ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია [დეპარტამენტი]

09.06.2020 • 4601
ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია [დეპარტამენტი]

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აღნიშნული გზა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დაიწყოს, ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება – მდინარე ჭოროხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე.

ახალი გზის მშენებლობის გამო საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს.

„განსახლების სამოქმედო გეგმა და გზშ წარმოდგენილი იქნება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფინალურ ანგარიშთან ერთად“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

როდის უნდა დაწყებულიყო ბათუმი-სარფის გზის დეტალური პროექტირების სამუშაოები და რა ეტაპზეა? – დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთობლივი საწარმოს Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს მიერ დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება [სტადია 1] და მიმდინარეობს დატალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება [სტადია 2].

„დეტალური პროექტირება საპროექტო ორგანიზაციამ დაიწყო 2020 წლის 3 თებერვალს და ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით აღნიშნული ვადა უცვლელია და საპროექტო ორგანიზაცია მაქსიმალური შესაძლო რესურსით აგრძელებს სამუშაოებს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნულია დეპარტამენტს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა 8 ივნისს მიიღო.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი, დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება „ყველაზე კარგ შემთხვევაში 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გადავადება თუ არ იქნება“.

ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, გზების დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის, კონტრაქტი, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა.

„შესყიდვა განხორციელდა საერთაშორისო ტენდერით, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებითა და პროცედურების თანახმად“, – აცხადებენ დეპარტამენტში. – „კონტრაქტის ღირებულება არის 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი, არაპირდაპირი ადგილობრივი გადასახადების ჩათვლით. აღნიშნული კონტრაქტი გაფორმებულია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში“.

დეპარტამენტიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს გზის მშენებლობა, გზის საერთო სიგრძე; ამასთან, აშენდება თუ არა ახალი ხიდი ჭოროხზე და რამდენი გვირაბის და ხიდის მშენებლობა იგეგმება [მათი სავარაუდო სიგრძეების მითითებით].

„ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა და ასევე გვირაბის მოწყობა. დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და სამშენებლო სამუშაოების ვადა დაზუსტდება დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, თუმცა, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებების დაწყება 2021 წელს,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის პასუხში.

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

 

მთავარი ფოტო: ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში /არქივიდან / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: