„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს.

მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს.

29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია.

„18 სექტემბერს გავიკეთეთ ტესტი. მეცხრე დღეა დღეს და ამ დრომდე არავის დაურეკავს ოფიციალურად და არ უთქვამს ჩვენი დიაგნოზი.

ტესტის გაკეთებიდან მალევე თავი შეუძლოდ ვიგრძენით. ვერ ვხვდებოდით რა გვჭირდა. გვირჩიეს თუ გყავთ ვინმე ნაცნობი, მისი დახმარებით შეძლებთ ტესტირების შედეგის გაგებასო. ვთხოვეთ და არაოფიციალურად ნახეს ბაზაში, რომ ვიყავით კოვიდდადებითები.

სამი დღეა, რაც ჩემი დიაგნოზი ვიცი არაოფიციალურად. ინფიცირებულია ჩემი მეუღლეც. ვართ სახლში. ჩვენ თვითონ ვუვლით საკუთარ თავს.

ვრეკავთ და ვრეკავთ 112-ში, ვუხსნით ჩვენს გასაჭირს და არანაირი პასუხი არ გვაქვს მათგან, სამწუხაროდ. კაი, მესმის, რომ ინფიცირებულს ვერ ეკარება ვერსად ვერავინ, მაგრამ ამ ტკივილებს, ამ ყველაფერს  როგორ უნდა გავუძლოთ? ფილტვების გადაღება 170 ლარი რომ ღირს, აი, თუნდაც მე თვითონ რომ მივიდე, გადავიღო და დავრწმუნდე ფილტვები მაქვს ჯანმრთელ მდგომარეობაში და არ გადამივიდეს სირთულეში, ეგ როგორ მოვახერხო?

რამე დახმარება ხომ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან? მე კი არ ვიძახი სასტუმროში წამომაწვინეთ-მეთქი. ამას არ ვითხოვ. ვართ სამი ინფიცირებული ერთ სივრცეში. როდის უნდა  დავუბრუნდეთ ცხოვრებას, არავინ არ გვცემს პასუხს,“ – კითხულობს კოვიდინფიცირებული პაციენტი.

ნანას თქმით, მან და მისმა მეუღლემ შეიფარეს თავიანთი ახლობელი კოვიდინფიცირებული, რომელიც ორი დღე მანქანაში ცხოვრობდა და ამაოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას.

„ეს ადამიანი ჩვენი კონტაქტია. როგორც ჩვენი პასუხი გავიგეთ, ისე გავიგეთ მისიც. ახლა სამივე ინფიცირებული – მე, ჩემი მეუღლე და ეს ადამიანი ვიმყოფებით ერთ სივრცეში, ჩემს სახლში. იმიტომ, რომ ეს ადამიანი დარჩა ქუჩაში. რეკავდა სასწრაფოში და ეკითხებოდა, სად წავიდეო. სადაც ხარ იქ იყავიო – იყო პასუხი. კაცი ეხვეწებოდა, ქუჩაში ვარ მანქანაში, ორი თვის ჩვილი და მოხუცი მყავს სახლში და ვერ ავდივარ, რამე ზიანი რომ არ მივაყენოო, მაგრამ კლინიკაში ვერ მოხვდა. „საავადმყოფოს დერეფანშიც არაა ადგილიო“ – ასე უთხრეს. სად წასულიყო. ისევ წამოვიყვანეთ ჩვენთან. ჰოდა ვართ სამი ერთ სივრცეში ახლა,“ – გვიყვება ინფიცირებული ქალი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვერც ტესტის პასუხი მოიპოვა და ვერც სასწრაფო დახმარების სერვისი მიიღო, ოჯახის ექიმს დაურეკა.

„ჩვენით ვმკურნალობთ. წამალი არ არსებობსო გვეუბნებიან. სიცხეს მოგცემს – უნდა დალიო სიცხის დამწევი. თავი აგტკივდება – უნდა დალიო გამაყუჩებელი. გაუსაძლისი ტკივილები რომ მაქვს წელის არეში, უნდა წამოწვე და დაისვენოო.

ოჯახის ექიმმა გაგვიწია რეკომენდაცია, იყავით მშვიდად და მიიღეთ ბევრი სითხეო. ტკივილებს რაც შეეხება, თუ ძალიან გაგირთულდათ და უკვე აღარ გყოფნით ჰაერი, ამ შემთხვევაში ფილტვების პრობლემა გაქვთ და უნდა გადახვიდეთო [კლინიკაში], მაგრამ რომც მოითხოვოთ გადაყვანა, ვერავინ გადაგიყვანთო.

არ მინდა საკუთარი ვინაობის დასახელება, რადგან არ მინდა ჩემი ახლობლები პანიკაში ჩავაგდო. როგორც კი ამ ვირუსს დავამარცხებ ძალიან სხვანაირად  შევუტევ ყველას. ნუღარ გამოდიან ტელევიზორში და ნუღარ აცხადებენ ასე ვუდგავართ ხალხს გვერდითო“, –  ამბობს ქალი.

ამავე თემაზე:

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

„ვრეკავ და არავინ მოდის“ – ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქში ხშირად და ღიად წერენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულები არიან. ზოგი მათგანი წერს, რომ ექიმთან მოხვედრას 3 დღეა ცდილობს, ზოგი – 5 თუ 8 დღეა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფიო ბერიძემ დაპოსტა იმ პრობლემების შესახებ, რაც, მისი დაკვირვებით, ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია.

სოფიო ბერიძის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე!
ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში!

2 !!!!!

ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე!

მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!!

  • მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!!
  • იმოქმედეთ სწრაფად!!!
  • აღიქვით კრიზისი!!!

ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში“, –  წერს ექიმი.

“ბათუმელებთან” საუბარში სოფიო ბერიძე დამატებით განმარტავს, რომ დღეისათვის აჭარაში მთავარი პრობლემა ცხელების ცენტრებშია, სადაც საკმარისი ადგილები არაა.

“კლინიკებში ვინც ხვდება მათ, რა თქმა უნდა უვლიან, რადგან ჩართულია მთელი სახელმწიფო სისტემა. მაგრამ მთავარი ბარიერი გახდა კლინიკაში მოხვედრა, რადგან ამბულატორიული დიაგნოსტირება აღარ ხდება, მარტო ცხელების ცენტრიდან შეიძლება მოხვდე კლინიკაში,” – ამბობს ექიმი.

___

დღეს აჭარაში 193 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო ბანერები ჩამოხიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო ბანერები უცნობმა პირებმა დააზიანეს. ბანერები სამ სოფელში – ჭარნალში, დოლოგანსა და ახალსოფელში ჩამოხიეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე პლაკატების ჩამოხევას “ქართულ ოცნებას” უკავშირებს და ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მმართველი პარტია ოპონენტებს გაუსწორდეს. გია აბულაძე ამჯერადაც მაჟორიტარობის კანდიდატია.

„დღეს დილით არის სავარაუდოდ დაზიანებული, რადგან გუშინ საღამოს მთელი იყო. როგორც ჩანს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ნორმალური საარჩევნო პროგრამა გააკეთოს, იმუშაოს სიღარიბის დაძლევაზე, ლარის გამყარებაზე, გადაწყვიტეს, რომ ძალადობრივად ჩაატარონ ეს არჩევნები. გამოსავალს ხედავენ, რომ დააზიანონ ბილბორდები და პლაკატები. ჰგონიათ, რომ ამით გაიმარჯვებენ. მე მათ მინდა ვუთხრა, ისინი დამარცხებული არიან, შეეგუონ ამას და ბილბორდების ჩამოხევა და დაზიანება ვერ გადაარჩენს მათ,” – ამბობს გია აბულაძე.

ჩამოხეული ბანერები სოფელ ჭარნალსა და ახალსოფელში
ჩამოხეული საარჩევნო ბანერი მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ძალებით აღადგინეს

ბათუმში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 სექტემბერი

27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500 -ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა.

სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 22 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პირი.

კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 949 პაციენტი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 350 -ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.

27 სექტემბრის მონაცემებით კოვიდსასტუმროდან ბინაზე გაეწერა 9 პირი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 427პირს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად რეგიონში კი მობილიზებულია 600 საწოლი კოვიდპაციენტებისათვის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 294  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამირან გამყრელიძე ბათუმში დღეს არსებულ ვითარებაზე

„3 შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება აჭარას“, – თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბოლო კვირაში კოვიდინფიცირებული 7 პირის გარდაცვალების, ანუ სიკვდილიანობის მატების შესახებ. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ გარდაცვლილებს შორის 2 პირი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო.

„თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში“, – განაცხადა სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ასევე ჰკითხეს, რამდენ ქალაქშია შიდა გავრცელება, სადაც კონტაქტების დადგენა თვითდინებით ხდება? ამ კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ მეტწილად აჭარაზე ისაუბრა.

„ყველაზე დიდი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს ამჟამად აჭარის რეგიონში. მთელი ახალი შემთხვევები აჭარის რეგიონზე მოდის – დღეს დილას იყო 60%, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მერყეობს 65/70%-ს შორის – ძირითადი გავრცელება გვაქვს აჭარაში, ამდენად იქ გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველწყაროზე, რა თქმა უნდა, ვერ გავდივართ“.

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ აჭარაში არსებულ სიტუაციაზე ის „ვერ დაგვამშვიდებს“, თუმცა დასძინა, რომ შეზღუდვების ფონზე ინფიცირებულთა მატების ტემპი ოდნავ შემცირდა. ის ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვების ფონზე [ტრანსპორტის აკრძალვა, დისტანციური სწავლება, რესტორნების ადრე დაკეტვა] აჭარაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობას ელის.

ამირან გამყრელიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ აღარ ტარდება ბათუმში ამ შაბათ-კვირას უფასო ტესტირება კორონავირუსზე და არც იმაზე, თუ რა ფორმით განახლდება ის ორშაბათიდან.

____

ამავე თემაზე

ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

კაზინოებსა და რესტორნებში დასაქმებულები ბათუმში სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვენ

დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გამართეს.

კაზინოებში, სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ. მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მისგან გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებენ.

“გახსენით სკოლები”, “უმუშევრობა კლავს, როგორც კოვიდი“, “კომპენსაცია 200 ლარი არ არის საკმარისი “, “გახსენით სამორინეები”, “დაგვაბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში”, – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.

საპროტესტო აქცია ახლაც [18:00 საათი] გრძელდება.

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.

რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე [31 ოქტომბრის ჩათვლით] გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე

რეგისტრაციის ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე.

იმ სტუდენტებს კი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე. ისინი კუთვნილ დახმარებას ავტომატურად მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით:

„პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

ამასთან:

  • სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.
  • ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.
  • სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:
    ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;
    ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.
  • დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება“.

სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა.

დეტალურად პროგრამის შესახებ ნახეთ ბმულზე:

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

მთავარი ფოტო: სამინისტროს ვებგვერდიდან

ქართველი არტისტების გამოფენა ესპანეთში

ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, Espacio Tangente-ს საგამოფენო სივრცეში, ქართველი არტისტების გამოფენა მიმდინარეობს. Art | Up – Street Gallery-ის და F-Orma Network-ის მოძრაობის ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში 7 ქართველი არტისტი გამოიფინა – ნინო ბოსიკაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ეთო გზირიშვილი, ნინო ესაიაშვილი, მარიამ კაჭარავა, Masholand და  Da Miane.

გამოფენა 25 სექტემბერს გაიხსნა და 16 ოქტომბრამდე გასტანს.

ეს არის რიგით მესამე გამოფენა F-Orma Network-ის ფარგლებში, რომელსაც ესპანეთი მასპინძლობს. საქართველოში კი, ესპანელი არტისტის G.G.A.-ს გამოფენა მოეწყობა.

Art | Up – Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ.

ART | UP – Street Gallery-ის მხარდამჭერია თბილისის მერია.

ქუთაისში კორონავირუსით ბათუმიდან ჩაყვანილი ქალი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა.

59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავამყოფოში ბათუმიდან იყო გადაყვანილი. როგორც “ნეტგაზეთს” ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მას არაერთი თანმდევი დაავადებაა აღენიშნებოდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი.

26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა.

კორონავირუსით საქართველოში დღეისათვის 28 პაციენტი გარდაიცვალა.

ვარშალომიძე ბათუმში „ოცნების“ კანდიდატზე: ის კარგი პოლიციელი იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, თავის კონკურენტზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რესან კონცელიძეზე ამბობს, რომ „ის კარგი პოლიციელი იყო“.

ეს განცხადება ვარშალომიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. ჟურნალისტმა ვარშალომიძეს ჰკითხა, მისი აზრით, რესან კონცელიძეს, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა პოლიციაში, თავად გაუჩნდა პოლიტიკაში წასვლის ამბიცია, თუ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება.

„ბათუმში ყველა ერთმანეთს იცნობს, ჩვენი ხელისუფლების დროს მართლაც იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება როგორ მიიღო, ალბათ, მას ვკითხოთ სჯობია. როგორც პოლიციელი კარგი იყო, მუშაობდა და როგორც ყველა პოლიციელი ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის დავალებებს,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი ბათუმში „ივანიშვილის რუსული ოცნებაა“.

„31 ოქტომბერს ერთადერთი მოწინააღმდეგე არის ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნება“. ერთადერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის სიღარიბე. ერთადერთი მოწინააღმდეგე ბათუმში და არამარტო ბათუმში და მთელ საქართველოში ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი. ბათუმში კონკრეტულად გვყავს ბიძინა ივანიშვილის ჩაზნექილი სკამები. ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში რაც არის, ეს არის სიღარიბე. სიდუხჭირე არის ყველაზე დიდი მტერი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ. ამის კონკრეტული გეგმაც გვაქვს. აქედან გამომდინარე თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატთან გვექნება საუბარი,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ორი დღით შეჩერდა. პოლიკლინიკები, სადაც აქამდე ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ორშაბათამდე ისვენებენ. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორშაბათიდან ტესტირება განახლდება და ნებისმიერ მსურველს ისევ შეეძლება ტესტის გაკეთება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების კონტაქტების კვლევა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ის პირი, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, 5 დღე იზოლაციაში უნდა იყოს და შემდეგ ჩაუტარებენ ტესტირებას. 

„ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი უნდა იყოს იზოლაციაში და გარეპერიმეტრზე არ უნდა მოძრაობდეს. ამ პირებთან ხუთი დღის შემდეგ კეთდება ანალიზი და არა მყისიერად. მყისიერად აღებული კონტაქტის ანალიზი არ იძლევა პასუხს. ხუთი დღე არის ის დრო, რომელიც საჭიროა დაფარული სიმპტომატიკის გამოსავლენად და არა იმიტომ, რომ არ არის ტესტის გაკეთების საშუალება. ამას აქვს ეპიდემიოლოგიური საფუძველი,“ – უთხრა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, ამჟამად ტესტირება უტარდებათ რისკის ჯგუფებს – სამედიცინო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სხვებს.

ტესტირება ასევე უტარდებათ სტაციონარებსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პაციენტებს.

ბათუმში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მდე PCR ტესტი აიღეს.

სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 10 პირი.

კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 902 პაციენტი, მათ შორის 72 არასრულწლოვანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 350 -ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.

26 სექტემბრის მონაცემებით კოვიდსასტუმროდან ბინაზე გაეწერა 10 პირი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 328 პირს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად რეგიონში კი მობილიზებულია 600 საწოლი კოვიდპაციენტებისათვის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა საქართველოში – 26 სექტემბერი

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა.

დღესვე გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო  რაოდენობა კი 1819-ია.  გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში კი 781 ადამიანი გადის მკურნალობას.

კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი

ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, რაც ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას მოჰყვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა საგანგებოდ მიმართეს ახალგაზრდებს და მოუწოდეს მათ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისიდან აგვისტომდე ვირუსის სიხშირე ყველაზე მაღალი იყო 20-დან 29 წლამდე ადამიანებში. დადასტურებული შემთხვევების 20 პროცენტზე მეტი ახალგაზრდებზე მოდიოდა. 

ჯანმო კვლავ მოუწოდებს ახალგაზრდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები:

„დაიცავით ხელების ჰიგიენა, ფიზიკური დისტანცია, ატარეთ პირბადე, დარჩით სახლში თუ თავს ცუდად გრძნობთ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მასობრივ შეკრებებს. იყავით ფრთხილად, ასე დავეხმარებით პანდემიის დასრულებას/დამთავრებას“.

 აი რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებიც ისეთივე სიფრთხილით უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი:

1. შეიძლება ვირუსი გადასდოთ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც იგი მომაკვდინებელი იქნება

ცნობილია, რომ დაავადება შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და თქვენ არც იცოდეთ, რომ კოვიდ-დადებითი ხართ, თუმცა, ჯანმოს ცნობით, ასეთი ადამიანიც გადამდებია.

ვირუსის გადაცემის მთავარი გზა რესპირატორული წვეთებია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რადგან შესაძლოა უნებურად ვირუსი ისეთ ადამიანს გადასდოთ, ვისთვისაც  მომაკვდინებელი აღმოჩნდება. COVID-19 განსაკუთრებით საშიშია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. საქართველოში ნაადრევი სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი ტვირთი სწორედ არაგადამდებ, ქრონიკულ დაავადებებზე (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) მოდის.

მარია ვან კერჰოვი, ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი: „ინფიცირებული ახალგაზრდების უმრავლესობა მიდრეკილია დაავადების უფრო მსუბუქი მიმდინარეობისკენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ახალგაზრდა ადამიანებსაც უვითარდებათ დაავადების მძიმე ფორმა, ვიცით, რომ ახალგაზრდებიც ხვდებიან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ვიცით, რომ ახალგაზრდა ადამიანებიც შეიძლება მოკვდნენ. შეიძლება შენ ხარ ახალგაზრდა და ჯანმრთელი, მაგრამ შეიძლება ვირუსი გადასდო მას, ვისთანაც ცხოვრობ, მას, ვინც უფრო მოწყვლადია ვირუსის მიმართ”.

2. ვირუსის მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება ახალგაზრდებსა და ბავშვებშიც ფიქსირდება

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში, ბავშვებსა და ზოგადად, ჯანმრთელ ადამიანებში უმეტესწილად ვირუსი საშუალო ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სტატისტიკა მოწმობს, რომ ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც ესაჭიროებათ. 

ჯანმოს გენერალური დირექტორის მიმართვა ახალგაზრდებს: „ახალგაზრდა ადამიანები არ არიან დაუმარცხებელნი. ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან, ახალგაზრდებიც შეიძლება მოკვდნენ, სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ ისეთივე სიფრთხილე, როგორც ყველა სხვამ, რათა დაიცვან საკუთარი თავები და სხვები“.

ჯანმო ბავშვების ინფიცირებაზე: „ვინაიდან ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ კვლავ ვსწავლობთ, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებსა და მოზარდებზე. დღემდე მიღებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ნაკლებად აქვს დაავადებას მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ მძიმე შემთხვევები და სიკვდილი მაინც შეიძლება მოხდეს ამ ასაკობრივ ჯგუფებში“.

3. ეს ახალი კორონავირუსია და არ ვიცით რა კვალს ტოვებს ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ბრიფინგებზე არაერთხელ ითქვა, რომ მიუხედავად ვირუსზე მოპოვებული ბევრი ინფორმაციისა, ის ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამიტომ ბევრი რამ მის შესახებ უცნობია, მათ შორის ისიც, თუ რა ზიანს ტოვებს იგი ორგანიზმზე.

ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელის,  მაიკლ რაიანის მიმართვა ახალგაზრდებს: “ხშირ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, როცა ეს დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ის ზეგავლენას ახდენს ბევრ ორგანოზე და ჩვენ არ ვიცით რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმზე ამ ინფექციებს. რატომ უნდა გარისკოთ? ნუ გარისკავთ ისეთ რამეს, რის შედეგებსაც წინასწარ ვერ შეაფასებთ“. 

 

ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს.

ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით.

სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020

„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, მოძიებული და სააგენტოში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებით და შეფასებით, დადგენილ იქნა შემდეგი: შენობა, რომელსაც, მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, წარმოადგენს კონსტრუქციულად და არქიტექტურულად დამოუკიდებელ ნაგებობას და აგებულია თანამედროვე პერიოდში (1990-2000 წლების მიჯნაზე), თანამედროვე მასალით. იგი  საკადასტრო გეგმაზე გამოსახულია, როგორც შენობა №1. ინვენტარიზაციისას, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემას, ასევე, 2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმონადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე.

შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია, რაც ასევე დასტურდება ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2020 წლის 17 აგვისტოს ოქმით.

ზემოაღნიშნული გარემოებები უპირობოდ მიუთითებენ, რომ 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება, ზემოაღნიშნული შენობის ნაწილში, გამოცემის მომენტიდანვე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანებაში.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფარნავაზ მეფის 69-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. [წერილის თარიღად მითითებულია 2020 წლის 31 ოქტომბერი, რაც დიდი ალბათობით, ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან სამინისტროდან პასუხი სააგენტოს 2020 წლის 16 სექტემბერს მიუღია.] 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის უფლებამოსილება, სამინისტროს გადაცემული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრო უთითებს, რომ სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი აღნიშნულ შენობასთან მიმართებაში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ბათილად ცნო მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №69-ში მდებარე შენობას ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

გენერალური დირექტორის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიაში“.

სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020

მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ ცენტრისგან წერილობით მიიღო, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა.

გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე აღნიშნავს, ზაფხულის გამოცდაზე გასული ადამიანები ის პირები არიან, ვინც მასწავლებლის ეროვნული აკადემია გაიარა და ვისაც ახლა სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.

იმ პირთაგან, ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენია ისეთი, ვინც „მასწავლებლის ეროვნული აკადემია“ გაიარა და რამდენია – ვინც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ისწავლა. თუმცა, როგორც ბერიკა შუკაკიძე  ამბობდა, ეს სწორედ ის კონტინგენტია, ვისაც სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა ჩაენაცვლებინა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სკოლაში მუშაობის უფლება და თუკი ამ სტატუსის მასწავლებლები 2020 წლის შემოდგომაზე ვერ შეიცვლიან სტატუსს, მათი სამუშაო ადგილები ვაკანტურად გამოცხადდება.

ბოლო მონაცემებით, სისტემაში 6 ათასი პრაქტიკოსია. მათ, ვინც არ დარეგისტრირდნენ შემოდგომის გამოცდაზე, სტატუსი შეუჩერდათ და უსტატუსო პედაგოგები გახდნენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. ამიტომ, შექმნის თუ არა გამოცდის შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს, მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შემდეგ ეცოდინებათ.

_____________________________

მთავარი ფოტო:  2020 წლის ზაფხულის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა/გამოცდების ეროვნული ცენტრი

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით წინასაარჩევნო შეხვედრებზე სოფელ ჩხუტუნეთში დააფიქსირეს. სოფელში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეხვდნენ – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე. სააგიტაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა.

საარჩევნო კანონმდებლობა ხელვაჩაურის მერს, როგორც არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირს, არ უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის მიხედვით აკრძალულია:

სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც მერიის თანამშრომლები სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ

გამოიყენა თუ არა ჯუმბერ ვარდმანიძემ ადმინისტრაციული რესურსი, როცა ის სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე? – კითხვაზე პასუხების გაცემას ხელვაჩაურის მერმა ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება არჩია.

„მე ავედი მოსახლეობაში და შევხვდი, მე შემიძლია ყველგან წავიდე, ყველას შევხვდე ნებისმიერ დროს, გინდა იყოს მოხელე, გინდა – არა, გინდა – იყოს კანდიდატი, მე მაქვს უფლება ყველგან მივიდე მოსახლეობასთან, შენ კანონი ნახე….“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მარცხნიდან მესამე – ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად

ჯუმბერ ვარდმანიძემ ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის დროს სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების უფლება აქვს.

ხელვაჩაურის მერს თავდაპირველად ვკითხეთ, იყო თუ არა ჩხუტუნეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით. მან ეს ირიბად დაადასტურა და არ უარყო ის, რომ შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა.

„მე არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, დამთავრდა… კანონში ჩაიხედეთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ.

„თუკი ჯუმბერ ვარდმანიძემ ნამდვილად სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენა, ეს არის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, მალხაზ ჭკადუა. ის განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მერს, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნებისმიერ დროს აქვთ წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართვის უფლება, თუმცა საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.

„საარჩევნო კოდექსი ნათლად განმარტავს, რის უფლება აქვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და რის უფლება არ აქვთ. საარჩევნო კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის პროცესში. კანონის ეს დათქმა არის ძალიან მკაფიო და ნათელი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

თუკი ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი კანონდარღვევას დაადგენს, ჯუმბერ ვარდმანიძე შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

იმის გამო, რომ ხელვაჩაურის მერმა ჩვენთან საუბრის დროს ტელეფონი გამორთო, მას ვეღარ ვკითხეთ ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში მდებარე საბავშვო ბაღის შესახებ, რომლის გარეფასადზეც „ქართული ოცნების“კანდიდატების პლაკატებია გამოკრული. აჭარისწყლის საბავშვო ბაღის დირექტორის ტელეფონი გამორთულია, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც“.

„ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ან თავად საბავშვო ბაღის მენეჯერს და დაიცვან კანონის მოთხოვნები,“ – დასძინა მალხაზ ჭკადუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“.

საბავშვო ბაღი სოფელ აჭარისწყალში

მთავარი ფოტო: ჯუმბერ ვარდმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ

პარიზში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან, დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

დღეს, 25 სექტემბერს, დილით, პარიზის მეთერთმეტე რაიონში, სატირული გამოცემის, „შარლი ებდოს“ რედაქციის ყოფილ შენობასთან დანით შეიარაღებული პირი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. გამოცემა Le Parisien-ის ცნობით რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაჭრილი. 2015 წელს ზუსტად ამავე ადგილზე დაესხნენ თავს „შარლი ებდოს“ კარიკატურისტებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

პარიზში უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე სკოლები და კოლეჯები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართერს მშობლებს, რომ მათი შვილები სასწავლო დაწესებულებების შენობებში უსაფრთხოდ არიან და დროებით ურჩევენ მათ, თავი შეიკავონ და შვილებს სკოლაში არ მიაკითხონ.

დღესვე ეჭვმიტანილი ბასტილიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება.

საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც.

„ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორმა ემზარ აბულაძემ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევდათ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.

2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან საბაგირო ამუშავდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ 4 მგზავრი გადაჰყავდათ.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

250 000 ლარამდე ბიზნესსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება, შესაძლებელია ბმულზე:
https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan .

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

ხულოს მერიის ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა მერიის 2 თანამშრომელს.

„აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან“, – აღნიშნულია ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე. აქვე ვკითხულობთ, რომ ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

ხულოს მერია განაგრძობს მუშაობას. განცხადების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. „შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს და დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე,“ – წერს მერია.

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

ბათუმში კოვიდდადებითი სტატუსის მქონე უკვე მესამე დედამ გააჩინა ბავშვი, თუმცა აქვთ თუ არა ახალშობილებს კორონავირუსი, ჯერ უცნობია, ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, მიიჩნევა, რომ COVID19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ახალშობილებს ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, დედასთან ან სხვა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტისას, რესპირატორული წვეთებით გადაეცემა.

რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ვირუსის შესაძლო საშვილოსნოსშიდა გადაცემის შესახებ, თუმცა ვერტიკალური გადაცემის (ინფექციის ან სხვა დაავადების გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე) მასშტაბი და კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული COVID19-ის კლინიკური მართვის  პროტოკოლის თანახმად, COVID19-ის ვერტიკალური გადაცემა ჯერჯერობით საქართველოშიც არ არის დადასტურებული.

ამავე პროტოკოლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული COVID19 ინფექციის მქონე დედებისგან დაბადებულ ახალშობილებში ბუნებრივი კვება არ არის აკრძალული, თუმცა ძუძუთი კვებისას აუცილებელია დედებისთვის რესპირაციული ჰიგიენის წესების დაცვა.

 

აჭარის მუნიციპალიტეტები მგზავრთა გადასაყვანად სპეცრეისებს განსაზღვრავენ

აჭარის მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, კომპანიებს ან საჯარო დაწესებულებებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანისთვის სპეციალური მარშრუტები განუსაზღვრონ.

მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მარშრუტით კი, კერძო ან საჯარო დაწესებულებას, უფლება ექნება მგზავრები [ძირითადად თანამშრომლები] რეგულარულად გადაიყვანონ ავტოტრანსპორტით.

სპეციალური რეისების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეუთანხმონ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბს.

„მუნიციპალიტეტებს ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებაში.

მთავრობის ამავე დადგენილებით, აჭარის ტერიტორიაზე 25 სექტემბრიდან აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის [მუნიციპალური ავტობუსები სა დამარშრუტო მიკროავტობუსები] მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [როგორც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე  აჭარის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით].

უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს.

ამ ეტაპისთვის აჭარაში არ იზღუდება ტაქსით და კერძო ავტომანქანებით გადაადგილება. რაც შეეხება რკინიგზას, თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას.

____

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი კოვიდითაა ინფიცირებული და ბინაზე მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ბინაზე მკურნალობს. განმეორებით PCR ტესტი სოლომონ ფუტკარაძეს დღეს, 25 სექტემბერს გაუკეთებია იმის გასარკვევად, გამოჯანმრთელდა უკვე თუ არა.

„მერვე დღეა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას… მე მომცეს დანიშნულება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარება არ დამჭირვებია. სიმპტომები არ მქონდა, მხოლოდ სისუსტეს ვგრძნობდი… ახლა კარგად ვარ, გამოჯანმრთელებულად ვითვლები და ტესტის პასუხს ველოდები,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ. მისივე თქმით, იგი სავარაუდოდ არა კლინიკაში, არამედ ახლობლისგან დაინფიცირდა, რომელიც სახლში ესტუმრა და მასაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოლომონ ფუტკარაძე სახლიდან მუშაობს და ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული საწოლფონდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კლინიკებში, ექიმების მეთვალყურეობის გარემოში, ის პაციენტები მკურნალობდნენ, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები აქვთ.

„ბინაზე მკურნალობის კუთხით უკვე აქტიურად ჩაერთო პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კარგად დალაგდა, მოსახლეობამაც გაიგო, რომ უსიმპტომო პაციენტებმა შესაძლოა ბინაზე იმკურნალონ,“ – დასძინა სოლომონ ფუტკარაძემ.

დღეს, 25 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 168 აჭარაში. ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარის რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.

ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა.

ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ და მე-13 სკოლის დირექტორმა დათო ჩხაიძემ. დანარჩენს კი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ ბათუმის პირველ, მე-13, მე-18, 23-ე, 26-ე და 29-ე სკოლის დირექტორებს.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აჭარაში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს.

„მას შეუძლია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ არ დაინიშნება არჩევნები და არ წარუდგენენ დირექტორობის კანდიდატს სამეურვეო საბჭოს. არჩევნების თარიღს კი საქართველოს განათლების სამინისტრო ადგენს“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ძირითადად, ამ სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ისევ ყოფილი დირექტორები წარადგინეს.

__________________________

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა/„ბათუმელების“ არქივი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25  სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 სექტემბერს, მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

ბათუმში გარდაიცვალა 54 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი

საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს, 10:00 საათზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 3500-მდე PCR ტესტი.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 486 პაციენტი, მათ შორის, 48 არასრულწლოვანი და 16 ორსული.

კოვიდკარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 812, ხოლო ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.

დღეის მონაცემებით კოვიდსასტუმროდან ბინაზე გაეწერა 39 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

__________

 

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 25 სექტემბერი

დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 1759 , გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

 

 

უკანონოდ ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებამდე 304 უკანონო ნადირობის ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, აჭარაშიც.

„ყველაზე მეტი – 230 უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

სამცხე-ჯავახეთში  – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.

22 აგვისტოდან დღემდე უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

ამავე წყაროს ცნობით, 20 შემთხვევაში უკანონოდ მონადირეები გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა.  ამავე პერიოდში 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკია“ ამოღებული.

აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი

25 სექტემბრიდან აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები შედის ძალაში. კერძოდ, საღამოს ათი საათის შემდეგ არ იმუშავებენ რესტორნები და კაფე-ბარები და არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მუნიციპალური ავტობუსები და ე.წ „მარშრუტკები“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში დღეს დაწესებული შეზღუდვები შეამცირებს მოქალაქეების გადაადგილებას და, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რისკს.

კითხვაზე, სანამდე გასტანს შეზღუდვები აჭარაში, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, შეზღუდვების ეფექტისთვის სულ მცირე ორი კვირაა საჭირო:

„შეზღუდვები იქნება მანამ, ვიდრე ეპიდემიური სურათი სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მოგვცემს, მაგრამ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ამ შეზღუდვას და იქნება უკან დაბრუნება შესაძლებელი მოკლე ხანში. თუმცა შეზღუდვისთვის, რომ გამოვლინდეს მისი ეფექტი, სულ მცირე ორი კვირაა საჭირო, ეს ეპიდემიოლოგიური ციკლებია, ორკვირიანი ციკლი არის ის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავინახოთ შეზღუდვის შედეგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

„ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაზუსტებული განცხადებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში ჩერდება მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების  მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას და 25 სექტემბრიდან მიმოსვლა არ შეჩერდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს.

შეზღუდვების ვადა უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.

სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ბოლო დღეებში აჭარაში შეინიშნება ახალი შემთხვევების მატება. დღეს აჭარაში 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

როგორ აპირებს არმაზ ახვლედიანი დაამარცხოს ივანიშვილიზმი

ყველაზე ხშირად ინტერვიუს დროს მან სიტყვა „ანომალია“ ახსენა… არმაზ ახვლედიანი ამ სიტყვით აღწერს პერიოდს, როცა ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს მოუხდა მუშაობა, შემდეგ კი, „ოცნების“ ზედა ეშელონში. ახლაც ანომალიად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მეთოდებს „ოცნების“ უკვე ყოფილი სახე, როცა ის ისევ ბათუმში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის და მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი რეალურ ოპოზიციას ანომალიური ტროლების ფაბრიკით ებრძვის. არმაზ ახვლედიანს ყოფილი პარტიული ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი აჭარის ყოფილ ლიდერს, ასლან აბაშიძეს ახსენებს.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

  • ბატონო არმაზ, რატომ გადაწყვიტეთ ისევ გეცადათ ბედი ბათუმში და რატომ ამჯერად „ევროპული საქართველო“? 

უკვე 25 წელია პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესში და მთელი ჩემი აქტივობა ამ ხნის განმავლობაში უკავშირდება უპირველესად აჭარას და ბათუმს. 2016 წელს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როდესაც მარტო ხარ, თუმცა მყავდა თანაგუნდელების საკმაო რაზმი.

  • ახლა რატომ არჩიეთ, რომ პარტიის სახელით მისულიყავით ამომრჩეველთან? 

მე შინაგანად დამოუკიდებელი ვარ ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ევროპული საქართველოს“ პარტიული მხარდაჭერა მაქვს, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი ვარ. ვიცი, რას ნიშნავს პარტიული ურთიერთობები და დისციპლინა, მაგრამ თუკი ჩავთვლი, რომ პარტიული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ჩემს შინაგან სინდისთან, მაშინ, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მივიღებ გადაწყვეტილებას სინდისის ხმის სასარგებლოდ. ეს ასე იყო ადრეც და ასე იქნება მომავალშიც… ჩემი მიზანია არამხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის, არამედ ივანიშვილიზმის, როგორც მოვლენის დამარცხება… ჩავთვალე, რომ ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელმაც ყველაზე უკეთ შეძლო წარსულის შეცდომების გაანალიზება და დასკვნების სწორად გაკეთება. სხვა პარტიებთან შედარებით, ამ პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდურობა, ევროპელობა, დასავლური ორიენტაცია.

  • სად დაინახეთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ შეძლო „წარსულის შეცდომების გაანალიზება“? 

ეს ჩანს ამ პარტიის ლიდერების განცხადებებში, რომელთაც მე ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალს. მეორე მხრივ, ეს ჩანს „ევროპული საქართველოს“ განზრახვაში – არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის დომინირება და მმართველობა უნდა იყოს კოალიციური. ამ პოლიტიკურ ძალას ასევე არ ჰყავს ერთი ქარიზმატული, გამოკვეთილი ლიდერი, აქ არის ბევრი ლიდერი. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის საკმარისად დემოკრატიული… დარწმუნებული ვარ, ბათუმში აუცილებლად იქნება მეორე ტური. ბათუმი განსაკუთრებული სივრცეა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის და მეორე – კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკმარისად წონიანია – ლევან ვარშალომიძე. მე ორივე კანდიდატს და სხვებსაც გულწრფელად პატივს ვცემ, მაგრა მე ჩემი გზა მაქვს.

  • ვის დაუჭერთ მხარს, თუკი მეორე ტურში თქვენ ვერ გადახვალთ? 

ნებისმიერმა კანდიდატმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება ვერ გადავიდეს მეორე ტურში და ვის დაუჭერს მხარს ასეთ შემთხვევაში. შესაძლოა, ყველა კანდიდატს ჰქონდეს ერთნაირი პასუხი, რომ პარტია მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ჩემი პასუხი მაქვს: არც ერთ შემთხვევაში ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, სულ რომ ცა და ქვეყანა ჩამოინგრეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ეს გამორიცხულია. ჩემთვის ნებისმიერი ოპოზიციის მხარდაჭერა არაა მისაღები. მე მხარს ვუჭერ გამოკვეთილად ოპოზიციურ, არასატელიტ და დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას.

  • როგორ გაიგოს ამომრჩეველმა, ვინაა სატელიტი? „ევროპულ საქართველოზეც“ უთქვამთ, რომ გარიგებულია „ოცნებასთან“ 

კი, მეც მსმენია… ყველაფერი გაცილებით უფრო მკაფიო ხდება არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე და, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ, როდესაც დაჯგუფდებიან პოლიტიკური ძალები და საჭირო იქნება ხმების კონსოლიდაცია… საქმე საქმეზე რომ მიდგება, შესაძლოა, ბევრმა „ოცნების“ სასარგებლოდ ირიბი, ან პირდაპირი გადაწყვეტილება მიიღოს. ირიბი გადაწყვეტილება ზოგჯერ უფრო მზაკვრულია, ვიდრე პირდაპირი. შემჩნეული მყავს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ირიბ გადაწყვეტილებებში „ოცნების“ სასარგებლოდ… თქვენ ახლა, რა თქმა უნდა, არ ელით იმას, რომ დავასახელო სატელიტები. ეს, უბრალოდ, უხერხული იქნება.

  • თქვენი აზრით, რა არის თქვენი უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით, ვისაც ბათუმში სურს საპარლამენტო მანდატის მოპოვება? 

ალბათ ათასობით ადამიანია ბათუმში ჩემზე უმცროსი ან უფროსი ასაკის, ვინც შეუდარებლად კარგი კანდიდატი იქნებოდა, ვიდრე მე ვარ. ამ კონკრეტულ ვითარებაში მე გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი. ბევრს ნახავთ თქვენ, ვინც ამბობს, რომ აი, რა ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას არათუ თავად ჩაერთოს ამ პროცესში, არამედ დაუჭიროს მხარი მას, ვინც ჩართულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა სამოქალაქო გამბედაობას. მიმაჩნია, რომ ეს გამბედაობა არასდროს მაკლდა. ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ვამხელდი და ვუპირისპირდებოდი სისტემას, თუკი მე თავად დამიშვია შეცდომა და დამიშვია არაერთხელ, იმდენად მწარედ გამიანალიზებია საკუთარი და სხვისი შეცდომები, რომ მერე მკაცრად გავმიჯნივარ მას სამომავლოდ. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ერთია, გაბედო და სხვა არის, ასე პირდაპირ და დაუფარავად დაუპირისპირდე ივანიშვილის ანომალიურ მმართველობას, მის სრულიად მაფიოზურ, კორუფციულ და კანონგარეშე საქმიანობას საქართველოში.

მე მაქვს პოლიტიკური საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება, რომელიც ამტკიცებს, რომ არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ანგარების ან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, არასდროს მოვრიდებივარ მმართველი ძალის კრიტიკას. ეს არის ჩემი კაპიტალი. მეორე: ვიყავი პირველი, ვინც „ოცნებაში“ ყოფნის დროს ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე და პარტიის შიგნით დავიწყე მკვეთრი კრიტიკა არსებული მდგომარეობის. ამის პარალელურად და კვალდაკვალ დავიწყე კრიტიკა მედიასაშუალებებში 2014 წლიდან მოყოლებული. მე ვერ ვიხსენებ „ოცნების“ ვერცერთ მაშინდელ ლიდერს, ვინც ლიდერობისას აკრიტიკებდა „ოცნების“ პოლიტიკას.

  • რა სტრატეგიით მუშაობს ამჯერად მმართველი პოლიტიკური ძალა და რა მეთოდებით მოგიწევთ ბრძოლა თქვენ

მე შემიძლია ამ ბრძოლაში გადავდო თავი, უკან დასახევ გზას არ ვიტოვებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიცი, რა ანომალიური მანქანით უპირისპირდება „ქართული ოცნება“ რეალურ ოპონენტებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით მე კი არ მასუსტებენ, არამედ მაძლიერებენ – ცილისწამებით, იმით, რომ ეხებიან ჩემს პირად სივრცეს, იყენებენ არაადამიანურ მეთოდებს. ამ მხრივ, ივანიშვილი მე თუ ვინმეს მახსენებს, ეს არის ასლან აბაშიძე. ივანიშვილის ანომალიური ფაბრიკა ტროლებით და ბოტებით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამას აკეთებს უფრო მზაკვრულად და არაადამიანურად. მე ვიქნები დაუნდობელი მათი ანომალიური პოლიტიკური ექსპერიმენტების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ რასაც 2016 წელს აკეთებდა წინასაარჩევნოდ, ამჯერად უფრო მზაკვრული ფორმებით გააკეთოს და თან გაათმაგებული ძალით, მაგალითად, თუკი აქამდე საკმარისად მიიჩნევდა ერთ პატარა სოფელში ჰყოლოდა 5 – 7 კოორდინატორი, ახლა „ოცნება“ მზად არის 300-კაციან სოფელში სამასივე ზრდასრული იყოს ერთმანეთის კოორდინატორი. სამასივეს გადაუხდიან თანხას, ოღონდ იყოს დარწმუნებული, რომ ეს სამასივე არის მის კალათაში…  წელს გაცილებით დიდი მასშტაბით იქნებიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში ძალოვანი უწყებები. სუს-ი და შსს დღეს სხვა არაფრითაა დაკავებული, თუ არა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის, ოპოზიციური ძალების თვალთვალით, მათი დაშინების მექანიზმების შემუშავებით და ადამიანების გადმობირებით. სუს-ს დღეს არც განგრძობადი ოკუპაციის პრობლემა ადარდებს და არაც რუსული პროპაგანდა, რომელიც ასეთი ღიაა უკვე, არამედ იმით, რომ ივანიშვილს შეუნარჩუნოს ძალაუფლება.

  • ბათუმისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის, თქვენი აზრით? 

უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ თვითმმართველობა არ არის. სადაც არ არის თვითმმართველობა, იქ დემოკრატია ვერ იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბათუმის ვაი-არჩეულ, მაგრამ მაინც არჩეულ მერს სუსი იბარებს და ეუბნება, დაწერე განცხადება და წადიო. რა თვითმმართველობაზეა საუბარი?

  • რატომ ეჭვობთ, რომ სუსი იყო ჩართული ბათუმის არჩეული მერის გადადგომის პროცესში? 

ლაშა კომახიძე ამაზე ვერაფერს იტყოდა, რადგან ერმაკოვის გზას გაუყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა საკადრო საკითხი წყდება სუს-ის გავლით, როგორც დანიშვნა, ასევე გათავისუფლება. სუს-ს აქვს შანტაჟის შესაძლებლობა. სუს-ი ეუბნება ნებისმიერს, კომახიძისნაირ მოხელეს, რომ შენ თუ ახლა არ მიიღებ ჩვენს შეთავაზებას, მაშინ, აი, ამას დაგახვედრებთ წინ. ეს ყველაფერი ნაცნობი თემაა.

რომ დავუბრუნდეთ ბათუმის გამოწვევებს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კორუფციის არნახული მასშტაბი, რომლითაც ვერ დაიტრაბახებდა ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი. თუკი აქამდე იყო კლანური, შემდეგ „ელიტური კორუფცია“, დღეს კორუფციაში ხელისუფლების ყველა რგოლია გასვრილი, თავიდან ბოლომდე.

  • რა ადასტურებს ამას? 

მაგალითად, გურიაში, კურორტ გომისმთაზე ხელისუფლებამ წაახალისა საზოგადოება, რომ ვისაც სურდა დაპატრონებოდა სახელმწიფო მიწას. თითქმის არავის სჯეროდა, რომ იქ ამ მიწებს დააკანონებდა სახელმწიფო. დაახლოებით ერთი თვის წინ გომისმთაზე ავიდა თეა წულუკიანი და ამცნო საზოგადოებას, რომ ყველაფერი, რაც იყო მიტაცებული და დაპატრონებული, ყველას ყველაფერი დაუკანონდებოდა. მსგავსი რამ  საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, როცა ხელისუფლება ასე თანამონაწილეობს სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაპატრონებას და შემდეგ ამის გამფორმებელიც თავად არის.

ბათუმში კორუფციის გაუგონარი მასშტაბი ჩანს უკანონო მშენებლობებში. ესთეტიკაზე ხომ საუბარი საერთოდ აღარაა, კულტურული მემკვიდრეობის ასეთი უგულებელყოფაც ჯერ არ ახსოვს ქალაქს… ნებართვები გაიცემა კორუფციული გარიგებებით, ან წერენ ჯარიმებს, რაც სიმბოლურია. არსებობს კორუფციული სქემა, რაც მუშაობს.

  • ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ უკანონო მშენებლები დააჯარიმეს, ხოლო სასამართლოს ვერ უკარნახებენ, როდის განიხილოს ეს საქმეები.  

ფორმალურია ეს განმარტებები. რეალურად კორუფციული სქემის ნაწილია ისიც, რომ ადამიანი იხდის სიმბოლურ ჯარიმას და „ხახვივით რჩება“ მიტაცებული ქონება. ყველა სახელმწიფო შტო ჩართულია ამ სქემაში. ივანიშვილის გარემოცვა ახერხებს ამ სქემის ამგვარად შეფუთვას, რომ ა, ბატონო, სასამართლოში წავიდა საქმე. არადა, სასამართლო არასდროს არ იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ დაზიანდეს „ოცნება“, ან მისი მხარდამჭერი დეველოპერული კომპანია.

მე გამოვიყენებდი პარლამენტის მანდატს იმისთვის, რომ მემხილა ეს კორუფციული სქემები, ასევე ნეპოტიზმის პრობლემა, როცა „ოცნების“ მხადამჭერებს ასაქმებენ – სპეციალურად იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ასევე ვისაუბრებდი „აჭარის ტელევიზიაზე“, რომელსაც ახლა ვიცავ შიშველი ხელებით სხვებთან ერთად. ამის შემდეგ დავიცავდი სადეპუტატო მანდატით, რაც სულ სხვა შესაძლებლობებს აჩენს… ვიბრძოლებდი სხვა სივრცეებისთვისაც, მაგალითად, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რომ ის გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან, იქ ფაქტობრივად ჩამკვდარია ყოველგვარი ჯანსაღი სტუდენტური ცხოვრება. ჩემი ამოცანა იქნება ის, რომ ადამიანი თანდათან გამოვიყვანოთ ამ ანომალიური პოლიტიკური წნეხისგან და არჩევანი გააკეთოს მხოლოდ თავისი შეხედულებების მიხედვით.

  • თქვენ გიცნობენ, როგორც პედანტს. თქვენი ეს თვისება ეხმარება პოლიტიკოსს, თუ ხელს უშლის, თქვენ როგორ მიიჩნევთ?

მიმაჩნია, რომ ეს თვისება აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის – იქ ეს არ უკვირთ. მირჩევნია, რომ ამ ყაიდაზე გადმოვიდნენ სხვები, ვიდრე მე გადავიდე მათ ყაიდაზე. მეორე მხრივ, პედანტობა ჩემი თვითმიზანი არ არის… ჩემი კონსტიტუციაა სამართლებრივი წესრიგი, მე ვეტრფი იმ ქვეყნებს, სადაც არის სამართლებრივი წესრიგი და სადაც წესრიგი თავისთავად კი არ არის, წესრიგი შესაძლოა ლუკაშენკოსაც ჰქონდეს, არამედ სამართლიანი წესრიგი არსებობს. კანონი შესაძლოა იყოს უსამართლო. მე მინდა კანონი, რომლის თავში არის ჰუმანურობა და სამართლიანობა. ეს არის ჩემი იდეალი და ამას ემსახურება ჩემი პედანტობაც, თუკი ეს ვინმეს ეუცნაურება. ეს ჩემთვის ნორმაა, ჩვეულებრივი რამ არის: დროის პატივისცემა, შეთანხმების პატივისცემა… როდესაც „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვიყავი, იქ დავიწყე ამ წესების შემოღება, მაგრამ არ დამცალდა – უმრავლესობისთვის ეს იყო აბსოლუტურად უჩვეულო რამ. პოლიტსაბჭოს სხდომები, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, გრძელდებოდა საათები და სულ ვამბობდი: როგორ შეიძლება, რომ ჩვენ გვქონდეს ამდენი დრო? მოდით, ვისაუბროთ ერთი საათი, რა საჭიროა, ხუთი საათი დავუთმოთ იმას, რაც შეიძლება ერთ საათში მოგვარდეს? მე ვარ ამ ტიპის უთავბოლობის და უწესრიგობის მოწინააღმდეგე.

  • ვინც აგვიანებს პარლამენტში მისვლას ან სხდომას აცდენს, მათთვის რა ტიპის სანქციების მომხრე იქნებოდით? 

მაინცადამაინც სანქციებს ჩემთან ნუ გააიგივებთ, თუმცა არც უამისობაა, რადგან, პირველ რიგში, ვისგანაც მოვითხოვდი წესრიგის დაცვას, ესენი არიან დეპუტატები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები. ჩვენ იქ აღმოვჩნდებით ხოლმე და მერე გვინდა, დაბალი რგოლის თანამშრომლები იცავდნენ წესებს, ხოლო ჩვენ რესტორნებში დავდიოდეთ… მე მოვაგვარებდი ამას რეგულაციების გამკაცრებით – ისეთ რეგლამენტს დავაწესებდი, რომ რამდენიმე გაცდენის შემდეგ შესაძლოა სადეპუტატო მანდატიც ჩამორთმეოდა ადამიანს, მით უმეტეს, როცა გაცდენის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ვფიქრობ, დეპუტატი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ ის თავის უმთავრეს მოვალეობას არ ასრულებს: მან მიიღო მანდატი, წავიდა პარლამენტში და იქ რეალურად ქეიფში ატარებს დროს, ან საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებაში…

  • ამ წესრიგზე მინდა გკითხოთ ბოლოს – თქვენ რატომ ვერ უზრუნველყავით წინა არჩევნებზე პლაკატებისგან ფასადების დროულად გათავისუფლება? 

ვცდილობდით, მაქსიმალურად ჩამოგვეხსნა ჩვენი, თუმცა ეს ყველგან ვერ მოვახერხეთ და ეს მაწუხებდა ყოველთვის. ვაღიარებ, რომ ზედმეტად მოვინდომეთ ყველამ, რაც მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომა იყო. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამჯერად მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ პირადად ჩემი პლაკატები იყოს გამოკრული ისე, როგორც ეს იყო 2016 წელს. არ არის საჭირო ერთ კედელზე 100 პლაკატი. ერთიც რომ იყოს, საკმარისია. ეს 100 ერთად ანომალიაა, როცა გვერდიგვერდ აკრავენ ერთსა და იმავე პლაკატს. მე არ მინდა, ჩემი პლაკატი გავაკრათ ისე, რომ ესთეტიკურად არ იყოს გამართლებული, ან ეს იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მომხრე ვარ, რომ იყოს კონკრეტული სივრცეები ამისთვის.

ნიგაზეულის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ნიგაზეულის ციხეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სააგენტომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა კომპანიასთან.
 ხელშეკრულების ფასი დაახლოებით 34 650 ლარია. პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია. კომპანიას ასევე ევალება სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის ჩაატაროს საჭირო კვლევები. დოკუმენტაცია კომპანიამ სააგენტოს დეკემბრის დასაწყისში უნდა ჩააბაროს.
 ციხე სავარაუდოდ აგებულია XVII- XVIII საუკუნეებში. იგი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში, ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. ციხის გეგმა არასწორი მართკუთხედის ფორმისაა, ექვსი წრიული ფორმის გოდოლით. ციხე-გალავნის შუა ეზოში სელიმ ხემშიაშვილის ორსართულიანი სახლი მდგარა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებს დაუწვავთ და შემდგომ იქ ჯამე აუშენებიათ.

იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ

ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ.

ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა სკოლას ჰყავს, მათ შორის ბათუმში. მაგალითად, ქურდაძეების ოჯახში ოთხი არასრულწლოვანი ბავშვია. აქედან სამი სასკოლო ასაკისაა. სოფია მესამეკლასელია, ნიკა მეექვსეში, ხოლო ლუკა მეშვიდე კლასში სწავლობს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დაიკეტა, ანუ მარტის შემდეგ, ბავშვები, ფაქტობრივად, განათლების გარეშე დარჩნენ. როგორც ბავშვების დედა – ირინა გვეუბნება, ოჯახში არც კომპიუტერი აქვთ, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი. ბავშვებისთვის სკოლა არც 15 სექტემბერს დაწყებულა.

„არც ერთი ბავშვი არ არის ონლაინგაკვეთილებში ჩართული. სახლში მხოლოდ ერთი ტელეფონი მაქვს და ისიც ჭედავს. მასწავლებელი ეუბნება „თიმსში“ შემოდითო და როგორ შევიდნენ, როცა კომპიუტერი არ აქვთ? საერთოდ ვერაფერს აკეთებენ“, – გვეუბნება დედა.

სოციალურად დაუცველ ოჯახს კიდევ ერთი პატარა ჰყავს – დედა ამბობს, რომ მათ არც კომპიუტერის ყიდვის საშუალება აქვთ და არც ტელეფონების.

„პირველ კლასში რომ ბუქები მისცეს, ის აქვთ, მაგრამ გაფუჭებულია. სწავლას უკვე ჩამორჩნენ. გუშინ მეზობელს ვთხოვე და ლუკა ერთ გაკვეთილს დაესწრო, მაგრამ ვერაფერი გაიგო. ბავშვები ტექნიკას არ არიან მიჩვეული, ხშირი შეხება არ აქვთ და ვერაფერი გაიგეს“, – ამბობს დედა.

მისი თქმით, ბავშვებს არც ახალი წიგნები შეხვდათ. „ერთს მისცეს მხოლოდ ახალი, ორს კი ძველი, დახეული წიგნები შეხვდა. ზოგს ფურცელი აკლია, ზოგი სულ დაგლეჯილია“.

ქურდაძეების სამი ბავშვი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ინჯალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან ქრისტინა და ზურიკოც. ქრისტინა მეცხრე კლასშია, ზურიკო კი – მერვეში. როგორც ბავშვების დედა, ნათელა დიასამიძე ამბობს, მას შემდეგ, რაც სასწავლო წელი დაიწყო, ქრისტინა არც ერთ ონლაინგაკვეთილს არ დასწრებია, რადგან არც ტელეფონი აქვს და არც კომპიუტერი. „არც სკოლიდან მოუკითხია არავის. არც პედაგოგს, არც დირექტორს არ უკითხავს, თუ სად არის და რატომ ვერ მონაწილეობს სასწავლო პროცესში. არც მასალები გამოუგზავნიათ მასწავლებლებს, თუ რა უნდა იმეცადინოს. წიგნებიც არ მიუციათ, არ გვაქვსო, ასე მითხრეს“, – ამბობს ნათელა დიასამიძე.

დედის თქმით, ორი დღეა, რაც ზურიკო რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო ონლაინში. „მეზობელს შევეცოდეთ და მისი ინტერნეტით სარგებლობის უფლება მოგვცა. მე სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ვარ და ინტერნეტის ჩართვის საშუალება არ მაქვს. ამიტომ, რადგან გაკვეთილები ემთხვევა, ქრისტინა ვეღარ სარგებლობს ზურიკოს ტელეფონით. ჩემი ტელეფონი კი ძველია და ვერ სარგებლობს. ქრისტინა საერთოდ პროცესის მიღმა დარჩა. არც პანდემიის პერიოდში მოუკითხია სკოლას და არც ახლა. დიდი ჩამორჩენა აქვს და უცხო ენა ხომ საერთოდ დაავიწყდა.

რა გიჭირს, რა გილხინს, არავის უკითხავს. პანდემიის პერიოდში ისტორიის წიგნი როგორც დახურეს, ისე დარჩა. მასწავლებელი ამბობდა: „ვაიმე ხარვეზია, ვაიმე ინტერნეტი გაითიშა“ და ასე გავიდა წელი. მერე ვთხოვე ზურიკოს, რომ ყოველდღე თითო გაკვეთილი წაეკითხა და ასე დავამთავრეთ სკოლა, მაგრამ ახლაც ასე გრძელდება. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც ხდება“, – ამბობს ნათელა დიასამიძე.

ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ ვასილ და ედო ჩერემუშინებიც. ისინი მესამე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. როგორც ოჯახში გვეუბნებიან, კომპიუტერი გაფუჭებული აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რამდენი ბავშვია ქვეყნის მასშტაბით, ვინც ონლაინსწავლებაში ვერ მონაწილეობს, არ აქვს შესაბამისი ტექნიკა და წვდომა ინტერნეტთან.

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ბაზების შესაქმნელად სამინისტრომ ახლახან მიიღო დადგენილება. ამ დროისთვის საქართველოში სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში დისტანციურად, ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს, სკოლის შენობებში კი მხოლოდ ათასამდე სკოლამ განაახლა სასწავლო პროცესი.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესი ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ბავშვი საქართველოს სკოლაში 12 წელსა და ცხრა თვეს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება სწავლის ეფექტიანობასა და ხარისხზე, ეს მაჩვენებელი 8 წელი და 3 თვეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ“.

მსოფლიო ბანკის სახელით მოლინესი ასევე საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე თვეში დაიწყება პროექტი, რომელიც ათასამდე სოფლისა და 500 000 ადამიანის ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამისთვის მსოფლიო ბანკი 30 მილიონის გამოყოფას აპირებს საქართველოსთვის.

ამაზე აპელირებს განათლების სამინისტროც, როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ განსაკუთრებით მაღალმთიან (და არა მარტო იქ) რეგიონებში ბავშვების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.

აქ დააწკაპუნეთ და ნახეთ იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მთავრობამ ინტერნეტის შეყვანის პირობა დადო.  სოფლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს დაჰპირდა. 2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ააიპი დააფუძნა – „ოუფენ ნეტი“.

2016 წელს კი საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტიზაციის პროცესი გაიწერა, თუმცა ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

რომც გაიზარდოს ინტერნეტით დაფარვის არეალი, თუნდაც მომდევნო 2 წელიწადში, პრობლემად რჩება მოსახლეობის სიღარიბე. რადგან ამ ოჯახების და ბავშვების ისტორიებიც აჩვენებს, რომ ბავშვებს, მათ შორის ქალაქებში, არა მარტო ინტერნეტი, არ აქვთ კომპიუტერები ან თანამედროვე ტელეფონები, რითაც ინტერნეტის სარგებლობას შეძლებენ.

რამდენი ბავშვია ინტერნეტის, ტექნიკის და სხვა საჭირო აღჭურვის გარეშე საქართველოში, რაც აუცილებელია დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობისთვის, ამაზე განათლების სამინისტროს არ უსაუბრია, არც კონკრეტული მონაცემები გაუსაჯაროვებია.

„ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილითაც მიმართა, სადაც ამ ინფორმაციას წერილობით ვითხოვთ. მიღების შემთხვევაში ამ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება 0,57 პროცენტია. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად უარესდება.

____

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

 

ბათუმსა და თბილისს შორის მატარებლების მიმოსვლა არ შეჩერდება – საქართველოს რკინიგზა

თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას და 25 სექტემბრიდან მიმოსვლა არ შეჩერდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს.

„ხვალიდან, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

შეზღუდვების ვადა უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.

შეეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო და აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობას, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ჯერჯერობით არის ინიციატივა და დეტალები ზუსტდება“.

ამ თემაზე:

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება – მთავრობა

Exit mobile version