მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქე პოლონეთიდან: ვერც სახლში ვბრუნდები, ვერც მედიკამენტებს ვყიდულობ

08.06.2020
საქართველოს მოქალაქე პოლონეთიდან: ვერც სახლში ვბრუნდები, ვერც მედიკამენტებს ვყიდულობ

ქობულეთელი გიორგი ქათამაძე თავის ნათესავთან ერთად პოლონეთში, ქალაქ პოზნანში იმყოფება, მან კორონავირუსის პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.

გიორგი ამბობს, რომ უმუშევრობას ნერვის მწვავე  ანთებაც დაემატა, რის გამოც ფეხზე ვეღარ დგება. „ვწევარ და ვეღარ ვმოძრაობ, ვერც წამალს ვყიდულობ, რადგან აქ ექიმის რეცეპტის გარეშე წამალს ვერ შეიძენ აფთიაქში. არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ სახლში დამაბრუნონ“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“ საუბრისას.

გიორგი ქათამაძესთან ერთად იმყოფება პოლონეთში მისი მამიდაშვილი, ლევან ზოსიძეც. გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ მათ გარდა პოლონეთში კიდევ ბევრი ქართველია დარჩენილი, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს და არც სამუშაო აქვთ.

„ბოლო რამდენიმე თვის ნამუშევარი მეც ასაღები მაქვს, თუმცა აღარ ვდარდობ, მთავარია საქართველოში დავბრუნდე. საკონსულოში ვრეკავთ სამი თვეა და „ნუ გეშინიათ, მოეჭიდეთო“- მეუბნებიან. რას უნდა მოვეჭიდო მე აქ, რა ვქნა, რა გავაკეთო, ფეხზეც ვეღარ ვდგები. დანიშნონ სპეცრეისი და დაგვაბრუნონ“ – ამბობს გიორგი ქათამაძე.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც საზღვრების ჩაკეტვამდე ვერ მოასწრეს სამშობლოში დაბრუნება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, არ აქვთ სამუშაო და ბინა. „ზოგს მატარებლის სადგურში ძინავს, ზოგს ტელეფონიც არ აქვს, რომ ვინმეს დაურეკოს. დამსაქმებლებმა ბოლო თვეების თანხა არ გადაიხადეს. საქართველოს მოქალაქეები ხომ ვართ, მოგვაქციოს ყურადღება  სახელმწიფომ“ – ამბობს გიორგი ქათამაძე.

„ბათუმელები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კომენტარისთვის. სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე ჩარტერული რეისები შეჩერებულია და მხოლოდ კომერციული ხასიათის ფრენებს ახორციელებს კომპანია „აირზენა“.

„საკონსულო დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დაგეგმონ ტრანზიტული მარშრუტები იმ ქვეყნების გავლით, საიდანაც ხორციელდება აირზენას კომერციული მარშრუტები“ – გვწერენ სამინისტროდან. მათი თქმით, პოლონეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ.

„ადგილზე დახმარება გაეწიათ ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც უზრუნველყო საელჩომ თავშესაფრით და საკვებით“ – ამბობს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: