედებს  ხშირად  ისე,  როგორც  სახელმწიფოები და  მთავრობები  უკვეთავენ. სწორედ  ამაშია პრობლემა,  გაეროში 200-მდე  სახელმწიფოა და ხშირად ამ სახელმწიფოების  ინტერესები, როგორც  დიდების, ისე  პატარების, არ ემთხვევა  ერთმანეთს.

ჰააგის  კონვენციის  მიხედვით,  ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია არის ხელშეუხებელი: მეომარ მხარეებს არ შეუძლიათ ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება სამხედრო ძალის ან შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის. ასევე, დაუშვებელია სამხედრო ბაზების განთავსება ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე.  თავად  ნეიტრალურ  სახელმწიფოსაც  აქვს  ვალდებულებები და  უნდა  იყოს მიუკერძოებელი და არ უნდა  იყოს  ჩართული რომელიმე  მხარის  სასარგებლოდ. თუმცა  ეს  არ  ვრცელდება ინდივიდებზე,  მოქალაქეებს  შეუძლიათ ერთი  მხარე მოწონდეთ ან – მეორე. საერთაშორისო  სამართალი  ძირითადად  იცავს  სუსტ  სახელმწიფოებს.  მაგალითად, დღეს რომ არ  ყოფილიყო საერთაშორისო სამართალი,  ვერ  იარსებებდა  საქართველო,  კოსოვო და კიდევ ბევრი სხვა პატარა  სახელმწიფო.

ჩვენ  ვიცით, რომ  არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც  დიდი სახელმწიფოები დიდად არ  დაგიდევენ  საერთაშორისო  სამართლის  პრინციპებს. ჩემი  სტუდენტები ზოგჯერ  დებატობენ ამ საკითხზე და  ორი არგუმენტი  მოჰყავთ – საერთაშორისო სამართალი მითია  თუ რეალობა. ისინი  ხანდახან  ეჭვქვეშ აყენებენ, რომ ამა თუ იმ კონფლიქტის  დროს  არ იყო დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები. განსაკუთრებით, საინტერესოა  სირიაში მიმდინარე  პროცესები. ის, რაც  სირიაში ხდება. ძალიან  მნიშვნელოვანია  ჩვენთვისაც, ჩვენც  ვართ  მონაწილე  სხვადასხვა სამშვიდობო  მისიებისა. საქართველოს  ჯარი ავღანეთშიც იყო და ასევე  ერაყში.  მართალია, ჩვენ ახლა  ევროპისკენ  ვიხედებით, მაგრამ ისტორიულად  თუ  გადავხედავთ,  საქართველო  იყო ახლო აღმოსავლეთის  ნაწილი.

დისკუსია ბათუმში

ყველა  ნეიტრალური სახელმწიფოს უკან დგას პოლიტიკა, როგორ  გახდნენ ისინი ნეიტრალური. მაგალითად  ფინეთი, რომელიც ოქტომბრის  რევოლუციამდე  იყო რუსეთის იმპერიის  ნაწილი, როგორც  საქართველო, შემდეგ  გახდა დამოუკიდებელი,  თუმცა ის არსებობდა შეზღუდული სუვერენიტეტის ფარგლებში. არსებობს  ასეთი ტერმინი  – „ფინლანდიზაცია“,  რომელიც  ცოტა  დამამცირებელი ტერმინია, ასეთ დროს  სახელმწიფოებს გააჩნიათ ფორმალური დამოუკიდებლობა, მაგრამ  რეალურად  ისინი არსებობენ შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში და ზუსტად ამას ასახავს ეს ტერმინიც.

იმისათვის, რომ ნეიტრალური სახელმწიფო  გახდე, საჭიროა, რომ  სხვებმაც  გაღიარონ ასეთად. წინააღმდეგ  შემთხვევაში დაახლოებით ისეთ  მაგალითს  მივიღებთ, როგორც  ქვიშაში თავჩარგული სირაქლემაა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი  მაგალითია  საინტერესო, ერთი არის თურქმენეთი, რომელმაც  გამოაცხადა  ნეიტრალიტეტი,  მაგრამ მეზობლების მიერ არ არის აღიარებული. ასევე, მოლდოვამ 1994 წელს, როგორც კი დამოუკიდებელი გახდა,  კონსტიტუციაში ჩაწერა ნეიტრალიტეტი და დღემდე ინარჩუნებს, მაგრამ მას ეს  ვერ  დაეხმარა  პრობლემების  მოგვარებაში.  მეორე  მაგალითი არის  უკრაინა, რომელმაც  იანუკოვიჩის  დროს  გამოაცხადა  უბლოკო სტატუსი, ანუ დაახლოებით ის, რასაც  ზოგიერთი ჩვენი  პოლიტიკოსი  მოითხოვს საქართველოში. გვახსოვს, რომ ეს  მას  დიდად არ  დახმარებია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნეიტრალურ სახელმწიფოდ ცნობა?

რეალობიდან და იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ჩვენს  რეგიონში, ეს  ფაქტობრივად  შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს  მხოლოდ  ჩვენზე  არ არის  დამოკიდებული. იმისათვის, რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადო,  პირველ რიგში, ქვეყანას  არ  უნდა  ჰქონდეს ტერიტორიული კონფლიქტები, რასაც  ფაქტობრივად  საქართველოს შემთხვევაში  ვერ  გავექცევით.  ასევე, უახლოეს  სამეზობლოში არ უნდა არსებობდეს  დიდი სახელმწიფო,  რომელიც შენ  მიმართ  მტრულად  იქნება  განწყობილი. სამწუხაროდ, საქართველოს  შემთხვევაში  ეს  სიტუაციაც  გვაქვს.

6 მიზეზი, რატომაც საქართველო ვერ იქნება ნეიტრალური სახელმწიფო:

  1. სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტი და უნდა მდებარეობდეს გეოგრაფიულად „უმნიშვნელო ზონაში“. ისტორიულად ჩვენი ყველაზე  დიდი პრობლემა  სწორედ  ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა იყო
  2. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავდაცვა
  3. სახელმწიფო უნდა იყოს თავისუფალი ექსპანსიონიზმისგან
  4. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის შიდა რეგულირების მექანიზმი. თუ ქვეყნის შიგნით არსებობს გარკვეული დაპირისპირებები, ადრე თუ გვიან სხვა სახელმწიფო ჩაერევა მის საშინაო საქმეებში
  5. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ყველა სახის იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე
  6. სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული კონფლიქტები

რატომაა მიუღებელი ნეიტრალიტეტი

ქვეყნის 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც არათუ არ ამჟღავნებს სურვილს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ უარს ამბობს ამ რეგიონების სტატუსის განხილვაზეც კი. კრემლის გადმოსახედიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 სახელმწიფო არსებობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ქართველი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

რუსეთი არ ცნობს მისი მეზობლების უფლებას სუვერენიტეტზე და თითოეულ მათგანს მოიაზრებს საკუთარი გავლენის სფეროში, რაც გულისხმობს ამ სახელმწიფოების გაწევრებას რუსეთის მიერ დომინირებულ ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ა. შ.

გასათვალისწინებელია, როგორ ექცევა კრემლი არათუ ნეიტრალურ სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მოკავშირეებსაც კი [ბელორუსი, სომხეთი], რომლებსაც ვასალებად განიხილავს და არა სუვერენულ სახელმწიფოებად. ძნელად წარმოსადგენი არ არის, თუ რას მოუტანს საქართველოს ამ საკითხზე დაფიქრებაც კი. ამას ემატება პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება. საქართველო, როგორც მცირე სახელმწიფო, ვერასდროს  დააბალანსებს რუსეთს და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება და ალიანსებში შესვლა.

კორნელი კაკაჩია

თუ გადავხედავთ  დღევანდელი რუსული პოლიტიკური წრეების  რიტორიკას, როდესაც  საუბრობენ საქართველოს პოტენციურ ნეიტრალიტეტზე, პირველ რიგში, ისინი გეუბნებიან: უარი თქვი  ევროატლანტიკურ კურსზე,  ჩამოშორდი ამას. მეორე  ეტაპზე  დაიწყება ევრაზიულ  კავშირში გაწევრიანებაზე  საუბარი. ჩვენ ეს  ეტაპი გავლილი გვაქვს  შევარდნაძის პერიოდში. შევარდნაძემ  ყველაფერი  გააკეთა,  დსთ-შიც  შევიდა იმის  იმედით,  რომ  რუსეთი  დაეხმარებოდა  აფხაზეთსა და  ცხვინვალის  რეგიონში, მაგრამ  გვახსოვს  ეს  ყველაფერი როგორ  დამთავრდა.

რაც  მთავარია, მათ ეს სჭირდებათ  იმისათვის, რომ  ქვეყანამ უარი თქვას  ევროპულ განვითარებაზე და გახდეს  ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა  ქვეყანა,  მაგალითად, უზბეკეთის მსგავსი, სადაც  კორუფციაა.   მისთვის  ასე უფრო  ადვილი იქნება.  მიუხედავად  იმისა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა,  ის მასაც  ეჭვის  თვალით  უყურებს, იმიტომ, რომ იქ დაიწყო  დემოკრატიული პროცესები.

კიდევ  ერთი მაგალითი, რაც  მინდა  მოვიყვანო, არის  შვეიცარია,  რომელმაც  აირჩია შეიარაღებული ნეიტრალიტეტის მოდელი. ყოველწლიურად  ის  ხარჯავს 4 მილიარდ  713 მლნ დოლარს საკუთარი უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად. თუ გადავხედავთ ამ ქვეყნის შემთხვევას, მას დასჭირდა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით საკუთარი სტატუსის უზრუნველყოფა, რასაც წინ უძღოდა დიდი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, საფრანგეთი) მხრიდან შეთანხმება, რაც ჩვენს შემთხვევაში ვერ ხერხდება რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე.

არ  უნდა  დაგვავიწყდეს  სხვა, ნეგატიური შემთხვევებიც:

პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინ ბელგიის ნეიტრალიტეტის ბედი, რომელზეც ჯერ კიდევ 1831 წელს შეთანმდნენ დიდი სახელმწიფოები, მაგრამ შემდეგ ის ფარატინა ქაღალდად აქციეს. გავიხსენოთ ბუდაპეშტის მომორანდუმის შემთხვევა, რომლის ხელმოწერისას რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა თავისთავზე აიღეს უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და შედეგად მივიღეთ ის, რომ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ხელმომწერის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. თუმცა ვინაიდან იგი არ იყო ნატოს წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია სხვა ხელმომწერებმა ვერ შეძლეს მისი უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ თქვა საბოლოოდ უარი უკრაინამ ნეიტრალიტეტზე.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს მოლდოვის მაგალითი, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მას ამ ნაბიჯმა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დივიდენდები ვერ მოუტანა.

მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი, „საქართველოს პატრიოთა ალიანსი“: ჩვენი მოთხოვნა მიუმხრობლობასთან დაკავშირებით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატოს  მტრები ვართ. ის, რაც  განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსმა“, რომ მიუმხრომლობას  ითხოვს  საქართველოსთვის, ეს  გამოიწვია  იმ  მდგომარეობამ, რომ ჩვენ ვიცით,  რომ  ე.წ. სამხრეთ ოსეთმა  შეიტანა მოთხოვნა  დუმაში [რუსეთის  სათათბირო ორგანო], რომ ის  მიიღონ რუსეთის  ფედერაციის  შემადგენლობაში. ზუსტად  ამით იყო  განპირობებული, რომ საზოგადოებას  შევთავაზეთ  ეს  ვარიანტი.

მერაბ ბლადაძე

თქვენ გახსოვთ 2008 წელი, როდესაც აღიარეს  კოსოვოს  დამოუკიდებლობა. გამოდიოდა  რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი და სთხოვდა საქართველოს, რომ ის არ შეერთებოდა ამ აღიარებას. ამის საპირწონედ  ამერიკის  შემდეგ  მესამე  ვიყავით,  ვინც ეს აღიარა და  შედეგად მივიღეთ,  ის, რომ რუსეთმა აღიარა  აფხაზეთისა და  სამხრეთ  ოსეთის დამოუკიდებლობა.  დღეს არა მგონია, რომ ნორმალურ  ადამიანს  პუტინი უყვარდეს და მისი მთავრობა.  მიზეზი ჩვენი სამხედრო  მიუმხრომლობის შეთავაზებისა იყო  სწორედ  ის, რომ რუსეთმა საქართველოს ჯინაზე არ  შეიერთოს სამხრეთ  ოსეთი. მერე  რას  ვაკეთებთ?  ჩვენ არა  ვართ  ნატოს  წინააღმდეგი,  უბრალოდ ამდენი წელია არ  გვიღებენ.  ხომ არ  ვთქვათ  საერთოდ  უარი და  ხომ არ  დავიკავოთ  მიუმხრობლობის  პოციზია?!

კორნელი კაკაჩია: თქვენ რასაც  ამბობთ, რომ ანტიანექსიური პოლიტიკის სანაცვლოდ  დაყვავება სჯობდა – ეს  პოლიტიკა  ჩვენ  ბევრჯერ გვიცდია  სხვადასხვა  პერიოდში, შევარდნაძის  დროსაც და მერეც, სააკაშვილი როცა  პრეზიდენტი  გახდა,  პირველი მოსკოვში ჩავიდა, მას  იმედი  ჰქონდა, რომ  დაალაგებდა სიტუაციას. მთავარი პრობლემა, რომელიც აქ  ყურადსაღებია, არის ის, რომ საქართველოს და რუსეთის  ეროვნული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ისინი ერთმანეთთან მოდიან წინააღმდეგობაში. ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორი სახელმწიფოს  ხედვაში – როგორ  ხედავს  რუსეთი და  როგორ წარმოუდგენია თავი საქართველოს რეგიონში.

რუსეთის საგარეო პოლიტიკას  ბუნდოვანება  ყოველთვის  ახასიათებს, განსხვავებით ამერიკის  ან  გერმანიისგან, რომლებსაც გაცხადებული აქვთ და მიხვდებით  რა უნდათ, მათი ინტერესი რა არის.  რუსეთში ამას   ჩურჩულით ამბობენ და შენ უნდა  მიხვდე, რა  უნდათ. რეალურად  ისინი დღეს აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის  დაბრუნებას კი არ  გვთავაზობენ,  საუკეთესო შემთხვევაში გვთავაზობენ, რომ ჩვენ თვითონ შევუერთდეთ მათ. რა თქმა უნდა,  ყველა  ქართველი დაინტერესებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის  პრინციპი უნდა  იყოს  დაცული, მაგრამ ეს არ უნდა  მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტის,  საგარეო პოლიტიკისა და  ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

გიორგი მასალკინი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი:  მე ნეიტრალიტეტის  თემის  წამოწევას  ლეგიტიმურად  მივიჩნევ.  მე  არ ვიცი,  რა  იქნება  ხვალ. რომ  გამოჩნდეს  სერიოზული საშუალო  ძალა,  არა  რადიკალური, აი,  რომ  გამოჩნდეს  2-3  სერიოზული ექსპერტი და  ეს  თემა  წამოწიოს, ამან  შეიძლება  საერთოდ  შეცვალოს  საზოგადოებრივი  აზრი. ვთქვათ, რუსეთიდან წამოვიდა მესიჯი, რომ „მზად  ვარ  გადავხედო თუნდაც  ოსეთის ან აფხაზეთის  საკითხს,  თუ თქვენ გამოაცხადებთ  ნეიტრალიტეტს ან დაიწყებთ  ნაბიჯების  გადადგმას  ნეიტრალიტეტისკენ“. აი,  ამ სიტუაციაში ეს  ცალსახა  ხაფანგია, თუ შეიძლება  მოძებნო რაღაც საღი აზრი.

კორნელი კაკაჩია: საგარეო პოლიტიკა ცვალებადია. მაგალითად, 5 წლის  წინ ვერავინ  იფიქრებდა,  რომ დღეს  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და  ევროპას  შორის  იქნებოდა დაძაბული ურთიერთობა, ან რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში იქნებოდა  პრობლემები. მე  ვსაუბრობ დღევანდელი  მოცემულობიდან და რეალობიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, ჩვენ არ  დაგვავიწყდეს, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ყოველთვის ცუდი არ არის. საქართველო ატარებს ნეიტრალურ პოლიტიკას, მაგალითად სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით რაც პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი გვიკარნახებს, რომ რუსეთი მზადაა გადადგას ნაბიჯები და როგორც ავსტრიაში მოხდა, გაიყვანოს ჯარები, უარის თქვას აღიარებაზე, ხელი შეუწყოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და არ შეათრიოს ის ევრაზიულ კავშირში – ამაზე შესაძლოა საზოგადოების რაღაც ნაწილმა იფიქროს თუმცა შესაძლოა მაინც ვერ მოხდეს ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევა. ერთ- ერთი სერიზული საკითხია ღირებულებით ნაწილი. ახალგაზრდების უმრავლესობა მიდის ერასმუსის გაცვლითი პროგრამებით, რამდენიმე ხანში სწორედ ეს თაობა მოვა საქართველოში მმართველობის სათაავებთან და მათთვის დემოკრატის არ არის ლიტონი სიტყვა. ისინი თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს პოსტ საბჭოთა ტიპის ნეიტრალიტეტში არ გაცვლიან. აქ ფაქტიურად არჩევანიც არ არის.. ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და იმას შორის, რასაც რუსეთი სთავაზობს საკუთარ მეზობლებს. არა მგონია ახალგაზრდების უმრავლესობა თანახმა იყოს, იცხოვროს ისეთ ავტორიტარულ და კორუმპირებულ გარემოში, როგორიც რუსეთშია. ასე რომ მხოლოდ ტერიტორიების პრობლემა არა გვაქვს, ღირებულებითი პრობლემებიც შემოდის ჩვენს ურთიერთობებში.

_______________

იხილეთ დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: