მთავარი,სიახლეები

მინეაპოლისში ყველა პოლიციელი დაითხოვეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო

08.06.2020 • 2268
მინეაპოლისში ყველა პოლიციელი დაითხოვეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს 13 წევრიდან 10-მა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის პოლიციის განყოფილების ლიკვიდაციისა. სანაცვლოდ მინეაპოლისში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის დეპუტატთა ხმები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქალაქის პოლიციის განყოფილების დათხოვნას, საკმარისია ქალაქის მერის ვეტოს დასაძლევადაც.

ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ჩანს როგორ აჭერს წაქცეულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე თეთრკანიანი პოლიციელი ფეხს, საზოგადოების აღშფოთება და ანტირასისტული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია: აშშ-ში, ლონდონში, ბრისტოლში, ვულვერჰემპტონში, მანჩესტერში, ნოტინგემში, გლაზგოში, ედინბურგსა და პარიზში.

დღეს დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლში დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნის მონათმფლობელ ედვარდ კოლსტონის ძეგლიც ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს.

პოლიციელი დერეკ შოვენი სამსახურიდან დაითხოვეს და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. სასამართლოს პირველი სხდომა ორშაბათს, 15 ივნისსაა დანიშნული.

დერეკ შოვენის სამი თანამშრომელი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ, ასევე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მათ დანაშაულის ხელშეწყობა, გულგრილობა ედებათ ბრალად.

ქალაქ მინესოტას საბჭოს წარმომადგენელმა, ლიზ ბენდერმა კვირას მომიტინგეებს მიმართა და განაცხადა, რომ მინესოტასა და აშშ-ს სხვა ქალაქებში მართლწესრიგის დაცვის სისტემები ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ამ სისტემის რეფორმების საფეხურეობრივმა გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო.

გასულ კვირას მინესოტას შტატის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო მინეაპოლისის პოლიციის სისტემის ქმედებათ შესწავლა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა პოლიციის იმ მხუთავი მეთოდს გამოყენების აკრძალვას, რომლის დროსაც დაკავებულს იატაკზე აწვენენ და კისერზე ფეხს აჭერენ. სწორედ ასე მოექცა პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს, რის  შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქალაქ მინესოტაში პოლიციის რეფორმის პროცესს თვეები დასჭირდება, რეფორმას მხარს არ უჭერს ქალაქის მერი.

ბოლო დღეების განმავლობაში ანტირასისტული დემონსტრაციების აქტივისტები აშშ-ს შტატებისა და ქალაქების ხელმძღვანელებს სთხოვენ შეუჩერდეს საპოლიციო სისტემას სახელმწიფო დაფინანსება.

ნიუ-იორკის მერმა, დემოკრატმა ბილ დე ბლაზიომ უკვე განაცხადა, რომ პოლიციის დაფინანსების ნაწილს ის სოციალური სამსახურებისკენ მიმართავს.


მთავარ ფოტოზე: პოლიციელები მინეაპოლისიდან/ფოტო:startribune.com

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/457239/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: