მთავარი,სიახლეები

მსოფლიო ჩემპიონი: ქალებს ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერები ვართ

05.11.2019 • 2502
მსოფლიო ჩემპიონი: ქალებს ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერები ვართ

მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, 18 წლის მარიამ ნოდიას, დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვდნენ. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამ ნოდიას უთხრა, რომ ის ბაკალავრის საფეხურის სწავლის გადასახადისგან მთლიანად გაათავისუფლა.

მწვრთნელის თქმით, მარიამმა „წლების მანძილზე დაუმარცხებელი“ კონკურენტი დაამარცხა, „კონკურენტი იყო თურქეთის მოქალაქე, რომელსაც არც ერთი წაგება არ ჰქონდა. მარიამი სამი წელიც არ არის, რაც მკლავჭიდში ვარჯიშობს, ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო,“ – თქვა გოჩა შავაძემ.

მარიამი ამბობს, რომ სპორტით ყოველთვის იყო დაინტერესებული და შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სახეობაში.

მარიამ ნოდია, მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მკლავჭიდში მონაწილეობა მკლავჭიდელმა დარინა ცეცხლაძემ შემოგვთავაზა სტუდენტებს. სურვილი მხოლოდ მე გამოვთქი. ვაპირებ, ამ სპორტს გავყვე და მაქსიმალური შედეგი მივიღო ორივე ხელში,“ – ამბობს მარიამი.

რას ნიშნავს, დაამარცხო წლების მანძილზე დაუმარცხებელი კონკურენტი? – ვეკითხებით მარიამს. მისი თქმით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რაც მისგან კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს.

მარიამი ამბობს, რომ მისი წარმატება სპორტის იმ სახეობაში, სადაც ძირითადად კაცები ასპარეზობენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქალიც ისეთივე ძლიერია, როგორც კაცი და ორივეს თანაბრად შეუძლია წარმატების მოპოვება. „ქალი და კაცი თანაბრად შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძლიერი. რა თქმა უნდა, გარკვეული სტერეოტიპების გამო ქალს უფრო ხშირად უწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერია“.

უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამი სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლა და შეხვედრის დროს უძველესი ქართული სამკაულების შესახებ წიგნი აჩუქა.

წლების შემდეგ წარმატებული ქალები, საზოგადოებრივი წნეხის თუ სტერეოტიპების გავლენით, თმობენ თავიანთ კარიერას, თუმცა მარიამი ამბობს, რომ ის არ აპირებს დათმობას.

„მე ვთქვი უარი იმ ადამიანზე, რომელიც მიყვარდა, იმის გამო, რომ წინააღმდეგი იყო ჩემი სპორტული კარიერის. არც მომავალში ვაპირებ უარი ვთქვა იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ცხოვრებაში,“ – ამბობს მარიამი „ბათუმელებთან“.

მარიამი ბათუმის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ეკოლოგიის სპეციალობაზე სწავლობს: „ვფიქრობ, ეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო, ბუნება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ვარჯიში და მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის პრიორიტეტი იყოს“, – ამბობს მარიამი.

მარიამ ნოდია მწვრთნელებთან ერთად უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის რექტორი მარიამს მხარდაჭერას დაჰპირდა. მერაბ ხალვაშმა მარიამს ძველი ქართული სამკაულების შესახებ წიგნი აჩუქა.

მარიამმა ქალთა შორის 19 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი 1-ელ ნოემბერს რუმინეთში გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: