მთავარი,სიახლეები

აბრეშუმის მუზეუმის რემონტზე 200 ათასი ევრო, გრანტის თანხა დაიხარჯება  

08.06.2020 • 1889
აბრეშუმის მუზეუმის რემონტზე 200 ათასი ევრო, გრანტის თანხა დაიხარჯება  

თბილისში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის განახლებისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება. თანხა „ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ არის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

გრანტის ფარგლებში, როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ექსტერიერსა და ინტერიერს, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის დამატებით გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ  საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება.

შედეგად, მუზეუმს საშუალება ექნება ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმაოს თანამშრომლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონულ ქალაქებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი სამი წელი გაგრძელდება.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.

გადაბეჭდვის წესი