სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს


ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა.

ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ოთარ ჯაიანს და მის მეუღლეს აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის უქონლობის გამო შეყვანილი არ არის ბუნებრივი აირი. ოჯახი, რეგისტრაციის უქონლობის გამო, ვერ სარგებლობს მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო და სხვა სოციალური პროგრამებით… 2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ჯაიანის საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია“.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შპს GEOFIBRE-ს საკადასტრო საზღვრებშია ოთარ ჯაიანის მფლობელობაში არსებული სახლის 35 კვ.მ ფართობი, თუმცა საცხოვრებელი სახლი მდებარეობს GEOFIBRE-ს მიერ შემოსაზღვრულ ბეტონის ჯებირს მიღმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, კომპანიას შესთავაზეს საკუთარი სახსრებით ნახაზის მომზადება და საკადასტრო საზღვრების კორექტირება, კომპანიასთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მით უმეტეს, საზღვრების კორექტირებით კომპანია იმ 35 კვ.მ-ს არ დაკარგავდა.

საზღვრების კორექტირების გარეშე კი, „გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ოთარ ჯაიანის საკუთრებად. ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ სხვა ოჯახებს კი, საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.

ოთარ ჯაიანი თამარის დასახლებაში სულ 96 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. 2008 წელს ბათუმის მერიასა და ოთარ ჯაიანს შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერია იღებდა ვალდებულებას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვაზე გამოეცხადებინა აუქციონი, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრებოდა ოთარ ჯაიანის ოჯახისთვის 50 კვ.მ ფართობის ბინის საკუთრებაში გადაცემა.

მიუხედავად ამისა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთი 2013 წელს ისე გაყიდა, რომ არც მემორანდუმი და არც ფაქტობრივი გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, გაყიდული ნაკვეთის საზღვრებში ჯაიანის საცხოვრებელი სახლის ნაწილიც მოექცა.

საკითხზე რეაგირების თხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განცხადებით ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ოთარ ჯაიანის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი მოქცეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განკარგულ, ამჟამად შპს GEOFIBRE-ს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, გთხოვთ, თქვენს რეაგირებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში დასმულ საკითხებზე,“ – აღნიშნულია ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს გაუგზავნა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერის წერილი მიღებულია წარმოებაში და ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ.

ოთარ ჯაიანი თავის საცხოვრებელ სახლთან / 15.04.2019

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com