Batumelebi | სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ – Batumelebi
RU | GE  

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.

რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე [31 ოქტომბრის ჩათვლით] გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე

რეგისტრაციის ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე.

იმ სტუდენტებს კი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე. ისინი კუთვნილ დახმარებას ავტომატურად მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით:

„პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

ამასთან:

  • სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.
  • ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.
  • სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:
    ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;
    ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.
  • დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება“.

სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა.

დეტალურად პროგრამის შესახებ ნახეთ ბმულზე:

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

მთავარი ფოტო: სამინისტროს ვებგვერდიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com