მთავარი,სიახლეები

„სასამართლო კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო“ – EU-ს დაფინანსებული კვლევის შედეგები

08.06.2020 • 2303
„სასამართლო კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო“ – EU-ს დაფინანსებული კვლევის შედეგები

„სიღრმისეული და ფუნდამენტური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო და ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ მისი გავლენები კვლავაც უცვლელი დარჩა, თუ არ გაფართოვდა კიდევ მეტად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გურამ იმნაძე. ის თანაავტორია იმ კვლევის, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გამოქვეყნდა და ასახავს სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმების ცვლილებებს 2019 წლის იანვრიდან ამ დრომდე. მონიტორინგზე ევროკავშირის მხარდაჭერით „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მუშაობდნენ.

ანგარიშის მიხედვით, ამჯერად ფორმალურ დონეზეც აღარ სრულდება სასამართლო სისტემის მიერ აღებული ვალდებულებები. რა რესურსი რჩება დღეს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა შეიცვალოს? – „ბათუმელები“ გურამ იმნაძეს ესაუბრა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს.

  • ბატონო გურამ, პირველ რიგში, გვითხარით არსებითად რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში ამ რეფორმების შედეგად და რა რჩება მთავარ გამოწვევად? 

ჩვენ მიერ მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია, რამდენად სრულდებოდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, ვალდებულებები, რომლებიც აიღო სასამართლო სისტემამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. გამოჩნდა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ეს საკითხი 2019 წლიდან მოყოლებული არ არის პრიორიტეტული და, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა შეხვედრა იმართებოდა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და სამუშაოდ. მეტიც – 2019-2020 წლების სამოქმედო სტრატეგია ამ დრომდე არ არის დამტკიცებული, რაც არასერიოზულია უკვე – ამ პერიოდის დიდი ნაწილი უკვე გასულია.

  • გამოდის, ახლა არც ფორმალურ დონეზე სრულდება ვალდებულებები? 

კი, ძალიან დიდი სხვაობაა პირველ საანგარიშო პერიოდთან. პირველად, ანუ 2017-2018 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფორმალურ დონეზე მაინც დაინტერესებული იყო ამ საკითხებზე მუშაობით. თემატური და სამუშაო ჯგუფები უფრო ხშირად იკრიბებოდნენ. ეს ტენდენცია გაუარესებულია ცალსახად, რადგან ბოლო საანგარიშო პერიოდში სტრატეგია არც კი დამტკიცებულა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელშიც ჩართულები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები, შექმნილი იყო თემატური ჯგუფები… ეს ყველაფერი ინსტიტუციურ დონეზე ქმნიდა ძალიან კარგ ბაზისს იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარებულიყო ადეკვატურად, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს მექანიზმი ზერელედ გამოიყენა, ფაქტობრივად, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პერიოდში წინ არ გადადგმულა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა მოსამართლეების დანიშვნის წესი, სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა…

  • მოსამართლეების დანიშვნაზე მინდა გკითხოთ. ეს არის თემა, რაზეც მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში გახდა საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. ხომ არ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს კლანს უკვე აღარ აინტერესებს, რას იტყვიან საერთაშორისო პარტნიორები? 

ნამდვილად. მოსამართლეების დანიშვნის სისტემა არის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში. რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, არ არსებობს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი სისტემა დაწყებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის დანიშვნის ეტაპიდან, დამთავრებული იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნით. ეს სისტემა არ არის გამჭვირვალე და სამართლიანი….

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი კრიტიკულად შეაფასეს როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ პრობლემურია საკანონმდებლო მოწესრიგება, გასაუბრებები, შეფასების პროცესი… არსებული მექანიზმი ტოვებს შესაძლებლობას, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები ინიშნებოდნენ არა თავიანთი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების ნიშნით, არამედ მათი პოლიტიკური მიკერძოების, სიმპათიების და ანტიპათიების გათვალისწინებით.

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს უკვე საკმაოდ ღიად აკრიტიკებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია. ისინი მუდმივად ცდილობენ იყვნენ დიპლომატიური და კონსტრუქციულები. პარტნიორებმა ცალსახად გააკრიტიკეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ცალსახად უარყოფითი შეფასებები იყო.

ეს იყო ერთგვარი გზავნილი სახელმწიფოსთვის, რომ თუ ასე გაგრძელდა პროცესი, მათი კრიტიკა, შესაძლოა, კიდევ უფრო მწვავე იყოს, რაც შესაძლოა სხვა მიმართულებით თანამშრომლობაზეც აისახოს. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია, ადარდებს, როგორი იქნება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები.

  • სად მივიდა სასამართლო სისტემა ამ რეფორმებით, რომელიც მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიერ? 

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ინსტიტუციურად, საკანონმდებლო დონეზე არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, იგივე დამოუკიდებელი ინსპექტორის მექანიზმის გაჩენის კუთხით, ასევე საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვა, თუმცა ყველა ეს რეფორმა, საბოლოო ჯამში, ხასიათდება ფრაგმენტულობით და სიღრმისეული, ფუნდამენტური პრობლემები კვლავაც უცვლელი რჩება. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი რეფორმის ოთხივე ტალღას მოერგო და ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ მისი გავლენები კვლავაც უცვლელი დარჩა, თუ არ გაფართოვდა კიდევ მეტად… ამ კლანის გაძლიერებას სხვადასხვა დროს ხელს უწყობდა მმართველი პოლიტიკური ელიტაც…

რეფორმები ხორციელდება, რაც მართლაც პოზიტიურია, მაგრამ რეალური პოზიტიური შედეგი ამას არა აქვს მართლმსაჯულების ხარისხზე.

ჩვენ დამოუკიდებელ სასამართლომდე სწორედ რეფორმების გზით უნდა მივიდეთ, მაგრამ ეს რეფორმები უნდა იყოს სიღრმისეული და უფრო მეტად სისტემური. რეფორმის ოთხივე ტალღის ეტაპზე იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა სამოქალაქო საზოგადოება ამბობდა, რომ ეს კონკრეტული რეფორმა არის სრულყოფილი. ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი, სისტემური რეფორმები, რაც რაიმე ხვრელს აღარ დატოვებს.

  • სასამართლო კლანის კუთხით რა გამოაჩინა თქვენმა მონიტორინგმა? 

ამ კვლევის უშუალო მიზანი არ ყოფილა კლანის შეფასება, ან მათი შიდა გავლენების, თუმცა ყველა ის კრიტიკული კომპონენტი, რაც ჩვენ გვაქვს შეფასებული, დაწყებული მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის სისტემით, სასამართლოს თავმჯდომარეების ფართო კომპეტენციები, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო გავლენები, ყველა ეს კომპონენტი, საბოლოო ჯამში, ცხადია, აძლიერებს კლანის გავლენებს და ხელს აძლევს კლანს, ჰქონდეს სრული მონოპოლია სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე.

  • მაგალითად? 

მაგალითად, მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, რის გამოც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს სხდომას. მისასალმებელი ნაბიჯია, რომ შეიქმნა ინსპექტორის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების დისციპლინირების საკითხს სწავლობს. პოზიტიური ნაბიჯია, რომ ინსპექტორი არსებობს, თუმცა ჩვენ მის დამოუკიდებლობაზე ისევ არ გვაქვს ბოლომდე გარანტია მისი დანიშვნის პროცესიდან გამომდინარე… საბოლოო გადაწყვეტილებებს მოსამართლეების დისციპლინირების კუთხით ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, მის ხელში დარჩა ეს ბერკეტი.

  • რა რესურსი რჩება დღეს იმისთვის, რომ ეს სისტემა რეალურად შეიცვალოს? 

ჩვენ გვჭირდება მეტად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ შემოიფარგლება ზედაპირული რეფორმებით და არ მოინდომებს სასამართლოზე გავლენის შენარჩუნებას… ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური საზოგადოება, რომელიც პრობლემურ საკითხად დაინახავს სასამართლო სისტემას. ბოლო დრომდე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც რჩებოდა ვიწრო სპეციალური ჯგუფის თემად. ასე გაგრძელების შემთხვევაში, ცხადია, სასამართლოს პრობლემები ეფექტურად ვერ მოგვარდება. თუკი სასამართლო სისტემა გახდება წამყვანი პრობლემა ჩვენი საზოგადოებრივი დღის წესრიგისა, დიდი ალბათობით, ყურადღებას ვეღარ მოადუნებს ხელისუფლება.

  • რატომ შეიძლება იყოს მოქალაქისთვის სასამართლო წამყვანი პრობლემა, როცა ის ხედავს, რომ დგება გამამართლებელი განაჩენები, იგებენ დავებს და ამაზე ხელისუფლების სპიკერებიც ხშირად აკეთებენ აქცენტს? 

ცხადია, დღეს ბევრად მეტია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, რაც იყო, მაგალითად, 2004-2012 წლებში, თუმცა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდას. წინა ხელისუფლების დროს ძალაუფლების ბალანსი იყო გადანაწილებული იმგვარად, რომ სასამართლო იყო დამორჩილებული პროკურატურას. ახლა სასამართლოს ჰყავს გავლენიანი ჯგუფი და აღარ არის საჭირო პროკურატურა იმისთვის, რომ პირდაპირ შეათანხმოს კონკრეტული საქმეები ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს მოქმედ პოლიტიკურ გუნდს აღარ სურს ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს – მათთვის მთავარია, პოლიტიკური ინტერესის საქმეებში გაითვალისწინოს სასამართლომ მათი ინტერესები.

სასამართლოს დამოკიდებულება ეხება თითოეულ მოქალაქეს, რადგან ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი მის მიმართ და აღმოჩნდეს უსამართლო მართლმსაჯულების პირისპირ, მაგალითად, შეკრება და მანიფესტაციები, სამსახურიდან გაშვება, ეკონომიკური საქმიანობა, ჩამონათვალი დიდი შესაძლოა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: