მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

02.09.2020 • 23967
რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად,  გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად  მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში და როგორ მოვიხსნათ დისკომფორტი ქვედა კიდურებში – ამ და სხვა კითხვებს სისხლძარღვთა ქირურგი მერაბ მიქელაძე პასუხობს.

  • ბატონო მერაბ, რომ გვითხრათ, ვინ არიან ქრონიკული ვენური დაავადების რისკის ჯგუფში?

პირველ რიგში, რისკის ჯგუფს წარმოადგენს მდედრობითი სქესი, ქალებში გაცილებით მაღალია ქრონიკული ვენური უკმარისობის მაჩვენებელი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც ორსულობა-მშობიარობისას ვითარდება. ვენური უკმარისობის რისკის ჯგუფში არიან პაციენტები სხვადასხვა თანმხლები დაავადებით, ასევე ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა ანუ მსგავსი გართულებები ჰქონდათ მათ მშობლებს, ბებიებსა თუ ბაბუებს და ადამიანები, რომლებზეც ზემოქმედებს მექანიკური ფაქტორები. საუბარია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე, რომლებიც სამსახურის სპეციფიკის გამო დღის განმავლობაში დიდი ხანი სხედან ან დგანან ფეხზე. საერთოდ, ვარიკოზის რისკ-ფაქტორებია დიდხანს ფეხზე დგომა, დიდხანს ჯდომა, ჭარბი წონა, ასევე დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მავნე ჩვევები, მაგალითად, თამბაქოს მოხმარება.

  • რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სამსახურის გამო უწევთ ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა?

ისეთი პროფესიის ადამიანმა, რომელსაც მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითად, სტილისტს ან სხვას, უწევს დიდხანს დგომა ან ჯდომა, უნდა შეეცადოს, მიიღოს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები. ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არასამუშაო დროს, მაგალითად, სახლში, მოერიდოს დიდხანს ჯდომას და დგომას, წიგნის წაკითხვა იქნება თუ ტელევიზორის ყურება, გააკეთოს ეს წამოწოლილმა. მუშაობის დროს ხშირად მოხაროს და გაშალოს ფეხი, გაიარ-გამოიაროს როცა კი მოახერხებს, ასევე ფეხის თითებზე წამოიწიოს და დაეშვას. მოერიდოს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მჭიდროდ იქნება წელის არეში შემოჭერილი, მოერიდოს წონაში მომატებას, ასევე ცხელ წყალსა და ცხელი წყლის პროცედურებს.

ზაფხულში ვენური უკმარისობის პროგრესირება უფრო ხშირია იმიტომ, რომ სიცხეში სისხლძარღვი ფართოვდება. ძალიან კარგია ცივი წყალი, ზღვა და ცურვა, ოღონდ რუჯის გარეშე. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ თავისუფალ დროს იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით. დასვენებისას – ჰორიზონტალური მდგომარეობა და კიდურები მაღლა – ეს არის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა.

ამის გარდა, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის პროფილაქტიკა შეიძლება ელასტიური ტრიკოტაჟით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო, იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაშია დაავადება. თუ, უბრალოდ, რისკის ჯგუფია და არ ხერხდება რისკ-ფაქტორების არიდება – პრევენციულიც საკმარისია, თუ აქვს დაავადების პირველი სტადია –  აუცილებლად სჭირდება პირველი კლასის კომპრესიის სპეციალური ჩულქები, რომელსაც აქვს როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დანიშნულება.

  • როგორ მკურნალობენ?

ქრონიკული ვენური უკმარისობისას მკურნალობა არის კომპლექსური, აუცილებელია პაციენტმა დაიცვას რეჟიმი, მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა ცალკეულად ვერ იმუშავებს.

საქმე ის არის, რომ როცა ადამიანი დგას ფეხზე, სისხლის ნაკადი ვენებსა და ძარღვებს აწვება ზემოდან ქვემო მიმართულებით. შესაბამისად, იწვევს ამ ვენური უკმარისობის პროგრესირებას. გრავიტაციული კანონის წინააღმდეგ ვერც ერთი მედიკამენტი ვერ იმუშავებს. დღეისთვის არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ სისხლის უკუდინების გაუმჯობესებას და პლუს ამას სისხლძარღვის კედლის ტონუსის გაზრდას, დადებითად მოქმედებენ სარქველზე, მაგრამ მხოლოდ წამალი გრავიტაციის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება. ამიტომ მაღალი რისკის მქონე პაციენტმა, ასევე პაციენტმა დაავადების საწყის სტადიაში, პირველ რიგში, უნდა დაიცვას რეჟიმი. თუ ამას ვერ ახერხებს და მაინც უწევს დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა, ატაროს პირველი კლასის კომპრესიის ჩულქები. შემდეგ მოდის კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა, შემდეგი მეთოდი კი ოპერაციული ჩარევაა, რომელიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თუმცა რეჟიმის დაცვა აუცილებელია ქირურგიული ჩარევის შემდეგაც. იგივე ფაქტორები, რამაც განაპირობა დაავადების განვითარება, არც ოპერაციის შემდეგ უნდა განმეორდეს.

გადაბეჭდვის წესი