მთავარი,სიახლეები

„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

27.09.2020 • 5040
„ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი

ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს.

მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს.

29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია.

„18 სექტემბერს გავიკეთეთ ტესტი. მეცხრე დღეა დღეს და ამ დრომდე არავის დაურეკავს ოფიციალურად და არ უთქვამს ჩვენი დიაგნოზი.

ტესტის გაკეთებიდან მალევე თავი შეუძლოდ ვიგრძენით. ვერ ვხვდებოდით რა გვჭირდა. გვირჩიეს თუ გყავთ ვინმე ნაცნობი, მისი დახმარებით შეძლებთ ტესტირების შედეგის გაგებასო. ვთხოვეთ და არაოფიციალურად ნახეს ბაზაში, რომ ვიყავით კოვიდდადებითები.

სამი დღეა, რაც ჩემი დიაგნოზი ვიცი არაოფიციალურად. ინფიცირებულია ჩემი მეუღლეც. ვართ სახლში. ჩვენ თვითონ ვუვლით საკუთარ თავს.

ვრეკავთ და ვრეკავთ 112-ში, ვუხსნით ჩვენს გასაჭირს და არანაირი პასუხი არ გვაქვს მათგან, სამწუხაროდ. კაი, მესმის, რომ ინფიცირებულს ვერ ეკარება ვერსად ვერავინ, მაგრამ ამ ტკივილებს, ამ ყველაფერს  როგორ უნდა გავუძლოთ? ფილტვების გადაღება 170 ლარი რომ ღირს, აი, თუნდაც მე თვითონ რომ მივიდე, გადავიღო და დავრწმუნდე ფილტვები მაქვს ჯანმრთელ მდგომარეობაში და არ გადამივიდეს სირთულეში, ეგ როგორ მოვახერხო?

რამე დახმარება ხომ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან? მე კი არ ვიძახი სასტუმროში წამომაწვინეთ-მეთქი. ამას არ ვითხოვ. ვართ სამი ინფიცირებული ერთ სივრცეში. როდის უნდა  დავუბრუნდეთ ცხოვრებას, არავინ არ გვცემს პასუხს,“ – კითხულობს კოვიდინფიცირებული პაციენტი.

ნანას თქმით, მან და მისმა მეუღლემ შეიფარეს თავიანთი ახლობელი კოვიდინფიცირებული, რომელიც ორი დღე მანქანაში ცხოვრობდა და ამაოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას.

„ეს ადამიანი ჩვენი კონტაქტია. როგორც ჩვენი პასუხი გავიგეთ, ისე გავიგეთ მისიც. ახლა სამივე ინფიცირებული – მე, ჩემი მეუღლე და ეს ადამიანი ვიმყოფებით ერთ სივრცეში, ჩემს სახლში. იმიტომ, რომ ეს ადამიანი დარჩა ქუჩაში. რეკავდა სასწრაფოში და ეკითხებოდა, სად წავიდეო. სადაც ხარ იქ იყავიო – იყო პასუხი. კაცი ეხვეწებოდა, ქუჩაში ვარ მანქანაში, ორი თვის ჩვილი და მოხუცი მყავს სახლში და ვერ ავდივარ, რამე ზიანი რომ არ მივაყენოო, მაგრამ კლინიკაში ვერ მოხვდა. „საავადმყოფოს დერეფანშიც არაა ადგილიო“ – ასე უთხრეს. სად წასულიყო. ისევ წამოვიყვანეთ ჩვენთან. ჰოდა ვართ სამი ერთ სივრცეში ახლა,“ – გვიყვება ინფიცირებული ქალი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვერც ტესტის პასუხი მოიპოვა და ვერც სასწრაფო დახმარების სერვისი მიიღო, ოჯახის ექიმს დაურეკა.

„ჩვენით ვმკურნალობთ. წამალი არ არსებობსო გვეუბნებიან. სიცხეს მოგცემს – უნდა დალიო სიცხის დამწევი. თავი აგტკივდება – უნდა დალიო გამაყუჩებელი. გაუსაძლისი ტკივილები რომ მაქვს წელის არეში, უნდა წამოწვე და დაისვენოო.

ოჯახის ექიმმა გაგვიწია რეკომენდაცია, იყავით მშვიდად და მიიღეთ ბევრი სითხეო. ტკივილებს რაც შეეხება, თუ ძალიან გაგირთულდათ და უკვე აღარ გყოფნით ჰაერი, ამ შემთხვევაში ფილტვების პრობლემა გაქვთ და უნდა გადახვიდეთო [კლინიკაში], მაგრამ რომც მოითხოვოთ გადაყვანა, ვერავინ გადაგიყვანთო.

არ მინდა საკუთარი ვინაობის დასახელება, რადგან არ მინდა ჩემი ახლობლები პანიკაში ჩავაგდო. როგორც კი ამ ვირუსს დავამარცხებ ძალიან სხვანაირად  შევუტევ ყველას. ნუღარ გამოდიან ტელევიზორში და ნუღარ აცხადებენ ასე ვუდგავართ ხალხს გვერდითო“, –  ამბობს ქალი.

ამავე თემაზე:

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: