ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში

09.06.2020
რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი  მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი.

„აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული იყო, კომპანიამ, რომელმაც აქ სამუშაოები შეასრულა, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარი ინიციატივით და აკვაპარკიდან „აჭარულ სახლამდე“ მონაკვეთში ახალ ველობილიკს მოაწყობს არა ქვაფენილებით, არამედ ბეტონით. ამაში ბულვარის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება. ახალი ბილიკი 15 დღეში მზად იქნება. რაც შეეხება ველობილიკის დანარჩენ მონაკვეთს – ქვაფენილის ბეტონით ჩანაცვლებას ბულვარი 2021 წელში გეგმავს“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ველოსიპედის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა. საქართველოში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა. ველოსიპედების მაღაზიებში ამბობენ, რომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ფონზე ველოსიპედების გაყიდვა 2-3-ჯერაც კი არის გაზრდილი.

ბულვარში ველობილიკი გადაკეტილია არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ სახლ „მაგნოლიას“ შორისაც. აქ სანიაღვრე არხების შემკრები და სატუმბი სადგური შენდება. მერიაში 2 წლის წინ აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ერთი თვის წინ გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც ვერ დასრულდეს.

ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით, სადაც ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო, სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებითაა გადაკეტილი.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის სეზონი გაიხსნება. ბათუმის მერიის სამსახურის ინფორმაციით კი, მთავრობისავე გადაწყვეტილებით იგეგმება 2020 წლის 15 ივლისიდან ბათუმში საერთაშორისო ტურისტული სეზონის გახსნა.

ბულვარი ტურისტების მისაღებად ჯერ მზად არ არის. რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, არ არის გარკვეული; ბულვარში არ მუშაობს ატრაქციონები, ჩაკეტილია სპორტული მოედნები. ბულვარს არც აუქციონები გამოუცხადებია საპლაჟო აქსესუარებზე და სხვა კომერციულ მომსახურებებზე. გაურკვეველია, იმუშავებს თუ არა ღამის კლუბები ზაფხულში.

„შეთანხმება სჭირდება და აუქციონის პირობებში უნდა ჩავდოთ ის რეგულაციები, რასაც მივიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან. რაც შეეხება სოციალურ დისტანციას 2 მეტრამდე [მათ შორის შეზლონგებს შორის], ეს ყველა შემთხვევაში იქნება ვალდებულება. ასევე, სადეზინფექციო და სხვა საშუალებების გამოყენება“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

რეკომენდაციებს და რეგულაციებს ბულვარის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროდან ამ დრომდე ელოდება.

ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020

ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020

ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020

ველობილიკი ახალ ბულვარში / 9.06.2020 / ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ქვაფენილის აყრა და მის ნაცვლად ბეტონის ველობილიკის მოწყობა 2021 წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

ამ თემაზე:

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: