განათლება,მთავარი,სიახლეები

კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო

08.06.2020
კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის დაწყებას ითხოვენ, რას პასუხობს სახელმწიფო

„ყოველდღე სულ ცოტა 20-30 მშობელი გვირეკავს და გვეკითხება, როდის დავიწყებთ მუშაობას. სამსახურში გავედით და ბავშვებს ვერავისთან ვტოვებთო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის – „ცოდნის კარიბჭეს“ თანადამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, კერძო საბავშვო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეკომენდაციებს ელოდებიან მუშაობის გასაგრძელებლად.

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, თანამშრომლები უმუშევარი დარჩნენ, შემოსავალი აღარ არის, ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს ბანკიდან აღებული. გარდა ამისა, ყოველდღე გვირეკავენ მშობლები და გვეკითხებიან, როდის ვიწყებთ მუშაობას, ძვლივს გავედით სამსახურში და იძულებული ვიქნებით ისევ მივატოვოთ სამუშაო, ბავშვებს ვერსად ვტოვებთო“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

მისი თქმით, მთავარია სახელმწიფომ კონკრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნოს.

„სად არ დავრეკეთ და ვერცერთი დისტანციიდან პასუხი ვერ მივიღეთ. მშობლები გვეუბნებიან ხელმოწერებსაც შევაგროვებთ, თუ საჭირო იქნება, ოღონდ მუშაობა დაიწყეთო. სტანდარტს დავიცავთ.

ბაღის ტერიტორიაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენა. ჯგუფებს აქამდეც არ ვტვირთავდით.  გვაქვს საშუალება, ბავშვები ჰაერზეც გამოვიყვანოთ და ოთახებიც გავანიავოთ. დეზობარიერები, განიავება, ჰიგიენა, რასაც მოითხოვს სახელმწიფო, დავიცავთ“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, შესაძლებელია სამუშაო დროის შემცირებაც, მთავარია, მუშაობის უფლება მიიღონ სახელმწიფოსგან.

საბავშვო ბაღ- „მონპარნასის“ მენეჯერი თეა გორგილაძეც ამბობს, რომ სახელმწიფოსგან რეკომენდაციების მიღებას ელიან.

„ვრეკავთ ცხელ ხაზზე და ვეკითხებით, როდის შეგვეძლება მუშაობის განახლება. ჩვენ მზად ვართ იმ რეკომენდაციების დასაცავად, რასაც მიგვითითებს ჯანდაცვის სამინისტრო. თუ მოგვცემენ უფლებას, შეგვიძლია მთელი ზაფხული ვიმუშაოთ“, – ამბობს თეა გორგილაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებენ თუ არა საბავშვო ბაღები მუშაობის განახლებას ზაფხულში? შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დღეს, 8 ივნისს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ სექტემბრამდე ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

„რადგან ერთ სივრცეში ბევრი ბავშვის კონცენტრაცია ხდება, შესაძლოა, ეს გახდეს სხვადასხვა ოჯახში ინფექციის მიტანის საფუძველი. ამიტომ, სექტემბრამდე ნაადრევია საუბარი ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას.

 

მთავარი ფოტო: საბავშვო ბაღი „ცოდნის კარიბჭე“/ფეისბუკის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: