მთავარი,სიახლეები

8 ახალი შემთხვევა დღეს – რა ვიცით კოვიდინფიცირების წყაროების შესახებ

09.06.2020
8 ახალი შემთხვევა დღეს – რა ვიცით კოვიდინფიცირების წყაროების შესახებ

დღეს, 9 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს განაცხადა, რომ ინფიცირების ორ შემთხვევაში წყარო გაურკვეველია, თუმცა დღესვე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რას უკავშირდება ახალი შემთხვევები.

ეზუგბაიას თქმით:

  • ინფიცირების 1 შემთხვევა დაკავშირებულია ბოლნისის კლასტერთან, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ბოლნისში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევასთან
  • 2 ახალი შემთხვევა უკავშირდება მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს
  • 2 შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტები არიან საკარანტინო სივრციდან
  • 3 ახალი შემთხვევა უკავშირდება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, ინფიცირებულია მედპერსონალი.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევაზე. მისი თქმით, კოვიდის მკურნალობისას მედპერსონალს მოუხდა ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხება, რაც გახდა მედპერსონალის ინფიცირების მიზეზი.

„სამწუხაროდ, ქოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო „დარჩი სახლში“… ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა გვერდით არც სამართალდამცავი გიდგას, არც დაცვა. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემების გამო. მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ექთანი და სანიტარი, ერთი და იმავე ცვლის, დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატულია სიმპტომები, ტემპერატურა არის მაღალი. სწორედ ამიტომ, პირველივე სიმპტომების დროს მოხდა სკრინინგი და დროულად ზომების მიღება“.

მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ მათი კლინიკის მედპერსონალი ცდილობს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მაქსიმალურად იზოლირებულნი იყვნენ, „იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ საკუთარი ოჯახის წევრების დაცვა,“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.

9 ივნისის 10 საათის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა საქართველოში 818-ს მიაღწია. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 686 პაციენტი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 2 902 ადამიანი.

_____________________________

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: