მთავარი,სიახლეები

სწავლის დაწყებამდე სკოლებს შეამოწმებენ – მინისტრის მოადგილე

02.09.2020 • 1681
სწავლის დაწყებამდე სკოლებს შეამოწმებენ – მინისტრის მოადგილე

სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს რამდენად დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები თითოეულ სკოლაში. სწორედ ამ ჯგუფის დასკვნის საფუძველზე დაიწყებს სკოლა სასწავლო პროცესს. ეს შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ამის შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემოწმებას ინსპექტირების ჯგუფი 15 სექტემბრამდე განახორციელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება საკლასო ოთახში მოსწავლეების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით, სკოლებს მიეცემათ საშუალება, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარულისა და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში“, – განაცხადა მან.

იმ შემთხვევაში, კი თუ კონკრეტულ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევა, მას ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილი გრაფიკი შეიმუშაოს:

„სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა და ასევე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ცვლის მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სკოლას შეუძლია სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის გამოიყენოს შაბათი დღე: „ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი არჩევანი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: