მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი

25.09.2020 • 1774
კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი

ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, რაც ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას მოჰყვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა საგანგებოდ მიმართეს ახალგაზრდებს და მოუწოდეს მათ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისიდან აგვისტომდე ვირუსის სიხშირე ყველაზე მაღალი იყო 20-დან 29 წლამდე ადამიანებში. დადასტურებული შემთხვევების 20 პროცენტზე მეტი ახალგაზრდებზე მოდიოდა. 

ჯანმო კვლავ მოუწოდებს ახალგაზრდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები:

„დაიცავით ხელების ჰიგიენა, ფიზიკური დისტანცია, ატარეთ პირბადე, დარჩით სახლში თუ თავს ცუდად გრძნობთ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მასობრივ შეკრებებს. იყავით ფრთხილად, ასე დავეხმარებით პანდემიის დასრულებას/დამთავრებას“.

 აი რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებიც ისეთივე სიფრთხილით უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი:

1. შეიძლება ვირუსი გადასდოთ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც იგი მომაკვდინებელი იქნება

ცნობილია, რომ დაავადება შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და თქვენ არც იცოდეთ, რომ კოვიდ-დადებითი ხართ, თუმცა, ჯანმოს ცნობით, ასეთი ადამიანიც გადამდებია.

ვირუსის გადაცემის მთავარი გზა რესპირატორული წვეთებია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რადგან შესაძლოა უნებურად ვირუსი ისეთ ადამიანს გადასდოთ, ვისთვისაც  მომაკვდინებელი აღმოჩნდება. COVID-19 განსაკუთრებით საშიშია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. საქართველოში ნაადრევი სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი ტვირთი სწორედ არაგადამდებ, ქრონიკულ დაავადებებზე (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) მოდის.

მარია ვან კერჰოვი, ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი: „ინფიცირებული ახალგაზრდების უმრავლესობა მიდრეკილია დაავადების უფრო მსუბუქი მიმდინარეობისკენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ახალგაზრდა ადამიანებსაც უვითარდებათ დაავადების მძიმე ფორმა, ვიცით, რომ ახალგაზრდებიც ხვდებიან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ვიცით, რომ ახალგაზრდა ადამიანებიც შეიძლება მოკვდნენ. შეიძლება შენ ხარ ახალგაზრდა და ჯანმრთელი, მაგრამ შეიძლება ვირუსი გადასდო მას, ვისთანაც ცხოვრობ, მას, ვინც უფრო მოწყვლადია ვირუსის მიმართ”.

2. ვირუსის მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება ახალგაზრდებსა და ბავშვებშიც ფიქსირდება

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში, ბავშვებსა და ზოგადად, ჯანმრთელ ადამიანებში უმეტესწილად ვირუსი საშუალო ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სტატისტიკა მოწმობს, რომ ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც ესაჭიროებათ. 

ჯანმოს გენერალური დირექტორის მიმართვა ახალგაზრდებს: „ახალგაზრდა ადამიანები არ არიან დაუმარცხებელნი. ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან, ახალგაზრდებიც შეიძლება მოკვდნენ, სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ ისეთივე სიფრთხილე, როგორც ყველა სხვამ, რათა დაიცვან საკუთარი თავები და სხვები“.

ჯანმო ბავშვების ინფიცირებაზე: „ვინაიდან ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ კვლავ ვსწავლობთ, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებსა და მოზარდებზე. დღემდე მიღებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ნაკლებად აქვს დაავადებას მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ მძიმე შემთხვევები და სიკვდილი მაინც შეიძლება მოხდეს ამ ასაკობრივ ჯგუფებში“.

3. ეს ახალი კორონავირუსია და არ ვიცით რა კვალს ტოვებს ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ბრიფინგებზე არაერთხელ ითქვა, რომ მიუხედავად ვირუსზე მოპოვებული ბევრი ინფორმაციისა, ის ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამიტომ ბევრი რამ მის შესახებ უცნობია, მათ შორის ისიც, თუ რა ზიანს ტოვებს იგი ორგანიზმზე.

ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელის,  მაიკლ რაიანის მიმართვა ახალგაზრდებს: “ხშირ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, როცა ეს დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ის ზეგავლენას ახდენს ბევრ ორგანოზე და ჩვენ არ ვიცით რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმზე ამ ინფექციებს. რატომ უნდა გარისკოთ? ნუ გარისკავთ ისეთ რამეს, რის შედეგებსაც წინასწარ ვერ შეაფასებთ“. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: