Batumelebi | აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული – Batumelebi
RU | GE  

აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი
  • პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com