მთავარი,სიახლეები

მოსამართლე გაუპატიურებაზე: წარმოუდგენელია, დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს

28.11.2019 • 5138
მოსამართლე გაუპატიურებაზე: წარმოუდგენელია, დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს

გაუპატიურებაში ბრალდებული ირაკლი თ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის მიზეზად მოსამართლე ასახელებს კანონის მოთხოვნას: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

სადავო შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით ქალის კივილის ხმა გაიგონეს. პოლიციასაც მეზობლებმა დაურეკეს.

„…იმ საღამოს ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა შემომესმა,“ – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთმა მოწმემ, – „ქალი ყვიროდა „პაჟარ“ და ბინაში შემოვიდა, ის ჩემთვის უცხო იყო, რუსულად საუბრობდა, აღელვებული იყო და პოლიციას ითხოვდა. რუსული კარგად არ მესმის და ვერ გავიგე, რა სურდა ამ ქალბატონს… კარისკენ მივუთითე, ის დერეფანში გავიდა, სხვა მეზობლები უკვე იქ იყვნენ“.

მოსამართლეს ჩვენება სხვა მეზობლებმაც მისცეს. მათი თქმით, ქალი დერეფანში გამორბოდა ყვირილით – „პაჟარ“ და შველას ითხოვდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ტატიანა ა.-მ უთხრა, რომ ის გააუპატიურეს და ხელზე სისხლჩაქცევაც ჰქონდა. პოლიციელებმა იქვე დააკავეს ირაკლი თ. რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ სექსი ტატიანასთან ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ნებაყოფლობით. რაც შეეხება სისხლჩაქცევებს – ბრალდებულმა განმარტა, რომ ის დაახლოებით ერთი წელი ინტერნეტით მეგობრობდა ტატიანასთან, იმ საღამოს კი, ქალის გაღიზიანება ირაკლის მობილურში ნანახმა შეტყობინებამ გამოიწვია.

„ვადასტურებ, რომ მას ბინიდან გაქცევა უნდოდა და ძლიერად მოვკიდე ხელი მკლავებში, ასევე ზურგჩანთაზე მოვქაჩე, რასაც შესაძლოა გამოეწვია სახელურის ხევა… იძულებით სექსუალურ კავშირს გამოვრიცხავ,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

მეგობრობა დაადასტურა დაზარალებულად ცნობილმა ქალმაც. მისი თქმით, სექსუალური კავშირი ბრალდებულთან რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა შემდეგ ირაკლიმ მას სექსი აიძულა და ბინიდან გასვლაც შეუზღუდა.

მოსამართლე განაჩენში შენიშნავს, რომ გაუპატიურებას და მსგავსი ტიპის სექსუალური ხასიათის დანაშაულებს, როგორც წესი, მოწმე არ ჰყავს, თუმცა მოსამართლე აქცენტს აკეთებს კიდევ ერთ გარემოებაზე:

„სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ა-ს ჩვენების არათანმიმდევრულობაზე, რაც მისი დამაჯერებლობის ხარისხს ამცირებს და იწვევს ეჭვს ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორესთან დაკავშირებით. ბრალდებულის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტის მიზეზს, კერძოდ, სქესობრივი აქტის შემდეგ აბაზანიდან გამოსულები იწვნენ თუ არა საწოლზე ერთად და ეფერებოდა თუ არა ქალს ხელზე, გასცა ორაზროვანი პასუხი, რომ არ ახსოვს იყო თუ არა ასე. ანუ, არ გამორიცხა ასეთი ფაქტის რეალურად არსებობა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ამცირებს მას, როგორც პიროვნებას და უდიდეს მორალურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ასეთი ქმედების შემდეგ, წარმოუდგენელი და ალოგიკურია ფსიქოლოგიურად ტრავმირებული და დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს, ეფერებოდეს და ესიყვარულებოდეს მას.

კითხვაზე – მიიღო თუ არა სიამოვნება სქესობრივი აქტის შედეგად, დაზარალებულმა, განმარტა, რომ ამაზე არ ისაუბრებს. მოქმედება, რომელიც ქალისთვის სხვა პირობებში სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, თუ ძალადობის აქტად იქცევა, ის იმდენად ამცირებს მის პირად ღირსებას და თელავს მის პიროვნებას, მსგავსი ტიპის შეკითხვებზე კატეგორიული და ცალსახა პასუხი მეტ დამაჯერებლობას შესძენდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარეს სქესობრივი კავშირი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

საბოლოოდ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ირაკლი თ.-ს 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. ეს სასჯელი მოსამართლემ ფიზიკური ძალადობისთვის გამოიყენა, რაშიც იგი დამნაშავედ მიიჩნია. ბრალდებულს გამოძიება გაუპატიურებასთან ერთად ფიზიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

გაუპატიურების დადასტურების შემთხვევაში კი, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: