მთავარი,სიახლეები

რამდენად შეიცვალა სასამართლო – რა აჩვენა მონიტორინგმა

08.06.2020
რამდენად შეიცვალა სასამართლო – რა აჩვენა მონიტორინგმა

ცვლილებებს სასამართლოს სისტემაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიც ითვალისწინებს. არსებობს სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლების, თუმცა როგორ სრულდება ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შემუშავებული?

„…მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც  „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ერთად. ამ ორგანიზაციებმა ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით განახორციელეს რიგით მეორე მონიტორინგი.

ანგარიშის თანახმად, გეგმის მიხედვით გაწერილი მოთხოვნების უმრავლესობა ნაწილობრივ შესრულებულია, მათ შორისაა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, „მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული რეგულირება კვლავ ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის, დასაბუთებულობის, დამსახურების პრინციპისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს…. ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრის პერიოდში წარმართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, რომელმაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ სამი ღია სამუშაო შეხვედრა გამართა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით, დანარჩენი შეხვედრა კი დახურული იყო.

„… თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ დახურულ ფორმატში ოთხივე სამუშაო ჯგუფის არაერთი შიდა საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული წერილები ასევე მიუთითებს სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრებზე, რომლებიც დახურული იყო და მათ მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. არც საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული მონაცემები შეხვედრების მიმდინარეობისა და განხილული საკითხების შესახებ,“ – წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობების შესრულებისთვის „რეალისტური ვადები“ უნდა დადგინდეს.

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის არაერთ საკითხს ეხება, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით განსაზღვრულ აქტივობათა უმრავლესობას სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაც ითვალისწინებდა და შეუსრულებელი დარჩა,“- ვკითხულობთ ანგარიშში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: