მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

26.09.2020 • 1655
ბათუმში კოვიდზე უფასო ტესტირება შაბათ-კვირას შეჩერებულია

ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ორი დღით შეჩერდა. პოლიკლინიკები, სადაც აქამდე ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ორშაბათამდე ისვენებენ. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორშაბათიდან ტესტირება განახლდება და ნებისმიერ მსურველს ისევ შეეძლება ტესტის გაკეთება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების კონტაქტების კვლევა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ის პირი, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, 5 დღე იზოლაციაში უნდა იყოს და შემდეგ ჩაუტარებენ ტესტირებას. 

„ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი უნდა იყოს იზოლაციაში და გარეპერიმეტრზე არ უნდა მოძრაობდეს. ამ პირებთან ხუთი დღის შემდეგ კეთდება ანალიზი და არა მყისიერად. მყისიერად აღებული კონტაქტის ანალიზი არ იძლევა პასუხს. ხუთი დღე არის ის დრო, რომელიც საჭიროა დაფარული სიმპტომატიკის გამოსავლენად და არა იმიტომ, რომ არ არის ტესტის გაკეთების საშუალება. ამას აქვს ეპიდემიოლოგიური საფუძველი,“ – უთხრა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, ამჟამად ტესტირება უტარდებათ რისკის ჯგუფებს – სამედიცინო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სხვებს.

ტესტირება ასევე უტარდებათ სტაციონარებსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პაციენტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: