ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”

07.06.2020 • 6497
ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.  28 წლის იაკობ თავდგირიძე ამ ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს.

შპს „სი ემ სი მეზღვაურის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორიც გია დოლიძეა. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

გია დოლიძე დღემდე შპს „გიგეროს“ დირექტორიცაა. ამ კომპანიის 23 წლის მუშა, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების გადაკვეთაში მოხდა. მუშა მაშინ მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 7 ივნისს ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 85-ში არსებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობის პროცესის დროს მე- 16 სართულიდან გადმოვარდა მშენებლობაზე დასაქმებული მუშა. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,სი ემ სი მეზღვაური”. აღნიშნული კომპანიის მიმართ ქ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს“.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს ,,სი ემ სი მეზღვაურის” წილებს ფლობენ გია დოლიძე, დარეჯან შერვაშიძე და გოჩა რომანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: