მთავარი,სიახლეები

„აია სოფიას“ მუზეუმი შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს – მედია

08.06.2020 • 4091
„აია სოფიას“ მუზეუმი შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს – მედია

ბოლო ერთი კვირაა სტამბოლში მდებარე წმ. სოფიას ტაძრის [„აია სოფია“] საკითხი თურქული და ბერძნული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საკითხი 29 მაისის შემდეგ გახდა აქტუალური, როცა თურქეთში სტამბოლის აღებიდან 567 წლის იუბილე იზეიმეს. ცერემონია გაიმართა წმ. სოფიას ტაძარშიც, რომელიც მუზეუმია და სტამბოლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ამ დღეს „აია სოფიაში“ წაიკითხეს ყურანის ერთი თავი, რაც საბერძნეთში გააპროტესტეს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აია სოფია“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ ყურანის წაკითხვა ეწინააღმდეგება იუნესკოს კონვენციას.

თავის მხრივ, თურქეთმა ოფიციალური ათენის პოზიცია შეაფასა, როგორც არაეფექტური. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰამი აქსოიმ, საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ათენი ერთადერთი ქალაქია ევროპაში, სადაც არ არის მეჩეთი, „აია სოფია“ კი რჩება „თურქეთისა და კაცობრიობის საგანძურად“.

მოგვიანებით მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა განიხილავს „აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთების საკითხს. დღეს, 8 ივნისს, CNN-ის ბერძნული რედაქცია წერს, რომ „აია სოფია“ მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთდება თუ არა, ამის შესახებ ცნობილი გახდება 2 ივლისს, როცა თურქეთის სახელმწიფო საბჭო განიხილავს საკითხს.

CNN-ის ბერძნული რედაქცია ციტირებს გაზეთ „ჰურიეთს“, რომლის სტატიაშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სახელისუფლებო პარტიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „აია სოფია“ შეიძლება ისე დაათვალიერონ ტურისტები, როგორც მეჩეთი, ისევე, როგორც ეს ხდება ცისფერი მეჩეთის შემთხვევაში. სტატიის თანახმად, ერდოღანმა ასევე მოუწოდა საბჭოს წევრებს, იყვნენ დელიკატური და არ აჩქარდნენ ამ საკითხის განხილვისას.

„აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთების იდეის გაჟღერების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში წერდა „როიტერსი“. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა განაცხადა თურქეთში ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. კერძოდ, მაშინ ერდოღანმა თქვა, რომ მისი პარტია, არჩევნების შემდეგ გეგმავდა „აია სოფიას“ მუზეუმისთვის სახელი შეეცვალა და მეჩეთი ეწოდებინა.

წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, ტაძარი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SEDAT SUNA

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: