მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

09.06.2020 • 4257
ბიზნესმენი, რომლის კომპანიებშიც 6 თვეში 2 მუშა დაიღუპა, რა დაადგინა გამოძიებამ?

„მიმდინარეობს გამოძიება“, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როცა ზუსტად 6 თვის წინ ბათუმში ერთ-ერთ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის გამოძიების შესახებ ვიკითხეთ. მაშინ, 2019 წლის 7 ნოემბერს, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაში, მშენებლობიდან 23 წლის ანრი მახარობლიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.

ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ორი დღის წინ, 7 ივნისს, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობიდან გადმოვარდნილი 28 წლის იაკობ თავდგირიძის დაღუპვაზეც. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმების ის გარდაცვლილი დახვდა.

იაკობ თავდგირიძე კომპანია „სი ემ სი მეზღვაურში“ მუშაობდა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი გია დოლიძეა, რომელიც ასევე არის შპს „გიგეროს“ მფლობელი და დირექტორი. 6 თვის წინ ანუ 2019 წლის 7 ნოემბერს სწორედ „გიგეროს“ სამშენებლო კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა ანრი მახარობლიძე და დაიღუპა.

რატომ ვერ დასრულდა 6 თვეში გამოძიება? – ეს კითხვა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ბათუმელები“ არაერთხელ წერდა ამ კუთხით დაწყებული და დაუსრულებელი გამოძიებების შესახებ, რომელთა ნაწილი წლების განმავლობაში გაიწელა, ან მეორე – დამნაშავეებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

სახალხო დამცველის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო, 2018 წელს სულ 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა – მხოლოდ 19 ფაქტზე. 2018 წელს საერთო სასამართლოების  წარმოებაში სულ 35 საქმე იყო, რაც მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდა. სასამართლომ ამ საქმეებიდან არსებითად მხოლოდ 7 განიხილა. რეალური სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.

რა შეიცვალა 2019 წელს – „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღარ მიაწოდეს.

კოტე ერისთავის დაკვირვებით, სამშენებლო ობიექტებზე ადამიანების დაზიანების ან დაღუპვის კუთხით დაწყებული საქმეები ძირითადად წლების განმავლობაში ჭიანურდება და საბოლოოდ, გამოძიების ეტაპზე წყდება.

„თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ეს მხოლოდ დაბალი რგოლის თანამშრომელია. მაღალი პოზიციების ადამიანების პასუხისხმგებლობა არ დგება… ბოლოს იყო გამონაკლისი, როცა 16 წლის მოზარდი დაიღუპა მშენებლობაზე და იქ უცხოელ დამსაქმებელს შეუფარდეს პატიმრობა. საგულისხმოა, რომ ეს მენეჯერი ინდოელი იყო…“ – აღნიშნა კოტე ერისთავმა „ბათუმელებთან“.

კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ პრევენციის ეფექტი შრომის ინსპექციამ უნდა შექმნას, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად არ აძლიერებს.

„ერთია, რა ფორმით დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ძირითადად პრევენციის როლს უნდა ასრულებდეს შრომის ინსპექცია, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად არ აძლიერებს. მშრომელების და შრომითი უსაფრთოების, მათი უფლებების დაცვა არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი,“ – გვითხრა კოტე ერისთავმა.

______

მთავარი ფოტო: მშენებლობიზე დაღუპული 28 წლის იაკობ თავდგირიძე და 23 წლის ანრი მახარობლიძე სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ, თუმცა ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი მართვს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: