EMC-ი მუშების დაღუპვაზე: მნიშვნელოვანია, რეგიონებში შრომის ინსპექტორების არსებობა

ბოლო ორ დღეში, 7 და 9 ივნისს, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა,  მათგან ერთი ბათუმში, მეორე – მარნეულში. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი მუშების დაღუპვას ეხმიანება და იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებიც ამ თვალსაზრისთ სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობდა ხელს.

„საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად ფრაგმენტული, მოწყვლადი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექციის გაძლიერების ფონზე, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, შრომის ინსპექციის მნიშვნელობისა და მისი მანდატის მაქსიმალური გამოყენება კვლავ პრობლემად და გამოწვევად რჩება. გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნათელი და გამჭირვალე მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინფორმირების გაძლიერება, უბედური შემთხვევების პრევენციისაკენ მიმართული ღონისძიებები, ის საკითხებია, რომელთა პრაქტიკაში დროული ინტეგრირება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამასთან, თბილისს გარეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მშენებლობების პარალელურად, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლობის არსებობა, მიმდინარე დარღვევების მყისიერი გამოვლენის, დროული რეაგირებისა და პრევენციისაკენ გადადგმული ნაბიჯების გამართვისა და უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შრომის ინსპექტორთა რაოდენობის ზრდა და მისი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან გათანაბრება მიგვაჩნია.

სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის არაშრომითი ხელშეკრულებებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობები კიდევ ერთ პრობლემურ მხარეს წარმოადგენს. მომსახურების ხელშეკრულების არსებობის პირობებში, დასაქმებულებს არ აქვთ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას.

აღნიშნულის ფონზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომითი კანონმდებლობის რეფორმის, რაც შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას, ინფორმირებისა და სანქცირების შესაძლებლობის გაძლიერებას, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალურ მონიტორინგს უკავშირდება, დროული მხარდაჭერა, მიღება და კანონმდებლობაში ასახვა უმნიშვნელოვანესია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს:

  • შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, მხარი დაუჭიროს შრომითი კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმას

საქართველოს მთავრობას:

  • შესაბამისი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, უზრუნველყოს რეგიონებში შრომის ინსპექტორების ჯგუფების შექმნა, უსაფრთხოების შემცველი სამუშაო ადგილების მყისიერი გამოვლენის, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალური რეალიზებისა და დარღვევების პრევენციის მიზნი

შრომის ინსპექციას:

  • დაუყოვნებლივ შეამოწმოს ბათუმსა და მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევების სამუშაო ადგილები და შესაბამისად იმოქმედოს.

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყონ გარდაცვალების შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება და მოახდინონ ბრალდებულთა იდენტიფიცირება“.

____

ნახეთ რა დაადგინა გამოძიებამ 6 თვის წინ მშენებლობაზე დაღუპული მუშის საქმეზე

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

 

გორგოძე: თუ აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, ეროვნულ გამოცდაზე დავუშვებთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების დღეს აბიტურიენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, მას მაინც დაუშვებენ გამოცდაზე.

„ჩვენ მოწყობილი გვაქვს ორი ტიპის სივრცე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები აღენიშნება აბიტურიენტს და გვექნება სარეზერვო სივრცეები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც აქვს ტემპერატურა, მაგრამ შეგვიძლია დაშვება, რადგან ბევრი შემთხვევაა გაწერილი და ჩვენ შეგვიძლია ბევრი აბიტურიენტი დავუშვათ ამ რეკომენდაციების მიხედვით და ამ მიზნით, ცალკე სივრცეები გვექნება განსაზღვრული“, – განაცხადა მან დღეს, 9 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სოფიო გორგოძის თქმით, ცენტრი გამოცდაზე უზრუნველყოფს თერმოსკრინინგს და იმოქმედებს იმ პროცედურების შესაბამისად, რაც პროტოკოლით არის გაწერილი.

რაც შეეხება მერხებს შორის დისტანციას, სოფიო გორგოძე ამბობს, რომ რეკომენდაციის მიხედვით,  თითოეულ მერხს შორის დაშორება 3,5 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის დაშორება – 1 მეტრი.

„თითოეულ მერხს წინ დამონტაჟებული ექნება გამჭვირვალე ფარი, ბარიერი.  თუ აბიტურიენტი არ მოიტანს პირბადეს, ჩვენ შევთავაზებთ. სასურველია, რომ კალამი მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კალმები და დეზინფექციასაც ჩავუტარებთ გამოყენების შემდეგ.

იძულებული ვართ, 1/3-ით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ თითო სესიაზე, რადგან სექტორში მხოლოდ ათი აბიტურიენტის განთავსებაა რეკომენდებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სესიებიც იქნება გახანგრძლივებული, თუმცა კარგია, რომ გამოცდები აგვისტოში არ გადადის და 25 ივლისს დასრულდება“, – ამბობს გორგოძე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უზრუნველყოფილი იქნება სივრცე შშმ პირებისთვის. ასევე, გამოცდების ჩაბარება შეეძლებათ მსჯავრდებულებსაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი, რომელსაც COVID 19-ის სიმპტომები გამოუვლინდება და წინასწარ ტესტი არ ექნება გაკეთებული, გამოცდაზე არ დაიშვება. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 9 ივნისს, გამართულ  საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელს, 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: სოფო გორგოძე/„ბათუმელების“ არქივი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/459203/

აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი
  • პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 400 ათასზე მეტი ადამიანი – ბოლო მონაცემები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 9 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 406 913 ადამიანი.

Covid19-ით ყველაზე მეტი, 111 007 ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსით გარდაიცვალა 40 680 ადამიანი.

მესამე ადგილზეა ბრაზილია – ქვეყანაში სულ გარდაიცვალა 37 134 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში  დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევებიდან 6 თვის შემდეგ მსოფლიოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 7 136 366 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 3 309 447 ადამიანი, გარდაიცვალა – 406 913.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Fernando Bizerra

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ამავე დღეს დაიწყება საგრანტო კონკურსიც. ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება დღეს, 9 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

გამოცდები გაიმართება 24 საგამოცდო ცენტრში. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.

ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია [დეპარტამენტი]

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აღნიშნული გზა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დაიწყოს, ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება – მდინარე ჭოროხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე.

ახალი გზის მშენებლობის გამო საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს.

„განსახლების სამოქმედო გეგმა და გზშ წარმოდგენილი იქნება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფინალურ ანგარიშთან ერთად“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

როდის უნდა დაწყებულიყო ბათუმი-სარფის გზის დეტალური პროექტირების სამუშაოები და რა ეტაპზეა? – დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს მიერ დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება [სტადია 1] და მიმდინარეობს დატალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება [სტადია 2].

„დეტალური პროექტირება საპროექტო ორგანიზაციამ დაიწყო 2020 წლის 3 თებერვალს და ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით აღნიშნული ვადა უცვლელია და საპროექტო ორგანიზაცია მაქსიმალური შესაძლო რესურსით აგრძელებს სამუშაოებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნულია დეპარტამენტს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა 8 ივნისს მიიღო.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი, დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება „ყველაზე კარგ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გადავადება თუ არ იქნება“.

ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, გზების დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის, კონტრაქტი, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა.

„შესყიდვა განხორციელდა საერთაშორისო ტენდერით, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებითა და პროცედურების თანახმად“, – აცხადებენ დეპარტამენტში. – „კონტრაქტის ღირებულება არის 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი, არაპირდაპირი ადგილობრივი გადასახადების ჩათვლით. აღნიშნული კონტრაქტი გაფორმებულია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში“.

დეპარტამენტიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს გზის მშენებლობა, გზის საერთო სიგრძე; ამასთან, აშენდება თუ არა ახალი ხიდი ჭოროხზე და რამდენი გვირაბის და ხიდის მშენებლობა იგეგმება [მათი სავარაუდო სიგრძეების მითითებით].

„ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა და ასევე გვირაბის მოწყობა. დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და სამშენებლო სამუშაოების ვადა დაზუსტდება დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, თუმცა, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების დაწყება 2021 წელს,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის პასუხში.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

 

მთავარი ფოტო: ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში /არქივიდან / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა

2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 8 ივნისს, მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო ბილეთების შეძენა არ არის ხელმისაწვდომი.

რკინიგზის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება მატარებლების მოძრაობის განრიგი, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება.

„2-3 დღეში ცნობილი იქნება განრიგიც და მგზავრობის ფასიც, რის შემდეგაც გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი ბილეთების შეძენა,“ – გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.

„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ  დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება,“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

ამ თემაზე:

მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან განახლდება

 

მთავარი ფოტო: საქართველოს რკინიგზა

გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში – უმაღლეს საბჭოში რიჟვაძეს უსმენენ

ბათუმელმა გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა დღეს, 9 ივნისს, მას შემდეგ დაიკავა აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის სავარძელი, როცა სხდომათა დარბაზი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა დატოვა.

დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აბარებს. მას გარემოვაჭრეები უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ, მათ გამოფინეს ტანსაცმელი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ალტერნატივა, თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა სამსახური, თუმცა არავინ მოგვისმინა,”- თქვეს გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც არც თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

სხდომაზე გარემოვაჭრის დასწრება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა მოითხოვა, რასაც ხანგრძლივი კამათი მოჰყვა. დავით გაბაიძემ ბაგრატიონს სხდომის დატოვება მოსთხოვა, თუმცა მანდატურებმა ეს შესვენების გამოცხადების მიუხედავად ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ელგუჯა ბაგრატიონმა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როცა სხდომაზე მოქალაქის შემოშვებაზე მიიღო დაპირება.

სხდომა რამდენიმე წუთში მოქალაქემაც დატოვა – მას საბჭოს აპარატის თანამშრომელმა მოუწოდა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სკამი დაეკავებინა.

“საერთოდ აღარ მინდა აქ,”- გაბრაზდა მოქალაქე და დარბაზი დატოვა. იგი ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლებმა ხუთასი ლარით დააჯარიმეს.

სხდომას აღარ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

“მე მოგიწოდებთ, ის ადამიანი მაინც მოიკითხოთ, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს,”- მიმართა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გიორგი დიასამიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვიდრე სხდომას დატოვებდა.

ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს – როგორი ამინდი იქნება ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

სინოპტიკოსების ცნობით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბათუმსა და სანაპირო რაიონებში 11-12 ივნისსაც, თუმცა მთიან აჭარაში საღამოს დროგამოშვებით იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 -23 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 21 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი  მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი.

„აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული იყო, კომპანიამ, რომელმაც აქ სამუშაოები შეასრულა, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარი ინიციატივით და აკვაპარკიდან „აჭარულ სახლამდე“ მონაკვეთში ახალ ველობილიკს მოაწყობს არა ქვაფენილებით, არამედ ბეტონით. ამაში ბულვარის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება. ახალი ბილიკი 15 დღეში მზად იქნება. რაც შეეხება ველობილიკის დანარჩენ მონაკვეთს – ქვაფენილის ბეტონით ჩანაცვლებას ბულვარი 2021 წელში გეგმავს“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ველოსიპედის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. საქართველოში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა. ველოსიპედების მაღაზიებში ამბობენ, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე ველოსიპედების გაყიდვა 2-3-ჯერაც კი არის გაზრდილი.

ბულვარში ველობილიკი გადაკეტილია არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ სახლ „მაგნოლიას“ შორისაც. აქ სანიაღვრე არხების შემკრები და სატუმბი სადგური შენდება. მერიაში 2 წლის წინ აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ერთი თვის წინ გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც ვერ დასრულდეს.

ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით, სადაც ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო, სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებითაა გადაკეტილი.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის სეზონი გაიხსნება. ბათუმის მერიის სამსახურის ინფორმაციით კი, მთავრობისავე გადაწყვეტილებით იგეგმება 2020 წლის 15 ივლისიდან ბათუმში საერთაშორისო ტურისტული სეზონის გახსნა.

ბულვარი ტურისტების მისაღებად ჯერ მზად არ არის. რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, არ არის გარკვეული; ბულვარში არ მუშაობს ატრაქციონები, ჩაკეტილია სპორტული მოედნები. ბულვარს არც აუქციონები გამოუცხადებია საპლაჟო აქსესუარებზე და სხვა კომერციულ მომსახურებებზე. გაურკვეველია, იმუშავებს თუ არა ღამის კლუბები ზაფხულში.

„შეთანხმება სჭირდება და აუქციონის პირობებში უნდა ჩავდოთ ის რეგულაციები, რასაც მივიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან. რაც შეეხება სოციალურ დისტანციას 2 მეტრამდე [მათ შორის შეზლონგებს შორის], ეს ყველა შემთხვევაში იქნება ვალდებულება. ასევე, სადეზინფექციო და სხვა საშუალებების გამოყენება“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

რეკომენდაციებს და რეგულაციებს ბულვარის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროდან ამ დრომდე ელოდება.

ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020
ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020
ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020
ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020 / ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ქვაფენილის აყრა და მის ნაცვლად ბეტონის ველობილიკის მოწყობა 2021 წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

ამ თემაზე:

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

გარემოვაჭრეები რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმლით დახვდნენ

ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებსაც მუშაობის უფლებას ფალავანდიშვილის და წერეთლის ქუჩებზე არ აძლევენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან დახვდნენ.

დღეს, 9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს.

„აქ გამოვფინეთ ჩვენი ტანსაცმელი, გვითხრან, სად წავიღოთ და რა ვქნათ? 500 ლარით დაგვაჯარიმეს, რამდენიმეს ტანსაცმელი ჩამოართეს,”- აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა.

რამდენიმე გარემოვაჭრემ საჯარო სხდომაზე დასწრება ითხოვა, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მათ საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

ბათუმში 44 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 9 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 44 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, დღეს, 9 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 14 836 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

8 ახალი შემთხვევა დღეს – რა ვიცით კოვიდინფიცირების წყაროების შესახებ

დღეს, 9 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს განაცხადა, რომ ინფიცირების ორ შემთხვევაში წყარო გაურკვეველია, თუმცა დღესვე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რას უკავშირდება ახალი შემთხვევები.

ეზუგბაიას თქმით:

  • ინფიცირების 1 შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის კლასტერთან, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ბოლნისში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევასთან
  • 2 ახალი შემთხვევა უკავშირდება მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს
  • 2 შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტები არიან საკარანტინო სივრციდან
  • 3 ახალი შემთხვევა უკავშირდება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, ინფიცირებულია მედპერსონალი.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევაზე. მისი თქმით, კოვიდის მკურნალობისას მედპერსონალს მოუხდა ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხება, რაც გახდა მედპერსონალის ინფიცირების მიზეზი.

„სამწუხაროდ, ქოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო „დარჩი სახლში“… ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა გვერდით არც სამართალდამცავი გიდგას, არც დაცვა. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო. მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ექთანი და სანიტარი, ერთი და იმავე ცვლის, დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატულია სიმპტომები, ტემპერატურა არის მაღალი. სწორედ ამიტომ, პირველივე სიმპტომების დროს მოხდა სკრინინგი და დროულად ზომების მიღება“.

მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ მათი კლინიკის მედპერსონალი ცდილობს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მაქსიმალურად იზოლირებულნი იყვნენ, „იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ საკუთარი ოჯახის წევრების დაცვა,“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.

9 ივნისის 10 საათის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა საქართველოში 818-ს მიაღწია. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 686 პაციენტი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 2 902 ადამიანი.

_____________________________

 

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელიც ხიხაძირი-ბაკოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  დააკავეს შპს „ორბიტას“ დირექტორი, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა – 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა,“ – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურის ცნობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მეორე  ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

„მიმდინარეობს გამოძიება“, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ზუსტად 6 თვის წინ ბათუმში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის გამოძიების შესახებ ვიკითხეთ. მაშინ, 2019 წლის 7 ნოემბერს, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაში, მშენებლობიდან 23 წლის ანრი მახარობლიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.

ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ორი დღის წინ, 7 ივნისს, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობიდან გადმოვარდნილი 28 წლის იაკობ თავდგირიძის დაღუპვაზეც. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმების ის გარდაცვლილი დახვდა.

იაკობ თავდგირიძე კომპანია „სი ემ სი მეზღვაურში“ მუშაობდა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი გია დოლიძეა, რომელიც ასევე არის შპს „გიგეროს“ მფლობელი და დირექტორი. 6 თვის წინ ანუ 2019 წლის 7 ნოემბერს სწორედ „გიგეროს“ სამშენებლო კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა ანრი მახარობლიძე და დაიღუპა.

რატომ ვერ დასრულდა 6 თვეში გამოძიება? – ეს კითხვა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ბათუმელები“ არაერთხელ წერდა ამ კუთხით დაწყებული და დაუსრულებელი გამოძიებების შესახებ, რომელთა ნაწილი წლების განმავლობაში გაიწელა, ან მეორე – დამნაშავეებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

სახალხო დამცველის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო, 2018 წელს სულ 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა – მხოლოდ 19 ფაქტზე. 2018 წელს საერთო სასამართლოების  წარმოებაში სულ 35 საქმე იყო, რაც მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდა. სასამართლომ ამ საქმეებიდან არსებითად მხოლოდ 7 განიხილა. რეალური სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.

რა შეიცვალა 2019 წელს – „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღარ მიაწოდეს.

კოტე ერისთავის დაკვირვებით, სამშენებლო ობიექტებზე ადამიანების დაზიანების ან დაღუპვის კუთხით დაწყებული საქმეები ძირითადად წლების განმავლობაში ჭიანურდება და საბოლოოდ, გამოძიების ეტაპზე წყდება.

„თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ეს მხოლოდ დაბალი რგოლის თანამშრომელია. მაღალი პოზიციების ადამიანების პასუხისხმგებლობა არ დგება… ბოლოს იყო გამონაკლისი, როცა 16 წლის მოზარდი დაიღუპა მშენებლობაზე და იქ უცხოელ დამსაქმებელს შეუფარდეს პატიმრობა. საგულისხმოა, რომ ეს მენეჯერი ინდოელი იყო…“ – აღნიშნა კოტე ერისთავმა „ბათუმელებთან“.

კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ პრევენციის ეფექტი შრომის ინსპექციამ უნდა შექმნას, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად არ აძლიერებს.

„ერთია, რა ფორმით დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძირითადად პრევენციის როლს უნდა ასრულებდეს შრომის ინსპექცია, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად არ აძლიერებს. მშრომელების და შრომითი უსაფრთოების, მათი უფლებების დაცვა არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი,“ – გვითხრა კოტე ერისთავმა.

______

მთავარი ფოტო: მშენებლობიზე დაღუპული 28 წლის იაკობ თავდგირიძე და 23 წლის ანრი მახარობლიძე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ, თუმცა ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი მართვს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

 

როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები.

ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ კი ცივ ფერად მოიხსენია.

რამდენად მწვანეა ბათუმი და როგორია ამ მხრივ ბალანსი ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის? – ამ საკითხზე მსჯელობა ბათუმში მას შემდეგ უფრო აქტუალურია, რაც ქალაქში მშენებლობების ბუმია. ქალაქს სუნთქვა რომ გაუჭირდა, ჰაერის გადანაწილების პრობლემაზე არამხოლოდ სპეციალისტებმა, მოქალაქეებმაც დაიწყეს მწვავე დისკუსია.

ამ დროისთვის ბათუმის ყველაზე დიდ გამწვანებულ ზონად მწვანე კონცხის ტერიტორია ითვლება, რომელიც ქალაქიდან მოშორებითაა, ასევე ბათუმის ბულვარი და ბათუმის ცენტრალური პარკი. არის შედარებით მცირე ზომის სკვერებიც. თუმცა, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის ბალანსისთვის, ბევრი კი გამწვანების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მცირე ზომის სკვერები და ხეივნები ძირითადად ჩაბეტონებულია, დატოვებულია მხოლოდ ვიწრო ადგილები, სადაც გაზონებში პატარა ბუჩქებს ან დეკორატიულ ხეებს რგავენ. ზოგჯერ კი რეკრიაციულ ზონებად მოიაზრება მაღლივ კორპუსებს შორის მოქცეული პატარა სტადიონები, სადაც ხელოვნური საფარია დაგებული.

აქ ბევრ კვარტალში, ათეულობით მრავალბინიანი სახლის ეზოში, 3 ან 5 ხეს თუ იპოვით, ოთხივე მხრიდან ჩაბეტონებულ მცირე ზომის ეზოებში დარგული სამი პალმა და რამდენიმე ბუჩქი კი მშენებლების პასუხია კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციაზე – K3-ზე, რაც კანონმდებლობით სამშენებლო მოედნის 10 პროცენტის გამწვანებას გულისხმობდა.

ბათუმი, გორგასლის ქუჩა. კორპუსების ეზო

 

ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა. კორპუსების ეზო.

მას შემდეგ, რაც ბათუმის ქუჩებში მრავალწლიანი, დიდი ხეები, მშენებლების ინტერესებს ერთმანეთის მიყოლებით შეეწირა, დაიწყო დისკუსია, საკმარისია თუ არა პარკებისა და სკვერების ის რაოდენობა ქალაქში, რაც ამ დროისთვის გვაქვს. დღეს ბათუმში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ „ქალაქი ჩაიხუთა“, „ჰაერის ნაკადები აღარ ნაწილდება“ და გასულ წლებში ცინიკური დამოკიდებულება – „2-3 ხის მოჭრის გამო ამდენი ამბავი რად უნდა“, თანდათან გაქრა.

„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე / 7.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

აქამდე კანონი ქალაქის სარეკრეაციო ზონების მართვის საკითხს ცენტრალური მთავრობის შესაბამისი დადგენილებით და მუნიციპალური აქტებით არეგულირებდა. თუმცა ამ აქტების გვერდის ავლის გზაც ბევრჯერ გამონახეს [კანონში არსებული „ხვრელებით“]. ბოლო წლებში ინვესტორის ინტერესების შესაბამისად, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, მშენებელი კომპანიების მოთხოვნით, სტატუსი ბევრჯერ შეუცვალეს.

45 მეტრი სიმაღლის შენობა კვარიათის პლაჟზე – ნებართვა გაცემულია

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდებ

ბათუმში 4 სარეკრეაციო ნაკვეთი შესაძლოა სამრეწველო ზონად იქცეს

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გახმაურებული გადაწყვეტილება მწვანე კონცხზე არსებულ ნაკვეთს და მასზე დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას შეეხო. მშენებელი კომპანიის მოთხოვნით, ბათუმის საკრებულომ ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალა საზოგადოებრივ-საქმიანით. აქ შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ 28-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე კომპანიას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 931 000 ლარად მიჰყიდეს. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. განკარგულებას ხელი ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. მანამდე ეს ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო და სახელმწიფოს გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, უპირობოდ გადასცა.

ყოფილი მწვანე ზოლი, რომელსაც „ელიტ კონსტრაქშენ ჯგუფის“ მოთხოვნით სტატუსი შეუცვალეს. სამშენებლო პროექტის რენდერი

წლების განმავლობაში აჭარის მთავრობა ისე ასხვისებდა ნაკვეთებს მშენებლობის პირობით, რომ ამ ზონებში არსებული რეგულაციებით არ ინტერესდებოდა. შესაბამისად, ინვესტორი სახელმწიფოსგან მისთვის დაკისრებული პირობის შესასრულებლად ითხოვდა პირობებს: „ვალდებულება მაქვს აღებული და ვერ ვასრულებ“. ინვესტორის ხელშეწყობა კი, აჭარის მთავრობისთვის, ხშირად ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო და არის გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმში ახსოვთ ისეთი შემთხვევაც, როცა მთავრობამ მშენებლობის პირობით, პირდაპირ სკვერი გაყიდა – ხეები გაჩეხეს, სადაც უზარმაზარი კორპუსები თუ სასტუმროები ააშენეს. მაგალითად, მშენებლობას შეეწირა ბათუმში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული სკვერი. მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალწლოვანი მცენარეები იყო გაშენებული, ბათუმის საკრებულომ საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი კომპანია „დს გრუპს“. კომპანიამ სკვერის ადგილზე და მის მიმდებარედ მრავალსართულიანი შენობა ააშენა.

ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, ბათუმმა სკვერის ნაცვლად ასეთი გარემო მიიღო:

ამ სკვერის ადგილს ახლა ოთხი მრავალბინიანი კორპუსია – მშენებლობას შეეწირა მრავალწლოვანი ხეები, რომლებსაც ევროპულ ქალაქებში ურბანულ ხეებს უწოდებენ და განიხილავენ, როგორც ქალაქის ფილტრებს.

ამით არაფერი დასრულებულა – 2019 წელს აჭარის მთავრობამ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე [ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთი“] შპს „კრისტალ ბილდინგს“ ცხრა ჰექტარზე მეტი გამწვანებული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მშენებლობის პირობით. ამ ადგილზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებენ. კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი პირდაპირ ქობულეთის ცენტრალური პარკის გაგრძელებაა. ამ მშენებლობას მოქალაქეები აქციებით აპროტესტებდნენ.

დღის წესრიგში იდგა ასევე, სარეკრეაციო ზონაში დასაშვები მშენებლობების საკითხი – მოქალაქეები   სარეკრეაციო ზონაში რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების მშენებლობის აკრძალვას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით ბათუმში პეტიციაც მოამზადეს.

„ბათუმში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შეხვედრებს როცა ვმართავდით, მათ ვეკითხებით, თუ რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა უბანში. სოციალური საკითხების შემდეგ, ერთ-ერთ პრობლემად გამწვანებული დასასვენებელი ადგილების არარსებობას ასახელებენ“, – გვიყვება ნათია აფხაზავა,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. სწორედ ამ გამოკითხვების შემდეგ ნათიას გაუჩნდა იდეა გაეკეთებინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიწყებდა დისკუსიას ქალაქის გამწვანების საკითხებზე, გადაწყვეტილების მიმღების, ბათუმის მერიისა და სხვა შესაბამისი სამსახურების  ჩართულობით.

„პროექტმა უნდა გამოკვეთოს, რამდენად აქვს ხედვა მერიას უბნების გამწვანებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩართულები ვართ ურბანული დაგეგმარების საკითხებში და ყოველწლიურად ვხედავთ, თუ როგორ მცირდება რეკრეაციული სივრცეები ქალაქში. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსიც ვერ იცავს ადგილებს თუ მას დამატებით არ აქვს პარკის ან სკვერის სტატუსი. გარა ამისა, ამ მიმართულებით მერიას არ აქვს ერთიანი მონაცემთა რეესტრი, სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, ამიტომაც ჩვენ გვინდა დავდოთ ერთგვარი ანალიზი, თუ სად არის ქალაქი ამ მიმართულებით – უნდა გვქონდეს სრული სურათი, ასევე უნდა მოვნიშნოთ ადგილები, რომლებსაც სტატუსი უნდა მიენიჭოს: მერიას შევთავაზებთ ადგილებს, სადაც მოსახლეობა ხედავს სკვერის საჭიროებას“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

საქართველოს ახალი სამშენებლო კოდექსი რამდენიმე განსაკუთრებული რეგულირების ზონას აწესებს. ამ ზონებს მუნიციპალიტეტისთვის ან მისი ტერიტორიის ნაწილისთვის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩამონათვალში შედის ტერიტორიები, რომელთაც სარეკრეაციო და ლანდშაფტური ზონების სტატუსი აქვთ.

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

მოშიმშილე თამარ წილოსანს მიმართავს: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გსურთ იმპიჩმენტის დაწყება

ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა.

„თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო შიმშილობა და მას შემდეგ შეიტანთ განაცხადს იმპიჩმენტზე, დააფიქსირეთ ეს პოზიცია საჯაროდ და მე ავდგები, მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა პიროვნული წარმატებები…

თქვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შიმშილობის პარალელურად არ გსურთ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. ფეისბუქზე 5 ივნისს მკაფიოდ დაწერეთ, რომ ორშაბათს შეიტანდით განცხადებას, მაგრამ გუშინ, შუადღეზე, ალტერნატიულ პროფკავშირებს მოუწოდეთ, ხელწერები შეეგროვებინათ და თქვენთვის მოემართათ თხოვნით, რასაც ისინი გაემიჯნენ. 17:48 საათი იყო მაუწყებელში, რომ მოხვედით და გააკეთეთ სულ სხვა განცხადება, რაზეც ბორდის თავმჯდომარემ გითხრათ, რომ ეს კანონის დარღვევაა და შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება (სხვა იურისტებთანაც გადავამოწმე). დღეს ჩატარდება ამ საკითხების არაფორმალური განხილვა, იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერზე მკაფიო პასუხი.

აქვე დავაფიქსირებ პოზიციას, რომ თქვენ გაქვთ უკვე ყველანაირი საფუძველი, დღესვე მოაწეროთ ხელი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნას.

იმედი მაქვს, თქვენი ჰუმანურობა და პროფესიონალიზმი სხვა ღირებულებებზე მაღლა დგას,“ – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე მილორავა. 

უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის ლეგალიზაციის ფაქტზე აჭარაში ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 127 530 ლარის ღირებულების მასალა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით.

„აია სოფიას“ მუზეუმი შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს – მედია

ბოლო ერთი კვირაა სტამბოლში მდებარე წმ. სოფიას ტაძრის [„აია სოფია“] საკითხი თურქული და ბერძნული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საკითხი 29 მაისის შემდეგ გახდა აქტუალური, როცა თურქეთში სტამბოლის აღებიდან 567 წლის იუბილე იზეიმეს. ცერემონია გაიმართა წმ. სოფიას ტაძარშიც, რომელიც მუზეუმია და სტამბოლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ამ დღეს „აია სოფიაში“ წაიკითხეს ყურანის ერთი თავი, რაც საბერძნეთში გააპროტესტეს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აია სოფია“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ ყურანის წაკითხვა ეწინააღმდეგება იუნესკოს კონვენციას.

თავის მხრივ, თურქეთმა ოფიციალური ათენის პოზიცია შეაფასა, როგორც არაეფექტური. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰამი აქსოიმ, საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ათენი ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც არ არის მეჩეთი, „აია სოფია“ კი რჩება „თურქეთისა და კაცობრიობის საგანძურად“.

მოგვიანებით მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა განიხილავს „აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთების საკითხს. დღეს, 8 ივნისს, CNN-ის ბერძნული რედაქცია წერს, რომ „აია სოფია“ მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთდება თუ არა, ამის შესახებ ცნობილი გახდება 2 ივლისს, როცა თურქეთის სახელმწიფო საბჭო განიხილავს საკითხს.

CNN-ის ბერძნული რედაქცია ციტირებს გაზეთ „ჰურიეთს“, რომლის სტატიაშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სახელისუფლებო პარტიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „აია სოფია“ შეიძლება ისე დაათვალიერონ ტურისტები, როგორც მეჩეთი, ისევე, როგორც ეს ხდება ცისფერი მეჩეთის შემთხვევაში. სტატიის თანახმად, ერდოღანმა ასევე მოუწოდა საბჭოს წევრებს, იყვნენ დელიკატური და არ აჩქარდნენ ამ საკითხის განხილვისას.

„აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთების იდეის გაჟღერების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში წერდა „როიტერსი“. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა განაცხადა თურქეთში ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. კერძოდ, მაშინ ერდოღანმა თქვა, რომ მისი პარტია, არჩევნების შემდეგ გეგმავდა „აია სოფიას“ მუზეუმისთვის სახელი შეეცვალა და მეჩეთი ეწოდებინა.

წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, ტაძარი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SEDAT SUNA

 

მინეაპოლისში ყველა პოლიციელი დაითხოვეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს 13 წევრიდან 10-მა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის პოლიციის განყოფილების ლიკვიდაციისა. სანაცვლოდ მინეაპოლისში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის დეპუტატთა ხმები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქალაქის პოლიციის განყოფილების დათხოვნას, საკმარისია ქალაქის მერის ვეტოს დასაძლევადაც.

ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ჩანს როგორ აჭერს წაქცეულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე თეთრკანიანი პოლიციელი ფეხს, საზოგადოების აღშფოთება და ანტირასისტული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია: აშშ-ში, ლონდონში, ბრისტოლში, ვულვერჰემპტონში, მანჩესტერში, ნოტინგემში, გლაზგოში, ედინბურგსა და პარიზში.

დღეს დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნის მონათმფლობელ ედვარდ კოლსტონის ძეგლიც ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს.

პოლიციელი დერეკ შოვენი სამსახურიდან დაითხოვეს და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. სასამართლოს პირველი სხდომა ორშაბათს, 15 ივნისსაა დანიშნული.

დერეკ შოვენის სამი თანამშრომელი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ, ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მათ დანაშაულის ხელშეწყობა, გულგრილობა ედებათ ბრალად.

ქალაქ მინესოტას საბჭოს წარმომადგენელმა, ლიზ ბენდერმა კვირას მომიტინგეებს მიმართა და განაცხადა, რომ მინესოტასა და აშშ-ს სხვა ქალაქებში მართლწესრიგის დაცვის სისტემები ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ამ სისტემის რეფორმების საფეხურეობრივმა გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო.

გასულ კვირას მინესოტას შტატის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო მინეაპოლისის პოლიციის სისტემის ქმედებათ შესწავლა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა პოლიციის იმ მხუთავი მეთოდს გამოყენების აკრძალვას, რომლის დროსაც დაკავებულს იატაკზე აწვენენ და კისერზე ფეხს აჭერენ. სწორედ ასე მოექცა პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს, რის  შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქალაქ მინესოტაში პოლიციის რეფორმის პროცესს თვეები დასჭირდება, რეფორმას მხარს არ უჭერს ქალაქის მერი.

ბოლო დღეების განმავლობაში ანტირასისტული დემონსტრაციების აქტივისტები აშშ-ს შტატებისა და ქალაქების ხელმძღვანელებს სთხოვენ შეუჩერდეს საპოლიციო სისტემას სახელმწიფო დაფინანსება.

ნიუ-იორკის მერმა, დემოკრატმა ბილ დე ბლაზიომ უკვე განაცხადა, რომ პოლიციის დაფინანსების ნაწილს ის სოციალური სამსახურებისკენ მიმართავს.


მთავარ ფოტოზე: პოლიციელები მინეაპოლისიდან/ფოტო:startribune.com

ამავე თემაზე:

ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლი გახდა – ექსპერტიზის შედეგები

საქართველოს მოქალაქე პოლონეთიდან: ვერც სახლში ვბრუნდები, ვერც მედიკამენტებს ვყიდულობ

ქობულეთელი გიორგი ქათამაძე თავის ნათესავთან ერთად პოლონეთში, ქალაქ პოზნანში იმყოფება, მან კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.

გიორგი ამბობს, რომ უმუშევრობას ნერვის მწვავე  ანთებაც დაემატა, რის გამოც ფეხზე ვეღარ დგება. „ვწევარ და ვეღარ ვმოძრაობ, ვერც წამალს ვყიდულობ, რადგან აქ ექიმის რეცეპტის გარეშე წამალს ვერ შეიძენ აფთიაქში. არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ სახლში დამაბრუნონ“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“ საუბრისას.

გიორგი ქათამაძესთან ერთად იმყოფება პოლონეთში მისი მამიდაშვილი, ლევან ზოსიძეც. გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ მათ გარდა პოლონეთში კიდევ ბევრი ქართველია დარჩენილი, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს და არც სამუშაო აქვთ.

„ბოლო რამდენიმე თვის ნამუშევარი მეც ასაღები მაქვს, თუმცა აღარ ვდარდობ, მთავარია საქართველოში დავბრუნდე. საკონსულოში ვრეკავთ სამი თვეა და „ნუ გეშინიათ, მოეჭიდეთო“- მეუბნებიან. რას უნდა მოვეჭიდო მე აქ, რა ვქნა, რა გავაკეთო, ფეხზეც ვეღარ ვდგები. დანიშნონ სპეცრეისი და დაგვაბრუნონ“ – ამბობს გიორგი ქათამაძე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც საზღვრების ჩაკეტვამდე ვერ მოასწრეს სამშობლოში დაბრუნება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, არ აქვთ სამუშაო და ბინა. „ზოგს მატარებლის სადგურში ძინავს, ზოგს ტელეფონიც არ აქვს, რომ ვინმეს დაურეკოს. დამსაქმებლებმა ბოლო თვეების თანხა არ გადაიხადეს. საქართველოს მოქალაქეები ხომ ვართ, მოგვაქციოს ყურადღება  სახელმწიფომ“ – ამბობს გიორგი ქათამაძე.

„ბათუმელები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კომენტარისთვის. სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე ჩარტერული რეისები შეჩერებულია და მხოლოდ კომერციული ხასიათის ფრენებს ახორციელებს კომპანია „აირზენა“.

„საკონსულო დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დაგეგმონ ტრანზიტული მარშრუტები იმ ქვეყნების გავლით, საიდანაც ხორციელდება აირზენას კომერციული მარშრუტები“ – გვწერენ სამინისტროდან. მათი თქმით, პოლონეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ.

„ადგილზე დახმარება გაეწიათ ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც უზრუნველყო საელჩომ თავშესაფრით და საკვებით“ – ამბობს სამინისტრო.

რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით მოხვდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში.

რატომ გადაიფიქრა იმპიჩმენტის მოთხოვა თამარ წილოსანმა? – კითხვის დასმა თამარ წილოსანისთვის გვინდოდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი მოითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი, ხუთწევრიანი საბჭოდან სამის თანხმობა სჭირდება.

დღესვე თამარ წილოსანმა წერილობით მიმართა მრჩეველთა საბჭოს და აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული მხოლოდ ორი ჟურნალისტის – შორენა ღლონტის და მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენა მოითხოვა. წერილში თამარ წილოსანი არ ასაბუთებს, რატომ მიაჩნია სწორად მხოლოდ ამ ორი ჟურნალისტის ტელევიზიაში დაბრუნება და არა სხვა გათავისუფლებულების.

„…უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე მოგმართავთ მოიწვიოთ სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მაუწყებელში ბოლო პერიოდში გათავისუფლებული პროფესიონალი კადრების გაშვების საკითხი, რათა რეკომენდაცია მიეცეს მენეჯმენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვის და ამ ადამიანების უფლებების დაცვისთვის, განხილული იქნას შორენა ღლონტის და მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში დაბრუნების საკითხი,“ – აღნიშნულია თამარ წილოსანის წერილში.

ვიდრე გაირკვეოდა, რა წერილით მიმართა მრჩეველთა საბჭოს თამარ წილოსანმა, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა, რომლის თავმჯდომარეც მალხაზ რეხვიაშვილია, განცხადება გაავრცელა. პროფკავშირების ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი ალტერნატიულ პროფკავშირს სთხოვდა ღია მხარდაჭერას იმპიჩმენტის საკითხზე.

„როგორც აღმოჩნდა, ის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ღია მხარდაჭერას ითხოვს ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. ურთიერთობისა და პროცესების ამგვარად წარმართვა სცდება ჯანსაღი კომუნიკაციის და, ზოგადად, მაუწყებლის საუკეთესო ინტერესის უზრუნველყოფის ფორმატს.
სრულად ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების გადაწყვეტილებები და ჟურნალისტური, თუ შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა, აქვე ვფიქრობთ, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც სცდება გაერთიანების უფლებამოსილებას და მრჩეველმა უნდა იმოქმედოს საკუთარი სინდისისა და პროფესიული ვალდებულება/პასუხისმგებლობის ფარგლებში. მრჩეველი თავად უნდა წყვეტდეს და აფასებდეს არსებულ ვითარებას, ჟურნალისტების დევნის კონტექსტს და იმასაც, არსებობს თუ არა იმპიჩმენტის კანონიერი საფუძვლები. ამგვარი პასუხისმგებლობის აღება მისი, როგორც მრჩევლის პრეროგატივაა,“ – აღნიშნულია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„წნევა მაქვს დაბალი, შაქარიც დაკლებული, ექიმების თქმით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ, რომელიც აჭარის ტელევიზიის იმპიჩმენტის მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მილორავას თქმით, დღეს მას მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, გიგა ჩხარტიშვილი შეხვდა.

„მითხრა, რომ თუკი საბჭოს ორი წევრი მოითხოვს იმპიჩმენტს, სამ დღეში შედგება განხილვა, ანუ კანონით დასაშვებ ყველაზე მინიმალურ დროში…“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაშვებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა. ალექსანდრე მილორავა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.

აჭარაში იწყება სასტუმრო-სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით კომპანია KMS Georgia იწყებს მასშტაბურ ტრენინგ-პროგრამას აჭარის რეგიონში სასტუმრო და სარესტორნო დარგის პერსონალის გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა მოიცავს როგორც ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სასწავლო კურსებს, ასევე, პროექტისათვის ადგილობრივად მომზადებულ ტრენინგმოდულებს. პროგრამა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში რიგით და მენეჯერის პოზიციებზე დასაქმების მსურველებს დაეხმარება საჭირო პროფესიული ცოდნის და ზოგადი უნარების დაუფლებასა და შემდგომ დასაქმებაში.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ტურიზმის ინდუსტრიისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო ინგლისური ენის სწავლება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

პროექტი ხორციელდება აჭარის რეგიონის მსხვილ დამსაქმებელ კომპანია “ალიანსთან” თანამშრომლობით. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია „მარიოტ ინტერნეშენალის“ ბრენდის ქვეშ სასტუმრო „ქორთიარდ ბაი მარიოტის“ და საქართველოს შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე 2020-2021 წლებში გასახსნელი მასპინძლობის სფეროს ობიექტებისათვის  კადრების მომზადება.

ტრენინგებში მონაწილეობას სრულად აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა რეგიონის მოსახლეობის პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და ზოგადად, ტურიზმის სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

კომპანია KMS Georgia 10-ზე მეტი წელია მუშაობს საქართველოს ბაზარზე კადრების შერჩევის, მომზადებისა და დასაქმების კუთხით. კომპანია წარმატებით ასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ და ახორციელებს მნიშვნელოვან საკონსულტაციო და კვლევით საქმიანობას ტურიზმის მიმართულებით.

ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 995-322-250-567, ელ-ფოსტა: t.lukashvili@kmsgeorgia.ge

„სასამართლო კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო“ – EU-ს დაფინანსებული კვლევის შედეგები

„სიღრმისეული და ფუნდამენტური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო და ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ მისი გავლენები კვლავაც უცვლელი დარჩა, თუ არ გაფართოვდა კიდევ მეტად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გურამ იმნაძე. ის თანაავტორია იმ კვლევის, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გამოქვეყნდა და ასახავს სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების ცვლილებებს 2019 წლის იანვრიდან ამ დრომდე. მონიტორინგზე ევროკავშირის მხარდაჭერით „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მუშაობდნენ.

ანგარიშის მიხედვით, ამჯერად ფორმალურ დონეზეც აღარ სრულდება სასამართლო სისტემის მიერ აღებული ვალდებულებები. რა რესურსი რჩება დღეს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა შეიცვალოს? – „ბათუმელები“ გურამ იმნაძეს ესაუბრა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს.

  • ბატონო გურამ, პირველ რიგში, გვითხარით არსებითად რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში ამ რეფორმების შედეგად და რა რჩება მთავარ გამოწვევად? 

ჩვენ მიერ მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია, რამდენად სრულდებოდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, ვალდებულებები, რომლებიც აიღო სასამართლო სისტემამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. გამოჩნდა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ეს საკითხი 2019 წლიდან მოყოლებული არ არის პრიორიტეტული და, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა შეხვედრა იმართებოდა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და სამუშაოდ. მეტიც – 2019-2020 წლების სამოქმედო სტრატეგია ამ დრომდე არ არის დამტკიცებული, რაც არასერიოზულია უკვე – ამ პერიოდის დიდი ნაწილი უკვე გასულია.

  • გამოდის, ახლა არც ფორმალურ დონეზე სრულდება ვალდებულებები? 

კი, ძალიან დიდი სხვაობაა პირველ საანგარიშო პერიოდთან. პირველად, ანუ 2017-2018 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფორმალურ დონეზე მაინც დაინტერესებული იყო ამ საკითხებზე მუშაობით. თემატური და სამუშაო ჯგუფები უფრო ხშირად იკრიბებოდნენ. ეს ტენდენცია გაუარესებულია ცალსახად, რადგან ბოლო საანგარიშო პერიოდში სტრატეგია არც კი დამტკიცებულა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები, შექმნილი იყო თემატური ჯგუფები… ეს ყველაფერი ინსტიტუციურ დონეზე ქმნიდა ძალიან კარგ ბაზისს იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარებულიყო ადეკვატურად, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს მექანიზმი ზერელედ გამოიყენა, ფაქტობრივად, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პერიოდში წინ არ გადადგმულა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა მოსამართლეების დანიშვნის წესი, სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა…

  • მოსამართლეების დანიშვნაზე მინდა გკითხოთ. ეს არის თემა, რაზეც მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში გახდა საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. ხომ არ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს კლანს უკვე აღარ აინტერესებს, რას იტყვიან საერთაშორისო პარტნიორები? 

ნამდვილად. მოსამართლეების დანიშვნის სისტემა არის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში. რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, არ არსებობს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი სისტემა დაწყებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის დანიშვნის ეტაპიდან, დამთავრებული იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნით. ეს სისტემა არ არის გამჭვირვალე და სამართლიანი….

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი კრიტიკულად შეაფასეს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ პრობლემურია საკანონმდებლო მოწესრიგება, გასაუბრებები, შეფასების პროცესი… არსებული მექანიზმი ტოვებს შესაძლებლობას, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები ინიშნებოდნენ არა თავიანთი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების ნიშნით, არამედ მათი პოლიტიკური მიკერძოების, სიმპათიების და ანტიპათიების გათვალისწინებით.

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს უკვე საკმაოდ ღიად აკრიტიკებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია. ისინი მუდმივად ცდილობენ იყვნენ დიპლომატიური და კონსტრუქციულები. პარტნიორებმა ცალსახად გააკრიტიკეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ცალსახად უარყოფითი შეფასებები იყო.

ეს იყო ერთგვარი გზავნილი სახელმწიფოსთვის, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესი, მათი კრიტიკა, შესაძლოა, კიდევ უფრო მწვავე იყოს, რაც შესაძლოა სხვა მიმართულებით თანამშრომლობაზეც აისახოს. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია, ადარდებს, როგორი იქნება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები.

  • სად მივიდა სასამართლო სისტემა ამ რეფორმებით, რომელიც მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიერ? 

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ინსტიტუციურად, საკანონმდებლო დონეზე არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, იგივე დამოუკიდებელი ინსპექტორის მექანიზმის გაჩენის კუთხით, ასევე საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვა, თუმცა ყველა ეს რეფორმა, საბოლოო ჯამში, ხასიათდება ფრაგმენტულობით და სიღრმისეული, ფუნდამენტური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო და ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ მისი გავლენები კვლავაც უცვლელი დარჩა, თუ არ გაფართოვდა კიდევ მეტად… ამ კლანის გაძლიერებას სხვადასხვა დროს ხელს უწყობდა მმართველი პოლიტიკური ელიტაც…

რეფორმები ხორციელდება, რაც მართლაც პოზიტიურია, მაგრამ რეალური პოზიტიური შედეგი ამას არა აქვს მართლმსაჯულების ხარისხზე.

ჩვენ დამოუკიდებელ სასამართლომდე სწორედ რეფორმების გზით უნდა მივიდეთ, მაგრამ ეს რეფორმები უნდა იყოს სიღრმისეული და უფრო მეტად სისტემური. რეფორმის ოთხივე ტალღის ეტაპზე იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა სამოქალაქო საზოგადოება ამბობდა, რომ ეს კონკრეტული რეფორმა არის სრულყოფილი. ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი, სისტემური რეფორმები, რაც რაიმე ხვრელს აღარ დატოვებს.

  • სასამართლო კლანის კუთხით რა გამოაჩინა თქვენმა მონიტორინგმა? 

ამ კვლევის უშუალო მიზანი არ ყოფილა კლანის შეფასება, ან მათი შიდა გავლენების, თუმცა ყველა ის კრიტიკული კომპონენტი, რაც ჩვენ გვაქვს შეფასებული, დაწყებული მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სისტემით, სასამართლოს თავმჯდომარეების ფართო კომპეტენციები, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო გავლენები, ყველა ეს კომპონენტი, საბოლოო ჯამში, ცხადია, აძლიერებს კლანის გავლენებს და ხელს აძლევს კლანს, ჰქონდეს სრული მონოპოლია სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე.

  • მაგალითად? 

მაგალითად, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, რის გამოც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს სხდომას. მისასალმებელი ნაბიჯია, რომ შეიქმნა ინსპექტორის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების დისციპლინირების საკითხს სწავლობს. პოზიტიური ნაბიჯია, რომ ინსპექტორი არსებობს, თუმცა ჩვენ მის დამოუკიდებლობაზე ისევ არ გვაქვს ბოლომდე გარანტია მისი დანიშვნის პროცესიდან გამომდინარე… საბოლოო გადაწყვეტილებებს მოსამართლეების დისციპლინირების კუთხით ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, მის ხელში დარჩა ეს ბერკეტი.

  • რა რესურსი რჩება დღეს იმისთვის, რომ ეს სისტემა რეალურად შეიცვალოს? 

ჩვენ გვჭირდება მეტად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ შემოიფარგლება ზედაპირული რეფორმებით და არ მოინდომებს სასამართლოზე გავლენის შენარჩუნებას… ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური საზოგადოება, რომელიც პრობლემურ საკითხად დაინახავს სასამართლო სისტემას. ბოლო დრომდე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც რჩებოდა ვიწრო სპეციალური ჯგუფის თემად. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ცხადია, სასამართლოს პრობლემები ეფექტურად ვერ მოგვარდება. თუკი სასამართლო სისტემა გახდება წამყვანი პრობლემა ჩვენი საზოგადოებრივი დღის წესრიგისა, დიდი ალბათობით, ყურადღებას ვეღარ მოადუნებს ხელისუფლება.

  • რატომ შეიძლება იყოს მოქალაქისთვის სასამართლო წამყვანი პრობლემა, როცა ის ხედავს, რომ დგება გამამართლებელი განაჩენები, იგებენ დავებს და ამაზე ხელისუფლების სპიკერებიც ხშირად აკეთებენ აქცენტს? 

ცხადია, დღეს ბევრად მეტია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, რაც იყო, მაგალითად, 2004-2012 წლებში, თუმცა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდას. წინა ხელისუფლების დროს ძალაუფლების ბალანსი იყო გადანაწილებული იმგვარად, რომ სასამართლო იყო დამორჩილებული პროკურატურას. ახლა სასამართლოს ჰყავს გავლენიანი ჯგუფი და აღარ არის საჭირო პროკურატურა იმისთვის, რომ პირდაპირ შეათანხმოს კონკრეტული საქმეები ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს მოქმედ პოლიტიკურ გუნდს აღარ სურს ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს – მათთვის მთავარია, პოლიტიკური ინტერესის საქმეებში გაითვალისწინოს სასამართლომ მათი ინტერესები.

სასამართლოს დამოკიდებულება ეხება თითოეულ მოქალაქეს, რადგან ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი მის მიმართ და აღმოჩნდეს უსამართლო მართლმსაჯულების პირისპირ, მაგალითად, შეკრება და მანიფესტაციები, სამსახურიდან გაშვება, ეკონომიკური საქმიანობა, ჩამონათვალი დიდი შესაძლოა იყოს.

მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან განახლდება

მთავრობის დადგენილებით, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის, აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა,“-აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

რკინიგზაში განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.  ,,პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ  დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. ‘’ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო

„ყოველდღე სულ ცოტა 20-30 მშობელი გვირეკავს და გვეკითხება, როდის დავიწყებთ მუშაობას. სამსახურში გავედით და ბავშვებს ვერავისთან ვტოვებთო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის – „ცოდნის კარიბჭეს“ თანადამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, კერძო საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდებიან მუშაობის გასაგრძელებლად.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ, შემოსავალი აღარ არის, ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს ბანკიდან აღებული. გარდა ამისა, ყოველდღე გვირეკავენ მშობლები და გვეკითხებიან, როდის ვიწყებთ მუშაობას, ძვლივს გავედით სამსახურში და იძულებული ვიქნებით ისევ მივატოვოთ სამუშაო, ბავშვებს ვერსად ვტოვებთო“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

მისი თქმით, მთავარია სახელმწიფომ კონკრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნოს.

„სად არ დავრეკეთ და ვერცერთი დისტანციიდან პასუხი ვერ მივიღეთ. მშობლები გვეუბნებიან ხელმოწერებსაც შევაგროვებთ, თუ საჭირო იქნება, ოღონდ მუშაობა დაიწყეთო. სტანდარტს დავიცავთ.

ბაღის ტერიტორიაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენა. ჯგუფებს აქამდეც არ ვტვირთავდით.  გვაქვს საშუალება, ბავშვები ჰაერზეც გამოვიყვანოთ და ოთახებიც გავანიავოთ. დეზობარიერები, განიავება, ჰიგიენა, რასაც მოითხოვს სახელმწიფო, დავიცავთ“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, შესაძლებელია სამუშაო დროის შემცირებაც, მთავარია, მუშაობის უფლება მიიღონ სახელმწიფოსგან.

საბავშვო ბაღ- „მონპარნასის“ მენეჯერი თეა გორგილაძეც ამბობს, რომ სახელმწიფოსგან რეკომენდაციების მიღებას ელიან.

„ვრეკავთ ცხელ ხაზზე და ვეკითხებით, როდის შეგვეძლება მუშაობის განახლება. ჩვენ მზად ვართ იმ რეკომენდაციების დასაცავად, რასაც მიგვითითებს ჯანდაცვის სამინისტრო. თუ მოგვცემენ უფლებას, შეგვიძლია მთელი ზაფხული ვიმუშაოთ“, – ამბობს თეა გორგილაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებენ თუ არა საბავშვო ბაღები მუშაობის განახლებას ზაფხულში? შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დღეს, 8 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ სექტემბრამდე ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

„რადგან ერთ სივრცეში ბევრი ბავშვის კონცენტრაცია ხდება, შესაძლოა, ეს გახდეს სხვადასხვა ოჯახში ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ, სექტემბრამდე ნაადრევია საუბარი ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას.

 

მთავარი ფოტო: საბავშვო ბაღი „ცოდნის კარიბჭე“/ფეისბუკის გვერდიდან

რა უთხრეს მინდია ლავასოღლის ოჯახს გენპროკურატურაში?

„ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ვერაფერი გვითხრეს პროკურატურაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება,“ – ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა. ლექსო კობაიძე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ინტერესებს იცავს.

ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობს, მათგან ოთხს პირი აქვს ამოკერილი.

შეხვედრას პროკურატურაში დღეს ადვოკატის გარდა მინდია ლავასოღლის ოჯახის რამდენიმე წევრიც ესწრებოდა. ადვოკატი ლექსო კობაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროკურატურამ მათ ვერ დაუსახელა მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის კონკრეტული თარიღი. ლავასოღლი თურქეთში 2018 წელს დააკავეს.

„გვითხრეს, რომ თურქეთს არ გამოუგზავნია მოთხოვნაო… რეალურად, ვერ გვითხრეს, რატომ არის პრობლემა ექსტრადაცია და რა პასუხი მიიღო საქართველომ თურქეთისგან, საპროტესტო აქციები რა ფორმით გაგრძელდება, ჯერ არ ვიცით, არ არის გადაწყვეტილება მიღებული,“ – გვითხრა ლექსო კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

საქართველოს პროკურატურაში კი, ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია. პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები.

ბათუმში გაჩერებებზე 30 ელექტროტაბლოს მონტაჟისთვის 213 ათას ლარს დახარჯავენ

ბათუმში, ავტობუსის გაჩერებებზე, 30 ელექტრონული ტაბლოს დასამონტაჟებლად 213 ათასი ლარია გამოყოფილი [ანუ, 1 ტაბლოსთვის 7 100 ლარი].

ტაბლოებს დაამონტაჟებენ შემდეგ ქუჩებზე: ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – 11 ტაბლო; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – 5; გოგებაშვილის ქუჩაზე – 2  და ჭავჭავაძის ქუჩაზე – 12  ტაბლო:

ტაბლოების განთავსების სრული გეგმა [ზურაბ გორგილაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგებაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე) შავი ფერით აღნიშნულია ტაბლოების მოწყობის ადგილები (ნარინჯისფერი კი არსებული ტაბლოების მდებარეობა] / წყარო: ტენდერიელექტროტაბლოების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 ივნისს მთავრდება, ტაბლოების მიწოდებისა და მონტაჟის ვადა კი – 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდია.

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება ასევე Bus lane-ბის [ავტობუსის სავალი ხაზების] მოწყობა, სწორედ იმ ქუჩებზე, სადაც ტაბლოების უმეტესობა უნდა განთავსდეს.

ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების გასწვრივ ავტობუსების სავალი ხაზის დახაზვისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ცალკე 531 837 ლარია გამოყოფილი.

ტენდერის პირობის მიხედვით, „ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ჩვენება მინიმუმ ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად; ასევე მიმდინარე (ონლაინრეჟიმში) დროის და ტემპერატურის ჩვენება. ტაბლოზე გამოსატანი ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს დინამიკურად ცენტალური სერვერიდან. ელექტროტაბლოების ნათება [ინფორმაციის გადმოცემა] უნდა იყოს მრავალფერადი…“

ტაბლოების საგარანტიო ვადა 3 წელი უნდა იყოს.

Bus lane-ს გამო კი შეიცვლება ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებებიც.

ვრცლად ამ თემაზე: 

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

ბოლო 24 საათში რუსეთში 112 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

რუსული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსისგან 112 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყანაში.

ბოლო 24 საათში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსის 8985  ახალი შემთხვევა. მედიის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 3293 ადამიანს (36,6%) ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. მედიისვე ცნობით, დღეის მონაცემებით რუსეთში Covid19-ის 239 999 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რუსეთში კორონავირუსის 467 073 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაიცვალა 5 963 ადამიანი.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

რამდენად შეიცვალა სასამართლო – რა აჩვენა მონიტორინგმა

ცვლილებებს სასამართლოს სისტემაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიც ითვალისწინებს. არსებობს სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლების, თუმცა როგორ სრულდება ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შემუშავებული?

„…მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც  „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ერთად. ამ ორგანიზაციებმა ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით განახორციელეს რიგით მეორე მონიტორინგი.

ანგარიშის თანახმად, გეგმის მიხედვით გაწერილი მოთხოვნების უმრავლესობა ნაწილობრივ შესრულებულია, მათ შორისაა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, „მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული რეგულირება კვლავ ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის, დასაბუთებულობის, დამსახურების პრინციპისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს…. ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრის პერიოდში წარმართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, რომელმაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ სამი ღია სამუშაო შეხვედრა გამართა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით, დანარჩენი შეხვედრა კი დახურული იყო.

„… თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ დახურულ ფორმატში ოთხივე სამუშაო ჯგუფის არაერთი შიდა საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული წერილები ასევე მიუთითებს სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრებზე, რომლებიც დახურული იყო და მათ მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. არც საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული მონაცემები შეხვედრების მიმდინარეობისა და განხილული საკითხების შესახებ,“ – წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობების შესრულებისთვის „რეალისტური ვადები“ უნდა დადგინდეს.

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის არაერთ საკითხს ეხება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით განსაზღვრულ აქტივობათა უმრავლესობას სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაც ითვალისწინებდა და შეუსრულებელი დარჩა,“- ვკითხულობთ ანგარიშში.

აბრეშუმის მუზეუმის რემონტზე 200 ათასი ევრო, გრანტის თანხა დაიხარჯება  

თბილისში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის განახლებისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება. თანხა „ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ არის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

გრანტის ფარგლებში, როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ექსტერიერსა და ინტერიერს, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის დამატებით გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ  საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება.

შედეგად, მუზეუმს საშუალება ექნება ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმაოს თანამშრომლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონულ ქალაქებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი სამი წელი გაგრძელდება.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.

დიდ ბრიტანეთში მონებით მოვაჭრის ძეგლი ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს

დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში, ანტირასისტულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მონათმფლობელ ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თოკები გამოიყენეს მე-17 საუკუნის მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ბრიჯაოს ქანდაკების ჩამოსაგდებად. კოლსტონი აფრიკის სამეფო კომპანიის წევრი იყო, რომელმაც თითქმის 80 ათასი კაცი, ქალი და ბავშვი ჩაიყვანა ბამბის პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკიდან ამერიკაში.

ძეგლი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც შაბათ-კვირას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო.

კვირა საღამოს პოლიციამ ქალაქ ვესტმინსტერში საპროტესტო აქციის დაშლის განკარგულება გასცა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერზე საპროტესტო აქციებს „ბანდიტიზმი“ უწოდა, მეორე დღეს კი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბრისტოლში, ვულვერჰემპტონში, მანჩესტერში, ნოტინგემში, გლაზგოსა და ედინბურგში.

საპროტესტო აქციები ძირითადად აშშ-ს საელჩოებთან იმართებოდა მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პოლიციასთან დაპირისპირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით ლონდონში 12 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაშავებულია 8 პოლიციელი.

ლონდონსა და პარიზში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა 6 ივნისსაც რასიზმის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

25 მაისს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.

გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ – ჩართულია სამაშველო

გურიაში, კურორტ გომისმთაზე, 23 წლის კაცს ეძებენ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან დღეს, 8 ივნისს, შევიდა.

„23 წლის ბიჭს ათკაციანი სამაშველო ჯგუფი ეძებს გურიის სამმართველოდან. დამატებით დრონებით ეხმარებიან იმერეთის სამმართვბელოდან. ვინაიდან დღეს შემოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, დღეს დავიწყეთ ძებნა,“ –  გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

23 წლის საქართველოს მოქალაქე გომისმთაზე სამი დღის წინ დაიკარგა.

ზაფხულში საშუალოზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი საქართველოში 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექის რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში – +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

 

ბათუმში 70 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – ახალი მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 70  ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მეზღვაურები დღეს, 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო.

Exit mobile version