ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
4 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 596 ადამიანს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა 28 ახალი შემთხვევა.
სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 294-ს მიაღწია.
კარანტინშია 6 250 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289. კორონავირუსით საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“.
ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან.
„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“, – აცხადებს „საქართველოს ბანკი“.
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს.
საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონას“ ბათუმის ფილიალებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
შს სამინისტროს ცნობით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა.
შს სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.
სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამინისტროს ცნობით, ბოლო ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია.
„ოაზისი“ ჩაკეტილი იყო, რადგან გუშინ, 2 სექტემბერს, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში იმყოფებოდა400 ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ.
კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ სასტუმროში Covid19-ზე 924 ნიმუში აიღეს, ყველა პასუხი უარყოფითია.
მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით გრანტის მოსაპოვებლად „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღებას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი შეიცვალოს, ძირითადად იმ ტენდერების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას აქვს გამოცხადებული.
პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ამ პროგრამით მოსარგებლეს შეუძლია მიიღოს არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობის გრანტი. დაფინანსდება ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა [მაგალითად, დაფინანსდება არა ხეხილის მოყვანა ან რძის წარმოება, არამედ მათი გადამუშავება].
გრანტის მისაღებად პროგრამით მოსარგებლის ფინანსური თანამონაწილეობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
[checklist]
ახალი ბენეფიციარისთვის, რომელსაც ადრე არ უსარგებლია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამ[ებ]ით – 10%. ანუ, პროექტის მთლიანი ღირებულების 10% მას უნდა გააჩნდეს, ხოლო ღირებულების დანარჩენი 90% დაფინანსდება [მაღალმთიან რეგიონში თანამონაწილეობა განისაზღვრება 5%-ის ოდენობით, ანუ, 95% იქნება გრანტი];
არსებული ბენეფიციარისთვის კი, თანამონაწილეობა იქნება 25% [შესაბამისად, 75% იქნება გრანტი]; მაღალმთიან რეგიონში კი – 15% [85% – გრანტი].
[/checklist]
რეგიონების მიხედვით პროგრამის განხორციელებისთვის „აწარმოე საქართველოში“ კონტრაქტორ კომპანიებს ტენდერებით გამოავლენს. ტენდერები უკვე გამოცხადებულია.
ტენდერის პირობის მიხედვით, იდეების კონკურსის ფარგლებში განაცხადებს 2020 წლის 1-15 ოქტომბერს მიიღებენ.
„აწარმოე საქართველოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განაცხადის ფორმა და სხვა კონკრეტული დეტალები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაფორმდება და განაცხადების მიღების ზუსტი თარიღი გამოცხადდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან „აწარმოე საქართველოში“ სულ 6 300 განაცხადის მიღებას ვარაუდობს, საიდანაც არანაკლებ 235 დაფინანსდება.
განაცხადების განხილვას კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაიწყება ბიზნესიდეების მიღება. ბიზნესიდეის მაქსიმალური მოცულობა 550 სიტყვაა.
ბიზნესიდეების კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ავტომატურად [ერთდროულად], მოკლე ტექსტური შეტყობინების [სმს] ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შემდგომ ეტაპზე გადასულ ბენეფიციარებს კი, კონტრაქტორი ტელეფონით დაუკავშირდება.
შემდგომი ეტაპი იქნება ტრენინგები, კონსულტაციები და ბიზნესგეგმების შედგენა.
კონტრაქტორმა უნდა ჩაატაროს ტრენინგები, რაც გულისხმობს მეწარმეობასა (მათ შორის, საგადასახადო საკითხები) და ბიზნესგეგმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის მიწოდებას განმცხადებლებისთვის.
ტრენინგები დაგეგმილია 2020 წლის 1-15 ნოემბერს, ხოლო ბიზნესგეგმების მიღება 1-დან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
„თუ პოტენციური ბენეფიციარი ობიექტური მიზეზის გამო ვერ ახერხებს ტრენინგზე დასწრებას, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ერთი ალტერნატიული თარიღის ან/და ადგილის შეთავაზება. ამასთან, ბიზნესგეგმების მიღების პარალელურად კონტრაქტორი რეგიონში კონსულტციას უწევს პოტენციურ ბენეფიციარებს როგორც რეგიონულ ოფისებში, ასევე – სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით“, – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.
ამის შემდეგ იქნება ბიზნესგეგმების კონკურსი [10-30 ნოემბერი] და პოტენციურ ბენეფიციარებთან გასაუბრება [20 ნოემბერი-10 დეკემბერი]. ბიზნეს-გეგმების შერჩევა/განხილვაც მოხდება სააგენტოს მიერ დადგენილი და წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით.
შემდგომ, კონტრაქტორი ატარებს პოტენციური ბენეფიციარის აქტივების მონიტორინგს. ინსპექტირება ძირითადად ითვალისწინებს პოტენციურ ბენეფიციართა აქტივების დათვალიერებას, დასურათებას და სააგენტოს მიერ შემუშავებული კითხვარის შევსებას.
ბიზნეს-გეგმების კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციასაც პროგრამის მონაწილეები იღებენ ავტომატურად, სმს შეტყობინების, ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გამარჯვებულ ბენეფიციარებს კი კონტრაქტორი ტელეფონით დაუკავშირდება.
ხელშეკრულებების გაფორმება დაგეგმილია 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში.
ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; მეწარმის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ცნობა დავალიანების არქონის შესახებ საბანკო დაწესებულებიდან. დაფინანსების მისაღებად: თანამონაწილეობით განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტაცია; დაფინანსების შემდეგ: გრანტით განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტაცია.
კონტრაქტორი, ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ აგრძელებს თანამონაწილეობის ხარჯვის მონიტორინგს [11.01.2021-30.01.2021], თანადაფინანსების ხარჯვის მონიტორინგს [15.02.2021-15.03.2021]; შესაძლებელია დაფინანსებული ბენეფიციარების დამატებითი/არასავალდებულო ტრენინგებიც [26.04.2021-30.05.2021]; შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი კი 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამის განხორციელების პერიოდში კონტრაქტორი, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს განმეორებით ვიზიტს ბენეფიციართან, განმეორებითი მონიტორინგის ჩატარების მიზნით.
„პროგრამის განხორციელების ვადები და სხვა დეტალები დაექვემდებარება დამატებით დაზუსტებას კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. კონტრაქტორს კი, არანაკლებ 2021 წლის ივნისის ბოლომდე, თითოეულ რეგიონულ ცენტრში უნდა გააჩნდეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის ოფისი – შესაბამისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნულია ტენდერში.
პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, ფუნქციონირებისა და ამ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ინფორმაციის
გადაცემის ხარჯებს აანაზღაურებს „აწარმოე საქართველოში“.
ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-ს ორმოცდაათ შტატს და რამდენიმე დიდ მეგაპოლისს მიმართავენ, რომ მოემზადონ SARS-COV-2-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ნოემბრის დასაწყისში, 3 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს დოკუმენტი რამდენიმე ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებამაც მიიღო.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები მოითხოვენ, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა მომავალი ვაქცინის გამანაწილებელ ცენტრებში „ყველაფერი მზად იყოს 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის“, – მისწერა შტატების ხელმძღვანელებს ზემოთ ხსენებული ცენტრების დირექტორმა რობერტ რედფილდმა. გასულ კვირას აშშ-ს 50 შტატისთვის გაგზავნილი ეს დოკუმენტი გამოცემა Wall Street Journal-ის მიერაა გამოქვეყნებული.
გამოცემა New York Times-ის თანახმად, ყველა შტატის და ასევე დიდი ქალაქების: ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, ჰიუსტონის და სან ანტონიოსთვის გადაგზავნილ წერილებში აღწერილია სამი სცენარი ვაქცინა A და ვაქცინა B-ს გამოყენების. საქმე ეხება კომპანია Pfizer-ისა და კომპანია Moderna-ს ვაქცინებს. თითოეული მათგანის გამოყენებისას 2 დოზის გაკეთებაა საჭირო რამდენიმეკვირიანი ინტერვალით. შეერთებული შტატები პანდემიისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით 185 000 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-მ ზემოთხსენებულ კომპანიებს მილიონობით ვაქცინა შეუკვეთა წინასწარ.
დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი პირობები და მითითებულია მოსახლეობის ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში უნდა გაუკეთდეს ვაქცინა, მათ შორის სამედიცინო პერსონალს.
„ჩვენ გავიმარჯვებთ ვირუსზე, დავასრულებთ პანდემიას და გავხდებით იმაზე ძლიერები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ გამოსვლაში და მან დასძინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება წლის ბოლომდეც და შესაძლოა მანამდეც. ტრამპის ეს განცხადება აშშ-ის საზოგადოების ნაწილმა პოლიტიკურ, პოპულისტურ განაცხადად მიიჩნია.
კვირას, Financial Times-სთან საუბრისას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოს (FDA) დირექტორმა, სტივენ ჰანმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, მომავალი ვაქცინა თავდაპირველად დაშვებული იყოს გადაუდებელი დახმარების სახით, მანამ, სანამ კლინიკური ცდები დასრულდება, რამაც უნდა დაადასტუროს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. მისი თქმით, ვაქცინის დაშვების ნებისმიერი საკითხი უნდა დამუშავდეს ვაქცინის მწარმოებლებთან. „თუ ვაქცინა დაიშვება ცდის მესამე ფაზის დასრულებამდე, ეს მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ამ ეტაპზე ვაქცინის დასაშვებად მიჩნევა მიზანშეწონილად რომ არ მიგვაჩნდეს, მაშინ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით“, – განაცხადა სტივენ ჰანმა.
მან უარყო გავრცელებული აზრი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მასზე გავლენა მოახდინა, რათა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაშვებულიყო ვაქცინა. „ეს იქნება მეცნიერებაზე, მედიცინასა და მონაცემებზე დაფუძნებული და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სააგენტოს (FDA) დირექტორმა.
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველო – თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ვიდეოში, რომელიც ჩაწერილია არასამთავრობო ორგანიზაცია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ, პროექტის ფარგლებში – „დეზინფორმაციის კვალდაკვალ”.
როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მათი პროექტის მიზანია საქართველოსა და მისი პარტნიორების მიმართ დეზინფორმაციის საპასუხოდ, ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით, საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას.
„ზოგჯერ მესმის რაღაც ხმები და ჭორები ჩვენი ქვეყნების ურთიერთოებების და მისი ისტორიული კონტექსტის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ 27 წლის მანძილზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობებმა უაღრესად ძლიერი საფუძველი შექმნა და ჩვენ ძალიან კარგ მემკვიდრეობას ვტოვებთ ჩვენი მომავლისთვის.
ამ ურთიერთობებს თურქეთი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაყრდნობით აშენებენ. ჩვენ არა მხოლოდ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ აქტიურად ვუჭერთ მას მხარს. თურქეთი ყოველთვის ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებს ამის თაობაზე, ასევე ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერთ მხარს საქართველოს მიზანს გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო“, – ამბობს ელჩი.
პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ხშირად განიხილება თურქული ინვესტიციები, როგორც საფრთხე საქართველოსთვის. თუმცა, როგორც ელჩი აღნიშნავს, ბევრი თურქული კომპანია ვაჭრობს საქართველოსთან და ახორციელებს ინვესტირებას. ასევე ბევრია ქართული კომპანია ვაჭრობს თურქეთთან და არიან ინვესტორები თურქეთში. „საქართველო-თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწია 2019 წელს. „ეს მართლაც რეკორდულია“, – ამბობს ელჩი.
მისი თქმით, კოვიდ კრიზისი გლობალურად გავლენას ახდენს სავაჭრო ურთიერთობებზე, თუმცა ელჩი დარწმუნებულია, რომ „საქართველო და თურქეთი ერთობლივად შექმნილი კავშირების, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის წყალობით შევძლებთ გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი კავშირები, რაც ორმხრივი სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.
ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად შევქმენით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ტანაპის გაზსადენი, ემსახურება ჩვენი ხალხების და ქვეყნების საშუალო და გრძელვადიან კეთილდღეობას და ამისათვის ჩვენი შვილები მადლიერებით მოგვიხსენიებენ“, – აცხადებს ელჩი.
ფატმა ჯერენ იეზგანი ვიდეოში ასევე საუბრობს მის პირად განწყობებზე საქართველოს მიმართ. ის ამბობს, რომ „როგორც ელჩი ვერ ვიქნებოდი უფრო ბედნიერი სხვა ქვეყანაში, რადგანაც აქ თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ, თურქები და ქართველები ასევე ნათესავი ხალხები ვართ. ბევრი ქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს თურქეთში. ჩვენ გვაქვს საერთო ოჯახები და გვყავს საერთო შვილები“, – ამბობს ის.
დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის.
Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.
„…გამოსახლებას მიპირებენ, არადა, უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ. ვის არ მივმართე და მივწერე, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ,“ – ამბობს 83 წლის ოთარ ჯაიანი. ის თამარის დასახლებაში თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ჯაიანის სახლი წლების წინ კომპანია GEOFIBRE-ს მიჰყიდა. კომპანია მოქალაქის გამოსახლებას სასამართლოში ითხოვს.
იურისტების განმარტებით, მოქალაქეს კანონით წლების წინ თვითნებურად დაკავებული ფართობის აღიარება ეკუთვნოდა და ეს სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა ვიდრე ეს დადგინდებოდა, სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი, სადაც ოთარ ჯაიანის ოჯახი თვითნებურად ცხოვრობს, კერძო კომპანიას მიჰყიდა. ეს 2013 წელს მოხდა. ახლა სახელმწიფო უწყებები მოქალაქეს აღარაფერს პასუხობენ იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს ოთარ ჯაიანთან ბათუმის მერიამ მემორანდუმი გააფორმა.
2008 წელს ბათუმის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმი.
„ჩვენ დამეწყრილი ოჯახები ვართ, მაქ მთავრობამ ჩაგვასახალა და მერე აღიარებაზე უარი მითხრეს… კრასნოდარში ვმსახურობდი ჯარში, ჩვენ ომის მონაწილეებთან გაგვათანაბრეს, ამის საბუთიც მაქვს… პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ და ლაპარაკი მიჭირს. რეგისტრაცია არ გვაქვს, ვერც რამე პროგრამაში გვსვამენ, რადგან აღიარება არ ხდება, მე ის მაინტერესებს, პასუხის ღირსიც არ ვარ?“ – კითხულობს ოთარ ჯაიანი.
ოთარ ჯაიანს და კიდევ სხვა 60 ოჯახს თვითნებურად დაუკავებია სახელმწიფო საკუთრება 2000 წელს ბათუმში, თამარის დასახლებაში. 2008 წელს ოთარ ჯაიანთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ჩანს, რომ მერია ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანას იმ პირობით აპირებდა, რომ თვითნებურად შესახლებულებს საცხოვრებლით დააკმაყოფილებდნენ. აუქციონი არ შედგა, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებსაც თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული ფართობები, საკუთრება უღიარეს, ოთარ ჯაიანის გარდა.
„…ადგილი, სადაც ოთარ ჯაიანი ცხოვრობს, კერძო კომპანიის საკუთრება გახდა. საქმე ისაა, რომ არასწორად მოამზადა კომპანიამ ნახაზი, მას ეს მიწის ნაკვეთი არც კი სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, კომპანიასთან შეთანხმება ვერ შედგა და სახელმწიფოც დაუდევრად მოიქცა, როცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა ქონება. სახელმწიფო დღეს ამაზე პასუხს არ აგებს იმის მიუხედავად, რომ მასთან მერიას მემორანდუმი აქვს გაფორმებული,“ – გვიყვება ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. იგი სასამართლოში ოთარ ჯაიანის ინტერესებს იცავს.
სასამართლოში ახლა 83 წლის ოთარ ჯაიანი ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ დავობს, რომლის ქმედების გამოც მოქალაქის თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობი კერძო კომპანიის საკუთრება გახდა. მოქალაქე დავობს კომპანიის წინააღმდეგაც, რომელმაც ტექნიკური ნახაზი სამინისტროს არასწორად მიაწოდა.
ოთარ ჯაიანმა წერილობით ბათუმის მერიას მემორანდუმი რამდენჯერმე შეახსენა და რეაგირება მოითხოვა გასული წლის თებერვალსა და სექტემბერში, ასევე 2020 წლის ივლისში.
„…პასუხი საერთოდ არ მიგვიღია მერიიდან. დღეს ვიყავი მერიაში ამ საკითხზე და დაგვპირდნენ პასუხს,“ – დასძინა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1 291 პირველკურსელი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციამ მოაწოდა.
წელს ბსუ-ს ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებია:
სამართალმცოდნეობა
ფსიქოლოგია
ეკონომიკა
ქართული ფილოლოგია
განათლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკურსელთა კონტინგენტი 95 პროცენტით შეივსო. „უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემებით, შევსების მაჩვენებელი 95%-96%-ს შორის მერყეობს. 1 365 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის უფლება 1 291-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, აქედან 104 გრანტის მფლობელია, ხოლო 400-მდე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ჩაირიცხა“.
ბსუ-ში ასევე გვითხრეს, რომ გასულ წლებთან შედარებით, სრულად დაკომპლექტდა გერმანული და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებები. ვაკანტური ადგილები მხოლოდ ბიოლოგიის, ტელეკომუნიკაციის და მშენებლობის მიმართულებით დარჩა, სადაც სავალდებულო იყო მათემატიკის ჩაბარება.
რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ბსუ-ში ამ ეტაპზე 650-მდე უცხოელი სწავლობს. მათი ნაწილი (დაახლოებთ 300 სტუდენტი), როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამშობლოში დაბრუნდა. თუ სტუდენტები საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათთვის სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნება. წელს უნივერსიტეტში პირველკურსელი უცხოელი სტუდენტი არ მიუღიათ.
ადმინისტრაციაში ასევე გვითხრეს, რომ სასწავლო პროცესი ბსუ-ში როგორც ქართულ, ასევე უცხოურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერეული ფორმატით წარიმართება. კერძოდ, ლექციები ონლაინრეჟიმში ჩატარდება, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული, ჯგუფური მუშაობა და სხვა აქტივობები – საუნივერსიტეტო სივრცეში, კოვიდუსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.
ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტში სავარაუდოდ 21 სექტემბერს განახლდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დააჯარიმა.
შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები 2-3 სექტემბერს შეამოწმა. ინსპექციის ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი კლუბი: „კონტე“, „UP2U“, „სოჰო“ და „სექტორი 26“ არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.
ინსპექციის ცნობით, მხოლოდ ერთი კლუბი – „ივერია ბიჩი“ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და კლუბი გააგრძელებს მუშაობას.
დღეს, 3 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ხევში, 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარეში არ ჩავარდნილა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ კიდურების ტრავმები აღენიშნებათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე.
შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ:
2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.
ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“.
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება.
აქედან:
[checklist]
შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი;
საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი;
სხვა ხარჯი – 25 000 ლარი;
არაფინანსური აქტივები – 5 000 ლარი.
[/checklist]
უშუალოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა უცვლელი დარჩება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მოქმედმა საბჭომ ივნისში დაამტკიცა. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 216 800 ლარი გამოიყოფა.
2020 წლის 5 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება.
—
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით კი, ქვეყნის მასშტაბით 73 საოლქო საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნებისთვის ჯამში 2 702 456 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის არჩევნებისთვის საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.
პარლამენტის არჩევნებისთვის მთლიანობაში 42 760 652 ლარი დაიხარჯება.
„პარიზის კალიგრამები“ – ულრიკე ოტინგერი, საფრანგეთი / გერმანია, 2020 წ
„აღთქმული მიწა“ – დანიელე ტომასო, იტალია, 2020
„ნიჭი“ – ჯულიანო ფრატინი, იტალია, 2019
„ვეშაპი ლორინოდან“ – მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019
დოკუმენტურ ფილმებს შეაფასებს ხუთკაციანი საერთშორისო ჟიური: ნინო კირთაძე (საფრანგეთი/საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, კრისტოფ გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), ლევან კოღუაშვილი (საქართველო), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო).
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება, კინოჩვენებები რამდენიმე ადგილას შედგება, მათ შორის, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალზე რამდენიმე სექცია იქნება წარმოდგენილი – საკონკურსო და არასაკონკურსო სექციები.
____________
ფოტოზე: კადრი ადილხან ერზანოვის ფილმიდან „ყვითელი კატა“. ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებულია 600-ზე მეტი ტესტი და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.
„დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 3 სექტემბერს.
„დონას კლასტერი“ ბათუმში საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. ამ კლასტერში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პირია, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღის ბოლოს ელოდებიან PCR ტესტის პასუხებს ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისიდან“, სადაც 400 ექიმი ესწრებოდა კონფერენციას და ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმრო ამ დროისთვის ჩაკეტილია.
„პასუხების შემდეგ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებებს, თუ როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია იქ მყოფი დამსვენებლების მიმართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი.
„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა იმის დასადგენად, იქნება თუ არა პლაჟი ზღვის გასწვრივ, იქ, სადაც ეს ლოდებია ჩალაგებული.
„ბინა ვიყიდე იმიტომ, რომ ზღვასთან, პლაჟთან იყო ახლოს. წელს ჩვენი კორპუსის წინ და მიმდებარედ ზღვაზე ჩასასვლელებიც გადაკეტილია, სანაპიროზე კი პლაჟის ნაცვლად ლოდები დაგვხვდა. ეს ლოდები ხომ სახიფათოა ნაპირზე. ლოდებია ზღვაშიც, სადაც ბანაობა უკვე საშიშია. ბათუმის ხიბლი ზღვა და პლაჟია და აქ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ტურიზმის განვითარებაზე თუ არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ. ბათუმის მერიაშიც დავრეკეთ, სხვაგანაც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ერთი რამ ამთავითვე ცხადია – თუ ლოდების გასწვრივ, ყოველწლიურად, მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში ხელოვნურად არ დაყარა ბათუმის მერიამ, პლაჟზე დალაგებულ ქვის ლოდებს ზღვა წაიღებს. პლაჟის ხელოვნურ კვებას კი, ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლის განხორციელებაშიც აქ 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
ნაპირდამცავი ნაგებობისა და პლაჟის მოვლა-პატრონობის ვალდებულება საბოლოოდ ბათუმის მერიამ უნდა აიღოს. მერიაში გვითხრეს, რომ მათთვის ნაგებობა ჯერ არ გადაუციათ. მერიაში ვერც ის დაგვიკონკრეტეს, თუ არის თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის სამუშაო პროექტში, პლაჟის ხელოვნურად გამოკვებისთვის. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კი ის ჩანს, რომ ზღვამ 8 თვეში მიიტაცა ის ხრეში, რომელიც აქ იანვარში ჩაყარეს. შესაბამისად, თუ მომავალი წლისთვის ხრეში ხელოვნურად არ შეიტანეს, ზღვა დროთა განმავლობაში აჭარის მთიდან ჩამოზიდულ და აქ ჩალაგებულ ლოდებს წაიღებს.
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადაიტანეს.
სამუშაოები 2020 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა ზღვაზე ჩასასვლელები დღემდე რკინის ბადითაა შემოღობილი. მეტიც, რამდენიმე მონაკვეთზე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ უკვე გადარეცხა. სანაპირო უკვე წარეცხილია აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალი ბულვარის მიმართულებით, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთში.
ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე ზღვამ ჯერ სოფელ ადლიის მიწები და კერძო სახლები მიიტაცა, შემდეგ კი, ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი დაანგრია.
ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი 2020 წლის იანვარში [ზემოთ] და იგივე ადგილი 8 თვის შემდეგ, როცა ხრეში ზღვამ უკვე წარეცხა [ქვემოთ]„მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, შესაბამისად, პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტსა და ტერიტორიაზე რჩება ისევ კონტრაქტორს. ვინაიდან პასუხისმგებლობა მისია, ამიტომ არის შემოღობილი. თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ტერიტორია გაიხსნება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაახლოებით სამი თვის წინ.
„ბათუმელები“ ამჯერადაც [პირველ სექტემბერს] დაუკავშირდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაკვეთითაც, სანაპიროზე სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.
„მიღება-ჩაბარების აქტი დიდი ალბათობით მიმდინარე თვეში გაფორმდება და პროექტი გამოცხადდება დასრულებულად. მიმდინარეობდა კონსულტაციები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დაელაპარაკებიან ბათუმის მერს, გავუგზავნით წერილსაც. პარალელურად მომზადდა ცვლილება პროექტში. რაც დარჩება შეუსრულებელი ვალდებულება, შეასრულებს კონტრაქტორი კომპანია დეფექტების აღმოფხვრის პერიოდში, რომელსაც გავზრდით ერთი წლით და იქნება 2 წელი. კონტრაქტორი კომპანია 2 წლის განმავლობაში ვალდებული იქნება მოუაროს ნაპირსამაგრ ნაგებობას“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
რაც შეეხება წარეცხილ პლაჟს, ფონდის განცხადებით, „ეს დეფექტი არ არის. ეგ არის ეროზიული პროცესი. ზღვა მანდ მუდმივად წარეცხავს. მაგ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ და მაგას უნდა კვება ყოველწლიურად“. ფონდში ასევე გვითხრეს, რომ „1700 მეტრია ეს ნაგებობა. მის გასწვრივ კი აშკარად ჩანს პლაჟის წარეცხვის პრობლემა 500 მეტრზე და არა ერთ კილომეტრზე“.
საკმარისი იქნება თუ არა ხრეშის იმ ოდენობით შეტანა ყოველწლიურად, რა ოდენობაც პროექტის ფარგლებში შეიტანეს და რომელიც უკვე წარეცხა ზღვამ 8 თვეში? – ფონდში ამ კითხვაზე გვიპასუხეს:
„ამ შემთხვევაში, თუ რა მოცულობით უნდა მოხდეს კვება, ეს დამოკიდებული იქნება მონიტორინგზე – რამდენიც იქნება საჭირო, იმ მოცულობის ქვიშა-ხრეშოვანი მასალა უნდა შეიტანონ, რომ აღდგეს სანაპირო ზოლი – პლაჟი, თუ ეს უნდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენი დასჭირდება აწი, ამას დაადგენს მონიტორინგი – ბათიმეტრული [წყალქვეშა რელიეფის ამსახველი რუკა – ავტ.] კვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ წელს და ზამთარში, როცა არ არის ტურისტული სეზონი, უნდა შეიტანონ ხრეში. პლაჟის შენარჩუნება ამ შემთხვევაში არ იყო პროექტის ამოცანა, ვერც იქნებოდა – ერთი პროექტის ფარგლებში ეგ შეუძლებელია. ამოცანა იყო, რომ ჩვენ დაგვეცვა ბულვარი დაზიანებისგან“.
რა დეფექტებზეა საუბარი? – „ბულვარში დაგებულ ბეტონის ბილიკზე შეამჩნევთ ბზარებს. ჩვენ გვაფრთხილებდა ზედამხედველი კომპანია, რომ ეს ბზარები გაჩნდებოდა, ამიტომ შევთავაზეთ სხვა ფორმის საფარი – პატარა ფილების დაგება და არა ბეტონი, ასეთ დიდ ფართობზე. თუმცა, ბათუმის მერიის და ბულვარის ხელმძღვანელობის მოთხოვნით სასეირნო ბილიკზე დაიგო ისეთივე ბეტონის საფარი, რომელიც ბულვარის სხვა ადგილებში იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს დეფექტი ზედაპირულია, ბზარები შევსებულიც არის და პრობლემა არ იქნება. ეს შევსებული ბზარები თვალით შესამჩნევია იმიტომ, რომ მომხდარა მათი პიგმენტაცია. პიგმენტაციის შემდეგ ფერი დაჯდება და არ გამოჩნდება. შედგება კომისია, რომელიც მიღება-ჩაბარების დროს შეაფასებს ამ პროექტის მდგომარეობას, ჩამოვწერთ დეფექტებს და 2 წლის განმავლობაში მიხედავს კომპანია“, – გვითხრეს ფონდში.
არის თუ არა დეფექტი ის ლოდები, რომლებიც ნაპირის გამაგრებისთვის დაალაგეს, მაგრამ ახლა უკვე ზღვაშია? – ფონდში აცხადებენ, რომ – არა.
„ლოდები არის ზღვაში, გვაქვს რამდენიმე ფოტომასალაც, მაგრამ თუ დააკვირდებით, ის ლოდი არ არის ამოვარდნილი წყობიდან. იქ თუ ერთი და ორი ლოდი ამოვარდა, შეიძლება წყობა დაიშალოს. ეს ისეა იქ ჩალაგებული, რომ ერთმანეთს ამაგრებენ. საიდან წარმოიშვა და საიდან გაჩნდა ეს ლოდები იქ, ეს დასადგენია. უშუალოდ ნაგებობას აქვს 50-წლიანი გარანტია, რომ არაფერი მოუვა და იმედია არც შემდეგ. ასე, რომ, ბულვარი [ახალი ბულვარის გაგრძელება აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე – ავტ.] არის დაცული საიმედოდ და მას სჭირდება მოვლა. დამონტაჟებულია უსაფრთხოების მაჩვენებლებიც, რომ არ შეხტნენ ზედ და არ ირბინონ, მეც არ მომწონს, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს კიდეც… ეს არის საერთაშორისო სტანდარტით გაკეთებული, თუმცა საკმაოდ სახიფათოა… ლოდების წყობა ასე კეთდება მთელ მსოფლიოში, ეს ჩვენი გამოგონება არ არის“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ფონდიდან მიღებული ინფორმაციით, „ნაკლებად ეფექტური“ აღმოჩნდა ის ტექნიკაც, რომლითაც ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეში უნდა გადაექაჩათ: ვერ გადაჰქონდა ისე, რომ ეკონომიკურად გამართლებული ყოფილიყო მისი ექსპლუატაცია. ამიტომ გაჩნდა მიღება-ჩაბარების პრობლემა. სამხარაულის ექსპერტიზას მივეცით მასალები და დადგინდა, რომ ავტომობილებით გადატანა არის უფრო იაფი და უფრო მარტივი, ვიდრე ამ ტექნიკით გადაქაჩვა. თან ბათუმის მერიაც არ იყო მოხიბლული ამ ტექნიკით. მას სჭირდება მონტაჟი, დემონტაჟი, ექსპლუატაციის ცოდნა, რისი სპეციალისტებიც არ ჰყავს მერიას. ამასთან, რამე რომ გაფუჭებოდა – შესაკეთებლად სპეციალისტის ჩამოყვანა იქნებოდა პრობლემა. ეს ტექნიკა იქნება კომპანიის ზარალი. ხარჯი თავის თავზე აიღო“.
„ბათუმელებს“ ფონდში ისიც უთხრეს, რომ სამხარაულის დასკვნით მანქანებით ხრეშის შეტანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ამ შემთხვევაში ჰოლანდიურმა კომპანიამ გადაუხადა დაქირავებულ კომპანიას.
რამდენი გადაიხადა კომპანიამ და რა დაადგინა სამხარაულმა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ეს ციფრებიც. ამასთან ტენდერი როცა გამოცხადდება, ყოველთვის ნაკლები ფასი ჯდება – მანქანები ბევრს ჰყავს და კონკურენცია იქნება. ჯერ არის პროცესი და ამ ციფრებს უახლოეს მომავალში გადავცემთ მერიას“, – გვითხრეს ფონდში.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს 1 კუბ.მ ხრეშის გადატანა ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის შენარჩუნებისთვის. ფონდში ეს მონაცემები არ მოგვაწოდეს, თუმცა ერთ-ერთი დაქირავებული გადამზიდავისგან მიღებულ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ ბათუმის მერიას 25-30 ათასი კუბ.მ ხრეშის შესატანად, ყოველწლიურად, ჯამში მინიმუმ 400 ათასი ლარი მაინც დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ოდენობის ხრეშის შეტანა იქნება საჭირო მონიტორინგის შედეგად და იქნება თუ არა ხრეშის შესაბამისი რესურსი ძველ ბულვარში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ „საქნაპირდაცვას“ ადრე 100 ათასი კუბ.მ ხრეში შეჰქონდა ყოველწლიურად ბათუმისა და აჭარის სანაპიროზე პლაჟების შესანარჩუნებლად. ხრეშს ძირითადად, ჭოროხის შესართავიდან იღებდნენ. ნატანი ახლა აქ მინიმუმამდეა შემცირებული საქართველოსა და თურქეთში მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ჰესების აშენების გამო.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს დაგეგმილი პროექტებიდან ამოიღო ბათუმის 2-კილომეტირანი სანაპირო ზოლის [ბულვარის გაგრძელება] ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შემუშავებული.
ფოტოები სანაპიროდან, სადაც ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა
გადაკეტილი სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე / 28.08.2020ახალი ბულვარის გაგრძელებაზე ზღვამ ხელოვნური პლაჟი რამდენიმე მონაკვეთში უკვე წარეცხა / 28.08.2020სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.2020სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.202028.08.2020სანაპიროზე ასე ამოშვერილ არმატურებსაც არაერთ ადგილზე შეხვდებით / 28.08.202028.08.2020სახლები „ზღვის ხედით“ სანაპიროსთან, მაგრამ პლაჟის გარეშე / 28.08.2020ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020ლოდები ზღვაში. ფონდში აცხადებენ, რომ ეს ლოდები ნაგებობიდან ამოვარდნილი არ არის და საიდან გაჩნდა ისინი აქ, შესასწავლია / 28.08.2020ზღვის ხედი სასეირნო ბილიკიდან /ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება/ 28.08.2020
„ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ. ლარი დაუჯდებოდა… მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ. ლარს არ აღემატება“ – აცხადებდა ფონდი 2013 წელს.
სამუშაოები ფონდმა მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი ეს თანხა 55 მილიონამდე გაიზარდა.
დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრებოდა თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წელს შეეცადა. როგორც „ბათუმელებს“ მაშინ რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა, პროექტის განხორციელებით ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიის წარეცხავს დაიწყებდა.
მშენებლობის პროცესში გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ლოდების ჩაწყობის მეთოდმა გაამართლა მეზობელ თურქეთში, თუმცა ვერ ამართლებს აჭარის სანაპიროზე: „გონიოდან დაწყებული, სანაპიროზე, სადაც დიდი ლოდი ჩაიდო, ყველა ჩაიძირა ზღვაში. თურქეთში სანაპიროსთან კლდოვანი ქანები გამოდის და ეს ლოდები ამ ქანებზე დევს. შესაბამისად, მას ზღვა ძირს ვერ ურეცხავს [ასეთი ქანები გამოდის სარფში და კვარიათშიც]. ბათუმის სანაპირო კი ნატანი მასალითაა აგებული და ამ ლოდების ქვეშ არის ხრეში. დეტალურად არ ვიცნობ პროექტს, რა ტექნოლოგიით ჩააწყვეს, თუმცა, ეს ლოდები თუ ხრეშზე დევს, მას წლების განმავლობაში ზღვა ძირს გამოურეცხავს და კონსტრუქციას დაშლის. ასე ხდებოდა აქამდე“.
დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არჩილ მამულაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს.
„მე რამდენი ხანია ვითხოვდი ბიუროს მოწვევას პარტიაში რიგი საკითხების განსახილველად, მაგრამ ვერ მივაღწიე. რაც შეეხება ბანერის საკითხს, ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ.
29 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად იყო მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს ეწერა – „დაიცავი აჭარა“. ბათუმში „პატრიოტების“ საარჩევნო ბანერს სამარცხვინო უწოდეს. იმავე დღეს ბანერები „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხიეს, ხოლო ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ბილბორდი უნებართვოდ განათავსა.
არჩილ მამულაძის განცხადებით, მასთან ერთად „პატრიოტთა ალიანსს“ სხვა წევრებიც ტოვებენ.
საკრებულოს წევრის გადაწყვეტილება პრინციპულ ნაბიჯად შეაფასა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ და „პატრიოტთა ალიანსს“ დესტრუქციული ძალა უწოდა.
2019 წლის ბოლოს ეს პარტია დატოვა მერაბ ბლადაძემაც, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. შესაბამისად, პატრიოტთა ალიანსს არც ბათუმის თვითმმართველობაში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 სექტემბერს, უფასო PCR ტესტისთვის ბათუმსა და ქობულეთში საგანგებოდ მოწყობილ კარვებს მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში – 1443-მა მოქალაქემ, ხოლო ქობულეთში – 51 -მა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში ტესტი ჩაუტარდა 79 დასაქმებულს. 924 ნიმუში იქნა აღებული ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.
სამინისტროს ცნობით, პირველ სექტემბერს კარვებში აღებული 600 ნიმუშის კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში 7186 PCR ტესტი აიღეს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 6 ბათუმში.
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-ის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 2 სექტემბერს, გავრცელდა. ერთი შემთხვევა #7 ავტობუსის მძღოლს უკავშირდება, მეორე კი სასტუმრო “დრიმლედ ოაზისის” სტუმარს. რაც შეეხება დანარჩენ 4 კოვიდინფიცირებულს, ერთი ინფიცირებული საკონდიტრო “დონას” თანამშრომლების კონტაქტია, ერთი – თურქი მძღოლია, ერთი – კარანტინიდან და ერთიც – ცხელების ცენტრიდანაა.
3 სექტემბრის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებს შს სამინისტრო.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის – 35, ინდოეთის – 9, ირანის – 4, პალესტინის – 4, მაროკოს – 1 და ალჟირის – 1 მოქალაქე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლებში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი საქართველოს 100 სკოლაში დაიგეგმება. პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას ესტონეთის მთავრობა დააფინანსებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან დისტანციური სწავლების ესტონურ პრაქტიკას და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს.
„დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები კი მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის შეიქმნება კვლევისა და უზრუნველყოფის მოდელი. პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები მოემზადებიან სხვადასხვა პლატფორმის შექმნასა და მართვაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს შესაძლებლობა მიეცემათ ესტონური გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაცნობად ესტონეთსაც ეწვიონ და სასწავლო ტურში მიიღონ მონაწილეობა.
თუ გსურთ საკუთარ ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ თქვენთვისაა.
იჩქარეთ, თუ რამის გაკეთება გსურთ ბათუმისთვის, პროექტში 2021 წლის იდეების მიღების ვადა 3 დღეში, 5 სექტემბერს იწურება.
იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ქალაქთან დაკავშირებული თქვენი იდეები რეალობად იქცეს, პროექტისთვის – „შენი იდეა ბათუმს“, ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.
„ბათუმი ველოქალაქი”, „წერეთლის სკვერის ახალი სიცოცხლე”, „ლაქტაციის ოთახი”, „3D ზებრა – გადარჩენილი სიცოცხლე” – ეს იმ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის გვერდზე „შენი იდეა ბათუმს” უკვე დაარეგისტრირეს.
როგორ დავარეგისტრიროთ იდეა
იდეის რეგისტრაციისთვის საჭიროა მოქალაქემ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge გაიაროს:
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
და შემდეგ დაარეგისტრიროს იდეა.
რა კატეგორიის იდეების დარეგისტრირებაა შესაძლებელი?
კონკურსზე „შენი იდეა ბათუმს“ შესაძლებელია დაარეგისტრიროთ იდეები, რაც ბათუმის მერიის კომპეტენციას მიეკუთვნება, ასეთი მიმართულებებია:
კეთილმოწყობა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
ნარჩენების მართვა
გამწვანება
სკოლამდელი არაფორმალური და პროფესიული განათლება
შშმ პირთა ინკლუზია
კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ.
სიახლეა პროექტში – კატეგორია Covid-19, რომლის მიზანია პანდემიის შედეგების შემსუბუქებაზე ორიენტირებული იდეების წახალისება და დანერგვა ბათუმში.
იდეის წარდგენა შეუძლია ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს.
გამარჯვებულ იდეებს ავლენენ მოქალაქეები ვებგვერდზე www.idea.batumi.ge ხმის მიცემის გზით. გამარჯვებული იდეების განხორციელების ვალდებულება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრება.
„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება, შენი ქალაქისთვის
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებენ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
დაბა ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა. სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„მნიშვნელოვანი ვითარება არის დღესდღეობით სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ესწრებოდა იქ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია და ასევე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს. ვინაიდან სასტუმრო ოაზისში დაფიქსირდა კორონავირუსი, საიდანაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტება. ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმრო ოაზისში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ტესტირება ექიმების, რათა მოხდეს მათი უკვე შესაბამისი პროტოკოლით გადანაწილება თვითიზოლაციაში და კარანტინში,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ჩატარებული კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დღეს, 2 სექტემბერს დაუდასტურდა.
2 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა დღიური რეკორდული – 38 შემთხვევა, მათგან 22 არის ბათუმში არსებული საკონდიტრო “დონას” კლასტერიდან.
დღესვე მთავრობამ განაცხადა, რომ #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა კორონავირუსი.
უფასო ტესტირება ბათუმის ბულვარში შესაძლებელია სამ კარავში და 5 პოლიკლინიკაში.
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თურქეთში დასაქმებული ქალები დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ისევ შეიკრიბენ, ამჯერად ისინი აქ საპროტესტო აქციის გასამართად არ მისულან. მათ მთავრობასთან გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ.
ერთ-ერთი მოქალაქის, მადონა შაინიძის ინფორმაციით, ისინი დღეს მთავრობის წარმომადგენელს კახა შაშიკაძეს შეხვდნენ, რომელმაც ურჩია მათ მოთხოვნა წერილობით ჩამოეყალიბებინათ და მთავრობის კანცელარიაში დაერეგისტრირებინათ განცხადების სახით. მათ იქვე მოამზადეს განცხადება, რომელსაც ასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს და კანცელარიაში დაარეგისტრირეს.
თვითდასაქმებული ქალები ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ.
საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.
ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმესაპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.
ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით.
„მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, ეს მძღოლიც იყო დატესტილი. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას ნორმები“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ავტობუსით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება.
„გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დღის წესრიგში არ დგას აჭარის ჩაკეტვა, მაგრამ იმისთვის, რომ რისკები ვმართოთ, გვჭირდება საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდ19-ის შემთხვევები შესაძლოა გაიზარდოს.
დღეს, 2 სექტემბერს, დილით, ბათუმში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისშიც“. სასტუმროში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.
ბათუმში, ბულვარში განთავსებულ 3 კარავსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი უფასო ტესტირების ჩატარება.
შენიშვნა: აჭარის მთავრობაში დღეს, 2 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც „ნომერ მე -7, ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე“ მუშაობს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რეალურად კორონავირუსი დაუდასტურდა #7 ავტობუსის მძღოლს.
მთავარი ფოტო: არქივი / „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ.
გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, თითოეულ დავალებას აქვს ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით ფასდება.
გამოცდა იმ შემთხვევაში ჩაითვლება წარმატებულად, თუ აპლიკანტი ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50 პროცენტს (მინიმუმ 23 ქულას) დააგროვებს.
დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში და როგორ მოვიხსნათ დისკომფორტი ქვედა კიდურებში – ამ და სხვა კითხვებს სისხლძარღვთა ქირურგი მერაბ მიქელაძე პასუხობს.
ბატონო მერაბ, რომ გვითხრათ, ვინ არიან ქრონიკული ვენური დაავადების რისკის ჯგუფში?
პირველ რიგში, რისკის ჯგუფს წარმოადგენს მდედრობითი სქესი, ქალებში გაცილებით მაღალია ქრონიკული ვენური უკმარისობის მაჩვენებელი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც ორსულობა-მშობიარობისას ვითარდება. ვენური უკმარისობის რისკის ჯგუფში არიან პაციენტები სხვადასხვა თანმხლები დაავადებით, ასევე ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა ანუ მსგავსი გართულებები ჰქონდათ მათ მშობლებს, ბებიებსა თუ ბაბუებს და ადამიანები, რომლებზეც ზემოქმედებს მექანიკური ფაქტორები. საუბარია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე, რომლებიც სამსახურის სპეციფიკის გამო დღის განმავლობაში დიდი ხანი სხედან ან დგანან ფეხზე. საერთოდ, ვარიკოზის რისკ-ფაქტორებია დიდხანს ფეხზე დგომა, დიდხანს ჯდომა, ჭარბი წონა, ასევე დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მავნე ჩვევები, მაგალითად, თამბაქოს მოხმარება.
რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სამსახურის გამო უწევთ ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა?
ისეთი პროფესიის ადამიანმა, რომელსაც მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითად, სტილისტს ან სხვას, უწევს დიდხანს დგომა ან ჯდომა, უნდა შეეცადოს, მიიღოს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები. ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არასამუშაო დროს, მაგალითად, სახლში, მოერიდოს დიდხანს ჯდომას და დგომას, წიგნის წაკითხვა იქნება თუ ტელევიზორის ყურება, გააკეთოს ეს წამოწოლილმა. მუშაობის დროს ხშირად მოხაროს და გაშალოს ფეხი, გაიარ-გამოიაროს როცა კი მოახერხებს, ასევე ფეხის თითებზე წამოიწიოს და დაეშვას. მოერიდოს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მჭიდროდ იქნება წელის არეში შემოჭერილი, მოერიდოს წონაში მომატებას, ასევე ცხელ წყალსა და ცხელი წყლის პროცედურებს.
ზაფხულში ვენური უკმარისობის პროგრესირება უფრო ხშირია იმიტომ, რომ სიცხეში სისხლძარღვი ფართოვდება. ძალიან კარგია ცივი წყალი, ზღვა და ცურვა, ოღონდ რუჯის გარეშე. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ თავისუფალ დროს იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით. დასვენებისას – ჰორიზონტალური მდგომარეობა და კიდურები მაღლა – ეს არის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა.
ამის გარდა, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის პროფილაქტიკა შეიძლება ელასტიური ტრიკოტაჟით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო, იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაშია დაავადება. თუ, უბრალოდ, რისკის ჯგუფია და არ ხერხდება რისკ-ფაქტორების არიდება – პრევენციულიც საკმარისია, თუ აქვს დაავადების პირველი სტადია – აუცილებლად სჭირდება პირველი კლასის კომპრესიის სპეციალური ჩულქები, რომელსაც აქვს როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დანიშნულება.
როგორ მკურნალობენ?
ქრონიკული ვენური უკმარისობისას მკურნალობა არის კომპლექსური, აუცილებელია პაციენტმა დაიცვას რეჟიმი, მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა ცალკეულად ვერ იმუშავებს.
საქმე ის არის, რომ როცა ადამიანი დგას ფეხზე, სისხლის ნაკადი ვენებსა და ძარღვებს აწვება ზემოდან ქვემო მიმართულებით. შესაბამისად, იწვევს ამ ვენური უკმარისობის პროგრესირებას. გრავიტაციული კანონის წინააღმდეგ ვერც ერთი მედიკამენტი ვერ იმუშავებს. დღეისთვის არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ სისხლის უკუდინების გაუმჯობესებას და პლუს ამას სისხლძარღვის კედლის ტონუსის გაზრდას, დადებითად მოქმედებენ სარქველზე, მაგრამ მხოლოდ წამალი გრავიტაციის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება. ამიტომ მაღალი რისკის მქონე პაციენტმა, ასევე პაციენტმა დაავადების საწყის სტადიაში, პირველ რიგში, უნდა დაიცვას რეჟიმი. თუ ამას ვერ ახერხებს და მაინც უწევს დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა, ატაროს პირველი კლასის კომპრესიის ჩულქები. შემდეგ მოდის კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა, შემდეგი მეთოდი კი ოპერაციული ჩარევაა, რომელიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თუმცა რეჟიმის დაცვა აუცილებელია ქირურგიული ჩარევის შემდეგაც. იგივე ფაქტორები, რამაც განაპირობა დაავადების განვითარება, არც ოპერაციის შემდეგ უნდა განმეორდეს.
ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება. რა წესები იმოქმედებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ჯერ დადგენილი არ არის.
ცესკოს დადგენილებით, კენჭისყრის დღის გარდა პირბადის გამოყენება სავალდებულოა:
[checklist]
საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში
საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში
საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა
საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას
დამკვირვებლებს – საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში ყოფნისას [საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას]
[/checklist]
ცესკოს დადგენილებით, პირი ვალდებულია დაიცვას პირბადის ტარების წესი. „წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას და ამ წესის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება მისი შენობიდან გაძევება“.
პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:
გამომსვლელს/მომხსენებელს საარჩევნო კომისიის შენობებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას;
პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;
ამავე დადგენილებით:
[crosslist]
„საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში“;
„საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს, რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა. აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თუ ცხელება დაუფიქსირდა საჩივრის ავტორს/უფლებამოსილ პირს, ზემოხსენებული გაფრთხილების შემდეგ, საარჩევნო კომისიაში შესვლისას იგი უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მიმართოს წერილობითი განცხადებით საჩივრის განხილვაში მის ნაცვლად სხვა პირის მონაწილეობის შესახებ და უზრუნველყოს ამ პირის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გონივრულ დროში გამოცხადება, რისთვისაც შესაძლებელია აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს გონივრული ვადით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ უნდა იქნეს დარღვეული ამ საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადა. განცხადებაში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი“;
„საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი“.
[/crosslist]
საარჩევნო კომისიის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირი ასევე ვალდებულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიცვას შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია
სამუშაოს დაწყებისას და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავოს სამუშაო ინვენტარი, რომელსაც იყენებს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას
ტექნიკისა და ინვენტარის მომხმარებელმა უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კლავიატურის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით
საარჩევნო კომისიის შენობაში მისვლამდე გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით
ატაროს პირბადე ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
როგორც ზემოთ არის აღნიშნული – ცესკოს ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.
შენიშვნა: ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით: „ხმას პირბადის გარეშე მისცემთ – ცესკომ შენობებში ყოფნისას ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა“, თუმცა მოგვიანებით ცესკოში განმარტეს, რომ უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნისას და შესვლა-გამოსვლისას რა წესები იმოქმედებს, ამ ეტაპზე მუშავდება.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
მთავარი ფოტო: ბათუმის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
2 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 1548-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინშია – 6185.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ბაზის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 4 543 455 ლარია გამოყოფილი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.
ახალი ბაზა მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული შენობა, რომელშიც ძალოსნები ვარჯიშობენ] ხელახლა დააპროექტეს. საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე შენობა უნდა დაინგრეს. მანამდე ბაზის მშენებლობა ჩაქვში სხვა მისამართზე იგეგმებოდა.
ტერიტორიის შეცვლის მიზეზსა და თავად პროექტის შესახებ დეტალურად ნახეთ ბმულზე:
გენდერული კვოტირების წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 2 სექტემბერს, განიხილავს. დავის საგანი საარჩევნო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის ყოველი მეოთხე მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
ამ კუთხით რეგისტრაციის პრობლემა წელს „გირჩს“ შეექმნა, როცა საპარლამენტო სიის პირველ ათეულში არც ერთი ქალი კანდიდატი არ არის.
სარჩელის ავტორი „გირჩთან“ ერთად არის: „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო და ანა ჩიქოვანი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მსგავსი ვალდებულებების დაკისრება გაუმართლებლად ზღუდავს საარჩევნო უფლებას და პოლიტიკურ პარტიას აიძულებს, საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფას.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს რამდენად დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები თითოეულ სკოლაში. სწორედ ამ ჯგუფის დასკვნის საფუძველზე დაიწყებს სკოლა სასწავლო პროცესს. ეს შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ამის შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემოწმებას ინსპექტირების ჯგუფი 15 სექტემბრამდე განახორციელებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება საკლასო ოთახში მოსწავლეების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით, სკოლებს მიეცემათ საშუალება, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად:
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარულისა და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში“, – განაცხადა მან.
იმ შემთხვევაში, კი თუ კონკრეტულ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევა, მას ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილი გრაფიკი შეიმუშაოს:
„სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა და ასევე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ცვლის მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სკოლას შეუძლია სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის გამოიყენოს შაბათი დღე: „ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი არჩევანი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სკოლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა სასწავლო პროცესის იმ რეკომენდაციების ორგანიზებისთვის, რაც შემუშავებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სკოლების აღჭურვას სახელმწიფო უზრუნველყოფს:
„უკვე დაწყებულია შესაბამისი შესყიდვა და ათი სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით , დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სკოლებში არ დაიწყება, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს თითოეულ სკოლას. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს: „სწორედ ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება“.
მინისტრის მოადგილემ დღეს, 2 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ასევე, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასამდე მოსწავლეებს სასწავლო კლასებში დახვდებათ სახელმძღვანელოები, დამატებით, პირველკლასელებს – კომპიუტერები.
„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იგეგმება ვიდეორგოლების მომზადება, რომელიც უნდა დაეხმაროს სკოლებს რეკომენდაციების დაცვაში, კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები მოსწავლეების მშობლებთან,“ – განაცხა დგებუაძემ.