მთავარი,სიახლეები

გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“

05.11.2019 • 2247
გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“

„ეს პასუხი შეურაცხყოფაა. გამოდის, ტერორისტი ვარ?“ – კითხვა სახელმწიფოსთან გერმანიის მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება შრომით ბინადრობას არ აძლევს. ჯავჰარ აჰმედ შარიფი უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამშენებლო კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მთავარ ინჟინრად მუშაობს.

„იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში ბინადრობაზე უარის თქმა.

„ეს სტანდარტული და შაბლონური პასუხია, თუმცა არ მეგონა, თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქესაც ამას ჩაუწერდნენ“. – ამბობს კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ იურისტი, ამირან სიხარულიძე.

ამ კომპანიის დამფუძნებლები, ასევე, რამდენიმე მენეჯერი, ერაყიდან არიან. კომპანიამ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ბათუმში 2015 წლიდან დაიწყო. როგორც კომპანიის იურისტი ამბობს, აქამდე ერაყის მოქალაქეებს არაერთხელ შექმნიათ ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში კონკრეტულ დასაბუთებას ვერ იღებენ. სახელმწიფო მათ პასუხობს, რომ „უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მონაცემები საიდუმლოა.“

„მეც ერაყში ვარ დაბადებული, მაგრამ ახლა გერმანიის მოქალაქე ვარ… ერაყელებისგან განსხვავებით, მე საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ მჭირდება და არც ბინადრობა. უბრალოდ, წელიწადში ერთხელ უკან უნდა დავბრუნდე, მაგრამ ჩემს შრომას სჭირდება ლეგალიზება. ამიტომ მოვითხოვე შრომითი ბინადრობა, რაზეც უარი მივიღე. ეს პასუხი გაუგებარია. ჩვენ მოვითხოვეთ უფრო მეტი დასაბუთება, მაგრამ უარი გვითხრეს. თუ საფრთხეს ვუქმნი უსაფრთხოებას, წესით, უნდა დამაკავონ,“ – გვიყვება ჯავჰარ აჰმედ შარიფი. იგი აპირებს გერმანიის საელჩოს მიმართოს, თუმცა გადაწყვიტა მანამდე პრობლემის შესახებ მედიაში გაჟღერდეს. ჯავჰარი ბათუმში 2017 წლიდან ცხოვრობს.

ჯავჰარ აჰმედ შარიფი

რა უნდა გააკეთოს უცხო ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და გაუგებარი მიზეზით მას ბინადრობაზე უარს ეუბნებიან? – ამ კითხვით ჩვენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ.

აქ გვიპასუხეს, რომ კითხვას პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ უპასუხებდნენ და კიდევ: „ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს უწყებაზე, ბევრი უწყებაა ამაში ჩართული“, – გვითხრეს პრესცენტრში.

კითხვაზე პასუხის გაცემა ერაყის მოქალაქე ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანმა სცადა. ისიც სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. ბახტიიარი 2014 წლიდან ცხოვრობს ბათუმში, ქართველი ცოლი მოიყვანა და უკვე ქართულად საუბრობს. ბახტიიარმა სასამართლოს მიმართა – ასე გააპროტესტა იუსტიციის სამინისტროს უარი.

„დროებითი ბინადრობები მქონდა, მაგრამ შემდეგ უარი მითხრეს… მე აქ ყოფნა მინდა, მაგრამ არ მაჩერებენ. ორი შვილი მყავს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ქართული 6 თვეში ვისწავლე და ახლა კომპანიაში თარჯიმანიც მე ვარ.

სასამართლომ მითხრა, რომ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ შემდეგ ისევ უარი თქვეს იუსტიციაში. პოლიციელები იყვნენ მოსული ჩემს ბინაში, ყველაფერი გაჩხრიკეს. ახლა მხოლოდ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა მაქვს, რომელსაც ორ თვეში ვადა ეწურება,“- უთხრა „ბათუმელებს“ ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს განიხილა ბახტიიარის საქმე. მოსამართლე ნანა აფციაურმა ბათილად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს გადაწყვეტილება და ამ უწყებას დაავალა: „საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური, ადმინისტრაციული აქტი ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით“.

სასამართლოს გადაწყევტილების შემდეგ ბახტიიარს იუსტიციის სამინისტრომ ისევ იმავე დასაბუთებით უთხრა უარი ბინადრობაზე.

ბახტიიარ აჰმედ მაჰმუდ შვანი

ბახტიიარმა მუდმივი ცხოვრების ნებართვა ითხოვა, რადგან კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-15 მუხლის მიხედვით, „მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე“.

იურისტი ამირან სიხარულიძე ამბობს, რომ დახმარებისთვის ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა შედეგი არ ჩანს. „აცხადებენ, რომ ინვესტიციები სურთ, მაგრამ რეალობა ესაა,“ – დასძენს იურისტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ბინადრობას ვერ იღებს და უცნობია, რა არის უარის კონკრეტული მიზეზი. 2019 წლის დასაწყისში „ბათუმელები“ წერდა შაჰინ შაჰ ამრანის შესახებ, ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი აქვს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შაჰინს დროებითი ბინადრობა მისცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: