ავარია ბათუმში – საავადმყოფოში გადაყვანილია 2 მცირეწლოვანი ბავშვი

ავტოავარია მოხდა დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი – 10 თვის და 1 წლის ბავშვები არიან, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვებს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა მათზე მონიტორინგი გრძელდება.

ასევე, ავარიის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ერთი კაცი გადაიყვანა თავის არეში ჭრილობით კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პროკურატურა კერზაიას საქმეზე სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას ამ საქმეზე.

პროკურატურას მიაჩნია, რომ სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც  სცდება.

„სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე პირის უფლება. საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  განმარტავს, რომ  სრულად გაუგებარია  სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19  დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.

ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძიების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა,“- აცხადებს პროკურატურა.

მათი განცხადებით, პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო  2019 წლის 11 თებერვალს.
„რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად,  გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, ეს მტკიცებულება მოეპოვებინა“.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს იმ ვითარებაში,  როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა აცხადებს, რომ

მან „გამოიჩინა კეთილი ნება“ და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი  თხოვნის გათვალისწინებით. „რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ  საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე“.

საქართველოს პროკურატურა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.
„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე  ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხა ყველა  პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდათ მომხდართან, რასაც  ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო, უკანონო მოპყრობასთან“ და გამოძიება დანაშაულის არარსებობს გამო შეწყდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების  ფარგლებს და „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი  განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას“.

ბათუმში მიუსაფარი ბავშვებისთვის „კრიზისული ცენტრი“ მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ბავშვებისთვის ე.წ. კრიზისული ცენტრი მოეწყობა. საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ოჯახში ძალადობის გამო.

„ბავშვების მდგომარეობას მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეაფასებს. ამ ჯგუფში იმუშავებენ: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი. ეს ჯგუფი დააკავშირებს არასრულწლოვანს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი დღით შეიძლება გაჩერდეს მოზარდი ცენტრში,“ – გვითხრა თიკო აბაშიძემ, ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელმა. ამ ორგანიზაციას აჭარის მთავრობა უზუფრუქტის წესით, 10 წლის ვადით გადასცემს სახელმწიფო ფართობს ცენტრის მოსაწყობად. გადაწყვეტილება დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თიკო აბაშიძის განმარტებით, „კრიზისულ ცენტრს“ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება, რაც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთდება. ცენტრის დაფინანსების თანამონაწილე ასევე იქნება სახელმწიფო, რომელიც დაფინანსებას თავშესაფარზე იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მას არასამთავრობო ორგანიზაცია მოაწყობს.

„ჩვენ ხუთი წელია ვითხოვდით ამას… ჩვენს ოფისში, რომელიც აქამდე ნაქირავები გვქონდა, არაერთხელ წაგვიყვანია ქუჩაში დარჩენილი ბავშვები. კრიზისულ ცენტრს ვერ ვხსნიდით, რადგან ფართობი არ გვქონდა,“ – ამბობს თიკო აბაშიძე.

„კრიზისულ ცენტრში“ ერთდროულად 10 მოზარდის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ფონდ „იალქანის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცენტრი მოემსახურება იმ ბავშვებსაც, რომლებიც სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

„ამ დროისთვის ბათუმში ასეთი  56 ბავშვია, თუმცა მონაცემი ყოველდღიურად იცვლება,“ – დასძენს  თიკო აბაშიძე.

მთავარი ფოტო: ბავშვები, რომლებიც ზაფხულში ქუჩაში ათევენ ღამეს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარაში 341 ათოსანს კომპიუტერი გადასცეს

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში 341 მეათეკლასელი კომპიუტერით დააჯილდოვეს. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისი წლიური აკადემიური შეფასებაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე.

სახელმწიფო კომპიუტერებს საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის ათოსნებს გადასცემს.

ათოსნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ვისაც კომპიუტერები გადასცეს:

[checklist]

  • ბათუმში: 119 მოსწავლე
  • ხელვაჩაურში: 35 მოსწავლე
  • ქედაში: 18 მოსწავლე
  • შუახევში: 29 მოსწავლე
  • ხულოში: 68 მოსწავლე
  • ქობულეთში: 72 მოსწავლე

[/checklist]

სამინისტროს განცხადებით, კომპიუტერების ჩუქების მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

ათოსან მოსწავლეს კომპიუტერი მხოლოდ ერთხელ გადაეცემა საჩუქრად, საბაზო საფეხურის ბოლო სამი წლის აკადემიური შედეგების საფუძველზე.

აჭარაში 341 მოსწავლეს კომპიუტერი გადასცეს

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ქობულეთის პლაჟთან მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს

შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტი“  ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, აბაშიძის #90-ის მიმდებარედ, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.

პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა, რადგან ტერიტორია, სადაც  ინვესტორს კომპლესის მშენებლობა სურს, ძეგლის დაცვის ზონაშია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 10 495 კვადრატული მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადება მოუწევს, რაზეც შემდგომში ქობულეთის საკრებულომ უნდა იმჯელოს, შემდეგ კი ნებართვას მშენებლობაზე მერი გასცემს.

ეს ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთზე მრავალწლოვანი ნარგავებია, რომლებიც შესაძლოა მშენებლობას შეეწიროს.

შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ საქართველოში 2015 წელს დააფუძნეს, კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა.

_____________

ფოტოზე: პროექტის რენდერი

ამავე თემაზე: 

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

ხანძრის შედეგად სახლის დაწვის შემთხვევაში აჭარის მთავრობა ოჯახს 15 000 ლარით დაეხმარება

აჭარის ამთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის.

ხანძრის შედეგად სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში – 10 000 ლარი.

კანონში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ დღეს, 29 ნოემბერს, მიიღო.

2019 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაეწია, გამოყოფილმა თანხამ 197 843 ლარი შეადგინა.

__________

ფოტოზე: ხანძარი ხულოში. ფოტო არქივიდან.

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა.

„კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია და ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღნიშნული სექტორის დაფინანსების კუთხით. თიბისის წილი FMCG სექტორის დაფინანსებაში  367 მილიონ ლარს შეადგენს.“ – ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის მოცულობა 9,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები – ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8,1 მილიარდ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუკი ზრდა წინა წლებში უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი და მაღალი აქტივობა ზაფხულის პერიოდში.“ – თორნიკე კორძაია, თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსი.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

ლაშა კომახიძის კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი – რატომ ვერ შეიქმნა ბიზნესცენტრი

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა ბათუმის ბიზნესცენტრის შექმნაზე ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ორი წლის წინ დამტკიცებული პროგრამით ბიზნესცენტრისთვის ჯამში 5 მილიონ 250 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან, 2018-2019 წლებში – 3 მილიონ 50 ათასი ლარი.

„ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით ქალაქის ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ არის დახარჯული. ამასთან, ბიზნესცენტრის დაპროექტებისთვის მერიამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება გასულ წელს 34 500 ლარზე გააფორმა, თუმცა მერიას დღემდე არც ეს პროექტი ჩაჰბარებია.

2020 წლისთვის დასამტკიცებელი იმავე პროგრამის მიხედვით, ბიზნესცენტრის შექმნისთვის 5 მილიონის ნაცვლად ჯამში მხოლოდ 150 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ათვისება კი 2021 წლიდან უნდა დაიწყოს. სწორედ ამ წელს ეწურება უფლებამოსილების ვადა ლაშა კომახიძეს, როგორც არჩეულ მერს, არადა, ამ პროექტის განხორციელება მან მერად არჩევიდან მალევე დააანონსა.

ბათუმის მერია ბიზნესცენტრის შექმნას ინდუსტრიულ ზონაში, მდინარე ჭოროხის პირას, 5 ჰექტარზე გეგმავდა და პროექტირებაზეც ტენდერი 50 ათასი ლარით გამოაცხადა.

ხელშეკრულება კომპანია „ხობი 2005“-თან 2018 წლის 23 მაისს გაფორმდა. 34 500 ლარზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმის მერიას ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2018 წლის ივლისში [ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში] უნდა მიეღო, თუმცა დღემდე არ მიუღია. ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 4-ჯერ შევიდა.

ცვლილებების მიზეზი, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ტერიტორია გახდა, უფრო სწორად, იმ ტერიტორიის არარსებობა, სადაც უნდა დაპროექტებულიყო ბიზნესცენტრი. მერიამ თავდაპირველად შერჩეულ ადგილზე უარი თქვა. რატომ გადაიფიქრა მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრის აშენება? – ამ კითხვით მერიას 2018 წლის აგვისტოში მივმართეთ.

„ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდიოდით კონსულტაციებს შერჩეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაზეც უარი ვთქვით და გადავერთეთ მომიჯნავე ტერიტორიაზე. ამავე დროს იქ გადის შემოვლითი გზა და ამ ფაქტორიდან გამომდინარე მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა“, – მოგვწერეს შარშან მერიის პრესსამსახურიდან.

ამონარიდი ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების 2019 წლის 10 ივნისის ოქმიდან:

„იქედან გამომდინარე, რომ N-1 მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ დროში ვერ მოხერხდა ბიზნეს-ცენტრის განთავსების ადგილის შერჩევა, 2018 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა N-2 მხარეთა შეთანხმება და შევიდა ცვლილებები ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი, თუმცა გათვალისწინებულ დროშიც ვერ მოხერხდა ადგილმდებარეობის შერჩევა.
საბოლოოდ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განისაზღვრა ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნეს ცენტრის განთავსების ადგილი და გაფორმდა N-3 მხარეთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
ვინაიდან გამოყოფილი ტერიტორია დაჭაობებულ მდგომარეობაშია და საჭიროებს დეტალურ გეოლოგიურ გამოკვლევებს, რომლის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა დამატებით სახსრების მოძიება, აუცილებლობიდან გამომდინარე ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვროს 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. რაც შეეხება ხელშეკრულების საერთო ღირებულებას [34 500 ლარი] დარჩეს უცვლელი“.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დღეს, 29 ნოემბერსაც, ვკითხეთ ტერიტორიის მისამართი, სადაც ბიზნესცენტრი უნდა დაპროექტდეს. უწყებამ მისამართი არ გვითხრა.

„ინფორმაცია, როგორც საჯარო, შეგიძლიათ ბათუმის მერიისგან წერილობით გამოითხოვოთ“, – დაგვარიგეს სამმართველოს პრესსამსახურში. იგივე გვითხრეს უშუალოდ მერიის პრესსამსახურშიც.

ინფორმაცია „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა იმ პირობით, რომ პასუხს დაუყოვნებლივ მოგვწერდნენ, თუმცა ინფორმაცია სტატიის გამოქვეყნებამდე ვერც წერილობით მივიღეთ და ვერც ზეპირად.

შესყიდვების პორტალის მონაცემებით, მერიის ბიუჯეტიდან კომპანიისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ არის.

დასრულდება თუ არა 15 დეკემბრამდე ბიზნესცენტრის პროექტირება? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ კომპანიას.

„ჯერ არის კონცეფცია შემუშავებული და მიმდინარეობს პროექტირება, ეს არ არის სათამაშო პროექტი, მოგეხსენებათ. ასე, რომ მუშაობის პროცესში ვართ. ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით და ვერც დაგიდასტურებთ“, – გვითხრეს „ხობი 2005“-ში.

რაც შეეხება ტერიტორიას, როგორც „ხობი 2005“-ში გვითხრეს, ის ბათუმის მერიის სასაწყობე მეურნეობასთან ახლოს მდებარეობს. საკადასტრო კოდი ამ დროისთვის ვერც კომპანიაში მოგვაწოდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სასაწყობე მეურნეობა აეროპორტის გზატკეცილის N257-შია განთავსებული, თუმცა საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ მისამართზე არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას ეკუთვნის.

ამჯერად, მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს იმ ქონების საკადასტრო კოდი მოვთხოვეთ, სადაც მერიის საწყობია განთავსებული. მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ და სასაწყობე მეურნეობა [ამ კოდისა და საჯარო რეესტრის მონაცემების შეჯერებით] მდებარეობს აეროპორტის გზატკეცილის N257 ა-ში, თუმცა ამავე რეესტრის მონაცემებით, ის მერიის საკუთრებად არ არის დარეგისტრირებული.

ამ ტერიტორიის მიმდებარედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 4 ნაკვეთია. ვიდრე მერია შესაბამის [უკვე წერილობითაც მოთხოვნილ] ინფორმაციას არ მოგვაწვდის, უცნობია იგეგმება თუ არა რომელიმე მათგანზე ბიზნესცენტრის დაპროექტება.

მიწის ნაკვეთები აეროპორტის გზატკეცილთან ბათუმში: ნაკვეთი N1 – მერიის ინფორმაციით აქ სასაწყობე მეურნეობაა და მიწა ბათუმის საკუთრებაშია, თუმცა რეესტრის მიხედვით ამ ნაკვეთს ამ დროისთვის [29.11.2029] მესაკუთრე არ ჰყავს; ნაკვეთები NN 2,3,4 და 5, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

ბათუმის მერიის პროგრამის ტრანსფორმაცია, რომელიც ბიზნესცენტრის შექმნას ითვალისწინებს

„ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა 2018-2021 წლებში უნდა განხორციელებულიყო, პროგრამისთვის სულ 5 920 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროგრამა მოიცავდა:

  • ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას [სულ 5,25 მილიონი ლარი];
  • მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების სტიმულირებას [300 ათასი ლარი];
  • საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობას [40 ათასი ლარი];
  • ფორუმების ორგანიზებას [330 ათასი ლარი].
წყარო: 2018 წლის პროგრამა

ვინაიდან ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში უშუალოდ ბიზნესცენტრის შექმნის საკითხია, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლისთვის დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ცენტრის შექმნას 50 ათასი ლარი უნდა მოხმარებოდა, რაც არ შესრულდა. ამავე პროგრამით, 3 მილიონი ლარი უნდა მოხმარებოდა ბიზნესცენტრის შექმნას, თუმცა 2019 წელს არც ეს შესრულდა.

2019 წლისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტმა იგივე პროგრამა დაამტკიცა, თუმცა პროგრამის ბიუჯეტი 5,92 მილიონი ლარიდან შემცირდა 330 ათას ლარამდე.

წყარო: 2019 წლის პროგრამა

ამ პროგრამით 2019 წელს ბიზნესცენტრის შექმნისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი.

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა 1 მილიონ 280 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს. პროექტით 2020 წელს ბიზნესცენტრის შექმნისთვის თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ახალი პროგრამით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ბათუმის მერიის მიერ ბიზნესცენტრის შექმნისთვის თანხა 2018 წელთან შედარებით 5,1 მილიონი ლარით აქვს შემცირებული – 150 ათასი ლარია, ნაცვლად 5 მილიონ 250 ათასი ლარისა. პროგრამით ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი ბათუმში 2021-2023 წლებში უნდა შეიქმნას:

წყარო: 2020 წლის პროგრამა [ბიუჯეტის პროექტიდან]
2018 წელს დამტკიცებული პროგრამის მიხედვით:

[crosslist]

  • „ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი [ინკუბატორი] იქნება კომუნიკაციებით [გზა, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი…] უზრუნველყოფილი საწარმოო სივრცეების [ე.წ. საწარმოო შენობების – „ბოქსების“] ერთობლიობა, სადაც დამწყებ ან მოქმედ მცირე მეწარმეს შესაძლებლობა ექნება, განათავსოს წარმოების ხაზი და შეუდგეს მის ოპერირებას სპეციალური შეღავათიანი იჯარის პირობებში…“
  • „პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიის მხრიდან განხორციელდება ტერიტორიის შერჩევა და პირობიანი აუქციონის წესით გასხვისება საერთაშორისო ბიზნესინკუბატორის მშენებლობისა და ოპერირების უზრუნველსაყოფად. აუქციონის პირობებში გათვალისწინებული იქნება ისეთი სავალდებულო საკითხები, როგორიცაა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება და მოზიდვა, ადგილობრივი კადრების დასაქმება. საერთაშორისო ბიზნესინკუბატორით დაინტერესებულ საერთაშორისო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ კომუნიკაციებით უზრუნველყოფილი საოფისე სივრცით“.

[/crosslist]

ამდაგვარი რამ საერთოდ არ წერია არც 2019 წლისთვის დამტკიცებულ და არც 2020 წლისთვის დასამტკიცებელ ანალოგიურ პროგრამებში. უშუალოდ პროგრამის განხორციელების პერიოდი კი, რომელიც 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, 2023 წლამდეა გაზრდილი.

ამ თემაზე:

ოთხი იდეა, რომლებიც ლაშა კომახიძემ მერად არჩევის შემდეგ დააანონსა, მაგრამ ვერ განახორციელა:

ბათუმის მერის გაყინული იდეა

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

როდის გამოაცხადებს მერია ტენდერს სივრცით-ტერიტორიული სქემის მომზადებაზე

მერიის პროექტი ძველი ბათუმის ეზოების მოწყობაზე ამ დრომდე ვერ შედგა

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

დემოკრატიის ინსტიტუტი 1188 ყოფილ პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარა – NGO-ს 3 წლის შედეგი

29 ნოემბერს რედისონ ბლუ ბათუმში ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების“ მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები ჩართულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან: აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელო – ზემო სვანეთიდან.

პროექტის მრავალფეროვანი სერვისებით  ჯამში 1188 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან: 696 ყოფილი პატიმარი იყო, 197 – პატიმრის ოჯახის წევრი, 295 კი – პრობაციონერი. რეგიონების მიხედვით პროექტში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

აჭარიდან ჩაერთო 375  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, გურიიდან – 118, სამეგრელო ზემო-სვანეთიდან – 409, იმერეთიდან კი – 252.

პროექტი სამი წელი გრძელდებოდა და ბენეფიციარებისთვის ყველა სერვისი უფასო იყო. თითქმის ყველას გაეწია იურიდიული დახმარება, რიგ შემთხვევაში კონსულტაციას იღებდნენ ბენეფიციარები, სწავლობდნენ სარჩელისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

დასაქმება

ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, რაც მათთვის მთავარი ხელშემშლელია საზოგადოებაში დაბრუნების პროცესში. ბენეფიციართა დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში გაიხსნა ოთხი სოციალური საწარმო, სადაც 23 ბენეფიციარი დასაქმდა, მათგან 18 კაცი და 8 ქალი. ქაღალდის პარკების და გრავირების საამქროები გურიაში გაიხსნა, იმერეთში კი კენკროვანების სათბური და გათბობა-გაგრილების სისტემების საწარმო ამოქმედდა.

 

გრანტი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

ავტომანქანების შეკეთება, ელექტროშედუღება, ავეჯის დამზადება, საიუველირო საქმე, ხეზე კვეთა, თექა, კერვა, ხატვა, სუვენირების დამზადება და საიუველირო საქმე – ეს იმ საქმიანობის ჩამონათვალია, რისი საშუალებითაც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარების ნაწილი ყოველთვიურ ანაზღაურებას გამოიმუშავებს.

ბენეფიციართა ნაწილს საპატიმროში მოხვედრამდე ჰქონდა მცირე ბიზნესი ან ეწეოდა ხელოსნობას, თუმცა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ამგვარ საქმიანობაშიც სჭირდებდათ მათ მხარდაჭერა. ზოგს სახელოსნო ჰქონდა და არ ჰქონდა სამუშაო იარაღები, ზოგს კი სახელოსნოს გამართვისთვის გამოუყვეს გრანტი.

სოფლად მცხოვრები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის ხშირად ხელსაყრელი იყო სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის, კერძოდ, მეფუტკრეობის, მემწვანილეობის, მესაქონლეობისა და თხილის მეურნეობის მხარდაჭერა.

შემოსავლის წყაროდ ქცევისთვის ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის გასაფართოებლად გრანტი 59-მა ბენეფიციარმა მიიღო.

 

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ-სემინარები

ხშირად პროექტში ჩართულ პირებს სჭირდებოდათ თეორიული ცოდნის მიღება ახალი საქმიანობის დასაწყებად, უკვე დაწყებული საქმის პოპულარიზაციისთვის ან, უბრალოდ, ენის კურსები  დასაქმების ძიებისას ახალი უნარების შესაძენად. ყოფილმა პატიმრებმა სხვადასხვა დროს მოისმინეს სემინარები და გაიარეს შემდეგი სასწავლო კურსები:

  • სამუშაოს მოძიება და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (გაიარა 217-მა ბენეფიციარმა)
  • მცირე ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება (გაიარა 413-მა ბენეფიციარმა)
  • სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოების სტანდარტები (გაიარა 80-მა ბენეფიციარმა)
  • ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია (გაიარა 85-მა ბენეფიციარმა)
  • რესურსების დაზოგვა და სწორად მართვა (გაიარა 39-მა ბენეფიციარმა)
  • მართვის მოწმობის თეორიული კურსი (გაიარა 27-მა ბენეფიციარმა)
  • პროექტში ჩართულმა ბენეფიციარებმა სურვილისამებრ გაიარეს ასევე ინგლისური ენის, სამშენებლო საქმის და ავტოხელოსნობის შემსწავლელი კურსები.

 

სამედიცინო მხარდაჭერა

,,წლებია ექიმთან არ ვყოფილვარ, დღეს გამოკვლევებზე პირველად ვარ“, – გვითხრა ყოფილი პატიმრის მეუღლემ, რომელმაც პროგრამით ორგანიზებულ სამედიცინო აქციაში მიიღო მონაწილეობა. სამი წლის განმავლობაში ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით არაერთი ასეთი დღე მოაწყო, მათ შორის:

  • ექიმების კონსულტაცია და უფასო სამედიცინო გამოკვლევები
  • ოფთალმოლოგიური კვლევები
  • სამკურნალო დანიშნულების მედიკამენტების შეძენა
  • ადვოკატირება და გადამისამართება ჯანდაცვის უფასო სერვისებით სარგებლობისთვის

 

საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებები

,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ტიპის აქტივობებს ხშირად გეგმავდა არამხოლოდ ყოფილი პატიმრების, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და ბავშვებისთვის. პროექტის მიმდინარეობისას ყოველ ახალ წელს პატარები იღებდნენ საჩუქრებს, ტკბილეულს, საახალწლო აქსესუარებს. მათ ჰქონდათ დასამახსოვრებელი დღეები მაკდონალდსში, ასევე, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო ნივთები და სადღესასწაულო საღამოები.

პროექტში ჩართული ოჯახები ესწრებოდნენ კინოსა და თეატრში წარმოდგენებს, სხვადასხვა ვორქშოფს, მაგალითად, სამხატვრო სკოლაში, სადაც დიდები და პატარები ერთად გაეცნენ თიხაზე მუშაობისა და ძერწვის პრინციპებს. მოეწყო ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო და გაიმართა ბენეფიციარის ნამუშევრების გამოფენა, სადაც ხეზე კვეთის პრინციპით შესრულებული ნახატები იყო წარმოდგენილი.

გაზაფხულ-ზაფხულში ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები ბენეფიციარებს შორის, ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და ა.შ.

ამგვარ შეხვედრებს ყოფილი პატიმრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, განსატვირთად და სიახლეების აღმოსაჩენად.

,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ სამი წლის განმავლობაში ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,ფონდი აფხაზინტერკონტი“, ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ და ,,ფონდი თანაზიარი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირი.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რა თქვა მოწმემ, რომელიც ერმაკოვთან შეხვედრას ესწრებოდა

“ბატონო პროკურორო, თქვენთან უფრო ვსინჯავდი მორიგებას, ვიდრე გიორგი ერმაკოვთან… ერმაკოვთან არც ღირს, რამე სცადო,” – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს მოწმე ირაკლი ხარაძემ. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმის ყოფილი მერის – გიორგი ერმაკოვის მეგობარია და ესწრებოდა იმ ბიზნესმენის [კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელი] ქალაქის მერთან შეხვედრას, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა.

“ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე” დასრულების ეტაპზეა. რამდენიმე სხდომის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. დღევანდელ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ბრალდებულები სასამართლოს მოწმის სახით ჩვენებებს არ მისცემენ.

მოწმის სახით დაკითხულმა ირაკლი ხარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ იგი გიორგი ერმაკოვის მეგობარი არ არის.

“ჩვენი მამები მეგობრობდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ… მე და გიორგი უბრალოდ ვიცნობთ ერთმანეთს, ვესალმებით, რესტორნებში არ დავდიოდით ერთად და არ ვძმაკაცობდით…” – თქვა ირაკლი ხარაძემ.

“თუ არ მეგობრობდით ერმაკოვთან და “იაფი სახლის” პროექტთანაც არანაირი შეხება არ გქონიათ, რატომ შეხვდით ერმაკოვს და არჩილ ვანაძეს ამ საქმეზე?” – დაინტერესდა პროკურორი რამაზ შავაძე. კითხვა რამდენიმე ადვოკატმა ერთდროულად გააპროტესტა.

“მან თქვა, რომ შემთხვევით გაყვა…” – აღნიშნა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროკურორის შეკითხვა დამაბნეველი იყო, რადგან შეხვედრა ერმაკოვთან “რამდენჯერმე” არ შემდგარა.

ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორის კითხვის განრიდებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მოწმეს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

ირაკლი ხარაძემ განმარტა, რომ ის სხვა პროექტებში იყო ჩართული, რასაც “კონვენტ ჯორჯია” საქართველოში ახორციელებდა.

“ანარი [კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელი – ავტ.] ამბობდა თანხას არ მირიცხავენო… ეს როცა გაირკვევა, ბათუმის მშენებლობას მერე შენ ჩაგაბარებო, ასე მეუბნებოდა… თავდაპირველად შევხვდით არჩილ ვანაძეს. მე მხოლოდ თარჯიმანივით ვიყავი, რაც შეეხება ერმაკოვთან შეხვედრას, იქ სხვა თანამდებობის პირებიც იყვნენ… მე მოსასმენად ჩამოვედი იმ შეხვედრაზე მხოლოდ,” – თქვა ირაკლი ხარაძემ.

“მანამდე არ შეხვედრიხართ ერმაკოვს? არც ტელეფონზე გისაუბრიათ?” – ჩაეძია მოწმეს პროკურორი რამაზ შავაძე.

“ტელეფონით კი ვესაუბრე… რადგან ანარი ამბობდა, რომ ბათუმის მშენებლობას მე ჩამაბარებდა, მაშინ დავურეკე გიორგი ერმაკოვს და უბრალოდ ვკითხე, მას მართლაც ჰქონდა თუ არა მოგებული ეს ტენდერი…” – უპასუხა პროკურორს მოწმემ.

ირაკლი ხარაძის თქმით, გიორგი ერმაკოვის ბიზნესმენთან შეხვედრის ინიციატორი თვითონ არ ყოფილა.

“ვეუბნებოდი ანარს, მე რომ წამოგყვე, უარესი იქნება-მეთქი… მაინც დაიჟინა ანარმა, წამოდი, წამოდიო… საერთოდ, ანარი არავის აზრს არ ითვალისწინებდა”, – განაცხადა მოწმემ და პროკურორებს გახედა.

“არ ითვალისწინებდა და ორჯერ წაგიყვანათ საქმიანი ურთიერთობის გასარკვევად?” – უკან არ დაიხია პროკურორმა.

“გასარკვევად არა, მე იქ მოსასმენად მივედი,” – მიუგო პროკურორს ირაკლი ხარაძემ.

ირაკლი ხარაძე დაცვის მხარის მოწმეა. მან ჩვენების მიცემის დროს პროკურატურის მიერ წარდგენილ ერთ-ერთ მოწმეზე – ვახტანგ ჩიქოვანზეც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ “კონვენტ ჯორჯია” გიორგი ერმაკოვთან სწორედ ირაკლი ხარაძემ დააკავშირა. ვახტანგ ჩიქოვანიც “კონვენტ ჯორჯიას” თანამშრომელი იყო.

“ეს არაა სწორი, არ ვიცი, რატომ თქვა ეს…” – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ხარაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში ტენდერის მოგების შემდეგ ჩაერთო.

“საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოწმე ჩიქოვანმა ეს თქვა სასამართლოში?” – იკითხა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

“ბათუმელებში” წავიკითხე,”- დასძინა მოწმემ.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე. 16 ოქტომბრის სხდომაზე კი, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა.

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

„გამოძიებაში ვლინდება სისტემური ხარვეზი“ – სახალხო დამცველი კერზაიას საქმეზე

სახალხო დამცველის აპარატმა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა დაგვიანებით, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

„საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს.

გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური „მოკვლევის“ ან „წინასაგამოძიებო მოქმედების“ ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის კვლევაში.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა მიიჩნევდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას“.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ლავრენტი ქირიამ.

მისი საჩივრის საფუძველზე, 9-15 ნოემბერს, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლას ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. „რეკომენდაცია სკოლის სამეთვალყურეო საბჭომ არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევები მოკლე დროში აღმოფხვრადი იყო. აღსანიშნავია, რომ გამოძიების შედეგად, ამ სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა არ დადასტურდა“, – წერის სახალხო დამცველის კვლევაში.

ია კერზაიამ ჯერ კიდევ 2018 წლის 26-27 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 19 დეკემბერს მისმა შვილმა ბაჩანა შენგელიამ, პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

შეფასებაში ნათქვამია, რომ დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. „სწორედ ეს გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი“.

ია კერზაიას საქმეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2019 წლის 8 და 30 ოქტომბერს გაეცნო. კერზაიას წინააღმდეგ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა.

„ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი მიუთითებს პროკურატურის არათანმიმდევრულ პრაქტიკაზე, „რაც სხვა, ბოლოდროინდელ საქმეებშიც არაერთხელ გამოიკვეთა“ და საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, „უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა“.

ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. „სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობასაც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება“.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია

100-მდე ობიექტს შორის, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გაყიდის, 2 მიწის ნაკვეთია, რომლებიც ბათუმში მდებარეობს.

9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ის 780 ათას ლარად უპირობოდ იყიდება. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარია.

42 073 კვ.მ მიწის  ნაკვეთი კი ბათუმში, ტბეთის ქუჩა N52-ში მდებარეობს [ყოფილი ბითმაჟის ტერიტორია]. ეს ნაკვეთი ასევე უპირობოდ, 3 მილიონ 703 ათას ლარად იყიდება. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2019 წლის 13 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 5 000 ლარია.

აუქციონში მითითებულია, რომ ამ ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი-სამრეწველო/სასაწყობეა.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ გადის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრებაში არსებული (მილსადენი, დაბალი წნევის გაზსადენი), შესაბამისად „აღნიშნული ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრეს ხაზოვანი ნაგებობით სარგებლობისას ან/და განკარგვისას არ უნდა შეექმნას არანაირი სახის დაბრკოლება (მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობის გადატანა ან/და რეკონსტრუქცია არ უნდა განხორციელდეს ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე) ხაზოვანი ნაგებობის სარგებლობისას ან/და განკარგვისას და მომავალი მესაკუთრის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხაზოვანი ობიექტის მესაკუთრის მიერ ნებისმიერ დროს უსასყიდლოდ და შეუფერხებლად ხაზოვანი ნაგებობის დათვალიერება და მასზე საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოება, დაცვის ზონისა და პერიმეტრის გათვალისწინებით“.

ამავე ნაკვეთზე გადის სს „სილქნეტის“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ობიექტიც – საკომუნიკაციო ნაგებობა, საკაბელო კანალიზაცია. პირობის მიხედვით საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

მთავარი ფოტო: საპრივატიზაციო ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის ქუჩა N52-ში / ფოტო აუქციონიდან

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით,  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. მათი ჯამური საწყისი ღირებულება  150 მილიონი ლარია.

“საპრივატიზებო ობიექტები გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე  ელექტრონულ აუქციონში”, – ნათქვამია ქონების სააგენტოს განცხადებაში.

ობიექტების ჩამონათვალის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე:

https://netgazeti.ge/news/410221/

მთავარი ფოტო: საპრივატიზაციო ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის ქუჩა N52-ში / ფოტო აუქციონიდან

აჭარის ეკონომიკის მინისტრი: თუ სურვილი გაქვთ, გზა თქვენ მოაწყვეთ

რამდენიმე კომპანიას და, მათ შორის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები გადაუვადეს აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. უცნობია, იმსჯელეს თუ პირდაპირ დაუჭირეს მხარი ამ საკითხებს მთავრობის წევრებმა, რადგან მთავრობის სხდომა დღეს, 29 ნოემბერს, ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

რატომ გადაუვადეს 8 თვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება „ენერგო-პრო ჯორჯიას“? – ვკითხეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ჯაბა ფუტკარაძემ განმარტა, რომ ამ კომპანიას ელექტროგამანაწილებელი პუნქტი [TP] უნდა მოეწყო ფიროსმანის ქუჩაზე, რაც უგზოობის გამო ვერ მოხერხდა. ეკონომიკის სამინისტრომ არჩია პირგასამტეხლოს – 720 ლარის დაკისრების ნაცვლად კომპანიისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გადაევადებია.

რატომ არ გაითვალისწინეს ხელშეკრულების გაფორმების დროს ის, რომ სპეციალური გზა დასჭირდებოდა პუნქტის მოწყობას და ვინ მოაწყობს ამჯერად გზას იმისთვის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შესაბამისი პუნქტი მოაწყოს? – ჯაბა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ გზას „ენერგო-პრო ჯორჯია“ არ მოაწყობს, თუმცა ვერ გვითხრა, ვინ გააკეთებს გზას.

„არ იყო იქ არანაირი გზა და შესაბამისად, არავის არ გამორჩა… ამ მშენებლობის შემდეგ შესაძლოა ეს გზა საერთოდ არ იყოს საჭირო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთებს, მთავარია, რომ 8 თვეში აშენდება იქ TP. ამ შემთხვევაში TP-ს მშენებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გზა“, – გვიპასუხა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

მას თავისივე განმარტება შევახსენეთ, რომ სწორედ უგზოობის გამო ვერ მოეწყო TP და ისევ ვკითხეთ: „ვისი პასუხისმგებლობაა, რომ გზა არ გაითვალისწინეს და ვინ მოაწყობს გზას ამჯერად?“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს TP მოეწყოს რვა თვეში… გზა, თუ სურვილი გაქვთ, თქვენ მოაწყვეთ,“ – გვითხრა ეკონომიკის მინისტრმა.

დღევანდელ სხდომაზე ვალდებულების შესრულება სხვა კომპანიებსაც გადაუვადეს, მაგალითად, შპს „სტარ კაპიტალს“. ამ კომპანიას 20-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულებას იმან შეუშალა ხელი, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან შესაბამისი ნებართვის მიღების პროცესი გაჭიანურდა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღარ გამოჩნდა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სხდომა საყვირების ფონზე მიმდინარეობდა ლოზუნგით: „შენ წადი“. აქციის მონაწილეებმა დღეს, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ჩემოდნები მიიტანეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ამ პროტესტზეც ვკითხეთ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ავყვებით სხვადასხვა დაინტერესებული პირების დესტრუქციულ ქმედებებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ნუ აყვებიან პროვოკაციას, ნუ აყვებიან ხმაურს…“ – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ.

„შენწადი“ – თორნიკე რიჟვაძეს აქციის მონაწილეებმა ჩემოდნები მიუტანეს

დღეს, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ალტერნატივა“ და „შეცვალე“. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

მათ მთავრობის სახლის წინ, სადაც ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, გამართეს აქცია-პერფორმანსი  – „შენწადი“. აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს ჩემოდანი მიუტანეს და უთხრეს, რომ წავიდეს.

„ქართული ოცნების მამამარჩენალმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და გაგვიშვა ქვეყნიდან. ივანიშვილი არ აპირებს ქართველი ხალხის დასაქმებას, სიღარიბის დამარცხებას და ა.შ. ამიტომ ჩვენ მოვუტანეთ ჩემოდანი და კეთილი ინებოს და მისმა ყურმოჭრილმა მონამ აჭარაში, ჩაალაგოს ჩვენი მიტანილი ჩემოდანი და გაემგზავროს ვისთან ერთადაც უნდა ქვეყნიდან. ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყანაში დარჩენას და ამ ქვეყნის აშენებას,“- განაცხადა აქციაზე ენმ-ს წევრმა, ლაშა ადამიამ.

აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს ჩემოდანი მიუტანეს და უცხოეთში სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
აქციის მონაწილეები სასტვენებით ცდილობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის დისკომფორტის შექმნას

აქციის მონაწილეები სასტვენებით ცდილობდნენ აჭარის მთავრობისთვის დისკომფორტის შექმნას, ისინი ხამამაღლა იძახდნენ: „წადი, წადი“, შემდეგ კი ჩემოდნები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოები იყო მიკრული, მთავრობის შესასვლელთან დატოვეს.

„შენწადი“- აქციის მონაწილეებმა ჩემოდნები, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოებია მიკრული, თორნიკე რიჟვაძეს მიუტანეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება ათ წელიწადში ვერ შექმნის ორ მილიონ სამუშაო ადგილს და გამოსავალს ხედავს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაში.

ივანიშვილის განცხადებამ საზოგადოების პროტესტი გამოწვია.

ამავე თემაზე:

„ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“- რა თქვა ივანიშვილმა

„ქალისთვის თმის დაგლეჯა“ – რატომ გაათავისუფლეს ბრალდებული პატიმრობიდან

„სწვდა თმებში, ათრია დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში და დააგლიჯა თმები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია… გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,“ – ამ ჩანაწერს განაჩენში ნახავთ, საიდანაც ირკვევა, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულ როინ ჯ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით.

ცოლზე ჩადენილი ძალადობისთვის როინ ჯ. პატიმრობაში სულ რამდენიმე დღე იყო. იგი პატიმრობიდან აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე 4 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. როინ ჯ.-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში სრულად დაადასტურა ის, რასაც პროკურატურა ამბობდა.

პროკურატურის მიერ შეგროვებული საქმის მასალებით კი, როინ ჯ.-მ რამდენჯერმე იძალადა ცოლზე, ბოლოს კი იგი დაზარალებულს მოკვლით ემუქრებოდა. მტკიცებულებების მიხედვით, თავდაპირველად, აპრილში, ბრალდებული ცოლს ღამის სამ საათზე „სწვდა თმებში“, მაისის ერთ-ერთ ღამეს კი, ცოლს სახეში გაარტყა ხელი. ივნისში როინმა ცოლს ავტომანქანით გადაადგილების დროს გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი. ამის შემდეგ შევიდა პოლიციაში შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ.

რადგან ბრალდებულმა ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, მოსამართლეს აღარ მოუსმენია მოწმეების ჩვენებები. არც დაზარალებულად ცნობილი ქალი მისულა სასამართლოში.

„რ. ჯ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. რ.-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია,“ – დასძენს მოსამართლე განაჩენში.

პირობით მსჯავრთან ერთად მოსამართლემ მსჯავრდებულს ასევე შეუფარდა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა ერთი წლის ვადით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12-17 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0–5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან და 2 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, დროგამოშვებით ზოგან  ძლიერი. შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარის  გაძლიერება.

__________

ფოტო: თამარ ნერგაძე/„ბათუმელები“

რა გზა გაიარა ანა შერვაშიძემ სკოლიდან ბრიტანეთამდე

ანა შერვაშიძე ბათუმელი გოგონაა, რომელიც ბრიტანეთში სასწავლებლად სკოლა „პროგრესის“ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. პროგრამამ ანას საშუალება მისცა საკუთარი თვალით ენახა და გაეცნო იქაური განათლების სისტემა, უფრო ახლოდან შეხებოდა ბრიტანული კულტურას.  პროგრამის და ბრიტანეთში გატარებული რამდენიმე კვირის შესახებ ანას თავისი ემოციების გაზიარება ვთხოვეთ.

  • ანა,  რატომ გადაწყვიტე პროგრამაში მონაწილეობა, ასევე მაინტერესებს რატომ აირჩიე ბრიტანეთი?

ბრიტანეთი ჩემი საყვარელი ქვეყანაა, სადაც ყოველთვის მინდოდა მოხვედრა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ჩემი სკოლის, „პროგრესის“ დირექტორთან ერთად დავიწყე ჩემი ოცნების ასრულებაზე მუშაობა – შევავსე აპლიკაციები, მოვაწესრიგე საბუთები და… მივიღე შეტყობინება, რომ მე ამარჩიეს. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის – ვიზის მიღების პროცედურების გავლის შემდეგ კი ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში აღმოვჩნდი.

  • რა განსხვავება დაინახე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სწავლების მეთოდებში, იქ როგორ ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს?

საქართველოსა და ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. იქაური პედაგოგები მოსწავლეების მიმართ არიან საოცრად მეგობრულები, მათ შორის არ არის დაძაბული დამოკიდებულება, მოსწავლეებს არ აქვთ უსაფუძვლო შიში. ასწავლიან ძალიან კრეატიული და ბავშვებისთვის საინტერესო მეთოდებით.

მე გამიმართლა იმით, რომ ჩემი სკოლაც – „პროგრესი“ სხვა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით, გამოირჩევა კრეატიული მიდგომებით. მე მაქვს სხვა სკოლებში სწავლის გამოცდილება და ამ განსხვავების შედეგებსაც პირადად ვგრძნობ.

  • რითი განსხვავდებიან ბრიტანელი მოსწავლეები ქართველი ბავშვებისგან?

იქაურ მოსწავლეებს განსხვავებული შეხედულება აქვთ ნებისმიერ საკითხზე, ასევე თამამად შეუძლიათ თავიანთი პოზიციების ღიად დაფიქსირება, ამ პოზიციების დაცვა. მათი მიზნებიც სხვანაირია – უფრო პრაქტიკულები არიან. მათ აინტერესებთ ხარისხიანი განათლების მიღება, ცდილობენ საკუთარ თავში დაინახონ ის, რაც მათი კარგი და ძლიერი მხარეა და სწორედ ამის მიხედვით აირჩიონ სპეციალობა.

  • რომ გქონდეს უფლება, რას გადმოიტანდი ბრიტანეთიდან განათლების ქართულ მოდელში?

გადმოვიღებდი სწავლების კრეატიულ, საინტერესო და შემეცნებით მეთოდებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა მაქსიმალურად დაეხმაროს მოსწავლეს გაიაზროს განათლების მნიშვნელობა.

რაც შეეხება ბრიტანულ კულტურას, ის ქართულისგან მკვეთრად განსხვავდება და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ეს ქვეყანა ნამდვილად გამორჩეული და დახვეწილია.

ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა განვითარებული, თუმცა განსაკუთრებით აღვფრთოვანდი მათი ტრადიციებით – ურთიერთპატივისცემა, მადლიერების შეგრძნება და ამის დაუფარავად გამოხატვა. ამას სიამოვნებით გადმოვიტანდი ჩემს ქვეყანაში – ვფიქრობ, ეს საქართველოში ნამდვილად გვაკლია.

  • რამდენად გქონდა საშუალება საკუთარი ქვეყანა გაგეცნო ბრიტანელებისთვის, რა მოუყევი ჩვენზე?

ეს გაცვლითი პროგრამა იმითაც არის საინტერესო, რომ სწავლასთან ერთად ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად, გვასწავლიდნენ კომუნიკაციას და საზოგადოებაში საკუთარი თავის წარდგენას, ასევე გვეხმარებოდნენ თავის დამკვიდრების უნარებს გაუმჯობესებაში.

ჩემს აქტივობებში შედიოდა იქაურ მოსწავლეებთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობის დამყარება – ჩემი ქვეყნის, კულტურის, ინტერესების გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამაა ისეთი, რაც საქართველოში დღეს არ მომწონს, მუდამ სიამაყით ვაცნობ ხოლმე უცხოელებს ჩემს ქვეყანას. პირველ რიგში, გავაცანი ქართული ფოლკლორი – ცეკვა, მუსიკა, ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა. ასევე ვაჩვენე და ვესაუბრე საქართველოს სხვადასხვა მხარეზე, რომლებიც განსაკუთრებით ლამაზია და ყველას ძალიან მოეწონა.

  • შენი აზრით, რა არის საჭირო წარმატებისთვის?

ვფიქრობ, წარმატებაში გადამწყვეტია მონდომება, დაუღალავი შრომა და მიზანდასახულობა. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ. არ უნდა დაგეზაროს, გახდე იმაზე უკეთესი, რაც ხარ. მოკლედ, მგონია, რომ არ უნდა გაჩერდე და მოტივაცია არ უნდა გაგიქრეს.

სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის გააზრებაში ჩემი სკოლა – „პროგრესი“ ძალიან დამეხმარა. აქ ვისწავლე განათლებისა და წარმატების მნიშვნელობა, ვისწავლე ნამდვილი ღირებულებები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლა მაქსიმალურად დამეხმარა ყველა საჭირო უნარის გამომუშავებაში, შემაჩვია კრიტიკულ, განსხვავებულ აზროვნებას, მუდმივად მიმაღლებს მოტივაციას საინტერესო ინოვაციებით. ჩემს სკოლაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახალი თაობა იყოს პროგრესულად მოაზროვნე. ასეთი ადამიანები კი არამხოლოდ საქართველოს, თანამედროვე მსოფლიოსაც ძალიან სჭირდება.

ანას დიდი გეგმები აქვს სამომავლოდ და წარმატებებს ვუსურვებთ!

სკოლა “პროგრესი” საზაფხულო გაცვლით პროგრამას კვლავ ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, დარეკეთ: 574701366.

მთავარი ფოტო: ანა შერვაშიძე

მოსამართლე გაუპატიურებაზე: წარმოუდგენელია, დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს

გაუპატიურებაში ბრალდებული ირაკლი თ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის მიზეზად მოსამართლე ასახელებს კანონის მოთხოვნას: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

სადავო შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით ქალის კივილის ხმა გაიგონეს. პოლიციასაც მეზობლებმა დაურეკეს.

„…იმ საღამოს ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა შემომესმა,“ – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთმა მოწმემ, – „ქალი ყვიროდა „პაჟარ“ და ბინაში შემოვიდა, ის ჩემთვის უცხო იყო, რუსულად საუბრობდა, აღელვებული იყო და პოლიციას ითხოვდა. რუსული კარგად არ მესმის და ვერ გავიგე, რა სურდა ამ ქალბატონს… კარისკენ მივუთითე, ის დერეფანში გავიდა, სხვა მეზობლები უკვე იქ იყვნენ“.

მოსამართლეს ჩვენება სხვა მეზობლებმაც მისცეს. მათი თქმით, ქალი დერეფანში გამორბოდა ყვირილით – „პაჟარ“ და შველას ითხოვდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ტატიანა ა.-მ უთხრა, რომ ის გააუპატიურეს და ხელზე სისხლჩაქცევაც ჰქონდა. პოლიციელებმა იქვე დააკავეს ირაკლი თ. რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ სექსი ტატიანასთან ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ნებაყოფლობით. რაც შეეხება სისხლჩაქცევებს – ბრალდებულმა განმარტა, რომ ის დაახლოებით ერთი წელი ინტერნეტით მეგობრობდა ტატიანასთან, იმ საღამოს კი, ქალის გაღიზიანება ირაკლის მობილურში ნანახმა შეტყობინებამ გამოიწვია.

„ვადასტურებ, რომ მას ბინიდან გაქცევა უნდოდა და ძლიერად მოვკიდე ხელი მკლავებში, ასევე ზურგჩანთაზე მოვქაჩე, რასაც შესაძლოა გამოეწვია სახელურის ხევა… იძულებით სექსუალურ კავშირს გამოვრიცხავ,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

მეგობრობა დაადასტურა დაზარალებულად ცნობილმა ქალმაც. მისი თქმით, სექსუალური კავშირი ბრალდებულთან რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა შემდეგ ირაკლიმ მას სექსი აიძულა და ბინიდან გასვლაც შეუზღუდა.

მოსამართლე განაჩენში შენიშნავს, რომ გაუპატიურებას და მსგავსი ტიპის სექსუალური ხასიათის დანაშაულებს, როგორც წესი, მოწმე არ ჰყავს, თუმცა მოსამართლე აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ გარემოებაზე:

„სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ა-ს ჩვენების არათანმიმდევრულობაზე, რაც მისი დამაჯერებლობის ხარისხს ამცირებს და იწვევს ეჭვს ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორესთან დაკავშირებით. ბრალდებულის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტის მიზეზს, კერძოდ, სქესობრივი აქტის შემდეგ აბაზანიდან გამოსულები იწვნენ თუ არა საწოლზე ერთად და ეფერებოდა თუ არა ქალს ხელზე, გასცა ორაზროვანი პასუხი, რომ არ ახსოვს იყო თუ არა ასე. ანუ, არ გამორიცხა ასეთი ფაქტის რეალურად არსებობა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ამცირებს მას, როგორც პიროვნებას და უდიდეს მორალურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ასეთი ქმედების შემდეგ, წარმოუდგენელი და ალოგიკურია ფსიქოლოგიურად ტრავმირებული და დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს, ეფერებოდეს და ესიყვარულებოდეს მას.

კითხვაზე – მიიღო თუ არა სიამოვნება სქესობრივი აქტის შედეგად, დაზარალებულმა, განმარტა, რომ ამაზე არ ისაუბრებს. მოქმედება, რომელიც ქალისთვის სხვა პირობებში სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, თუ ძალადობის აქტად იქცევა, ის იმდენად ამცირებს მის პირად ღირსებას და თელავს მის პიროვნებას, მსგავსი ტიპის შეკითხვებზე კატეგორიული და ცალსახა პასუხი მეტ დამაჯერებლობას შესძენდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარეს სქესობრივი კავშირი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

საბოლოოდ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ირაკლი თ.-ს 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ეს სასჯელი მოსამართლემ ფიზიკური ძალადობისთვის გამოიყენა, რაშიც იგი დამნაშავედ მიიჩნია. ბრალდებულს გამოძიება გაუპატიურებასთან ერთად ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

გაუპატიურების დადასტურების შემთხვევაში კი, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

გლეხი თამბაქოს დაფასოებისა და აქციზის გარეშე ჩააბარებს მწარმოებელს – ახალი წესი

საქართველოში მოყვანილი თამბაქოს 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება [გაყიდვა] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით თამბაქოს იმ მწარმოებლისთვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში. ასეთ შემთხვევაში საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.

ანუ ფერმერს, რომელმაც მოიყვანა თამბაქო, შეუძლია დაფასოებისა და აქციზის გადასახადის გარეშე ეს თამბაქო ჩააბაროს [მიყიდოს] იმ მწარმოებელს, რომელიც შეყვანილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში.

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, აწარმოებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირისათვის.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ დღეს, 28 ნოემბერს, უთხრეს, რომ ასეთი რეესტრი ჯერ არ არის და მას შემდეგ შეიქმნება, რაც სამსახურს შესაბამისი პირები მიმართავენ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება 2019 წლის 26 ნოემბრიდან შევიდა ძალაში და მისი მოქმედება ვრცელდება 2019 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე [2019 წლის 21 ნოემბრიდან საქართველოში დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია  აიკრძალა].

მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებით: 

[checklist]

  • თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საქმიანობის (თამბაქოს ნაწარმის წარმოება) მოკლე აღწერას.
  • შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  • იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

[/checklist]

ბრძანების მიხედვით, თუ მწარმოებლისთვის თამბაქოს დაფასოების გარეშე მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მწარმოებლის მიერ გამოწერილი უნდა იყოს სასაქონლო ზედნადები.

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლად კი არ განიხილება პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის [ამ შემთხვევაში თამბაქოს] მხოლოდ პირველად საფუთავებში დაფასოებას.

   ამ თემაზე:

გლეხს თამბაქოს დაფასოება აღარ დასჭირდება – ახალ წესს სამინისტრო ამუშავებს

მთავარი ფოტო: თამბაქო / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რატომ ხვდება ნარჩენები სოფლების ხევებსა და მდინარეებში

გასულ წლებთან შედარებით აჭარის სოფლებში ნარჩენების შეგროვების პროცესი მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესდა, თუმცა ნარჩენების მართვის სისტემა ჯერ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის გამართული. სოფლებში მოსახლეობა დღის განმავლობაში მოგროვებული ნარჩენების 80%-ზე მეტს მეორადად მოიხმარს მეურნეობაში, ნარჩენების იმ ნაწილს კი, რომელიც არაფერში გამოდგება, სოფელში ან მის მიმდებარედ განთავსებულ ურნებში ყრიან.

ხულოში, ქედასა და შუახევში [მოსახლეობა – 55600] ჯამში 500-მდე ნაგვის ურნაა განთავსებული. ზოგიერთ სოფელში ურნების სიმცირის ან არარსებობის გამო ნარჩენების ნაწილი კვლავ ღელეებსა და ხევებში, ე.წ. არალეგალურ ნაგავსაყრელებზე ხვდება.

ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სანაგვე ურნები შარშანაც შეიძინეს და წელსაც, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის: “CENN-თან ერთად რამდენიმე არალეგალური ნაგავსაყრელი დავხურეთ. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი გვაქვს. სულ 350-მდე 1.1 კუბ/მ. ტევადობის ურნა გვაქვს შეძენილი, რომლებიც განთავსებულია დაბა ხულოში, კურორტ ბეშუმსა და 72 სოფელში.

დარჩენილია 11 სოფელი და ის 72 სოფელიც სრულად არ არის ათვისებული… თითო ურნა თითქმის ყველა სოფელშია, მაგრამ საკმარისი არ არის. ისინი ერთმანეთისგან 300 მეტრზე მეტი დაშორებით არ უნდა იყოს განთავსებული. წელს 80 ერთეული შევიძინეთ, გასულ წელს  – 90. ადრეც გვქონდა გარკევული რაოდენობის ურნები შეძენილი და ვფიქრობთ, რომ 2022 წლისთვის ,  მუნიციპალიტეტის 90% მაინც იყოს ათვისებული”, – ამბობს ზაზა აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. მისი თქმით, ნარჩენები სოფლებიდან ორამწეანი მანქანით გააქვთ: „კვირაში 3-4-ჯერ დადის მანქანები, საჭიროების შემთხვევაში ყოველ დღეც შეგვიძლია, იმიტომ, რომ ამაში ჩვენ ვიხდით ფულს. ბათუმის ნაგავსაყრელზე ხდება განთავსება”.

შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 30 ურნაა და, ძირითადად, დაბასა და ხიჭაურშია განთავსებული. შუახევის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებისა და კონტეინერებამდე მიტანისთვის 22 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დაბისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე განთავსებული ურნებიდან ნარჩენები შპს სანდასუფთავებას გადააქვს ბათუმის ნაგავსაყრელზე. მუნიციპალიტეტიდან კვირაში სამჯერ გააქვთ ნარჩენები.

“ვგეგმავთ, რომ ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მივაღწიოთ, შევიძინოთ სანაგვე კონტეინერები და  მანქანა, რომ სამომავლოდ ადმინისტრაციული ცენტრებიდანაც მოხდეს ნარჩენების გამოტანის ორგანიზება”, – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

ეს არალეგალური ნაგავსაყრელი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში გადავიღეთ.

ნარჩენები ხევში / სოფ. ტაკიძეები
ქედა

ქედის მერის პირველი მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში  უკანონო ნაგავსაყრელის გამოვლენის შემთხვევა არ ჰქონიათ.

“ქედის მასშტაბით 100-ზე მეტი ურნა გვაქვს განთავსებული, როგორც დიდი, ისე პატარა ურნები. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ კიდევ 100 ერთეულამდე ურნის შეძენას. თითქმის ყველა სოფელშია ურნა შეტანილი, მაგრამ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სოფელში საჭირო იყოს 3-4 ურნა”, – ამბობს ის. – “ჩვენ შევიძინეთ მაღალი გამავლობის ორი ნაგავმზიდი მანქანა, ასევე სპეცტექნიკა, რითაც ხდება ნარჩენების მოგროვება. დაბიდან ყოველდღიურად გაგვაქვს ნარჩენები, სოფლებიდან კი – ყოველ მე-4, მე-5 დღეს”.

ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ნარჩენების გარემოში გადაყრისთვის თითქმის არავინ დაუჯარიმებიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ნარჩენების მართვის სისტემა ჯერ კიდევ გაუმართავია და ზოგიერთ სოფელში ურნაც კი არ არის განთავსებული.

 

 

______

სტატია/ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ პარტნიორობით, პროექტის ფარგლებში – “ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში”. პროექტი მიმდინარეობს USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN -ი USAID -ის მხარდაჭერით. არ არის აუცილებელი სტატიაში/ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

„ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა“- საკრებულოს წევრი უკანონოდ აშენებულ რვა სართულზე

„ვიცე-მერიც აქ იმყოფება და მაინტერესებს ერთი საკითხი. გვქონდა შემთხვევა, როცა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რვა სართული უკანონოდ ააშენეს. მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ჩვენ და მოქალაქეებმაც მივიღეთ პირობა, რომ მოხდებოდა ამ მშენებლობის შეჩერება ან დემონტაჟი. კორპუსი ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა. ეს ამბავი, რა ვქნათ, მაინტერესებს და, ზოგადად, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას – ჯერ აშენებენ და შემდეგ ითხოვენ ნებართვას. ეს ყველაფერი დისკომფორტს უქმნის ქალაქს და მე ვითხოვ, რომ ცოტა უფრო მკაცრები ვიყოთ ამ ამბავთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან დიმიტრი ჭეიშვილმა სხდომაზე.

ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა და მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს წევრის ამ მიმართვას დუმილით უპასუხეს.

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. ხიმინჯები მომზადებული იყო მეცხრე სართულის დასაშენებლადაც. მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქმეში ჩაერთო მერია და მისი მოთხოვნით მშენებელმა ეს ხიმინჯები მოშალა.

თავდადებულის #48ა-ში უკანონო მშენებლობაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში განმარტეს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედეს – მშენებლობის დამკვეთი თამარ როყვა ორჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს, შემდეგ კი საქმე აღსრულებას გადასცეს მშენებლობის იძულებით შეჩერების მოთხოვნით.

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“, – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას.

უკანონოდ აშენებული რვა სართული ამ დრომდე ხელუხლებელია. ეს შენობა მერიიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს.

ამავე თემაზე:

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 29 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:
  • ლეონიძის ქუჩა
  • ტაბიძის ქუჩა
  • რურუას ქუჩა
  • ხახულის ქუჩა
  • ხახულის პირველი შესახვევი
  • მარეთის პირველი ჩიხი
  • მარეთის ქუჩა
  • მესხეთის ქუჩა
  • მესხეთის მეორე ჩიხი
  • მესხეთის მეორე შესახვევი
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირი – ხახულის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილამდე
  • აეროპორტის გზატკეცილი
  • წმინდა ევდემოზ დიასამიძის ქუჩა
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?

ესეის ავტორი: ანასტასია ასანიშვილი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლე

  • მე ვოცნებობდი.
  • მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ძლიერი ქალი.
  • მე ვოცნებობდი, რომ მივიღებდი შესაფერის განათლებას.
  • მე ვოცნებობდი, რომ ვიმუშავებდი და მექნებოდა ჩემი ხელფასი.
  • მე ვოცნებობდი, რომ შემიყვარდებოდა ვინმე.
  • მე ვოცნებობდი, რომ შევქმნიდი ოჯახს.
  • მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი თავისუფალი.
  • მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი.
  • მე ვოცნებობდი.

გამარჯობა,

მე ქეთი ვარ, 19 წლის, ორი შვილის დედა. 14 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. ჩემს ქმარს ლევანი ჰქვია. ის მაშინ 25 წლის იყო. როგორც მე, არც მას სურდა ჩემი ცოლად მოყვანა, მაგრამ იგი ვალდებული იყო ჩვენი ტრადიციების წინაშე.

პირველად ჩვენი ქორწინების შესახებ დედამ მითხრა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე. მითხრა, რომ ოჯახის სახელი არ უნდა შემერცხვინა, ვიღაც უცხო კაცს უნდა გავყოლოდი ცოლად, მასთან შვილები მყოლოდა, დიასახლისი ვყოფილიყავი, არადა, მე მხოლოდ სკოლაში სიარული, განათლების მიღება და ბავშვებთან ერთად გართობა მინდოდა. დედას უარი ვერ ვუთხარი. ვერ გავბედე. ასეთი იყო ჩემი – არის გოგონას ბედი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა.

მე გამათხოვეს. გამათხოვეს როგორც ნივთი. ლევანს მიმათხოვეს. მიმყიდეს. მიმასესხეს. ფულში გამცვალეს. ჩემზე უარი თქვეს. თავისუფლება წამართვეს.

ლევანი მაღალი, შავთმიანი ბიჭი იყო, თვალები თითქოს სიკეთით ჰქონდა სავსე. მაშინ რატომღაც იმედი დამიბრუნდა. მეგონა შემიყვარდებოდა და ეს ქორწინებაც არ გამოვიდოდა ყალბი. მისმა თვალებმა მომატყუა. მისმა საოცრად ლამაზმა, შავმა, მაყვალივით თვალებმა. ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ქორწილიდან ერთი კვირის მერე პირველად მიყვირა.

– შენ არაფრის მაქნისო ქალო!

– რატომ მიყვირი?

– საქმის კეთება თუ  არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?

– არასდროს მიფიქრია 14 წლის ასაკში გათხოვებაზე.

– აბა რაზე ფიქრობდი, ჰა? – ტონს აუწია. თავისი ლამაზი, შავი თვალები გაუდიდდა, აღარ იყო ისეთი ლამაზი, აღარც მაყვალსავით შავი აღარ იყო. მაშინ შემეშინდა. ძალიან შემეშინდა და ჩურჩულით ვთქვი.

– სწავლაზე.

– რაზე?

– სწავლაზე – ხმას ავუწიე. სიცილი დაიწყო და გვერდით ოთახში გავიდა.

მას მერე 5 წელი გავიდა. ახლა უკვე სრულწლოვანი ვარ. სრულწლოვანი ვარ, მაგრამ რა? არც არაფერი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ლევანის თვალები შეიცვალა. ვეღარსად ვხედავდი იმედს. მხოლოდ ბრაზს. მასთან შვილების გაჩენაზე არც არასდროს მიფიქრია. ოჯახმა დამაძალა. ახლა კი ორი შვილი მყავს. არ იფიქროთ, რომ ჩემი შვილები არ მიყვარს. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს. რაღაცნაირად მგონია, რომ  არა ისინი, სახლიდან უკვე დიდი ხნის წამოსული ვიქნებოდი. არ ვიცი… მაგრამ ბავშვებს ხომ უნდათ მამა. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ასე ფიქრობს.

ერთი მეგობარი მყავს, თბილისში სწავლობს. უკვე მეორე კურსზეა, მალე გერმანიაში წავა და იქ ისწავლის, შემდეგ კი შეეძლება იმუშაოს და ჰქონდეს შემოსავალი. ის საზოგადოების წევრია, როგორც ყველა.

მე… მე შემიძლია სუპი მოგიმზადოთ. იცით ძალიან, ძალიან გემრიელ სუპს ვაკეთებ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. ან შემიძლია რაიმე მოგიქარგოთ. ესეც კარგად გამომდის. თუმცა არ შემიძლია ურთიერთობა დავამყარო საზოგადოებასთან, გარდა გამარჯობის თქმისა, არც მუშაობა შემიძლია, მე გაუნათლებელი ვარ.

ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა საკუთარი თავი. წამართვა ჩემი ოცნებები. წამართვა ჩემი მიზნები. მაქცია ნივთად. ვარ გაუნათლებელი, 8-კლასდამთავრებული ქალი, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. გამოიწვია ის, რომ მე საზოგადოებისგან გარიყული ვარ. ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა ყველაფერი, რაც შეეძლო რომ წაერთმია.

მაგრამ მე მაინც დამრჩა სულ პატარა იმედი. იმედი, რომელიც გადამარჩენს და მიშველის. რომელიც მომცემს განათლებას და მოსიყვარულე ქმარს.

  • მე ვოცნებობ.
  • მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ძლიერი ქალი.
  • მე ვოცნებობ, რომ მივიღებ შესაფერის განათლებას.
  • მე ვოცნებობ, რომ ვიმუშავებ და მექნება ჩემი ხელფასი.
  • მე ვოცნებობ, რომ შემიყვარდება ვინმე.
  • მე ვოცნებობ, რომ შევქმნი ოჯახს.
  • მე ვოცნებობ, რომ ვიქნები თავისუფალი.
  • მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ადამიანი.
  • მე ვოცნებობ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წელს გაუქმდა ის კანონი, რომლის მიხედვითაც 16 წლის პირს შეეძლო მშობლის თანხმობით ქორწინება.

სტატისტიკური მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

მთავარი ფოტო: ანასტასია ასანიშვილი

სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში

გარდა გეოგრაფიული, პოლიტიკური, აგრარული და სხვა ტიპის მეცნიერული რუკებისა, ქალაქებს აქვს კიდე ერთი, ღამის გართობის რუკა. სადმე რომ მიდიხარ, გონებაში ხაზავ ამ რუკას. არჩევ ადგილებს, სადაც უნდა წახვიდე, ვის შეხვდე და ასე შემდეგ.

ბათუმსაც აქვს ასეთი. ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული ამ გზებს გაჰყვე; მუსიკა ხმამაღალია, ყველაფერი განათებული, სითბოა და ბევრსაც დადიხარ, რათა აღმოაჩინო ზუსტად შენი შესაფერისი კოორდინატი ამ რუკაზე, დასვა ჭიკარტი და იფიქრო, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც სულ დაუბრუნდები და სხვებსაც აუცილებლად მოუყვები, აქ როგორ გაერთე და როგორ დაგავიწყდა სხვა ყველაფერი.

არასეზონურ ბათუმში, რომ არ მოგატყუოთ, ამ ქსელის აღმოჩენა ცოტათი ჭირს. გიწევს ადგილობრივ მეგობრებს მისწერო, ელექტრონული რუკები და სოციალური ქსელები დაიხმარო.

საიდან იწყება ბათუმში საღამო? ალბათ, სანაპიროს კაფეში რომ ზიხარ, მზის ჩასვლას უყურებ, უკვე გრძნობ,  როგორ გრილდება ჰაერი და შენც ქალაქის სიღრმეებისკენ მიიწევ ახალი თავგადასავლების საძიებლად. ყველამ კარგად იცის თანამედროვე ბათუმში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები და აქ განთავსებული გართობის სივრცეები, მაღალი კლასის რესტორნები და ლაუნჯბარები, თუმცა, ამჯერად, ბათუმში არსებულ უფრო პატარა, ალტერნატიულ გასართობ სივრცეებზე მოგიყვებით. იქ, სადაც არ გვჭირდება საღამოს კაბებსა და სმოკინგებში გამოწყობა, ეტიკეტის დაცვა და სხვა ოფიციალური დეტალები.

მაშ ასე, პორტიდან ქალაქისკენ გირჩევთ ხულოს ქუჩით წახვიდეთ მაზნიაშვილის გადაკვეთამდე, სადაც ბარების მოყვარულებს სამი საინტერესო ადგილი დაგხვდებათ მელაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე.

ჭაჭა თაიმი

პირველი „ჭაჭა თაიმია“ჭაჭისგან დამზადებული ათასნაირი სასმელი აქვთ, კოქტეილები, ღვინო. გარეთ საღამოობით დიდი მხიარულებაა ხოლმე. ტურისტების საყვარელი შეკრების ადგილიცაა, ამასთანავე.

მის გვერდით “სამი ლუდია”, სადაც კრაფტის ლუდების დიდი არჩევანი და მეგობრული გარემო დაგხვდებათ. შეგიძლიათ ჩამოსხდეთ ბართან და ბარმენს მოუყვეთ თქვენი ამბები, მოუსმინოთ მუსიკას და გაიცნოთ ახალი ადამიანები.

თუ რამე ორგანული სასმელი მოგინდათ, მოპირდაპირედ პატარა ღვინის მაღაზია და ბარი “გარაჟი” აუცილებლად დალაშქრეთ. შიგნით პაწაწინა სივრცეში უამრავი საინტერესო ნივთი და ორგანული პროდუქტი დაგხვდებათ. იქვეა ალკოჰოლის სახდელი აპარატებიც, ნამდვილ ალქიმიკოსის ლაბორატორიას ჰგავს.

მაზნიაშვილიდან თუ იმ ხასიათზე გამოაბიჯებთ, რომ ცეკვა და ცოცხალი მუსიკის მოსმენა მოგინდათ, კიდევ ერთ სამეულს შემოგთავაზებთ საღამოს გასაგრძელებლად:

პირველი ამ შემთხვევაში ბარი Conte-ა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მდებარეობს. ბარში მისულებს შეგიძლიათ პერიოდულად ცოცხალ ელექტრონულ მუსიკას მოუსმინოთ, რომელიც კარგ ამინდში ეზოში ინაცვლებს ხოლმე. ამასთან, ბარი Conte-ს საგამოფენო სივრცეები მუდმივად დატვირთულია საინტერესო გამოფენებით, როგორ ქართველი, ისე უცხოელი არტისტების ექსპოზიციებით. თუ გახსნის დღეს მოხვდებით, შესაძლებლობა გაქვთ არტისტები თავადაც გაიცნოთ.

კონტე

სანაპიროსკენ თუ გადახვალთ ანბანის კოშკის მიმდებარედ, შეამჩნევთ კლუბ GATE-ს. ეს მყუდრო და მოსახერხებელი კლუბია გართობისთვის, გახსნისთანავე დაამახსოვრა თავი ცეკვის მოყვარულებს, როგორც იდეალური ჟღერადობით გამორჩეულმა კლუბმა.

GATEმა უმასპინძლა ისეთ საერთაშორისო დიჯეებს, როგორებიც არიან DVS1, Etapp Kyle, Anthony Jimenez, Adriana Lopez, Soela, Lindsey Herbert, Anri, Svarog, Antigone, Sabine Hoffman, Aerodromme, Andy Fair, Exos,და სხვ.; უცხოელ არტისტებთან ერთად კლუბში მოუსმენთ ბასიანისა და ხიდის რეზიდენტებსა და სხვა ქართველ მუსიკოსებსაც.

შემდეგი გაჩერება არის საცეკვაო სივრცე „კიბე“. ეს ექსპერიმენტული ადგილია, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. კიბე მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ DJ-ებს. ხშირად იმართება თემატური წვეულებები, რომლებიც კონცეპტუალურად ებმის ერთმანეთს. ზღვასთან სიახლოვე და საინტერესო განათებები საშუალებას მოგცემთ თავდავიწყებას მიეცეთ და დილამდე იცეკვოთ.

კიბე

თუმცა, მოდით, უკან, მაზნიაშვილის და აბაშიძის კვეთაში დავბრუნდეთ და სიუჟეტის სხვაგვარი განვითარებისთვის გავკვალოთ გზები ჩვენი ღამის რუკაზე. ვთქვათ, ჯერ ცეკვაზე არ ფიქრობთ და უფრო მეტ ხალხთან გინდათ შეხვედრა, მაშინ ერას მოედნისკენ აიღეთ გეზი და Vinyl Bar-ში შეიარეთ.

ბევრი ბათუმელისთვის Vinyl-ი არის მართლაც რომ ურთიერთობა, ადგილი, სადაც იკრიბებიან თანამოაზრეები, მეგობრები, უბრალოდ ის ხალხი, ვისაც კარგი მუსიკა და მეგობრული გარემო ხიბლავს. ვინილი ზაფხულის შემდეგაც არ აგდებს რიტმს. საღამოობით აქ ხშირად ნახავთ ABBA-სა და ელექტრონულ მუსიკაზე აცეკვებულ ადამიანებს. ასევე აქ იმართება ლაივ-აკუსტიკურ საღამოები ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

ვინილის შემდეგ თუ დაგაინტერესებთ რა ხდება მიწის ქვეშ, როგორ მუსიკას უსმენენ დღეს ბათუმის “ანდერგრაუნდში” აბაშიძის ქუჩას ბიბლიოთეკამდე გაუყევით, მერე გორგილაძის ქუჩა გადაჭერით და მალევე შემოგესმებათ ელექტრონული მუსიკის ხმა და ჰოპ, თქვენ ადგილზე ხართ, უფრო სწორად “ადგილში”. ასე ქვია ბარს, სადაც იასამნისფერი და წითელი განათების ფონზე კედელზე უამრავ წარწერას და პოსტერს აღმოაჩენთ. დალევთ, იცეკვებთ კიდეც და გაიცნობთ ძალიან სასიამოვნო ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრის განმეორების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ.

ბარი„ ადგილი“

ბოლო გაჩერებად „კომუნას“ შემოგთავაზებთ. მისი მდებარეობის გამო [ქალაქის ცენტრიდან მოშორებით], ის ხიდია ქალაქის უბნებს შორის, რომელზეც გართობის მოყვარული ადამიანები მოძრაობენ და ქმნიან ახალ მარშრუტს  ღამის ბათუმში. ზამთრის პერიოდისთვის კომუნაში“ მოეწყო გარე ეზოც, სადაც ღამ-ღამობით კოცონს ანთებენ. აქ პერიოდულად ცოცხლად მოისმენთ როგორც ელექტრონულ, ისე აკუსტიკურ მუსიკას.

გახსოვდეთ, რომ ზამთრის გრძელ ღამეებს ფერადი განთიადები მოსდევს თან, რის სანახავადაც აუცილებლად უნდა გაუდგეთ გზას სანაპიროსკენ და შეკრათ წრე ჩვენს რუკაზე. წრე, რომელიც იქნება ჯადოსნური, ამ სიტყვათშეთანხმების საუკეთესო გაგებით. ამ წრეზე გავლისას ბევრ ამბავს გაიგებთ ქალაქის შესახებ და დანამდვილებით გეცოდინებათ, საით წაგიყვანთ ბათუმი ღამით.

ბათუმის საზღვაო აკადემიას 5,8 მილიონი ლარი გადაეცემა ფოთში ფილიალის გასახსნელად

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ფოთში ფილიალის გასახსნელად 5 876 164 ლარი გადაეცემა. აღნიშნული თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობას, სადაც აკადემიის ფილიალი უნდა გაიხსნას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის აკადემიას თანხას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად გამოუყოფს – აკადემიასა და შესაბამის კონტრაქტორ კომპანიას შორის შენობის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხუხუბიას ინფორმაციით, „საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და იგი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება… 2021 წელს ქალაქში ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი ამოქმედდება“.

მაჟორიტარის ინფორმაციით, ფოთში სასწავლებლად ჩასული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელიც მოეწყობა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის მომავალი შენობა რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერი პროექტიდან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი 2019 წლის 5 მაისს მოაწერეს.

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა

ვითიბი ბანკის დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს.

ვითიბი ბანკი კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა: „აგროჰაბის“ და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

 “აგროჰაბი” მომხარებელს ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და  ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას. 

ბათუმში გახსნილი „აგროჰაბი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.

ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე.

თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონზე გაიტანს

ბათუმში, თევზის ბაზრის მიდებარედ, 3149 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია იჯარის წესით გასხვისების მიზნით აუქციონზე გაიტანს. საიჯარო ფასის განსაზღვრაზე დღეს, 28 ნოემბერს, საკრებულომ იმსჯელა და მერიის წარდგენილ წინადადებას  წლიური გადასახადის სახით 72 000 ლარის დადგენის თაობაზე, მხარი დაუჭირა.

აუქციონის პირობები მერიას საკრებულოსთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იჯარის წესით უპირობოდ გაასხვისებენ.

განკარგულების პროექტის განმარტებით  ბარათში მითითებული ინფორმაციით, მერიამ მიწის ნაკვეთის აუქციონით გასხვისების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ნაკვეთით დაინტერესების თაობაზე მერიაში განაცხადი შევიდა.

გასასხვისებელი ტერიტორია ბაქოს ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს, საკურორტო ზონაში მდებარეობს.

აჭარის წყლის ალიანსი 205 ათას ლარად 2 პიკაპს იყიდის

„აჭარის წყლის ალიანსი“ ორ ავტომობილს იყიდის. ახალ [არანაკლებ 2019 წლის გამოშვება], ექსპლუატაციაში არმყოფ, განბაჟებულ, ორ სპეციალიზებულ ავტომობილში [პიკაპში] ალიანსი 205 400-მდე ლარს გადაიხდის. სწორედ ამ თანხით არის გამოცხადებული ტენდერი ავტომობილების შესყიდვაზე.

„აჭარის წყლის ალიანსი“ სახელმწიფო კომპანიაა და ის ახორციელებს პროგრამას, რომელიც აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. პროგრამა 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა, პიკაპების ფერი იყოს თეთრი, ვერცხლისფერი ან შეთანხმებით გარდა შავისა. უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, გააჩნდეს ABS მოცურების საწინააღმდეგო სისტემა და სხვა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა ალიანსს ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მიაწოდოს.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოებაა. ამ კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].  საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში სამი წევრია: თავმჯდომარე – მამუკა ლაზიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე – ზაურ ფატლაძე და წევრი – კახაბერ ფუტკარაძე. საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძეა.

ალიანსში ადრე აცხადებდნენ, რომ შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება და სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთსა და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს [პროექტი არ შეეხება ქალაქებს: ბათუმსა და ქობულეთს].

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი.

პროექტისთვის ორი საკონსულტაციო ჯგუფი – განმახორციელებელი კონსულტანტი და განმახორციელებელი კონსულტანტის და თანმხლები ზომების კონსულტანტი უკვე შერჩეულია. კონსულტანტებმა უნდა დააპროექტონ აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით] სისტემები, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი ამ სისტემების მშენებლობაზე.

ამ თემაზე:

€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია

გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს

„ის არ მიიჩნევს ანგარიშვალდებულად თავს ქართველ ხალხთან, არც ევროპელ პარტნიორებთან და საერთოდ, არავისთან. ივანიშვილს ახლა აქვს ერთადერთი პრინციპი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს შესაძლოა ყველაფრის ფასად გააკეთოს… ყველაზე დრამატული ამ ინტერვიუში ჩემთვის იყო ის, რომ ივანიშვილი არის სრულიად არაადეკვატური, ის აბსოლუტურად სხვაგანაა. ეს არის ის, რაც დაემართა სააკაშვილს…“ – ამბობს გრიგოლ გეგელია,  პროფესიით პოლიტოლოგი და მოძრაობა „ლელოს“ წევრი. მას ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ, 27 ნოემბერს, „იმედთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებების შეფასება ვთხოვეთ.

გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ამ ინტერვიუთი ახალი არაფერი გაუგია არც მას და არც საზოგადოებას, თუმცა მოისმინა განცხადებები, რაც ამ დრომდე ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს.

„კომიკური იყო ისიც, როცა თქვა, შეუსრულებელი დაპირება არ გვაქვსო… „ქართულ ოცნებას“ აქვს ვეებერთელა შეუსრულებელი დაპირებები…. ქართულ პოლიტიკას არ ახსოვს ასეთი განცხადება და არც მსოფლიო პოლიტიკურ დისკურსს, როცა ლიდერი ამბობს, მე ვერ დაგასაქმებ, წადით და სხვა ქვეყნებში გაიქეცით, იქ იმუშავეთო. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის დღეს ადამიანური კაპიტალის გადინება. ამ ფონზე ნაცვლად იმისა, რომ აქ ვქმნიდეთ უკეთესი განათლების და ჯანდაცვის შანსებს, ეკონომიკას ვავითარებდეთ, დღევანდელი ლიდერშიპი გვეუბნება, რომ ქართველები კიდევ უფრო მეტად უნდა გაიქცნენ სხვაგან. არ ვიცი, რაზე იყო ეს გათვლილი, ამას ვერც პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი ვერ ახსნის.

ამ საუბრით დადასტურდა ის, რომ „ოცნება“ არის დამთავრებული, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და პრაგმატულად. ეს აღარ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე სახის მანდატი გააჩნია, ივანიშვილს აღარ აქვს მანდატი, ესაუბროს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ღრმა გაჭირვებაში,“ – გვითხრა გრიგოლ გეგელიამ.

რატომ არჩია ივანიშვილმა ინტერვიუს დროს აქცენტის გაკეთება სამშობლოსა და სახელმწიფოზე? ბიძინა ივანიშვილის თქმით, სამშობლო ემოციის ნაწილია, სახელმწიფო კი ის, რაც სამშობლოს იცავს.

„ეს არის ყალბი პათოსი. სამშობლო და სახელმწიფო უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. სადაც ასე არ არის, იქ არაფერი არ მიდის წინ. დღეს ორივე არის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული „ქართული ოცნების“ მიერ. ეს დამქსაქსავი და დამყოფი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ოცნება“, არის, როგორც სამშობლოს, ასევე სახელმწიფოს განცდის საწინააღმდეგო,“ – უთხრა გრიგოლ გეგელიამ „ბათუმელებს“.

„გეპატიჟებათ პირველი კლასის სასტუმრო ,,ფრანცია“ – რეკლამები ძველი ბათუმის გაზეთებიდან

ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი 

რეკლამა დღეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რეკლამას XX საუკუნის დასაწყისშიც რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ძველი ბათუმის გაზეთების შესწავლითაც დასტურდება.

ბათუმში გამომავალი ძველი გაზეთები აჭრელებულია სარეკლამო განცხადებებით. ზოგი გაფორმებულ სვეტებშია მოქცეული, ზოგი – უბრალოდ სწორხაზოვან სვეტებში, იშვიათად კი ვხვდებით ილუსტრირებულ განცხადება – რეკლამებსაც.

მაგალითად, „ბათუმის გაზეთის“ რედაქცია ცდილობდა შინაარსითაც და გარეგნული მხარითაც კითხვადი ყოფილიყო. გაზეთის სათაური სატიტულო შრიფტით იყო დაბეჭდილი. პირველი გვერდი, სათაურის ქვემოთ ეჭირა კომერციული ხასიათის ცნობებს, განცხადებებსა და აფიშებს. ასეთი ფორმა გაზეთისა ტრადიციული იყო რევოლუციამდელ რუსულ და ქართულ გაზეთებში.

„ბათუმის გაზეთის“ 1911 წ. 28 ივლისის გამოშვებაში ერთ-ერთი განცხადება გვაუწყებს, რომ ბათუმში, კამაროვის ქ. N23-ში გაიხსნა სპეციალური გამწმენდი და გამომხდელი მანქანებით მომზადებული ხელოვნური მინერალური და ხილის წყლების ქარხანა ფირმისა „ამხ. კოლხიდა“ ი. მგელაძისა და ი. მენაბდის ხელმძღვანელობით. განცხადებაში მითითებულია, რომ „დაკვეთილი წყლები მზადდება აღნიშნულ დროს კეთილსინდისიერად. ფასები მეტად ზომიერია“ .

„ბათუმის გაზეთში“ [1911 წლის №2, № 4. № 12, № 13, № 14, № 27, № 34, № 35, № 36] დაბეჭდილი სარეკლამო განცხადებით ცნობილი ხდება, რომ გამოსაცემად მზადდებოდა ექიმ-დოქტორის ე. ი. გედევანიშვილის საგანგებო, 600 გვერდიანი გამოცემა „ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“, რომელიც დაიბეჭდებოდა ძვირფას ქაღალდზე ილუსტრაციებით, ძვირფასი ყდით: „გამოცემას თან დაერთვის მგოსნის ვრცელი ბიოგრაფია, ნაწარმოებების კრიტიკა. ფასი-8 მანეთი, წიგნი არ გამოვა გასაყიდად და იგი დაურიგდებათ მხოლოდ დამკვეთთ გამოცემის შემდეგ, 1913 წელს“.

არის განცხადებები მ. ჯავახიშვილის, ი. ჭავჭავაძისა და სხვა ავტორთა ახალი წიგნების გამოცემების შესახებ, რაც აშკარად მიუთითებს ბათუმის მოსახლეობის განათლებისა და კულტურის დონის ამაღლების მცდელობაზე.

რეკლამა „ბათუმის გაზეთში“

ბათუმი იმ დროისათვის თანამედროვე და ევროპული სტილის ქალაქად ყალიბდებოდა, რაზეც მიუთითებს თუნდაც ის განცხადება-რეკლამები, რასაც უხვად ვხვდებით ბათუმში გამოცემულ გაზეთებში. მაგალითისათვის მოვიყვანთ რამდენიმეს:

გაზეთი ,,ბათუმის გაზეთი“, 1911 წლის 18 ივლისი, № 4 – მიხაილოვის ქ. N 32-ში ძმები მგელაძეების ჭურჭლეულობის მაღაზიაა გახსნილი. მყიდველს შეუძლია შეიძინოს ყოველნაირი ფაიფურის, ფაინსის, ემალიანი და ნიკელიანი ჭურჭლეულობა, ბროლისა და შუშის საქონელი, მელქიორითა და ბრინჯაოთი ნაკეთები ნაწარმი, სტოლსაფრები, კლიონკები, საწოლები და სხვ.

გაზეთი ,,მწვერვალი“, 1923 წ., № 2 – ბათუმში, თბილისის ქუჩაზე, სახლში N76 გახსნილა „ა. ო. იმნაძის პაპიროზის ქაღალდის ფაბრიკა „კავკაზი“, რომელიც ამზადებს საუკეთესო ხარისხის ჰიგიენურ პაპიროსის ქაღალდის წიგნაკებს.

გაზეთის იგივე ნომერი მსგავსი პროდუქციის გამოშვებას ამცნობს მკითხველს განცხადება იმის შესახებ, რომ მარინსკის პროსპექტზე N4-ში გაიხსნა ბ.ლ. გოგეშვილის ქაღალდის საწყობი – მექანიკური ორთქლით მომუშავე ფაბრიკა, საუკეთესო სახაზავი მანქანითა და მაყურებელს იწვევენ „ყოვლად საუცხოვო ახალი სურათების წარმოდგენაზე. ყველა სიანსების შემდეგ გაიმართება ქალთა ჭიდაობა, რომელშიც მონაწილეობს პროფესორი მიულერი, ქალთა ჩემპიონი, დამსახურებული და გამოჩენილი ათლეტი“.

  • „ბათუმის გაზეთი“, 1911 წელი, 27 ივლისი, № 13 – თეატრი ილუზიონი და ი.ა. რელიგიონის ბაღი საუკეთესო სათეატრო და „ცეცხლის წაკიდებისაგან უზრუნველყოფილ შენობაში“ იწვევს მაყურებელს შესანიშნავი სურათების სანახავად: 1. განყოფილება – ფრანგი კირასირების სამხედრო ვარჯიშობა; მე-2 განყოფილება -წარმტაცი დრამა „ მამა და ქალი „ მე-3 განყოფილება – მელოდრამა „ბრწყინვალე სხივი“, მე-4 განყოფილება – მელოდრამა – „გულადი მოგზაური“. „ექიმის მაიმუნი“.

ამავე თეატრ-ილუზიონში 1911 წლის 3 აგვისტოდან გამართულა მისტერ ალპერის გასტროლები. გაზეთში დაბეჭდილი აფიშა გვაუწყებს: „ბათუმში არ ყოფილა ჯერ ლომები, ვეფხვები და დათვები დიდი სცენისოდენა რკინის გალიაში და ერთადერთი დამწყნარებელი მისტერ ალპერი“.

რეკლამა გაზეთიდან

საგაზეთო რეკლამების კვლევა ცხადყოფს, რომ იმ ეპოქაში მცხოვრები ბათუმელებისთვის უცხო არ ყოფილა კულტურისა და ტექნიკის პროგრესთან დაკავშირებული ტერმინები, რაც ჩანს სარეკლამო განცხადებებიდან. გაზეთ Батумская правда-ს 1912 წლის 15 ივლისის № 15 გამოშვებაში ვინმე ალ. დონ. [ფსევდონიმი] წერს, რომ ტექნიკური პროგრესი ხელოვნებაშიც შემოიჭრა და ახდენს მის დემოკრატიზაციას, რადგან უკვე ღარიბ და მშრომელ ხალხსაც შეუძლია იგემოს ხელოვნების ნაყოფი. გრამოფონები, ფონოგრაფები, სინემოტოგრაფები, ელექტრო-თეატრის სანახაობები.

„ელექტრო-თეატრში შედიხარ ორ-სამ შაურად, ჯდები სკამზე და იწყება წარმოდგენა, მაგრამ არა ცოცხალი არტისტებით და სუფლიორით, არამედ აქ ნახავთ უხმო მოქმედებებს, დრამას, კომიკურ სცენებს, ეტლების დამტარებლის მიმოსვლას, ბუმბერაზ მთებს, გემებს, ცასა და მასში მფრინავ ჰაეროოსტატებს, საუცხოო ჩანჩქერებს და სხვა სურათებს და ყოველივე ამას ხედავთ ისეთი სინამდვილით, რომ თქვენ ეძლევით თავდავიწყებას“.

ბათუმში გამომავალი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა რეკლამას. ზოგიერთ გაზეთს მთელი გვერდიც აქვს დათმობილი რეკლამებსა და განცხადებებისთვის [მაგალითად, გაზეთები Эхо Батума, „მუშის სიმართლე“, „სხივი“, Гудок, Батумский день, РеЧь, Известия, Батумская правда და სხვები. ზოგი მათგანი მხოლოდ კომერციული ხასიათისა იყო და შემოიფარგლებოდა სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნებით.

შესწავლილი გაზეთებიდან რამდენიმეში გვხვდება ერთი და იგივე რეკლამები. მაგალითად: „ი. სიმხოვიჩის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობათა და საათების მაღაზია (მიხაილოვსკაიას ქ. № 12) სთავაზობს მყიდველს საათების დიდ არჩევანს: ოქროს, ვერცხლის, ფოლადის, კედლის საათებს, მაღვიძარებს, ასევე, ძვირფასეულობებს: ბრილიანტებს, საქორწინო საჩუქრებს. ფასები – ყველაზე უფრო კეთილსინდისიერი“ .

თითქმის ყველა გაზეთშია ასეთი სარეკლამო განცხადება: „ძმები მელაძეების ჭურჭლის მაღაზია, მიხაილოვსკის №32-ში, მყიდველებს სთავაზობს ფაიფურის, ბროლის, მინის, მელხიორის, ემალის ნაკეთობებს. ასევე მაღალ სკამებს, საწოლებს, ლამფებს, სამოვარებს, სამზარეულოს მოწყობილობებს. ფასები არაკონკურენციულია“.

გეპატიჟებათ პირველი კლასის სასტუმრო ,,ფრანცია“ ქალაქის ცენტრში, პორტთან და ზღვისპირა პარკთან ახლოს, კომფორტულად მოწყობილი (ელექტროგანათებით, აბაზანებით, დუშით). სასტუმროში ფუნქციონირებს ევროპული და აზიური სამზარეულოები. სასტუმროს მფლობელი – კახიანი“ [99].

„მიშელის საპარიკმახერო – პირველი კლასის, თეატრალიზებული, რუსეთის დედაქალაქის საპარიკმახეროების ყაიდაზე მოწყობილი ქალთა სპეციალური სალონი, რომელიც სთავაზობს მანდილოსნებს სხვადასხვა ვარცხნილობას. ვარცხნილობები წარმოდგენილი იქნება ცოცხალი სცენური ჩვენებებით“ [34].

რეკლამებია გაკეთებული ბათუმში არსებული ბანკების შესახებ. ამ რეკლამებით ირკვევა, რომ თურმე მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში ფუნქციონირებდა არაერთი ბანკი, მაგალითად: რუსულ-აზიური ბანკი, გაერთიანებული ბანკი, ბათუმის ურთიერთსაკრედიტო ორგანიზაცია, თბილისის კომერციული ბანკის ბათუმის განყოფილება და სხვა.

რეკლამა

რეკლამები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით, ხშირ შემთხვევაში – სხვადასხვა მოხაზულობების ჩარჩოებშია მოქცეული. ასევე, ხშირად გვხვდება ილუსტრირებული რეკლამა-განცხადებებიც. ზოგიერთ რეკლამაზე გამოსახულია ის მედლები, რომლებიც ამა თუ იმ სასტუმროს ან მაღაზიას მიუღია.

Черноморский вестник-ის პირველი გვერდი მთლიანად ეთმობოდა სარეკლამო განცხადებებს. მაგალითად: 1905 წლის 1 მარტის № 9 გამოშვების პირველ გვერდზე ვკითხულობთ ასეთ განცხადებას:

„ა.ნ.ლებედევას სასწავლებელი და პანსიონი კომაროვსკაიას ქუჩაზე ამზადებს ორივე სქესის ბავშვებს ყველა საშუალო სასწავლო დაწესებულებებისათვის. სასწავლებელში მიიღებიან წერა-კითხვის უცოდინარი ბავშვებიც“..

იმავე გაზეთის 1905 წლის 1 მაისის №49 იუწყება იმ სანაოსნო რეისების შესახებ, რომლებსაც ახორციელებს სანაოსნოსა და ვაჭრობის რუსეთის საზოგადოება: საფოსტო-სამგზავრო რეისები ბათუმიდან ოდესამდე; ყოველ შაბათს დღის 2 საათზე; იქნება რეისები სოხუმის, გაგრის, სოჩის, ნოვოროსიისკის, ფეოდოსიის, იალტის, სევოსტოპოლის მიმართულებით; რეისი ალექსანდრიის ხაზით – ბათუმის გავლით – ორ კვირაში ერთხელ, ოდესის გავლით – ყოველკვირეულად.

რეკლამა

ვხვდებით სამედიცინო ხასიათის განცხადებებს:

„კბილის ექიმ ია. ლეიხტერის კბილის დაავადებათა პირველი სამკურნალო დაწესებულება გადატანილია ოგლობჟინსკის ქუჩაზე, ზაპოროჟსკის სახლში, ვიტუშინის აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს. დანტისტ ფაინშტეინს ამ სამკურნალო დაწესებულებასთან არავითარი კავშირი არა აქვს“ .

გაზეთის სხვადასხვა ნომერში განთავსებულია განცხადებები ბინის გაქირავება-გაყიდვაზე, მოდური ტანსაცმლისა და ნაქარგობების სწავლებაზე, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, სამგზავრო მატარებლების განრიგზე, ტაქსით მომსახურებასა და სხვადასხვა მარშრუტის შესაბამისი ფასების შესახებ ( 20-25 კაპიკიდან 1 მანეთამდე) და ა.შ.

ახალფეხადგმული ქალაქისათვის უცხო არც კულტურული ღონისძიებები იყო. მაგალითად, ასეთი განცხადება: „უხუცესთა საბჭოს ბათუმის საზოგადოებრივი კრება წევრებისა და კანდიდატებისათვის აწყობსა ,,ოჯახურ საღამოს“. დასაწყისი საღამოს 10 სააზე. საღამოში მონაწილეობს მუსიკალური გუნდი. მამაკაცებისთვის დასწრების ღირებულებაა 1 მან., მანდილოსნებისთვის – 60 კაპ.“

გაზეთ ,Батумский день-ის 1915 წლის [39] გამოშვებაში ასევე, გვხვდება ყავის რეკლამა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს რეკლამა თანამედროვე ეპოქაშია გაკეთებული: ლამაზ შავ-თეთრ ჩარჩოში ჩახატულია ფინჯანი ყავა, რომელსაც ოხშივარი ასდის. ამ ფონზე კი ასეთი წარწერაა: დააგემოვნეთ დილით, საუზმეზე – ყავა იაპონური სოიოსგან, მკვებავი, გემრიელი, იაფი! შეიცავს 40%-ზე მეტ ცილას, 25%-მდე ცხიმებს, 1,6% ფოსფორმჟავას. უარყოფითად არ მოქმედებს გულზე და ნერვებზე. მიღებული აქვს 5 უმაღლესი ჯილდო 1910 წელს რუსეთში გამართულ გამოფენებზე. მოითხოვეთ უფასოდ დაგემოვნება და ბროშურები ექიმთა გამოხმაურებებით. იყიდება ყველგან!“

თვალშისაცემ და ლამაზი ილუსტრაციით გაფორმებულ კიდევ ერთი რეკლამაზე გავამახვილებთ ყურადღებას: ხის მორზე შემდგარ დათვს ხელში უჭირავს ბოთლი და თითქოს სულმოუთქმელად უნდა დალევა. წარწერა კი ასეთია: არყის, ლიქიორისა და კონიაკის გ. დანილოვის პირველი ქარხანა ბათუმში. ფირმა არსებობს 1888 წლიდან მოითხოვეთ პრეის-კურანტები“.

ამავე გაზეთში ვხვდებით სარეკლამო განცხადებებს ბათუმში გახსნილი პირველი კლასის სასტუმროების ,,საფრანგეთისა“ და ,,ორიენტალის“ შესახებ. ბათუმში უკვე მაშინ ფუნქციონირებდა სარიტუალო დარბაზები, მაგალითად, რესტორანი ნოდარ ვასაძისა – „პურ-ღვინო“, ქალაქის ცენტრში, დიდი დარბაზით, სადაც მოეწყობა ქორწილები, ბანკეტები, ქელეხები. რესტორნის სამზარეულო ძალიან სუფთა და კეთილმოწყობილი ყოფილა, თანაც ელექტროგანათებით.

რეკლამა

ამავე გაზეთის 1916 წლის 1 იანვრის გამოშვებაში ვხვდებით უაღრესად ინოვაციურ რეკლამას ჟურნალზე „ქალის სამყარო“ ხელმოწერის დაწყების შესახებ. რეკლამა ილუსტრირებულია, რითაც მაშინვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას. რეკლამა ვრცელია და მკითხველს დაწვრილებით აცნობს ერთადერთი დახვეწილი, მდიდრულ ყდაში ჩასმული გამოცემის შესახებ, რომლის რედაქტორ-გამომცემელი ყოფილა გრაფინია პეტროგრადელი ა. მურავიოვა (მოცემულია მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი). ჟურნალ ,,ქალის სამყაროს“ 1916 წლის გამოცემების პროგრამაშია: ქალი ომში; ავადმყოფის მოვლა შინ; როგორ ვკვებოთ ავადმყოფი; კოსმეტიკური სიახლეები; ზედმეტი სიგამხდრისა და ჭარბი წონის საწინააღმდეგო რჩევები და რეცეპტები; პლასტიკის, მიმიკისა და ცეკვის გაკვეთილები; აღზრდის სა-კითხები; მოდის ქრონიკა პარიზიდან, გაფორმებული საკუთარი კორესპონდენტების ნახატებით; მოდური თეთრეული და კორსეტი; მამაკაცის მოდა; სახლი და მისი კეთილმოწყობა; გამოყენებითი ხელოვნება; ხელსაქმე; ფოტოგრაფიის სიახლეები; ძველი რუსული მაქმანები; ძველი რუსული ფაიფური; მხატვრული ლიტერატურა – ლექსები, ბელეტრისტიკა; კითხვებზე პასუხები.

რეკლამა ასევე იუწყება, რომ ჟურნალს ,,ქალის სამყარო“ უფასოდ მოყვება საბავშვო მოდის ალბომი, თარგები, „უზორები“.

ეს რეკლამები იმის მაჩვენებელია, რომ ბათუმში პერიოდული პრესის დახმარებით ვითარდებოდა კულტურული ცხოვრების ყველა სფერო. ხოლო თვით ზემოხსენებული რეკლამა ცხადად გვიჩვენებს, თუ რა დიდი განსხვავებაა დღევანდელი ბულვარული, ყვითელი პრესისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ჟურნალის ესთეტიკას შორის.

ამრიგად, სარეკლამო განცხადებებზე დაკვირვება ადასტურებს ფაქტს, რომ ბათუმში გამომავალი პრესის მესვეურები კარგად ერკვეოდნენ რეკლამის დანიშნულებაში და ცდილობდნენ იმ დროისათვის არსებული პოლიგრაფიული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

_________

ქვეყნდება შემოკლებით. 

ბათუმს გრგ შესაძლოა აღარც დასჭირდეს – 5 ახალი სამშენებლო პროექტი

იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია 5000-მდე კვადრატულ მეტრზე ან მეტი ფართობის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტს ითხოვს, კანონმდებლობა ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] შედგენას ითვალისწინებს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს კვლევებს დაგეგმილი პროექტის მასშტაბების შესაბამისად. ასეთი გეგმარებითი დავალება მერიამ უნდა გასცეს საკრებულოს თანხმობით. დავალება ზუსტად გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად მზადდება, წარდგენილ დავალებას კი ისევ საკრებულო ამტკიცებს მერიის დაკვეთით.

თავისი უფლებამოსილების ვადაში ბათუმის საკრებულომ რამდენიმე ათეული გენგეგმა დაამტკიცა კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის. ყველაზე ხმაურიანი შპს „რივიერა ბათუმისა“ და მახინჯაურში ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული გენგეგმების დამტკიცება იყო. ხმაურისა და კითხვების ფონზე ჩაიარა შპს „ალიანსის“ გენგეგმის დამტკიცებამ „ჰილტონის“ მიმდებარედ უკვე დაწყებულ პროექტზე და ასევე ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე დაგეგმილ პროექტზე.

სხდომაზე, რომელიც დღეს, 28 ნოემბერსაა ჩანიშნული, საკრებულო კიდევ ხუთი მიწის ნაკვეთის გენგეგმის მომზადებაზე გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხს განიხილავს და, სავარაუდოდ, მხარსაც დაუჭერს. ამ საკითხებზე განკარგულების პროექტები მერიამ უკვე მოამზადა და საკრებულოში დასამტკიცებლად გადააგზავნა.

განსახილველად გადაგზავნილ საკითხებს შორის ერთ-ერთია შპს „ნიუ სფეისის“ პროექტი. კომპანია ბათუმში გორგილაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების დამტკიცებას ითხოვს. საპროექტო ნაკვეთი 2 113 კვადრატულ მეტრ დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს. მიწის ნაკვეთს საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს და ამ ზონაში დადგენილი კ2 კოეფიციენტი 2,2-ია, კომპანია ამ ადგილზე 14-სართულიანი სახლის მშენებლობისთვის კ2 კოეფიციენტის  8,0 -მდე გაზრდას ითხოვს.

ხიმშიაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთა

შპს „ნიუ სფეისი“ 2019 წლის მარტშია დაფუძნებული და მისი მფლობელი ლაშა ხარაბაძეა.

კიდევ ერთი კომპანია – შპს „ნიუ ჰაუსი“ ასევე ითხოვს ბათუმში, მესხეთის ქუჩის ხუთ საკადასტრო ერთეულზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცებას. გეგმარებითი დავალების შესაბამისად კი, კომპანიამ უნდა მოამზადოს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის დამტკიცებაზეც მერიის წარდგენით ბათუმის საკრებულო იმსჯელებს.

მერიის ინფორმაციით, კომპანია, სავარაუდოდ, 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს – 20 000 000 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 50 მოქალაქეს დაასაქმებს. ტერიტორიას, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული. კომპანია ზონაში დადგენილი კ2 კოეფიციენტის 8,0-მდე გაზრდას ითხოვს. მერია კომპანიისთვის გეგმარებითი დავალების მისაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზადაა და გადაგზავნილია საკრებულოში დასამტკიცებლად.

ბათუმი, მესხეთის პირველი შესახვევი #8-12 [ 7120 კვ.მ და რამდენიმე შენობა-ნაგებობა]
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთები მერაბ გოგოლიშვილს ეკუთვნის, შპს „ნიუ ჰაუსის“ მფლობელი კი გიორგი ნამგალაძეა.

ბათუმში, გამწვანებულ ზონაში, ხუთ საკადასტრო ერთეულზე [ჯამში 4203 კვ.მ] მშენებლობის მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ითხოვს შპს „დიზაინ ჯგუფიც“. ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სახლია და საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მდებარეობს. კომპანია მიწის ნაკვეთზე დადგენილი [3,0] კ2 კოეფიციენტის 8,0-მდე გაზრდას ითხოვს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე ორი 25-სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობა უნდა აშენდეს. პროექტი ითვალისწინებს ერთსართულიანი დახურული და ასევე ღია ავტოსადგომის მოწყობას.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.

მთავარი ფოტო: გორგასლის 113, სადაც 14-სართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება

„ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“- რა თქვა ივანიშვილმა

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საქართველს ექსპრემიერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ბათუმელები“ მოკლედ გთავაზობთ ინტერვიუს მთავარ აქცენტებს.

  • „დრამატული არაფერი მომხდარა“

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა:

“რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები, ემოციურად. მე, ვთქვათ, მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად განიცდის. თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნები.

არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები და არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მით უმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ ეს ქუჩის ოპოზიცია და აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს” ,- ამბობს ივანიშვილი.

მან ასევე განაცხადა, რომ ელჩებს მისთვის არაფერი უკითხავთ ამ თემაზე:

„ელჩებს შევხვდი არაერთხელ, კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ“.

  • „ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას“

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 7 წლის მანძილზე არ ახსენდება არც ერთი პრინციპული დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა ვერ შეასრულა.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს, ივანიშვილი ამბობს, რომ ეს იყო მისი ინიციატივა და დაპირება, რომელიც ვერ შესრულდა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. გუნდი დაზიანდა, ჩემს სიტყვებს ძალიან ვუფრთხილდები. ყველა განიცდის,  როცა ის ამბობს და ვერ აკეთებს…

ჩვენ ცილს გვწამებდნენ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული დაპირება არ მახსოვს, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

  • „შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას“

ივანიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები პარლამენტში შევიდოდნენ, იქვე „ჩაიჭერდნენ ყველას“.

„მე გუნდში მქონდა გარჩევა 20 ივნისის მოვლენების. იქ გამოთქვამდნენ ზოგიერთები, რომ შეიძლებოდა გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა ესენი [პარლამენტში] შესულიყვნენ და ასე შემდეგ. მაშინაც რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა და მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. ნახეთ ტურიზმი თუ ინვესტიციები. პოლიტიკური სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკურს. შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას.

ვერ აცნობიერებენ, შევარდნაძის დროს ადარებენ. შევარდნაძე იყო ასაკში შესული, არ ჰყავდა გუნდი, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ასე შემდეგ. ესენი მოვიდნენ ამ ფონზე. მართლაც გაყალბებული არჩევნების ეჭვი რაც იყო, საფუძვლიანი იყო და ამ ფონზე მოახერხეს, ის გუნდი მობილიზებული მოვიდა და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს – რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მე მგონი, არც ლიდერად არ ვარ ცუდი, ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია მაგათზე მეტი. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება. ჯერ ერთი – ვერ მოახერხეს, მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

  • „აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან“

„დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის გულისხმობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომლის დაკვეთითაც ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა და აკრიტიკებს.

„წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან.

პრობლემა ის კი არაა, რომ ამ რეიტინგების გვეშინია, თქვენ კარგად თქვით, რომ ნდობა აღარ აქვს ამ რეიტინგებსო, ასეთი უნდობლობის პირობებში რომ ასე ჯიუტად ქვეყნდება… NDI იქნება თუ IRI, ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღო, შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებს უნდათ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ, ამერიკული ორგანიზაციებს, თუ შეიმჩნევა ტენდენციურობა, რაც აშკარაა, ქართული ოცნება არ უყვართ და ისევ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარსო. შეიძლება უკვე იმდენად სანდო არაა ეს კვლევა, რომ უკვე ამაზე მიდის მუშაობა. ნახეთ, ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას და არა „ქართულ ოცნებას“. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არაა საფუძველსმოკლებული. მაგრამ ზოგადად რა ხდება, დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში.

[ეს ხომ მის, აშშ-ის იმიჯს ურტყამს?] რა თქმა უნდა, და ყველაზე სამწუხაროა. ჩვენ გადავიარეთ ის, რომ  აშშ ნაცმოძრაობას მხარს აღარ უჭერს. ვინც პოლიტიკაშია, ეს ყველამ გაიგო, ესეც გავიგეთ, რომ ეს კვლევები ვერ დაგვაზაინებს. მაგრამ ზოგადი განცდა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა და დევალავაციას განიციდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში… ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე. მათ უამრავი გააკეთეს, რომ ჩვენ სტაბილურობა მიგვეღო, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველანაირად. ის, რომ ასეთი პარტნიორის ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაც ისეთს არ აკეთებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო”, – აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ სინამდვილეში ისეთი მხარდაჭერა აშშ-დან, როგორც დღეს აქვს საქართველოს, არასდროს ყოფილა და ის ამის მაგალითად წარმომადგენლობით პალატაში მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს ასახელებს საქართველოს მხარდასაჭერად. თუმცა, მისი თქმით, პრობლემები აქ არსებული ამერიკული ინსტიტუციების მიმართ არსებობს და არა ვაშინგტონში.

  • „ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2 მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის. იგი გამოსავალს ხედავს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაში. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება:

„ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო.

სხვაობა ეკონომიკური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები. ლიტველი რომ მიდის გერმანიაში სამუშაოდ, ჯდება ტრანსპორტზე და ბრუნდება, როცა უნდა უკან”, – ამბობს ივანიშვილი.

ექსპრემიერი ფიქრობს, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება, ყველამ იშოვოს სამსახური, ვისაც ამის სურვილი ექნება და მისი თქმით, ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში:

“2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 და 20 წელიწადში ვერც ერთი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, რეალური გამოსავალი ეს არის. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშოზე წავიდნენ. მე ვფიქრობ, 2-3 წელიწადში, გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი.“

  • „დარჩენილი წლები მინდა ამას მოვახმარო…“

ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართველებს მოუწოდებს, რომ „ჩვილი ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს”, რადგან მისი თქმით, დედის ინსტიტუტის დანგრევამ ბევრი ადამიანური ფასეულობები დაარღვია:

“ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი. მე ვფიქრობ, არამარტო საქართველოში, მთელი დღევანდელი მსოფლიო ყველაზე დიდ პრობლემას განიცდის. პრობლემა თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არაა. დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულობა დაანგრია და დაარღვია.

თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან, დარჩენილი წლები მინდა ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია, იმდენად მოდაშია, ამის საწინააღმდეგო სიტყვაც რომ ვთქვა ალბათ… ყველაფერი ეს ძალიან კარგია, მაგრამ…”, – ამბობს ივანიშვილი.

ბათუმის საკრებულოს შენობასთან მოქალაქეები და პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან, სადაც დღეს, 28 ნოემბერს, საკრებულოს სხდომა იმართება, მოქალაქეთა ჯგუფია შეკრებილი. მობილიზებულია პოლიციაც. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებსა და საკრებულოს წევრს ენმ-დან, ლევან ანთაძეს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობასთან შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის ბათუმის მერიისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებიც არიან.

ბათუმის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დღეს საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევამ ანთაძემ სხდომის დაწყებამდე სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბათუმის საკრებულოს შენობასთან / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულოს შენობაში / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულოს შენობაში / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულოს შენობაში / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულოს შენობასთან / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის საკრებულოს შენობასთან / 28.11.2019 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის საკრებულოს სხდომებს ოპოზიცია არ დაესწრება – გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დღეს საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევამ ანთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ანთაძის თქმით, ამ ფორმით ფრაქცია აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი არ გადაწყდება. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, გამონაკლისი იქნება ის სხდომა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

დღეს, 28 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა იმართება.

დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი, მათ შორის „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მუნიციპალურ ავტობუსებში რეკლამის განთავსების 20-წლიან უფლებაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების საკითხი.

პროექტის მიხედვით, აუქციონის პირობებში, უფლების საფასურის გადახდის გარდა, ჩადებულია გამარჯვებულის მიერ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 10 ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა. საკითხი საკრებულოს 30 ოქტომბერს სხდომაზე უნდა განეხილა, თუმცა გადადეს.

ამ თემაზე:

ავტობუსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მიმღები მერიას 10 ავტობუსს უყიდის

გურიაში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად ორი საწარმო გაიხსნა

ნოემბრის მიწურულს გურიაში ორი სოციალური საწარმო გაიხსნა, სადაც, ქართულ რეალობაში პირველად, მხოლოდ ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდნენ.

ქაღალდის პარკების საამქრო გურიაში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს. საწარმოში ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით დასაქმდნენ. მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოს ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზება ძირითადად გურიისა და ახლომდებარე რეგიონების ბაზარზე იგეგმება.

მეორე სოციალური საწარმოში, გურიაში, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ, გრავირება ხდება და აქ საფლავის ქვების დამზადება-მოხატვაზე მუშაობენ.
სოციალური საწარმოები ევროკავშირის მხარდაჭერით, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ მიერ შეიქმნა. 26 ნოემბერს, საამქროს ოფიციალურ გახსნაზე მოწვეული სტუმრები ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის მიღწეულ შედეგებსაც გაეცნენ.

გარდა გურიისა, სოციალური საწარმოები მოეწყო ასევე იმერეთში, კერძოდ ქუთაისსა და გეგუთში. ქუთაისში გათბობა-გაგრილების სისტემების საამქრო ამოქმედდა, გეგუთში კი კენკროვანი კულტურების სასათბურე მეურნეობა „აგამა“, სადაც გარდა კენკროვნების მოყვანისა, ჯემების, კომპოტებისა და მურაბის წარმოებაც დაიწყეს სათბურშივე მოყვანილი პროდუქტისგან. გურიის სოციალური საწარმოების მსგავსად იმერეთის ამ ორ საწარმოშიც ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები არიან დასაქმებულები.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გახსნილ ოთხ სოციალურ საწარმოში ჯამში 23 ბენეფიციარი დასაქმდა – 18 კაცი და 8 ქალი. სამომავლოდ ოთხივე საწარმოს ეტაპობრივი გაფართოება იგეგმება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშესაწყობად.

„ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის“ პროგრამა სამი წელი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ,,დემოკრატიის“ ინსტიტუტი 1188 ყოფილ პატიმარს და მათ ოჯახის წევრებს დაეხმარა. პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციას ისახავდა მიზნად დასაქმების ხელშეწყობის, სამედიცინო მხარდაჭერის, საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსებში ჩართვის და პროფესიული გადამზადების გზით.

ქაღალდის პარკების სოციალური საწარმო გურიაში 26 ნოემბერს გაიხსნა

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ქობულეთის შემოვლით გზასთან ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, შემოვლით გზასთან ახლოს ხანძარია. არსებული ინფორმაციით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ეკალ-ბარდი იწვის.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version