რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები.
ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც აუქციონებს გამოაცხადებენ.
„საპლაჟო აქსესუარებზე და სხვა კომერციულ მომსახურებებზე, რაზედაც ჩვენ აუქციონებს ვაცხადებთ ყოველწლიურად, შეთანხმება სჭირდება და აუქციონის პირობებში უნდა ჩავდოთ ეს რეგულაციები. რაც შეეხება სოციალურ დისტანციას 2 მეტრამდე, ეს ყველა შემთხვევაში იქნება ვალდებულება. ასევე, სადეზინფექციო და სხვა საშუალებების გამოყენება“, – გვითხრა ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.
დირექტორის თქმით, „სანაყინეებთან დაკავშირებით ნაკლებად, მაგრამ რეგულაციები იქნება ღია კაფეებთან მიმართებაში, ასევე, ჯერ არ ვიცით იქნება თუ არა ღამის კლუბები ბულვარში ან როდის უნდა გაიხსნას; ასევე გადასაწყვეტია იყოს თუ არა საერთოდ შეზლონგები, ალბათ იქნება, თუმცა უნდა გვქონდეს რეგულაცია, როგორ ჩაუტარდეს დეზინფექცია და სხვა. მაგალითად, ამ დრომდე არ არის ნებართვა სპორტულ აქტივობებზეც “.
ბათუმის ბულვარმა პლაჟზე განთავსებულ გასახდელებზე არსებული ტენტის საფარის ალუმინის პანელით (ალიკაბონდით) შეცვლაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დასრულდეს. 10 გასახდელი და საშხაპეები ბულვარის საკუთრებაშია.
ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, რეგულაციებში ალბათ იქნება ისიც, რომ გასახდელებში, საშხაპეებთან განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.