მთავარი,სიახლეები

თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

02.09.2020
თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თურქეთში დასაქმებული ქალები დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ისევ შეიკრიბენ, ამჯერად ისინი აქ საპროტესტო აქციის გასამართად არ მისულან. მათ მთავრობასთან გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ.

ერთ-ერთი მოქალაქის, მადონა შაინიძის ინფორმაციით, ისინი დღეს მთავრობის წარმომადგენელს კახა შაშიკაძეს შეხვდნენ, რომელმაც ურჩია მათ მოთხოვნა წერილობით ჩამოეყალიბებინათ და მთავრობის კანცელარიაში დაერეგისტრირებინათ განცხადების სახით. მათ იქვე მოამზადეს განცხადება, რომელსაც ასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს და კანცელარიაში დაარეგისტრირეს.

თვითდასაქმებული ქალები ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.

ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: