მთავარი,სიახლეები

რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

08.06.2020 •
რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით მოხვდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში.

რატომ გადაიფიქრა იმპიჩმენტის მოთხოვა თამარ წილოსანმა? – კითხვის დასმა თამარ წილოსანისთვის გვინდოდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი მოითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი, ხუთწევრიანი საბჭოდან სამის თანხმობა სჭირდება.

დღესვე თამარ წილოსანმა წერილობით მიმართა მრჩეველთა საბჭოს და აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული მხოლოდ ორი ჟურნალისტის – შორენა ღლონტის და მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენა მოითხოვა. წერილში თამარ წილოსანი არ ასაბუთებს, რატომ მიაჩნია სწორად მხოლოდ ამ ორი ჟურნალისტის ტელევიზიაში დაბრუნება და არა სხვა გათავისუფლებულების.

„…უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე მოგმართავთ მოიწვიოთ სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მაუწყებელში ბოლო პერიოდში გათავისუფლებული პროფესიონალი კადრების გაშვების საკითხი, რათა რეკომენდაცია მიეცეს მენეჯმენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვის და ამ ადამიანების უფლებების დაცვისთვის, განხილული იქნას შორენა ღლონტის და მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში დაბრუნების საკითხი,“ – აღნიშნულია თამარ წილოსანის წერილში.

ვიდრე გაირკვეოდა, რა წერილით მიმართა მრჩეველთა საბჭოს თამარ წილოსანმა, აჭარის ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა, რომლის თავმჯდომარეც მალხაზ რეხვიაშვილია, განცხადება გაავრცელა. პროფკავშირების ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი ალტერნატიულ პროფკავშირს სთხოვდა ღია მხარდაჭერას იმპიჩმენტის საკითხზე.

„როგორც აღმოჩნდა, ის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ღია მხარდაჭერას ითხოვს ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. ურთიერთობისა და პროცესების ამგვარად წარმართვა სცდება ჯანსაღი კომუნიკაციის და, ზოგადად, მაუწყებლის საუკეთესო ინტერესის უზრუნველყოფის ფორმატს.
სრულად ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების გადაწყვეტილებები და ჟურნალისტური, თუ შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა, აქვე ვფიქრობთ, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც სცდება გაერთიანების უფლებამოსილებას და მრჩეველმა უნდა იმოქმედოს საკუთარი სინდისისა და პროფესიული ვალდებულება/პასუხისმგებლობის ფარგლებში. მრჩეველი თავად უნდა წყვეტდეს და აფასებდეს არსებულ ვითარებას, ჟურნალისტების დევნის კონტექსტს და იმასაც, არსებობს თუ არა იმპიჩმენტის კანონიერი საფუძვლები. ამგვარი პასუხისმგებლობის აღება მისი, როგორც მრჩევლის პრეროგატივაა,“ – აღნიშნულია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„წნევა მაქვს დაბალი, შაქარიც დაკლებული, ექიმების თქმით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ, რომელიც აჭარის ტელევიზიის იმპიჩმენტის მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. მილორავას თქმით, დღეს მას მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, გიგა ჩხარტიშვილი შეხვდა.

„მითხრა, რომ თუკი საბჭოს ორი წევრი მოითხოვს იმპიჩმენტს, სამ დღეში შედგება განხილვა, ანუ კანონით დასაშვებ ყველაზე მინიმალურ დროში…“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ.

ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაშვებას აპროტესტებს, რაზეც საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა. ალექსანდრე მილორავა გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: