მთავარი,სიახლეები

ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

02.09.2020
ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით.

„მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, ეს მძღოლიც იყო დატესტილი. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას ნორმები“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ავტობუსით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება.

„გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დღის წესრიგში არ დგას აჭარის ჩაკეტვა, მაგრამ იმისთვის, რომ რისკები ვმართოთ, გვჭირდება საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდ19-ის შემთხვევები შესაძლოა გაიზარდოს.

დღეს, 2 სექტემბერს, დილით, ბათუმში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისშიც“. სასტუმროში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ბათუმში, ბულვარში განთავსებულ 3 კარავსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი უფასო ტესტირების ჩატარება.

შენიშვნა: აჭარის მთავრობაში დღეს, 2 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც „ნომერ მე -7, ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე“ მუშაობს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რეალურად კორონავირუსი დაუდასტურდა #7 ავტობუსის მძღოლს.

 

მთავარი ფოტო: არქივი / „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: