მთავარი,სიახლეები

რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება

05.06.2020
რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებს.

ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო. მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის მოთხოვნით უკვე მიმართა გია ქარცივაძემ. იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად კიდევ ერთი წევრის მოთხოვნაა საჭირო, თუმცა თამარ წილოსანი ორშაბათამდე არ ჩქარობს. ამ დრომდე მას ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე ოფიციალური მოთხოვნა არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო, თამარ წილოსანმა თქვა, რომ ჟურნალისტებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს.

რატომ არ მიმართა დღესვე მრჩეველთა საბჭოს თამარ წილოსანმა, თუკი იგი იმპიჩმენტს მხარს უჭერს? – ვკითხეთ თამარ წილოსანს. მან გვიპასუხა, რომ პროცედურები უნდა დაიცვას და წერილს გია ქარცივაძესთან ერთად უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც დღეს ბათუმში არ არის. თამარ წილოსანმა ვერ დაგვისახელა კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც ადგენს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ მრჩეველთა საბჭოს.

კანონის ჩანაწერი: „მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი“.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ორშაბათამდე ალექსანდრე მილორავა შიმშილობას შეწყვეტს და იმპიჩმენტის საკითხი აქტუალური აღარ იქნება? – ვკითხეთ მრჩეველთა საბჭოს წევრს, თუმცა მან მოუცლელობის მიზეზით ტელეფონი გაგვითიშა.

„დაკავებული ვარ, ვერ გიპასუხებთ,“ – გვითხრა თამარ წილოსანმა.

გია ქარცივაძე კი, რომელმაც მრჩეველთა საბჭოს უკვე მიმართა ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით, ამბობს, რომ ბათუმში დღეს დაბრუნება მარტივად შეეძლო, თუკი თამარ წილოსანი ეტყოდა ამის შესახებ.

„მითხრა, რომ ორშაბათს აპირებს განაცხადის შეტანას და ხელი მომიწერეო, მე ახლაც და ორშაბათსაც შემეძლო ხელის მოწერა ამ მოპთხოვნაზე,“ – ამბობს გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“.

თამარ წილოსანი მრჩეველთა საბჭოს წევრი მას შემდეგ გახდა, როცა იგი კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა. დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა, ალექსანდრე მილორავას 2017 წელი გაახსენა, როცა იგი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად. აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრე მილორავა „პოლიტიკურ შეკვეთას“ ასრულებს.

მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ ეს განცხადება გაავრცელა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ზუსტად იგივე გაიმეორა, რომ ეს არის პოლიტიკური შოუ და ალექსანდრე მილორავამ წონაში მოიმატა და დაკლება უნდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: