მთავარი,სიახლეები

რას იყიდი 10 ლარად: ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა, ყველი გაძვირდა – ნახეთ რამდენით

04.11.2019
რას იყიდი 10 ლარად: ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა, ყველი გაძვირდა – ნახეთ რამდენით

2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა 1  წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა პირველადი საჭიროების პროდუქტებზე, მაგალითად, გაძვირდა ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფაფა.

ასევე, ფასები შეცვალა სხვადასხვა მიმწოდებელმა. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონემ უთხრა, რომ კომპანია „ნატახტარმა“ თავის ყველა პროდუქციაზე ფასი 30-50 თეთრით გაზარდა. ეს ზრდა ეხება როგორც ლუდს, ისე ლიმონათს და სხვა უალკოჰოლო სასმელებს.

20 თეთრით გაძვირდა ზეთი „სლობოდა“. თუ აქამდე მაღაზიები 3,50 თეთრად იღებდნენ, ახლა ასაღები ფასი 3,70 ლარია, მომხმარებელს კი მასში 4 ლარის გადახდა მოუწევს.

50 თეთრით გაძვირდა 1 კილოგრამი წიწიბურა და ბრინჯი. თუ ადრე 2,50 ლარი ღირდა, ახლა მყიდველს მის შესაძენად მაღაზიებში 3 ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ბრენდირებულ შეკვრებს, ის სამ ლარზე მეტი – 3,50 ლარი ღირს. გაძვირდა ყველიც. 1 კილოგრამი ყველი მაღაზიაში 10- 10,50 ლარი ღირს.

ეს ფოტო ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტშია გადაღებული. მარკეტის მეპატრონეს თქმით, 10 დღის წინ ამ პროდუქტის შეძენა 8,50 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს, 4 ნოემბერს კი ამისთვის 10,50 ლარია საჭირო.

საქსტატის მიხედვით, სექტემბრის თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.7 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7 %), ზეთი და ცხიმი (1.6 %), თევზეული (1.4 %), ასევე, ხილი და ყურძენი (1.0 %).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის თანახმად, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა ჯგუფზე, კერძოდ:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პროდუქტებზე –  ხილი და ყურძენი (26.9 %), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 %), თევზეული (15.8 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 %), ასევე, პური და პურპროდუქტები (11.0 %).

1 წელში ხილი 26.9%-ით გაძვირდა

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 %).

გაძვირდა სხვადასხვა ფირმის ტკბილეულიც

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: