მთავარი,სიახლეები

დავა სომხების გენოციდის ირგვლივ

05.11.2019 • 4673
დავა სომხების გენოციდის ირგვლივ

თარგმანი : მარიამ მუთიძე

პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი ხოცვა ოსმალელი თურქების მხრიდან დღემდე რჩება სენსიტიურ საკითხად.

თურქეთი წინააღმდეგია 1915-1916 წლების მოვლენები შეფასდეს გენოციდად, ისტორიკოსები კი კვლავ აგრძელებენ კამათს. ამ დროისთვის გახმაურებულია მრავალი ცნობა თურქეთის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე. 

ტრაგედია მედიის ობიექტივში ხელახლა მოექცა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ აღიარა სომხების გენოციდი. თურქეთმა დაგმო კენჭისყრა და შეაფასა ეს, როგორც უაზრო პოლიტიკური ნაბიჯი.

რა მოხდა?

არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია, რომ ასობით ათასი სომეხი დაიღუპა მაშინ, როცა ოსმალეთის თურქებმა მასობრივად განდევნეს ისინი აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიისა და მიმდებარე ტერიტორიებისკენ 1915-1916 წლებში. ისინი დაიხოცნენ შიმშილისა და დაავადებებისგან.

დაღუპულთა რაოდენობა საკამათოა. სომხური მხარე ამბობს, რომ დაიღუპა 1.5 მილიონი, თურქეთი კი – 300 000 ადამიანი. 

გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის  (IAGS) მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

2005 წლის წერილში, რომელიც IAGS-მა თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს გაუგზავნა, წერია: 

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ სომხები კი არ ითხოვენ გენოციდის აღიარებას, არამედ ის მეცნიერებიც, რომლებიც სწავლობენ და იკვლევენ გენოციდს.”

რა არის გენოციდი?

გაეროს 1948 წლის გენოციდის შესახებ მიღებული კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, გენოციდი განსაზღვრულია როგორც აქტი, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი.

იყო სისტემატური მკვლელობები?

დავა არის იმ საკითხთან მიმართებაში, რამდენად იყო ეს მკვლელობების სერია წინასწარ დაგეგმილი.

ბევრ ისტორიკოსს, პოლიტიკოსსა და სომეხ ხალხს სჯერა, რომ ასე იყო, მაგრამ რიგი მკვლევარებისთვის ეს საკითხი დღემდე საკამათოა.

რაფაელ ლემკინი იყო ებრაელი იურისტი, რომელმაც პირველად გამოიყენა სიტყვა “გენოციდი” 1943 წელს. სიტყვის განმარტებისას ის  ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების ხოცვასთან ერთად მოიხსენიებდა სომხების მიმართ განხორციელებულ სისასტიკესაც.

თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ სისასტიკე ჩაიდინეს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ეს არ ყოფილა ქრისტიანი სომხების მიზანმიმართული სისტემატური ხოცვა. თურქეთი ამბობს, რომ ამ არეულობას მრავალი უდანაშაულო მუსლიმიც შეეწირა.

თავის ქალები განადგურებული სომხური სოფლიდან. წყარო: სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი

როგორი იყო პოლიტიკური კონტექსტი?

1908 წელს ოსმალეთის იმპერიაში ძალაუფლება მოიპოვა “ერთიანობისა და პროგრესის პარტიამ”, იგივე “ახალგაზრდა თურქებმა”. ისინი კონსტიტუციონალისტები იყვნენ და სურდათ სულთან აბდულჰამიდ II-ს რეჟიმის დამხობა. შემდგომში “ახალგაზრდა თურქებმა” გაატარეს რიგი ღონისძიებები სომხების წინააღმდეგ. იმ ფონზე, რომ ოსმალეთის იმპერია გამუდმებული კონფლიქტების გამო ნელ-ნელა იშლებოდა, „ახალგაზრდა თურქები“ ომში 1914 წელს გერმანიის მხარეს ჩაებნენ.

იმ დროს თურქული პროპაგანდა სომხებს დივერსანტებად და პრორუსულ “მეხუთე კოლონად” (ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ) რაცხდა.

1915 წლის 24 აპრილს სომხები მოიხსენიებენ მათ მიმართ გენოციდის დაწყების დღედ. ამ დღეს ოსმალეთის მაშინდელმა მთავრობამ დააპატიმრა 50 სომეხი ინტელექტუალი და საჯარო პირი. შემდგომში ისინი სიკვდილით დასაჯეს.

ოსმალეთის ჯარში მომსახურე სომხები განაიარაღეს და დახოცეს. სომხების საკუთრებას კონფისკაცია გაუკეთეს.

აგო თუ არა ვინმემ პასუხი?

1919-1920 წლებში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაასამართლეს განსაკუთრებული სისასტიკისთვის. ადგილობრივი მმართველი მეჰმედ ქემალი დამნაშავედ ცნეს და ჩამოახრჩვეს სომეხთა მასობრივი მკვლელობისთვის ცენტრალური ანატოლიის იოზგათის რაიონში.

1918 წლის ნოემბერში „ახალგაზრდა თურქთა“ მმართველი ტრიუმვირატი იგივე “სამი ფაშა” უცხოეთში გაიქცა, მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი.

ისტორიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სასამართლო პროცესები და წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი. ასევე ის, თუ რამდენად მოისურვა თურქულმა მხარემ გამარჯვებულების დასჯა.

ვინ ცნობს გენოციდს და ვინ არა?

არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუსეთი და ურუგვაი იმ 20-ზე მეტ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს გენოციდი სომეხთა წინააღმდეგ.

გენოციდი აღიარეს ასევე ევროპარლამენტმა და გაეროს დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიამ.

დიდი ბრიტანეთი, აშშ და ისრაელი ტერმინოლოგიას იყენებენ მოვლენების აღწერისთვის.

თურქეთმა აღშფოთება გამოხატა მაშინ, როცა 100 წლის თავზე პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ ეს იყო “ მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი”.

თურქეთმა თავისი ელჩი გამოიწვია ვატიკანიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ პაპმა დისკრიმინაციულად გამოკვეთა პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ ქრისტიანების, კერძოდ, სომხების დაღუპვა და არად ჩააგდო მუსლიმების როლი.

2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის მიერ გენოციდად აღიარება თურქეთმა “ბათილად და ძალის არმქონედ” გამოაცხადა – თქვა, რომ ეს ნაბიჯი არის შურისძიება მათ მიერ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ წამოწყებული საკამათო სამხედრო ოპერაციისთვის. მათ ანკარაში დაიბარეს აშშ-ს ელჩი უკმაყოფილების გამოსახატად.

ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატა ერთხმად მივიდა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილებამდე. აქამდე ხელშემშლელი იყო თურქეთთან შესაძლო კონფლიქტის გამოწვევა, ასევე, ნატოს მოკავშირეობა და თურქეთის აქტიურობა გენოციდის არაღიარების საკითხში. 

2006 წელს თურქეთმა გააკრიტიკა საფრანგეთის პარლამენტი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ დანაშაულად ეცნოთ სომხების გენოციდის არაღიარება. ეს კანონპროექტი ჩავარდა, თუმცა ამის მიუხედავად თურქეთმა გაწყვიტა სამხედრო კავშირები საფრანგეთთან. 

2011 წლის დეკემბერში თურქების აღშფოთების მიუხედავად, ზოგიერთმა დეპუტატმა მმართველი ცენტრისტულ-მემარჯვენე ფლანგიდან განაახლა სომეხთა გენოციდის კანონპროექტი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ზედა პალატამ – სენატმა. თუმცა 2012 წლის იანვარში საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, საკონსტიტუციო საბჭომ კანონპროექტი უარყო.

რა გავლენას ახდენს ეს პროცესები პოლიტიკაზე?

მკვლელობების სერია სომხების თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ასევე კრავს დიასპორებს. სომხები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაქსაქსული ხალხია.

თურქეთში საჯარო დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით აკრძალულია. სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლი, “თურქეთის შეურაცხყოფის შესახებ” გამოყენებულია ცნობილი მწერლების დევნისთვის, რომლებიც ხაზს უსვამენ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს.

მათ შორის არიან ორჰან ფამუქი და ჰრანტ დინკი. ეს უკანასკნელი 2007 წელს 17 წლის ულტრამემარჯვენე ახალგაზრდამ ოგიუნ სამასტმა მოკლა. ის 2011 წელს, 23 წლის ასაკში დააკავეს ორენოვანი გამოცემის სომხური წარმოშობის რედაქტორის, დინკის მკვლელობის გამო.

ჟურნალისტ ჰრანტ დინკის მემორიალი. წყარო www.almasdarnews.com

ევროკავშირმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან გენოციდის არაღიარება ბლოკში შესვლის ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნებოდა. 

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა კვლავ გაყინულია?

მტრობის მრავალი ათწლეულის შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა მცირედით დათბა, როცა 2009 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრის გახსნაზე.

თუმცა შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არც ერთი მხარის პარლამენტში არ მომხდარა. ოფიციალური ანკარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხეთს გარიგების პირობების შეცვლაში ადანაშაულებს.

ურთიერთობის აღდგენაში დამამძიმებელი ფაქტორია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ოფიციალური თურქეთი ამ დავაში აზერბაიჯანის მხარესაა. ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მიწა სომხებითაა დასახლებული. ერებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1990-იან წლებში დაიწყო.

წყარო:  BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: