უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის ბიზნესი ბათუმში, ზღვასთან ახლოს

შპს „სმარტ ჰაუსი“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაში მრავალბინიან სახლს აშენებს, კომპანიის 70 პროცენტის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის გიორგი მანველიძის ოჯახია. ოფიციალურად სამშენებლო კომპანიას დეპუტატის ძმის – ბექა მანველიძის ცოლი, ლანა აბალოიძე ფლობს. გიორგი მანველიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მას ძმამ 35 000 ლარი აჩუქა.

ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის  ქუჩების გადაკვეთაზე ახალი პროექტის დასაწყებად კომპანიამ რამდენიმე კერძო სახლი დაანგრია და ახალი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამ დროისთვის საძირკვლის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. ის იმითაცაა გამორჩეული, რომ სამ მხარეს ღიობები აქვს, რაც კომპანიას აქ ბინების სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს. საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, როცა ჯერ კიდევ შენობის საძირკველი არ არის დასრულებული, კვადრატული მეტრის ფასი 600 დოლარია.

მერიის ინფორმაციით, კომპანიას 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე აქვს ნებართვა, თუმცა 16 სართულის აშენებას გეგმავს – ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული კომპანიას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და ამდენივე სართული დავთვალეთ პროექტის რენდერზეც.

პროექტის რენდერი

კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში – “ბათუმი ბარაკების გარეშე”. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს, რომელიც ბათუმში ბარაკული დასახლების ათვისებით დაინტერესდება, მთავრობა ბანკში ფინანსურ თავდებობას, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების მოპოვებისას კი, გამარტივებულ პირობებს ჰპირდება. ეს პირობები ე.წ. K2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითვალისწინებს, რაც პროექტის სიმაღლეში გაზრდას გულისხმობს.

ბათუმის ცენტრში, თუნდაც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთი კვადრატული ბინის ფასი 600-1000 დოლარია. ქალაქის ცენტრში, თუნდაც მოსახლეობასთან მოლაპარაკება და მაღლივი კორპუსების მშენებლობა, სამთავრობო პროგრამის დაწყებამდეც, ბევრ კომპანიას აინტერესებდა. ამიტომაც, „ბათუმელებს“ პროგრამის დაანონსებისთანავე ჰქონდა კითხვა, რატომ ჩადგა მთავრობა ინვესტორსა და მოქალაქეებს შორის, მაშინ, როცა ბათუმის ცენტრალური ადგილების ათვისებაზე ინვესტორები ისედაც ერთმანეთს ეცილებოდნენ? მაშინ გვიპასუხეს, რომ „მთავრობა კერძო პირებს შორის მოლაპარაკებებში არ ჩაერეოდა.“ წლების შემდეგ კი ცნობილი გახდა ბევრ შემთხვევაზე, როცა ქალაქში მშენებლობების ინტერესები ჩინოვნიკების ახლობლებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ. თანამდებობიდან წასული ჩინოვნიკების უმეტესობა კი ახლა მშენებელია, ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

შპს „სმარტ ჰაუსის“ 70  პროცენტის მფლობელი ლანა აბალოიძე სამშენებლო ბიზნესში ერთი წლის წინ გამოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიის 30 პროცენტის მფლობელზე თამთა ვერძაძეზეც, ის ბექა თვალაძის მეუღლეა, რომელიც რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დირექტორად ფიქსირდება.

ბექა თვალაძე „მარდი კონსტრაქშენის“ დირექტორი იყო 2016  წელს, კომპანია „სმარტ ჰაუსიც“ თავის დროზე, 2016 წელს სწორედ „მარდი ჰოლდინგმა“ დააფუძნა და მისი ასივე პროცენტი ამ კომპანიას ეკუთვნოდა. 2018 წელს, კომპანიის ჯერ 50, შემდეგ კი ასივე პროცენტის მფლობელი რამინ ბალაძე გახდა. გასული წლის დეკემბრიდან კი, შპს „სმარტ ჰაუსის“ ასივე პროცენტის მფლობელი და კომპანიის დირექტორი ლანა  აბალოიძე გახდა, შემდეგ კი  კომპანიის 30 პროცენტი თამთა ვერძაძეზე გააფორმეს.

შპს „სმარტ ჰაუსზე“ მშენებლობის ნებართვა გასული წლის სექტემბერშია გაცემული, ამავე ნებართვის მიხედვით სახლი 2022 წელს უნდა ჩაბარდეს მერიას.

ჩვენ კომპანიის ფეისბუქის გვერდზე მითითებულ ნომერზე რამდენჯერმე დავრეკეთ და ლანა აბალოიძესთან დაკავშირება ვთხოვეთ. გვინდოდა მისთვის გვეკითხა, სამშენებლო ბიზნესით გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ, რა სახსრებით შეძლო მან მასშტაბური მშენებლობის წამოწყება. გასაუბრება გვინდოდა გიორგი მანველიძესთანაც, თუმცა დეპუტატმა არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა და არც sms შეტყობინების შემდეგ გამოგვეხმაურა.

მანველიძეების ოჯახის სამშენებლო ბიზნესზე მაშინაც იყო საუბარი, როცა დეპუტატ გიორგი მანველიძის მამა, ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა, თუმცა ვიცე-მერი ბათუმის ცენტრში  ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოწყებული კორპუსის მშენებლობასთან კავშირს მაშინაც უარყოფდა, მაშინ მან „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ის აქ მამისეულ ადგილს ფლობდა, ტერიტორია ინვესტორმა აითვისა და თავად არაფერ შუაშია.

ბაგრატ მანველიძე საჯარო სექტორში აღარ მუშაობს,  უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე კი ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნეს.

კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი

მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“.

„ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ორდერი გამოიცა იმგვარად, რომ ინსპექტორ-გამომძიებელმა არც კი გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეისწავლა ჯეროვნად შეტყობინების შინაარსი და არ დაადგინა ის გარემოება, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის ძალადობის ფაქტს,“ – მიიჩნევდა მოსარჩელე.

მოსარჩელის მტკიცებით სიტყვიერი შელაპარაკება სესხის გამო ჰქონდათ. „შესაბამისად, ეს საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნას ძალადობის შემთხვევად და ორდერის გამოცემის საფუძვლად,“ – დასძინა მოსარჩელემ.

პოლიციელმა კი, რომელმაც შემაკავებელი ორდერი გამოსცა, მოსამართლეს უთხრა, რომ ქალი ნაცემი იყო.

„უმნიშვნელოვანესი იყო ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დროს რ.-ს სახის არეში აღენიშნებოდა ძალადობის აშკარა კვალი და თვალნათლივ ჩანდა, რომ დაზიანება რამდენიმე საათის წინ იყო მიყენებული,“ – თქვა პოლიციელმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როცა ის შემთხვევის ადგილზე, ღამით მივიდა, იქ წყვილის გარდა არავინ იყო.

ახალგაზრდა წყვილი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იყვნენ.

შემაკავებელი ორდერის დროს აკრძალულია მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე ფიზიკურად მიახლოვება.

21 ივნისს იწურება კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული აკრძალვების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმის გადახდის დროის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე, 22 მაისიდან დაიწყო.  დადგენილების თანახმად, მოქალაქეებს ან უნდა გაესაჩივრებინათ ეს ჯარიმა, ან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ დაკისრებული თანხა.

კომენდანტის საათის ამოქმედებიდან მის გაუქმებამდე შს სამინისტროს მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 23 მილიონ 955 ათასზე მეტი ლარია. ამ პერიოდში პოლიციამ სულ 7 985 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. 21 ივნისიდან ანუ ორი დღის შემდეგ ამ ჯარიმების გადახდის ვადა იწურება. შესაბამისად, ყოველ გადაუხდელ ჯარიმაზე იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და არც გაასაჩივრებს მას? – ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე.

  • პაატა, რომ განგვიმარტოთ, როგორია პროცედურა, რა ვადებში მოუწევთ დაჯარიმებულებს ამ თანხის გადახდა, მათ, ვინც გაასაჩივრა და ვისაც არ გაუსაჩივრებია?

სამართალდარღვევის ოქმებზე, რომლებიც დგებოდა კომენდანტის საათის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადები იყო შეჩერებული. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, აღდგა ეს ვადები. ეს ნიშნავს იმას, რომ დროის ათვლა დაიწყო – გასაჩივრების ათდღიანი ვადაა. ამ ათი დღის ვადაში უნდა შეეტანათ საჩივარი, რამდენიმე ადამიანს ჩვენც დავეხმარეთ და საჩივარი შევატანინეთ ადმინისტრაციულ ორგანოში, ეს საჩივრები განხილვის ეტაპზეა. ჩვენ მიერ წარდგენილ საჩივრებზე, ჯერჯერობით არც ერთზე გადაწყვეტილება არ მიუღია ადმინისტრაციულ ორგანოს, არც დაკმაყოფილების და არც უარის თქმის შესახებ.

  • რა ელით მათ, ვინც ვერ მოახერხა დაჯარიმების გასაჩივრება?

ვადის ათვლა დაიწყო საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. თუ დაჯარიმებულმა არ გაასაჩივრა, ასეთ შემთხვევაში 30 დღის ვადაში ვალდებულია გადაიხადოს [ჯარიმა]. თუ არ გადაიხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწყება იძულებითი აღსრულება. ამოიწერება სააღსრულებლო ფურცელი და მოქალქეს მიუვა შეტყობინება ნებაყოფლობით გადახდაზე. თუ არ გადაიხდის, დაიწყება იძულებითი ღონისძიებები მის წინააღმდეგ, ყადაღა დაედაბა მის ანგარიშებს ან ქონებას და იქედან ჩამოეჭრება თანხა.

  • გაორმაგებას ან საურავის დარიცხვას ხომ არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში კანონი?

მუხლი, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, არ ითვალისწინებს საურავის დარიცხვას: გამოცემული იყო პრეზიდენტის დეკრეტი და დეკრეტის საფუძველზე იყო გამოცემული მთავრობის დადგენილება, რომელიც ზღუდავდა გარკვეულ უფლებებს და დეკრეტშივე იყო მითითებული, რა სახის სანქციას ითვალისწინებს დარღვევა, განმეორების შემთხვევაში ეს გადადის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში.

გასაჩივრება აჩერებს საქმის წარმოებას – სანამ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო, ამ პერიოდში მოქალაქე არ არის ვალდებული, რომ გადაიხადოს [ჯარიმა]. თუ ადმინისტრაციულ საჩივარს დააკმაყოფილებს უწყება, მოქალაქეს ჯარიმა აღარ ექნება გადასახდელი, თუ არ დააკმაყოფილებს, უკვე იქედან უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში ოქმი დარღვევაზე საპატრულო პოლიციას აქვს შედგენილი, თუ არ დააკმაყოფილა საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკვე აითვლება ვადები, რა ვადაშიც უნდა გადაიხადოს დაჯარიმებულმა.

  • როგორია საიას არგუმენტები, როცა კონკრეტული მოქალაქეების ჯარიმებს ასაჩივრებს?

საქმეებს ინდივიდუალურად ვუდგებით, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა სამართლებრივად პრობლემური იყო აქტი. ძირითადად  აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ პოლიცია არსებითად არ იკვლევდა ფაქტობრივ გარემოებებს – უფლებამოსილი პირი, რომელიც ადგენდა ამ ოქმს, არ იკვლევდა რატომ ჩადიოდა პირი ამა თუ იმ სამართალდარღვევას. გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა მოქალაქე გადაადგილდებოდა ბათუმის ტერიტორიაზე და მას საზღვრის დარღვევა ჩაუთვალეს. მას დარღვევად ჩაუწერეს ბათუმის ტერიტორიის დატოვება. სინამდვილეში მას ბათუმი დატოვებული არ ჰქონდა.

გასაჩივრებული გვაქვს ასევე ჯარიმა, როცა მოქალაქეს წამლის ყიდვა უნდოდა და პოლიციის ერთი ეკიპაჟისგან მას ჰქონდა ამაზე ნებართვა, მეორემ კი ჯარიმა დაუწერა. ამ შემთხვევაში პოლიციელების მხრიდან ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ გადასცა ერთმა ეკიპაჟმა მეორეს ინფორმაცია. მოქალაქემ უთხრა მათ, რომ მეორე ეკიპაჟიდან ნებართვა ჰქონდა აღებული. არც გაითვალისწინეს და არც  იმ ეკიპაჟს დაურეკეს. მათ კომუნიკაცია აქვთ და შეეძლოთ გადამცემი საშუალებით გადაეცათ ამის შესახებ.

  • რამდენი საჩივარი დაწერეთ?

50-ზე მეტია, ვინც ჩვენ მოგვმართა. შესაძლოა სხვებმაც გაასაჩივრეს, სხვა იურისტებს მიმართეს, ან არიან ისეთებიც, რომლებიც თვითონ დაიცავენ თავს და იურისტისთვის მიმართვა არ სჭირდებათ.

 

 

პაატა დიასამიძე, იურისტი, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე

როგორ აკონტროლებენ სატვირთოს მძღოლებს – კორონავირუსი

18 ივნისს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რა წესები მოქმედებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის საქართველოს საზღვარზე, ვინ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ მძღოლებს, მათ გადაადგილებას და რამდენადაა დაცული სხვა მოქალაქე ამ გზით შემოტანილი/იმპორტირებული ახალი კორონავირუსისგან?

საქართველოში მოქმედი წესების მიხედვით, საზღვარზე მძღოლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მას ქვეყანაში არ შემოუშვებენ; საქართველოს მოქალაქე მძღოლი კი, თუ მას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადაჰყავთ ცხელების ცენტრში, სადაც გრძელდება მისი გამოკვლევა კორონავირუსზე.

თუ მძღოლს საზღვარზე შემოსვლისას არ დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის ექვემდებარება ახალ კორონავირუსზე სწრაფ მარტივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე სპეციალურ სამედიცინო პუნქტში.

მაგალითად, სარფიდან შემოსული მძღოლი, თუ მას არ აქვს საზღვარზე შემოსვლისას მაღალი ტემპერატურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გადაჰყავთ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც სამედიცინო პერსონალი მძღოლს ახალ კორონავირუსზე სწრაფ და მარტივ ტესტირებას ჩაუტარებს ანტიგენსა და ანტისხეულზე.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუ ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მძღოლი ტოვებს გაფორმების ეკონომიკურ ზონას. თუმცა, მოქმედი წესების მიხედვით, მძღოლი ტესტირების მომენტიდან 14 დღის განმავლობაში ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას [სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენსა და ანტისხეულზე] შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ ახალი ტესტირებ[ებ]ის საფასური კი უნდა გადაიხადოს თავად მძღოლმა, მისმა დამსაქმებელმა, შესაბამისმა იმპორტიორმა/ექსპორტიორმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა [ერთ-ერთი დამსაქმებლის ინფორმაციით, ტესტირებაში 20 ლარი გადაიხადა].

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი უარს განაცხადებს სწრაფ მარტივ ტესტირებაზე, ის გადაჰყავთ 14-დღიან სავალდებულო კარანტინში.

მძღოლს, რომელსაც საზღვარზე ტემპერატურა, ხოლო ტესტირებით კორონავირუსი არ დაუფიქსირდა, მაგრამ ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში ტოვებს საქართველოს ტერიტორიას [შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით], მას არ მოეთხოვება ხელახალი ტესტირება.

„ბათუმელები“ დაინტერესდა:

  • ქვეყანაში შემოსული მძღოლი 14 დღის განმავლობაში [როცა მას ევალება ყოველ 72 საათში ჩაიტაროს ახალი ტესტირება] თავისუფლად გადაადგილდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე – ანუ აქვს თუ არა მას შეხება სხვა მოქალაქეებთან?
  • თავისუფლად გადაადგილდებიან თუ არა 72 საათის განმავლობაში ის მძღოლებიც, რომლებმაც ამ პერიოდში უნდა დატოვონ ქვეყანა ტვირთის გადაზიდვის მიზნით?
  • ასევე, თავისუფლად გადაადგილდებიან თუ არა ტრანზიტად მოძრავი ავტომობილების მძღოლები?

ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა, საიდანაც ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართეს. ამ სამინისტროში გადაგვამისამართა მთავრობამაც. ეკონომიკის სამინისტროდან კი ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. მძღოლი, რომელსაც არ დაუდასტურდება კორონავირუსი, „მიდის თვითიზოლაციაში და თუ 72 საათში არ ტოვებს ქვეყანას, 14 დღის განმავლობაში ყოველ 3 დღეში უნდა გაიკეთოს ტესტი“, – მოგვწერა ამირან გამყრელიძემ.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების [გარდა ტრანზიტისა] ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით და ის 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს.

ეს წესები არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე. სატრანზიტო მძღოლები, რომლებსაც ტესტირებით არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსი, აგრძელებენ გზას მომდევნო პუნქტამდე შეუჩერებლივ. ისინი ვალდებულნი არიან მარშრუტი [გაჩერებები] შეუთანხმონ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ამასთან, შეზღუდულ ვადებში [24 საათში] დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

[toggle title=”მძღოლების ეპიდკონტროლისა და კარანტინის წესები დეტალურად ნახეთ აქ:“]

საქართველოში შემოსვლისას მძღოლები ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე (გარდა „სარფისა“) შემოსვლის შემდეგ, თუ თერმული სკრინინგის შედეგად არ დაფიქსირდა ტემპერატურა, მძღოლი ექვემდებარება ახალ კორონავირუსზე სწრაფ მარტივ ტესტირებას ანტიგენზე და ანტისხეულზე შესაბამისი სამედიცინო პერსონალის  მიერ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში.

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ შემოსული მძღოლი კი, თუ მას თერმული სკრინინგის შედეგად არ დაუფიქსირდა ტემპერატურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გადაყვანილი იქნება 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ განხორციელდება მძღოლის ახალ კორონავირუსზე სწრაფი მარტივი ტესტირება ანტიგენსა და ანტისხეულზე.

თუ არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, საჭიროებისამებრ, მძღოლის გადაყვანას ცხელების ცენტრიდან მის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამდე განახორციელებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

თუ ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას [სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენზე და ანტისხეულზე] შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოში შემოსვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა: ა] იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უარს აცხადებს სწრაფ მარტივ ტესტირებაზე; ბ] იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით.

სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, განხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში. აღნიშნული ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების მომენტიდან,  72-საათიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, მისი დამსაქმებელი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი უარს აცხადებს ტესტირებაზე, ამ შემთხვევაში აღნიშნული მძღოლი დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში განთავსებას საქართველოში შემოსვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული მძღოლი ვალდებულია მისი უარის თაობაზე შეატყობინოს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც მძღოლს განუსაზღვრავს შესაბამის საკარანტინო სივრცეს და იქ გამოცხადებისთვის აუცილებელ გონივრულ ვადას, პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ან მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს მძღოლის უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვალდებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საკარანტინო სივრცეების (შესაბამისი სასტუმროების), მათ შორის, ადგილების რაოდენობის თაობაზე.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება აქვს, შესაბამისი გაუთვალისწინებელი ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს განუსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები, რომლის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში.

ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში.

შენიშვნა:

საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, ასევე შესაბამისი ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი, იმპორტიორი ვალდებულია, დროულად განახორციელოს შესაბამისი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ოპერაციები და პროცედურები, რათა საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოხდეს „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით“ დადგენილ ვადებში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, რომელსაც არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, შესაბამის იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარუდგენს ინფორმაციას ამ წესების შესაბამისად, ჩატარებული ტესტირებ(ებ)ისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროის თაობაზე.

თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით, აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში (გარდა ტრანზიტისა), მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ახალ კორონავირუსზე ტესტირება (სწრაფი მარტივი) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან ყოველ 72 საათში ერთხელ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას).

ამ შემთხვევაში ახალ კორონავირუსზე ტესტირებისათვის  შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

სპეციალური სამედიცინო პუნქტები და ცხელების ცენტრი

„სპეციალური სამედიცინო პუნქტი“ – საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საზღვაო ნავსადგურში ან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დროებითი სამედიცინო პუნქტი, სადაც განთავსებულია ახალ კორონავირუსზე სწრაფი მარტივი ტესტირების სათანადოდ ჩასატარებლად (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ყველა საჭირო აღჭურვილობა. სპეციალური სამედიცინო პუნქტები, მათ შორის, განთავსდება შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „ვალე“ და ლაგოდეხი“. აგრეთვე აღნიშნული პუნქტები განთავსდება ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში.

„ცხელების ცენტრი“ – „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.

ამ წესების შესაბამისად, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მძღოლის სწრაფ მარტივ ტესტირებას განახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უფლებამოსილი პირი, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო გადამზადება.

სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი მარტივი ტესტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს სსიპ – შემოსავლების სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

სპეციალური სამედიცინო პუნქტების უზრუნველყოფას სწრაფი მარტივი ტესტირების ჩასატარებლად საჭირო საშუალებებით, მათ შორის, პირადი დაცვის აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრებით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პასუხისმგებლობა

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაარღვევს ამ წესების დადგენილ ვადებსა და მოთხოვნებს, აღნიშნულის თაობაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან შემოსავლების სამსახური ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სამართალდამრღვევი პირი დამატებით ექვემდებარება სწრაფ მარტივ ტესტირებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საბაჟო კონტროლის ზონაში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი.

[/toggle]

 

19 ივნისის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ – 895, მათგან გამოჯანმრთელებულია – 741, გარდაიცვალა – 14;
  • კარანტინშია – 2891 ადამიანი;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 256.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

შემოსავლების სამსახური არ ადასტურებს, რომ საბაჟოებზე ქრთამს იღებენ

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატის, აჰმეთ კაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ, შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება.

“ბათუმელები” შემოსავლები სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

საბაჟო კონტროლი,  მათ შორის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება  ეფუძნება მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების გამოყენებას და ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ და  საერთაშორისო დონეზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძვლებზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებსა და  ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილებისას რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში თურქეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტულად გაიარა 25 000-ზე მეტმა ავტოტრანსპორტო  საშუალებამ,  რომელთაგან სპეციფიკურ საბაჟო კონტროლს დაექვემდებარა მხოლოდ 109 მანქანა, რაც მთლიანი ოდენობის 0,4 %-ია. ამასთან,  განვმარტავთ, რომ კონტროლს დაქვემდებარებული 109 მანქანიდან უმეტესმა ნაწილმა, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1-4 დღის განმავლობაში და არა 10-15 დღისა,  როგორც ეს მეჯლისის დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული.

შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული თურქეთის მხარესთან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის პროცესში და ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ოპერატიულად ხდება ინფორმაციის გაზიარება. სწორედ ამის დასტურია, მიმდინარე წლის 12 ივნისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავასა და  თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თუნა თურაგაის შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული  შეხვედრა. მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ამ მიმართულებით,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

საქართველოს საბაჟოებზე მძღოლებს 1000-2000 დოლარს სძალავენ – თურქი დეპუტატი

თურქეთის მილი მეჯლისის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით.

მისივე თქმით, ასეთ რთულ პერიოდში  ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“: „თუ ფულს არ გადაუხდიან რა ხდება? 10-15 დღის განმავლობაში წითელ ზოლში გადაჰყავთ [მანქანები] თითქოსდა შემოწმების მიზნით. 1000-2000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, მძღოლებს დაუყოვნებლივ ატარებენ. ამ ვითარებაში, კომპანიებს დიდი ზარალი ადგებათ“.

დეპუტატმა ჟურნალისტებს ასევე აჩვენა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი თბილისში რეკავს საბაჟოზე ტვირთის გატარების თხოვნით და ღიად სთხოვენ ქრთამის სახით 1000 დოლარის გადახდას. „თუ კარგოს ტვირთია, მაშინ 1200 დოლარი“, – ისმის ჩანაწერში.

დეპუტატმა კიდევ უფრო რადიკალური პოსტი გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და საქართველოს საბაჟოების მებაჟეებს „ბანდიტები“ უწოდა.

„საქართველოს გავლით რუსეთსა და ყაზახეთში მიმავალ თურქული ტრაილერების მძღოლებს ქართველი საბაჟო ბანდები თანხას სძალავენ. რადგან 1000-2000 დოლარის გადახდის მსურველი არავინაა, მათ ისე ექცევიან, როგორც კონტრაბანდისტებს და სთხოვენ დაცალონ ტვირთები შემოწმების მიზნით. ამ გზით ისინი ატარებენ დაშინების პოლიტიკას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყურადღება მიაქციონ თურქ გადამზიდავებს “, – წერს თურქეთის მილი მეჯლისის დეპუტატი, აჰმეთ კაია.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ვკითხეთ ფლობდნენ თუ არა ინფორმაციას შესაძლო ქრთამის აღებაზე.

ასევე დავინტერესდით, ხომ არ არის მოკვლევა ან გამოძიება დაწყებული.

შემოსავლების სამსახურიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით და მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

_____

ორი თვის წინ „ბათუმელებმა“ გადამზიდავების პრობლემების თემაზე ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. მაშინ საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ ტვირთებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ხელოვნურად აფერხებდა შემოსავლების სამსახური.

გადამზიდავები ყვებოდნენ, რომ სარფის საბაჟოზე ტვირთების გასატარებლად სოლიდურ თანხას სძალავდნენ.

„ფელიქსის წილი“ – გადამზიდავებს თანამდებობის პირების სახელით ბიზნესს ართმევენ

კორონავირუსით დაინფიცირებული ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს

ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და იგი კარანტინში იმყოფებოდა.

„პირი ბათუმში შემოვიდა, ერთი დღე იყო კარანტინში, აღენიშნებოდა სიმპტომები, გადმოიყვანეს ცხელების ცენტრში, ანალიზის პირველი პასუხი იყო საეჭვო, გადაამოწმეს ანალიზის პასუხი ხელახლა ქუთაისში და რადგან ქალი არ არის აჭარის მკვიდრი, მისივე სურვილით, გადაიყვანეს ქუთაისში. იგი კარანტინში იმყოფებოდა და კონტაქტი არავისთან ჰქონია,“ – გვითხრეს სამინისტროში.

კითხვაზე, რატომ გადაიყვანეს პაციენტი ქუთაისში და ხომ არ უკავშირდება ეს ტურისტულ სეზონზე აჭარის ე.წ. მწვანე ზონად შენარჩუნების მცდელობას, სამინისტროში გვითხრეს, რომ ასე არ არის, გადაყვანა ამ შემთხვევაში მოხდა პაციენტის სურვილით, რეგიონში კი არის კლინიკა, ცხელების ცენტრები და ქოვიდის მართვის გამოცდილება.

შეიქმნა მობილური აპლიკაცია საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის

საქართველოს კულტურული მარშრუტებისთვის შეიქმნა პირველი მობილური უფასო აპლიკაცია Cultural Routes Georgia, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS  პლატფორმებისთვის.

აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები.

ევროპული მარშრუტები:

[checklist]

  • ღვინის მარშრუტი
  • ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი
  • პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი
  • ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი

[/checklist]

ლოკალური მარშრუტები:

[checklist]

  • ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ
  • გერმანული დასახლებები საქართველოში

[/checklist]

ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები:

[checklist]

  • დედაქალაქიდან დედაქალაქამდე
  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა

[/checklist]

ოფიციალური ინფორმაციით, ამ მარშრუტებს უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

„მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში.

ლოკალური კულტურული მარშრუტები, 2019 წლიდან, სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს“ მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა,“- ნათქვამია განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე წყაროს ცნობით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომლებიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა.

პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ბათუმში 2200 მოქალაქეს დაატოვებინეს ტრანსპორტი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში  მუნიციპალური ავტობუსები 32 000-ჯერ, სამარშრუტო მიკროავტობუსები კი 25 000-ჯერ  შეამოწმეს. ამ შემოწმების შედეგად 2200 მოქალაქეს პირბადის გარეშე მგზავრობისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს, 110 პირი კი უბილეთო მგზავრობისთვის დააჯარიმეს.

Covid19-ის ის პრევენციის კონტროლი ბათუმში მუნიციპალურ ინსპექციას ევალება. კონტროლს სხვადასხვა მიმართულებით ინსპექციის სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების თანამშროლები ახორციელებენ. წესების შესაბამისად, ტრანსპორტში მოქალაქე პირბადის გარეშე არ უნდა ავიდეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით; იგივე წესი ვრცელდება ტაქსებზეც (M1 კატეგორიაზე).

თუმცა სანქციის დაწესების მიუხედავად დარღვევებს ადგილი მაინც აქვს.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში შეამოწმეს 207 სასტუმრო და 260 ესთეტიკური ცენტრი ჯანმოს მიერ მოწოდებული COVID19-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

როგორ დავამზადოთ ქსოვილის პირბადე – სამი მეთოდი

 

ბათუმში სატვირთო მანქანა დაიწვა

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

მთავარი ფოტო: კადრი TV 25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, 19 ივნისის მონაცემით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. კოვიდცენტრებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულის კონტაქტია, ერთი კი – შემოტანილი შემთხვევა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 895 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 741 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

______________________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

რივიერა, “ლუჟკოვის სახლი”, გმირთა ხეივნის ტერიტორია – როგორ შეიცვალა ბათუმის ზედხედი

Google პერიოდულად აახლებს მსოფლიოს სატელიტურ რუკებს. ბათუმის ბოლო რუკა Google -მა 2020 წლის 18 ივნისს განაახლა, პირველი კი 2004 წელს გადაიღო. იხილეთ, როგორ იცვლებოდა ქალაქი წლების განმავლობაში Google Map-ის მონაცემებით.

შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ერთის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და რაც მთავარია – რატომ აპროტესტებს ქალაქის მოსახლეობა 5 კოშკის მშენებლობას – წაიკითხეთ აქ. 

რივიერა 2004-2020 [Google Earth]

გმირთა ხეივანი – ბათუმის გმირთა ხეივნის ირგვლივ, რომელიც ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, დაახლოებით 1,5 კმ-ის სიგრძეზეა გაშენებული, წლების განმავლობაში  გამწვანებაზე გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად კორპუსები და ბეტონის კონსტრუქციები იზრდება. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

გმირთა ხეივანი

“ლუჟკოვის სახლი” – კომპანია „ალიანს სიტიმ“ ბათუმში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის” დემონტაჟი 2019 წელს დაიწყო. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – აქ.

"ლუჟკოვის სახლი" 2004-2020 [Google Earth]

ქალაქის ნაწილის კიდევ ერთი ზედხედი:

ბათუმი 2004-2020 [Google Earth]

 

საქართველოში გამოჩნდნენ გადაშენებული ქურციკების ნაშიერები, ლიკლიკები – WWF

გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] ინფორმაციით,  კავკასიის სამუხის ველზე, ქურციკების, [იგივე ჯეირანი] ნაშიერები, ლიკლიკები გამოჩნდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის.

ქურციკი წითელ წიგნშია შეტანილი. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა მათი გავრცელება XX საუკუნის დასაწყისში ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისების გამო.

ფოტო: WWF

ქურციკის ბუნებრივ ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ მასიურად, რამაც მათი რაოდენობის შემცირება განაპირობა გარკვეულწილად.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი – WWF Georgia ქურციკების აღდგენის პროექტს ახორციელებს. ფონდში მიიჩნევენ, რომ შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა, მონიტორინგი და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რომ ხელშემშლელმა ფაქტორებმა სახეობის გამრავლებას არ შეუშალოს ხელი.

WWF

რატომ არ აქვს კითხვა ჟურნალისტების გაშვებაზე დეპუტატს, რომელიც პროფკავშირების უფროსი იყო

რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი  წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა.

„მე მუდმივად ადამიანის უფლებებს ვიცავ. ვინ გითხრათ, რომ არა მაქვს კითხვები? შენ რომ გინდა, ისეთი რეაქცია უნდა მქონდეს? მე მაქვს ისეთი რეაქცია, როგორიც მაქვს,“ – გვიპასუხა დეპუტატმა. ილია ვერძაძეს ვთხოვეთ, ეთქვა საკუთარი პოზიციის შესახებ, რადგან ანგარიშის მოსმენის დროს მას არ დაუსვამს კითხვა აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გაშვებაზე, რასაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

„თანამშრომლების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე პრეროგატივა ვისაც აქვს, ის წყვეტს ამ საკითხებს,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ. ვიდრე იგი სხდომათა დარბაზს დაუბრუნდებოდა, ვუთხარით, რომ ამის შესახებ საზოგადოებამაც იცის, ხოლო კითხვა უპასუხოდ რჩება: რატომ არ სვამს კითხვას პროფკავშირების ყოფილი ხელმძღვანელი ადამიანების სამსახურიდან გაშვებაზე.

„დასმულია ეს კითხვები… ჩემგან რატომ უნდა მოისმინოთ? პრობლემა იცით რა არის? ისე თუ არ ვფიქრობ, როგორც თქვენ… ჩემი პოზიცია არის ის, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული კანონის შესაბამისად,“ – აღნიშნა ილია ვერძაძემ. მან სხდომათა დარბაზში დაბრუნების მიზეზით აღარ უპასუხა კიდევ ერთ კითხვას: „თქვენი აზრით, არის დაცული ჟურნალისტების უფლებები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის რედაქციას ჩამოაშორეს?“

„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ 21 სოფელი დააზარალა. დაახლოებით 200-ზე მეტ ოჯახს, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები გაუნადგურა. ხულოში, გუშინ და დღეს, 3 ადმინისტრაციული ერთეულის 15 სოფელი დაისეტყვა.

„ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნიდან დაუკავშირდა ნანა შაინიძე, რომელმაც თქვა, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია. „ყველაფერი განადგურებულია. ყურადღებას არავინ გვაქცევს. როცა თხილვანის სეტყვის ვიდეო ვნახე თქვენს გამოცემაში, გადავწყვიტე, რომ მომეწერა. იქნება ჩვენთან არსებული მდგომარეობაც ნახონ და დაგვეხმარონ“, – ამბობს ნანა შაინიძე.

„ბათუმელები“ ხულოს მერიასაც დაუკავშირდა. როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე ამბობს, შექმნილია კომისია, რომელიც სეტყვისგან გამოწვეულ ზარალს დაადგენს.

„ზუსტად რამდენია ზარალი, ვერ გეტყვით, სეტყვამ ზოგიერთ ოჯახს მთლიანად გაუნადგურა ნარგავები, ზოგან კი ნაწილობრივ დაზიანდა. ამიტომ, კომისია დაახლოებით 2-3 დღე იმუშავებს და შემდეგ განვიხილავთ კომპენსაციის საკითხს“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

სეტყვამ 15 ივნისს 6 სოფელი დააზარალა შუახევსა და ქედაშიც. ქედის მერის ინფორმაციით, დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მოსავალი 130-მდე ოჯახს გაუნადგურდა.

შუახევის მუნიციპალიტეტში კი ორ სოფელში – ტაკიძეებსა და ცივაძეებში დაახლოებით 60 ოჯახს მიაყენა სეტყვამ ზიანი.

აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია.

ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ ვიზიტორებს, ეს ძალიან რთულად აისახება სასტუმროს შემოსავლებზე.

„ბევრი დეტალია, რაც ახალია სასტუმროებისთვის, მათ შორის სტიკერების განთავსება, დეზობარიერები, დამცავი მინები, ხსნარები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი შესრულებადია. უნდა ვაწარმოოთ სტუმრის ჟურნალები, პერსონალი უნდა დავატრენინგოთ, ამ ყველაფრის აღრიცხვა, რა თქმა უნდა, რუტინას ზრდის, მაგრამ მთავარია ვიზიტორები შემოვიდნენ“, – ამბობს მარიამ შაქარიშვილი.

სასტუმრო საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდა უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან. „თუ ამ ქვეყნებში აღდგენა მიმოსვლა, ძალიან კარგი იქნება და ცოტათი მაინც დაეხმარება ტურიზმს“.

სასტუმრო „კიპარისი“ ქობულეთში მდებარეობს. სასტუმროს წარმომადგენელი თამარ ღვინიაშვილიც მიიჩნევს, რომ რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა, შესრულებადია, თუმცა სასტუმროს ხარჯებს გარკვეულწილად ზრდის.

„ვიზიტორების რიგი არ გვადგას, მაგრამ თუ იქნება სეზონი აქტიური, სტუმრების მიღება საკმაოდ გართულდება, რადგან გაიზარდა სტუმრის ნომრიდან გასვლის და ახალი ვიზიტორის შემოსვლას შორის საათები. თუკი აქამდე ერთი საათი ან საათ-ნახევარი საკმარისი იყო, ახლა ეს დრო 4 საათამდე იზრდება. ამიტომ, დიდი შუალედების გამო, თითქმის მთელი დღე იკარგება“, – ამბობს თამარ ღვინიაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელი მოთხოვნაა დეზობარიერი, დაიცავი დისტანცია და ა.შ. სტიკერების განთავსება. ასევე ის წესები, რომელიც  უნდა დაიცვან ვიზიტორებმა სასტუმროს სხვადასხვა სივრცეში ყოფნისას, იქნება ეს საერთო სარგებლობის სველი წერტილები, აუზები თუ სხვა.

რეკომენდაციის მიხედვით, სასადილო ოთახში, ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანი უნდა იყოს განთავსებული. „მეშვიდე პირის ყოფნა, გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ პატარა ბავშვია“, – ამბობს ღვინიაშვილი.

სასტუმროში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ვიზიტორი იმყოფება. როგორც ღვინიაშვილი ამბობს, მათი ძირითადი სტუმრები აქამდე რუსი ტურისტები იყვნენ.

„ამ დროს საკმაოდ აქტიური პერიოდი გვქონდა წინა წლებში, ახლა მხოლოდ ორი ჯავშანი გვაქვს ესტონეთიდან ივლისისთვის“, – ამბობს ღვინიაშვილი.

სასტუმრო „მონტანა“ სარფში მდებარეობს. როგორც სასტუმროს დირექტორი ირაკლი ბასილაძე ამბობს, ძირითადად რუს ტურისტებს მასპინძლობდნენ, პანდემიის გამო კი, ახალ ბაზრებზე მას შემდეგ დაიწყებენ მუშაობას, როცა დაზუსტებით იქნება ცნობილი, რომელ ქვეყნებთან ექნება საქართველოს მიმოსვლა.

„ამჟამად რამდენიმე ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს სასტუმროში, ფასები დაახლოებით 20-30 პროცენტით შევამცირეთ, რადგან ადგილობრივი ვიზიტორი ნაკლებად შემოსავლიანია, თუმცა საბოლოოდ რა ფასი იქნება, ჯერ ვერ ვიტყვით. ვიზიტორმა ალბათ ყოველთვის უნდა გადაამოწმოს ფასი დაჯავშნამდე“, – ამბობს ირაკლი ბასილაძე.

მისი თქმით, რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა ახალი მოთხოვნები მაინც ზრდის სასტუმროს ხარჯებს.

„ვიზიტორს სასტუმროში შემოსვლისას მოეთხოვება პირბადეს ტარება, თუ არ აქვს, ადგილზე ვაწვდით, ცენტრალურ მისაღებში ხელებს დაიმუშავებს ანტიბაქტერიული ხსნარით. პროტოკოლის მიხედვით, ვიზიტორს ეზოშიც უნდა ეკეთოს პირბადე“, – ამბობს ბასილაძე.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები სასტუმროებია და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი ტურისტული ობიექტები ვერ დააკმაყოფილებენ ამ რეკომენდაციებს, მათ ვიზიტორების მიღების უფლება არ ექნებათ.

რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ სასტუმროში შესვლისას ვიზიტორმა აუცილებლად უნდა გაიაროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიმუშაოს ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით.

სასტუმროს პერსონალი კი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ფარით, ხალათით, ხელთათმანით და თმის დამცავი.

განსაკუთრებული მოთხოვნები: ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ სასტუმროს მიმღების თანამშრომლებთან, თითოეული დასაქმებული უნდა აღიჭურვოს სამედიცინო ნიღბით, ასევე მიმღების მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას  აცილებული  წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.

დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანი დალაგების დროს, მოხსნის შემდეგ ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა (წყლითა და საპნით დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი ხელის  სადეზინფექციო    ხსნარით.

თვალსაჩინო ადგილას  უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო, აუდიო ტექნიკის გამოყენებაც.

საერთო სივრცეში დღეში სამჯერ  უნდა დამუშავდეს ზედაპირები სადეზინფექციო საშუალებებით.

დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება. საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ საჭიროა მისი დეზინფექცია.

კოვიდ 19-ისგან დასაცავი რეკომენდაციები სრული ჩამონათვალი, როგორც ტურისტულ ობიექტებს, ასევე დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ ნახონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, სასტუმროების მონიტორინგი გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუკი ტურისტული ობიექტი ამ რეკომენდაციის დაკმაყოფილების გარეშე მიიღებს ვიზიტორს, დაჯარიმდება.

ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, მონიტორინგში ჩართულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც. მათი ინფორმაციით, 5 ივნისიდან დღემდე ბათუმში 207 ტურისტული ობიექტი შეამოწმეს. „სულ შესამოწმებელია 700-მდე ობიექტი“.

აჭარა TV-ის ჟურნალისტების გათავისუფლებით უმაღლეს საბჭოში არც დღეს დაინტერესდნენ

„თხოვნა იქნება, რომ ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ.. 2019 წელს რა ხდებოდა, არავის აინტერესებს, უკვე აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის,” – ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ასე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა მალხაზ რეხვიაშვილმა და სხდომა დაწყებამდე დატოვა.

დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა ანგარიში ჩააბარა.

გიგა ჩხარტიშვილმა აჭარის ტელევიზიის 2019 წლის მონაცემები მიმოიხილა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის დროს მაყურებლის რაოდენობამ იკლო, ახლა კი,  ეს მაჩვენებელი მზარდია. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საერთოდ არ შეხებია ტელევიზიაში დღეს არსებულ პრობლემებს – სასამართლოში შეტანილ 10-ზე მეტ სარჩელს, ჟურნალისტების დევნას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

„ასეთი სუსტი მოხსენება აქამდე არ მომისმენია, თქვენ ფორმალურ დონეზეც კი არ ახსენეთ პრობლემა… თქვენ გახდით საბჭოს თავმჯდომარე მას შემდეგ, როცა წინა დირექტორი გადააყენეთ და წინა დირექტორთან პრეტენზია გქონდათ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე. ამ ანგარიშში საერთოდ არ ახსენეთ პრიორიტეტი…“ – თქვა ასმათ  დიასამიძემ. ის „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ასმათ დიასამიძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ შეაწყვეტინა გამოსვლა.

“ეს თხრობითი წინადადებაა, ქალბატონო ასმათ, კითხვა უნდა დასვათ,” – გაღიმება სცადა დავით გაბაიძემ.

“არა, ძახილის ნიშანია აქ, კითხვა არ იქნება. თქვენ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობას,” – გაცხარდა ასმათ დიასამიძე, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს გახედა და იქვე კითხვაც დასვა: “რა არ მოგწონთ ბატონი კოხრეიძის მუშაობაში?”

„ნდობა გამოცხადებულია ავანსად,” – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, ჯერ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაფასებლად კონკრეტული პერიოდი არ არის გასული.

ასმათ დიასამიძეს ასევე ჰქონდა კითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თემის გაუშუქებლობაზე.

„ახსნა-განმარტება არის რედაქტორის მიერ დაწერილი, ტექნიკური ხარვეზი იყო,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა.

ტელევიზიისა და რადიოს დირექტორზე, გიორგი კოხრეიძეზე და ტელევიზიაში დღეს არსებული პრობლემების ნაცვლად გიგა ჩხარტიშვილმა არჩია ტელევიზიის წინა დირექტორის – ნათია კაპანაძის კრიტიკა, ასევე – ბრალდებები, მაგალითად, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაც აუდიტის დასკვნით იმპიჩმენტის გამოცხადების დროს არ დასტურდებოდა.

“პრობლემა არ იყო მხოლოდ პრიორიტეტების შეუსრულებლობა, იყო ყურებადობის პრობლემა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა…”- გიგა ჩხარტიშვილმა ვრცელი ჩამონათვალი წარმოადგინა და ამ გზით მან მოახერხა არ ეპასუხა მთავარ კითხვაზე – რატომ ვერ სრულდება პრიორიტეტები დღეს?

კითხვა გაუჩნდა დამოუკიდებელი დეპუტატს, მერაბ ბლადაძესაც. მას გიგა ჩხარტიშვილის გამოსვლამ თავისი ბავშვობის წლები გაახსენა, როცა მოწინავე მცელავი გახდა და ერთხელაც კომკავშირის სხდომას დაასწრეს.

„მსგავსი სიტყვები კომკავშირის სხდომაზე ისმოდა… თქვენ რა გააკეთეთ ასეთი, რომ მოსვლისთანავე ხელფასები გაიზარდეთ? ჩვენს ხელფასებს რომ აშუქებთ, ის გვითხარით, თქვენ რაში ხარჯავთ ამხელა ფულს?” – იკითხა დეპუტატმა.

„კომკავშირის სხდომაც დამაბრალა ბატონმა მერაბმა. ვერ გამოგყვებით მაგაში… მე მგონი, საკმაოდ თვითკრიტიკული ვიყავი,”- აღნიშნა გიგა ჩხარტიშვილმა.

“ირონიული სახით ნუ მესაუბრებით, ხალხის რჩეული ვარ მე,”- რეპლიკა ჰქონდა მერაბ ბლადაძესაც.

გიგა ჩხარტიშვილმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებდა, როცა მრჩეველთა საბჭოს ხელფასები გაიზარდა და „თანხა რჩებოდა აუთვისებელი“.

ტელევიზიის ფულის ხარჯვაზე სიუჟეტები მოითხოვა დავით ბაციკაძემაც. არც მან დამალა უკმაყოფილება, რომ აჭარის ტელევიზია ამდენ დროს უთმობს უმაღლესი საბჭოს ფულის ხარჯვას.

„აი, ხომ ხედავთ, უმრავლესობაც უკმაყოფილოა,” – შეუმჩნეველი არ დარჩა ბაციკაძის პოზიცია ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს.

კითხვები ჰქონდათ უმრავლესობის დეპუტატებს, მაგალითად, ლადო მგალობლიშვილმა იკითხა, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის რეიტინგი გაიზარდოს?

მიმდინარე პრობლემებზე აქცენტი უმრავლესობიდან მხოლოდ დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ჰქონდა. იგი დაინტერესდა, რით ხსნის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, მწვავე და კრიტიკულ შეფასებებს.

„საკითხის შესწავლა მეორე მხარესთან არ მოუხდენიათ… უნდა ეკითხათ ჩემთვისაც,” – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. პრაქტიკულად მან დეპუტატების დარწმუნება სცადა იმაში, რომ საერთაშორისო და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ მუშაობა არ იცის და შესწავლის გარეშე აკეთებს განცხადებებს.

დეპუტატებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, დამატებითი კითხვები დაესვათ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისთვის.

„თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია?“ – მხოლოდ ეს იკითხა ცოტნე ანანიძემ.

„შეფასებები უკვე გაკეთებული იყო,“ – მიუგო დეპუტატს ბორდის თავმჯდომარემ.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაისმა ტაშიც. სხდომას ესწრებოდა მოძრაობა -“მე მიყვარს ბათუმის” წევრი, შოთა ცაავა, რომელმაც ირონიის ნიშნად ტაში დავით თედორაძეს დაუკრა. თედორაძე დამოუკიდებელი დეპუტატია და თქვა, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის შემდეგ “ტელევიზია დადებითისკენ წავიდა”. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ შოთა ცაავას დარბაზი დაატოვებინეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ვადა გადაიწევს 

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა გადაიწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“  სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს.

„გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ. ამ დროისთვისაც მობილიზებულია თურქეთის მხარეს საჭირო ტექნიკა და საზღვრის გახსნას ელოდებიან“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდებოდა. „სამუშაოები ამ გზაზე არ შეჩერებულა, თუმცა, გარკვეული პრობლემა შექმნა იმან, რომ ინჟინრები, სპეციალისტები ვერ შემოვიდნენ საქართველოში თურქეთიდან, აქ მარტო ტექნიკაზე არ არის საუბარი.“

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4  გვირაბზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57  წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან], განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე].

პროექტს, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734  ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან, ბათუმის შემოვლითი გზა უნდა გაგრძელდეს სარფამდე [თურქეთის საზღვრამდე], რისთვისაც იგეგმება ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია. აღნიშნული გზის შენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. ახალი გზის მშენებლობისთვის საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს.

 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ხედი ფერიის მთიდან / 16 ივნისი, 2020 წელი
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ხედი ფერიის მთიდან / 16 ივნისი, 2020 წელი

ამავე თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

„ამ ადამიანების ანგარიში არ დაიჯეროთ“ – აჭარაTV-ის ყოფილი ჟურნალისტი უმაღლეს საბჭოს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა, დღეს, 18 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა, არ დაიჯერონ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის.

მრჩეველთა საბჭო დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშს წარადგენს.

„ამ ადამიანებს არა აქვთ არანაირი მორალური უფლება ილაპარაკონ რა ხდებოდა 2019 წელს. არავის არ აინტერესებს 2019 წელს რა ხდებოდა და ამათ ანგარიშში რა უწერიათ, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელში აღარ დარჩა სივრცე კრიტიკული კითხვებისთვის, კრიტიკული სიუჟეტებისთვის და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გიორგი გაბუნიას შესახებ სიუჟეტი არ გავიდა რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ორ ტელევიზიაში, თქვენ თვითონ გამოიცნობთ, რომელი იყო ეს ორი ტელევიზია, აჭარის ტელევიზია და … გასაგებია, არ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე არაფერ ცუდს.

ჩემი თხოვნა და მოსაზრება იქნება [მესმის, რომ ამის უფლებაც არა მაქვს და მადლობა, რომ მომეცით ამ სიტყვის თქმის უფლება],  რომ ამ ადამიანების ანგარიში უბრალოდ არ დაიჯეროთ, ბევრი კითხვაა, რომ ამათი მოქმედებები არის ხელისუფლებასთან კავშირში, თუ ეს ასე არ არის და თუ მართლა ხელისუფლების მიერ არ იმართება ის პროცესი, რაც ხდება აჭარის ტელევიზიაში, მე იმედი მაქვს, რომ უმაღლესი საბჭოს რეაგირება ამას მოჰყვება პოლიტიკურ დონეზე. მინიმუმ 26 ივნისს, 18 საათზე გელოდებით აჭარის ტელევიზიის წინ აქციაზე,“ – განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი 11 მაისს გაუშვეს. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა. რეხვიაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას, მალხაზ რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიშის მოსმენა უმაღლეს საბჭოში ფორმალობაა.

„უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური რეაგირება უნდა მოეხდინა იმაზე, რა ხდება მაუწყებელში. თუ თვლიან, რომ პრობლემა არ არის არაფერი, გასაგებია, ისედაც გვაქვს ეჭვები, რომ მათი დავალებით ხდება ეს და თუ თვლიან, რომ პრობლემა არის, რაც მაუწყებელში ხდება, მაშინ ამ ანგარიშამდე ამაზე უნდა მოთხოვონ პასუხი. მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლეობო ტელევიზიად გადაკეთება.

სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები.

„სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა,” – უთხრა „ბათუმელებს“ ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ვერნებსა და ფუშრუკაულში დააზიანა ნათესები.

რა უთხრა თურქეთის კონსულმა ლავასოღლის დას

“კონსულმა მითხრა, რომ მიმდინარეობს ექსტრადაციის პროცესი, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მჭირდება დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ექსტრადაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. მე ასეთი დოკუმენტი არც თურქეთიდან მაქვს, არც საქართველოდან,” – უთხრა ჟურნალისტებს ირინა გორაძემ, რომელიც დღეს, 18 ივნისს, თურქეთის კონსულს შეხვდა.

ლავასოღლის ოჯახის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. თურქეთის საკონსულოსთან 15 ადამიანი ისევ შიმშილობს.

მინდია ლავასოღლის ახლობლებმა თურქეთის კონსულთან შესახვედრად საპროტესტო აქცია 16 ივნისს გამართეს. აქციის მონაწილეებმა დააანონსეს აქცია სახალხო დამცველის ოფისთანაც.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღემდე 15 ადამიანი შიმშილობს, სამ მათგანს კი პირი აქვს ამოკერილი.

ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები 10 ივნისიდან თურქეთის საკონსულოსთან გადავიდნენ. მანამდე, 8 ივნისს, გენპროკურატურის წარმომადგენლები ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე ექსტრადირების შესახებ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. პროკურატურაში ამ დრომდე ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ვერ ხერხდება მინდია ლავასოღლის ექსტრადირება.

მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

ბათუმში ხვალ ღამით წყლის მიწოდება ექვს ქუჩაზე შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივნისს, 24:00 საათიდან 20 ივნისის 8:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება.

ეს ქუჩებია:

  • გუდიაშვილის ქუჩა
  • მალაზონიას ქუჩა
  • გორდეზიანის ქუჩა
  • კაჭარავას ქუჩა
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე
  • ბაგრატიონის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე

„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, „შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით”.

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს.

დაგეგმილი ცვლილებით:

[checklist]

  • გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
  • ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
  • გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება;
  • გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი  და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;
  • გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

[/checklist]


მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა?

სილქნეტის აბონენტები REDMED-ის დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებზე 25 %-იან ფასდაკლებას მიიღებენ

სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებას სამედიცინო ციფრულ პლატფორმა REDMED-ით მიღებულ მომსახურებაზე, რომელიც მოიცავს დისტანციურ, აუდიო და ვიდეოკონსულტაციებს აპლიკაციის ან ვებგვერდის მეშვეობით. აღნიშნული ფასდაკლება სილქნეტის აბონენტებისთვის REDMED-თან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა, რომელიც ამარტივებს სამედიცინო სერვისების მიღების პროცესს. აპლიკაციისა და ვებგვერდის დახმარებით თქვენ შეძლებთ მოძებნოთ, შეარჩიოთ, დაუკავშირდეთ სასურველ ექიმს და მიიღოთ დისტანციური კონსულტაცია აუდიო/ვიდეოზარის სახით.

პროექტის ფარგლებში, სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს ფასდაკლების გააქტიურება შეუძლიათ კოდით *025#. 17 ივლისის ჩათვლით ფასდაკლების გააქტიურება უფასოა სილქნეტის მობილური ქსელის იმ აბონენტებისთვის, რომლებიც აქტივაციის მომენტში 10, 25 ან 35- ლარიანი პაკეტი „მეტით“ ან კონვერგენტული შეთავაზებით სარგებლობენ.*

სილქნეტის აბონენტები და მათი ოჯახის წევრები შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებენ სამედიცინო დისტანციურ მომსახურებაზე 25% ფასდაკლებას, 20-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ექიმის აუდიო და ვიდეოკონსულტაციაზე.

*ყველა სხვა აბონენტისთვის ფასდაკლების 30 დღით გააქტიურების ფასი 5 ლარია.

ახალი Drive In კინოთეატრი ბათუმს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის – ჯაბა სურმანიძე

როგორც ცნობილია, მალე ბათუმს ახალი Drive In კინოთეატრი შეემატება. შპს „სტადიონისა“ და „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ერთობლივი პროექტის შესახებ შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯაბა სურმანიძე საუბრობს.

ბატონო ჯაბა, რას წარმოადგენს Drive In კინოთეატრი?

55 მ2 ზზომის ეკრანი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე განთავსდება. თანამედროვე ტექნოლოგიის რადიო სიხშირე საშუალებას მისცემს მაყურებლებს 300 მ რადიუსის მანძილზე მიიღონ ხმა და უყურონ პოპულარულ ფილმებს ავტომობილიდან, ასევე გარე გახმოვანების სისტემა გვაძლევს საშუალებას პარკინგ სივრციდან ვუყუროთ ფილმებს.

ვინ არის პროქტის ფინანსური მხარდამჭერი?

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი შპს „სტადიონია“. კომპანიას აქვს საკმარისი რესური მსგავსი ინოვაციური და გამორჩეული პროექტი დააფინანსოს და ახალი სერვისი შესთავაზოს მოქალაქეებს. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და შესაბამისად ძალიან მალე აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი იქნება საფეხბურთო სტადიონზე.

რას მოუტანს ქალაქს აღნიშნული პროექტი?

მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით მიმზიდველი და მოთხოვნადია პანდემიის პერიოდში მგავსი სერვისი. ამავდროულად ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი გაუჩნდება და არაერთ სტუმარსა თუ ადგილობრივ მოქალაქეს უმასპინძლებს.

საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დაასახელეს

უკვე ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილი. პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში მიიღებს.

„თეორიული შესაძლებლობა არსებობს უფრო,“ – გვიპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება მიიღოს მოსამართლეების მხარდაჭერა. ხუთმა მოსამართლემ კანდიდატად მერაბ ტურავა დაასახელა. ეს მოსამართლეები არიან: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა.

ირინე იმერლიშვილი კი კანდიდატად დაასახელეს: თეიმურაზ ტუღუშმა, გიორგი კვერეჩხილაძემ, თამაზ ცაბუტაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.  გუშინ, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო.

როგორია პოლიტიკური გავლენა, როცა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხება? – ვკითხეთ ირინე იმერლიშვილს.

„ამ თემაზე ჩემი კომენტარი უხერხულია, რადგან გარდა იმისა, რომ ვარ კანდიდატი, ვარ მოსამართლე. ამის ანალიზი და კომენტარები აჯობებს გააკეთონ სხვებმა: პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს სფეროში… მოსამართლის პირველი რიგის ვალდებულება არის ის, რომ იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან,“ – აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

რატომ იყო მნიშვნელოვანი კანდიდატობა, თუკი შანსები მხოლოდ თეორიულია?  – მოსამართლე ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრის დაფიქსირება და „ალტერნატივის შექმნა“.

ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი უპირატესობა მერაბ ტურავასთან მიმართებით ძირითადად საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილებაა.

„ეს ჩვენი სასამართლოსთვის დამახასიათებელია, ეს სწორია და ეს ძალიან იშვიათია სამწუხაროდ საერთო სასამართლოებში,“ – დასძინა ირინე იმერლიშვილმა.

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნაზარბაევს კორონავირუსი აქვს

ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს, Covid19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ნაზარბაევის პრესმდივნის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე.

მედიის ცნობით, ნაზარბაევი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ყაზახეთში კორონავირუსით დაინფიცირდა ყაზახეთის პარლამენტის სპიკერი და ჯანდაცვის მინისტრი, რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა და რამდენიმე მინისტრმა მიიღეს თვითიზოლაციის გადაწყვეტილება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში დადასტურებულია კორონავირუსის 15 877 შემთხვევა, გარდაიცვალა 97 ადამიანი.

ბათუმში 196 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 196 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

დღეს, 18 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 765 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

____________

საქართველოში 140 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, ვირუსისგან განიკურნა 739 ადამიანი

საქართველოში, 18 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შემთხვევებიდან 739 პაციენტი უკვე განიკურნა, 14 პაციენტია გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამჟამად ქოვიდცენტრებში 140 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 34 შემთხვევა 17 აპრილს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

ამ დროისათვის „მწვანე“, კორონავირუსისგან თავისუფალი ზონაა აჭარა, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა.

ფოტოკონკურსი 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის – „გაიცანი ჩემი სოფელი“

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს – „გაიცანი ჩემი სოფელი“.  ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონითაც. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებსაც პრიზებს გადასცემენ. 

კონკურსში მონაწილემ 2020 წლის 15 ივლისამდე, ელფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა გააგზავნოს ფოტომასალა მოკლე აღწერით და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ნომერი.

„თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, გადაიღე და გაგვაცანი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელი. ფოტოკოლაჟის საშუალებით ასახე და წარმოაჩინე რომელიმე ღირსშესანიშნაობა, თან დაურთე მოკლე აღწერა, მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. ღირსშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს: სოფლის ხიდი ან ჩანჩქერი; უძველესი ციხე, ეკლესია ან მეჩეთი; მუზეუმი ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სხვა,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ უზრუნველყოფს მოკლე აღწერის თარგმნას ინგლისურ ენაზე.

გამარჯვებულის შერჩევისას ყურადღება მიექცევა ორიგინალურ ნამუშევარს. დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები. დაუშვებელია სხვისი ნამუშევრის მითვისება.

უპირატესობა მიენიჭება ფოტოებს, რომლებიც წარმოაჩენენ სხვადასხვა სოფელში არსებულ, თუმცა აქამდე უცნობ ღირსშესანიშნაობებს.

გამარჯვებული ფოტომასალა გამოქვეყნდება:

  • ორგანიზაციის ვებგვერდზე www.media.org.ge 
  • „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ facebook გვერდზე https://www.facebook.com/media.org.ge/
  • ასევე, ორგანიზაცის პარტნიორი ონლაინგამოცემის – „ბათუმელების“ ვებგვერდზე. www.batumelebi.ge

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, თითოეულს პრიზის სახით გადაეცემა წიგნი „ბათომი“

 

კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ხუთ ნაკვეთს ყიდის კოტეჯების განთავსების პირობით. სამინისტრომ ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 ათასიდან 123 ათასამდე ლარი.

ხუთივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.

თითოეული ქონების შეძენის შემთხვევაში, მყიდველს ევალება არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

აუქციონები დაწყებულია და 2020 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება.

კურორტ გოდერძიზე მიწის ნაკვეთები კოტეჯების დადგმის პირობით აუქციონზე იყიდება/გამყიდველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა / ფოტო აუქციონიდან

ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18  ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 -20 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 22 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 20-22 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 893 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 739 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 – გარდაიცვალა.

აჭარის მთავრობა ადლიაში 5 ჰექტარამდე მიწას პირობებით ყიდის – კვადრატი 98 ლარი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 49 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აქციონზე პირობებით ყიდის. საწყისი ფასი 4 700 000 ლარია, ბიჯი – 120 000 ლარი. შესაბამისად, 1 კვ/მ-ის საწყისი გასაყიდი ფასი 97,9 ლარია.

მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთზე აამოქმედოს საწარმო, რაშიც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე ევალება, საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ამავე საწარმოში არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქის დასაქმებაც.

აუქციონის პირობები:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის [“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით] გადახდა აუქციონის დასრულებიდან თანაბარწილად, 3 ეტაპად, კერძოდ:
    2021 წლის 20 ივნისამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
    2022 წლის 20 ივნისამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობის ექპლოატაციაში მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ამოქმედება (წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა);
  • საწარმოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 50 საქართველოს მოქალაქის დასაქმება;
  • დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
  • აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 30 ივნისს დასრულდება.

აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთი ადლიაში

„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს

მასტურბაცია ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემად მიიჩნევა, ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ მშობლები, უმეტესად იმიტომ, რომ ეს არაჯანსაღი ქცევა ჰგონიათ, რცხვენიათ და ეშინიათ. ისიც აშკარაა, რომ ბიჭ ბავშვებთან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, გოგოებზე კი კითხვის დასმასაც ერიდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენის ბრალია, რომლის მიხედვითაც ქალები, კაცებისგან განსხვავებით, არ მასტურბირებენ, ან არ უნდა მასტურბირებდნენ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვებს, გოგონებსა და ბიჭებს შორის საკუთარი სხეულის შემეცნების მხრივ სხვაობა არ არის. 

ის, რასაც ბავშვთა მასტურბაციას უწოდებენ, სასქესო ორგანოების სტიმულირებაა. „ეს არ არის მასტურბაცია, რადგან არ ახლავს ფანტაზია და გაცნობიერება,“ – განმარტავს ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია. 

  • რა ასაკიდან იწყებს ბავშვი თავისი სხეულის შეცნობას?
გვანცა ჩვამანია

ეს ძალიან პატარა ასაკიდან იწყება, როგორც კი ბავშვი ფიზიკურად დამოუკიდებლად გადაადგილებას იწყებს. ბავშვი ჯერ შეიმეცნებს სამყაროს, გარემოს, ეხება ყველაფერს, უსინჯავს გემოს და იწყებს საკუთარი სხეულის შემეცნებასაც. შესაძლოა ასეთი პირველი აღმოჩენა ბავშვმა გააკეთოს მაშინ, როდესაც მოხსნიან საფენს, ბამბით სავსე საფენში ბავშვი შებოჭილია, ვერ გრძნობს რა ხდება და იმდენად უცხოა მისთვის თავისუფლების შეგრძნება, რომ კიდევ უფრო ინტერესდება თავისი ორგანოებით, ხელი გაურბის და შეიძლება ასეთ დროსაც დაიწყოს ხელით მოსინჯვა… კონკრეტული ასაკი არ არის განსაზღვრული, ზოგი უფრო ადრე ინტერესდება, ზოგიც – ცოტა გვიან.

შეიძლება ასეთი ინტერესი ბავშვს გაუჩნდეს მას შემდეგ, როცა უკვე შეხება აქვს სხვებთან, მაგალითად, ბაღში, 3-4 წლის ასაკში. შეიძლება მშობელთან ურთიერთობის დროსაც გაჩნდეს ეს ინტერესი, ბავშვს უკვე აინტერესებს, განსხვავდება თუ არა მისი გენიტალიები თავისი დის ან ძმის გენიტალიებისგან და უკვე უჩნდება კითხვები, რატომ, როგორ და ა.შ. შეიძლება დააკვირდეს ცხოველებსაც… ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, მათ შორის, თავისი სხეული.

აღწერილია შემთხვევები, როცა ჩვილ ბავშვებშიც არის რაღაც გარკვეული ხახუნი, ასეთი შემთხვევებიც ფიქსირდება. ეს არ არის მასტურბაცია, ეს არის ჩვეულებრივი სტიმულირება. ის წარმოდგენა, რომ სასქესო ორგანოებში შეგრძნებები მაინცდამაინც პუბერტატულ ანუ გარდატეხის ასაკიდან ჩნდება, არის მცდარი. სასქესო ორგანოებში მანამდეც შესაძლებელია იყოს გარკვეული შეგრძნებები. ზოგჯერ, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ანატომიურ აგებულებას – ზოგიერთ გოგოს მოკლე სასქესო ბაგეები აქვს და შესაძლოა უფრო ადვილად ხდებოდეს სტიმულაცია.

მკვეთრი პრობლემა არის მაშინ, როცა ეს ხდება საჯაროდ და ამის შემსწრე ხდებიან სხვები, რაც შესაძლოა გახდეს მეორადი პრობლემების, მაგალითად, ბულინგის მიზეზი.

  • რა შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი?

სტრესი, გადაღლილობა და მოწყენილობა – ასეთი ქცევა განსაკუთრებით ავლენს თავს მაშინ, როცა ბავშვი არის გადაღლილი, ჰქონდა რთული, ემოციური (თუნდაც სასიხარულო) დღე, ამ გზით  სტრესისგან განიტვირთება, რაღაც სასიამოვნოს აკეთებს. შეიძლება მაშინაც, როცა ბავშვი მოწყენილია, მაგალითად, არ არის მისთვის საინტერესო გაკვეთილი, განსაკუთრებით პირველ კლასში, როცა მომზადებული მიდის ბავშვი სკოლაში – იცის წერა-კითხვა, ანგარიში… მისთვის უინტერესოა ის გარემო… ან არ არის საჭირო რამე განსაკუთრებული შემთხვევა, მის ირგვლივ უბრალოდ უინტერესო გარემოც საკმარისია.

  • სხვა რა მიზეზები შეიძლება იყოს?

შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს რაიმე ინფექცია და ქავილის დროსაც შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ამ ადგილებში ხდება სტიმულაცია და რაღაც  სასიამოვნოა, შესაბამისად, როცა ამას აღმოაჩენს ბავშვი. უნდა ვასწავლით, რომ ეს ის ქცევაა, რომელიც სხვის თვალს უნდა მოვარიდოთ. უმეტესად ხდება ისე, რომ ბავშვები გარკვეულ ზედაპირებს ეხახუნებოდნენ (მაგალითად, ორთოპედიულ ბურთებს), გოგოებთან ხელითაც შეიძლება მოხდეს, ან რაიმე თოჯინა ჩაიწვინოს ფეხებს შორის… მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასიამოვნოა. 

  • მშობლები ასეთ ქცევას შიშით უყურებენ, ფიქრობენ, რომ რაღაც დარღვევას/გადახრას აქვს ადგილი. სინამდვილეში რა ხდება?

ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვეშინდეს, არც ბავშვი შევაშინოთ, არ ვეჩხუბოთ, ჯიუტ საქციელად არ ჩავუთვალოთ. ბავშვი სწავლობს თავის სხეულს და უნდა ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება საჯაროდ, სხვების დასანახად. ასევე ყურადღება გავუმახვილოთ ჰიგიენაზე, ვუთხრათ, რომ ხელები აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბანილი, ავუხსნათ მისთვის გასაგებ ენაზე, რომ სილაში თამაშის შემდეგ ხელს როგორც ვარიდებთ პირთან მიტანას, ისე უნდა მოარიდოს გენიტალიებსაც ბინძური ხელი.

  • არ გაუმახვილოთ ყურადღება, ეცადეთ ყურადღება გადაატანინოთ სხვა აქტივობაზე;
  • არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ და ეჩხუბოთ;
  • აუხსენით, რომ სხვების თანდასწრებით სასქესო ორგანოებზე შეხება არ შეიძლება და ამისთვის გვაქვს პირადი სივრცე, ასევე ესაუბრეთ პირადი ჰიგიენის დაცვაზე;
  • სასურველია ბავშვს არ ეცვას ძალიან მოტკეცილი საცვლები და ტანისამოსი – არც ძალიან ფართო;
  • დარწმუნდით, ხომ არ არის მიზეზი ანთებითი პროცესი ან რაიმე ტიპის დისკომფორტი (ქავილი ან გამონაყარი);
  • გახსოვდეთ, რომ სტიმულირება მატულობს მოწყენილობისას, დაძაბულობისას და გადაღლილობისას;
  • არ ჩათვალოთ, რომ ეს რაიმე კავშირშია „გარყვნილ“ ქცევასთან, ბავშვს უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებები აქვს და ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში. ასაკთან ერთად ბავშვი ისწავლის, როდის შეიძლება და როდის არა.
  • ფსიქოლოგს უნდა მიმართოს დედამ იმ შემთხვევაში, თუ კითხვები აქვს და თავად უნდა მეტი გაიგოს და სწორად მიუდგეს ბავშვს. 

ხშირად იმის გამო, რომ ოჯახებში არ აქვთ საშუალება, ბავშვებს არ აქვთ პირადი სივრცე და საკმაოდ დიდ ასაკამდე სძინავთ მშობლებთან ერთად, როცა ბავშვს აუცილებლად სჭირდება პირადი სივრცე პატარა ასაკიდანვე. რაც უფრო პატარას მიაჩვევს მშობელი ცალკე საწოლში, ცალკე ოთახში ძილს – მით უკეთესია. ზრდასთან ერთად ბავშვის პირადი სივრცეც ფართო და დამოუკიდებელი ხდება; სასკოლო  ასაკში ბავშვი ტუალეტშიც დამოუკიდებლად შედის და რჩება დრო იმისთვის, რომ თავისი სხეული უფრო ინტერესით შეისწავლოს.

  • როდის შეიძლება ასეთი ქცევა  მიგვანიშნებდეს, რომ ბავშვი შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოს?

ცალკე მასტურბაციის მცდელობები და სტიმულაცია არ არის სავალდებულო უკავშირდებოდეს ძალადობრივ გამოცდილებას. სასქესო ორგანოების სტიმულირებას უნდა ახლდეს სხვა ნიშნები, რომ ვიფიქროთ ბავშვზე ძალადობის გამოცდილებაზე. ეს ცალკე ვრცელი თემაა. დაკვირვებული მშობელი ყოველთვის მიხვდება, რომ ბავშვს რაღაც ძალადობრივი გამოცდილება აქვს. ვთქვათ, სვამს უფრო მეტ შეკითხვას ისეთ საკითხებზე, რაზედაც ამდენი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს, შეიძლება ჰქონდეს უხეში მასტურბირების მცდელობები და არა უბრალოდ ხახუნი, ანუ შესაძლოა იმეორებდეს იმ გამოცდილებას, რაც მიიღო, შეიძლება იყოს სხვების გენიტალიებით აქტიურად დაინტერესების და სხვა ბავშვის გენიტალიების წვალების მცდელობა. ასეთ შემთხვევაში გაღიზიანებულია, ყურადღების კონცენტრირება უჭირს, უეცრად იცვლება ბავშვი, სხვანაირი ხდება.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ  როცა სექსუალურ ძალადობას ვახსენებთ, აქ არ იგულისხმება აუცილებლად ფიზიკური ძალადობა, რომ ვიღაც აუცილებლად ხელით შეეხო ან კიდევ უფრო მძიმე გამოცდილება ჰქონდა ბავშვს. ძალადობა შეიძლება იყოს ისიც, რომ ბავშვს მუდმივად ესმის უხამსი ტექსტები, ხედავს სექსის შემცველ სცენებს, ან უყურებს მშობლების აქტს. ამის გამოც არ არის გამართლებული პატარა ბავშვის წოლა მშობლებთან ერთად ერთ საძინებელში. ბავშვი შეიძლება შეფხიზლდეს მაშინ, როცა უფროსებს ჰგონიათ, რომ მას სძინავს, აქტში არიან ჩართული და შეიძლება ვერც შეამჩნიონ ეს, ბავშვი კი ძალიან შეშინდეს. თუ ბავშვმა პორნოსიუჟეტის შემცველ გადაცემას უყურა ან ვინმე ესაუბრა ასეთ თემაზე, თუ გახდა მისი ასაკისთვის შეუსაბამო სცენების მომსწრე და მის ირგვლივ აქტიურად ხდება ამაზე ხაზგასმა, ესეც გარკვეულწილად ბავშვზე ძალადობაა. არ არის მიზანშეწონილი ბავშვმა გარკვეულ ასაკამდე ასეთი ინფორმაცია გაიგოს და გამოსცადოს.

ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს: „ქართველების იდენტობის სიმბოლს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს“.

მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულ სამსახურს კი – ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, მითითებული ობიექტების მონაცემები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 9 ივნისის ბრძანება დღეს, 2020 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

___________

ფოტო: ჩოხა, მე-19 საუკუნე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო 

Exit mobile version